"აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის ტოლი არ იყოს" - კვირის პალიტრა

"აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის ტოლი არ იყოს"

"იცით, არისტოკრატები რით განსხვავდებიან უბრალო ადამიანებისაგან? მათთან კამათი შეიძლება. ნამდვილი არისტოკრატი იმით უნდა იცნო, რომ კრიტიკას იტანს და ყველაზე უბრალო ადამიანია თავისი ბუნებით", - მითხრა სცენარისტმა რეზო კვესელავამ, როდესაც რობერტ სტურუას მოხსნაზე ვესაუბრებოდი.

"სტურუა უკიდეგანო ოკეანიდან ამომხტარი ვეშაპივითაა"

"წარმოიდგინეთ რურუას მდგომარეობა, რომელმაც სტურუა მოხსნა"

"არ გამოვრიცხავ, რობიკოს მოხსნას გართულება მოჰყვეს თეატრსა და ქვეყანაში"

"ასე არ იყო გალაკტიონიც, რომელიც მთავრობის ორდენებს სუფრებზე კარგავდა?"

"რობიკო ყოველთვის უკომპრომისო იყო ავტორიტარიზმის მიმართ და შეიძლება ესეც იყოს მისი ბედისწერა"

"იცით, არისტოკრატები რით განსხვავდებიან უბრალო ადამიანებისაგან? მათთან კამათი შეიძლება. ნამდვილი არისტოკრატი იმით უნდა იცნო, რომ კრიტიკას იტანს და ყველაზე უბრალო ადამიანია თავისი ბუნებით", - მითხრა სცენარისტმა რეზო კვესელავამ, როდესაც რობერტ სტურუას მოხსნაზე ვესაუბრებოდი.

გაცნობამდე რობიკოზე წარმოდგენა მწერალმა აკაკი გაწერელიამ შემიქმნა, რომელიც თეატრალურ ინსტიტუტში დასავლეთ ევროპის ლიტერატურის კურსს კითხულობდა. აკაკი გაწერელია არა მარტო რობიკოს ნიჭიერებით, მისი ადამიანური თვისებებითაც (სულიერი სიფაქიზით, ადამიანობით, ზრდილობით, კეთილშობილებით) იყო აღფრთოვანებული. მალე რობიკო ჩვენი, კვესელავების სიძე გახდა და საშუალება მომეცა ახლოს გავცნობოდი. რადგან კიბეზე ასვლა-ჩამოსვლა მიჭირს, თეატრების ხშირი სტუმარი არა ვარ, მაგრამ რობიკოს ბევრი დადგმა მინახავს და ეს ჩემთვის ყოველთვის დიდი დღესასწაული იყო. რობიკომ თეატრში თავისი სტილი შექმნა - მსუბუქი, თავისუფალი, მუსიკალური, დინამიკის არაჩვეულებრივი გრძნობა აქვს. მის სპექტაკლზე ერთი წუთითაც არ იგრძნობ მოწყენას. მიხეილ კვესელავას ტრილოგიის "ას ერგასის" მიხედვით მან დიდებული სპექტაკლი შექმნა და მასშიც იგრძნობოდა რობიკოს თანდაყოლილი ირონია იმ პოლიტიკური პერსონების მიმართ, ვინც ხელში ჩაიგდებენ მასებს და ბარათაშვილის სიტყვებით რომ ვთქვათ, "და მათსა ბედსა ისე განაგებს, თითქოს ამღერდეს იგი კამათლებს". რობიკო ყოველთვის უკომპრომისო იყო ავტორიტარიზმის მიმართ და შეიძლება ესეც იყოს მისი ბედისწერა.

- რობიკო სტურუამ თვითონვე განმარტა, სომხებისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია, ის არ მომწონს, რომ პრეზიდენტი მალავს ეროვნებასო.

- მიმაჩნია, რომ პიროვნება იმ ეროვნებისაა, რომელსაც თავის თავს აკუთვნებს. პეტრე ბაგრატიონი რუსეთის გენერალი იყო და თავს რუსად თვლიდა, ასევე იყო მწერალი ბულატ ოკუჯავა. რა მნიშვნელობა აქვს წარმოშობას, თუ ის სხვა ერის კუთვნილებად მიიჩნევს თავს. არ ვიცი საკუთარ თავს რა ეროვნებას აკუთვნებს სააკაშვილი, ეს მისი ნებაა, მაგრამ საქმე ის არის, რომ ამაზე კითხვასაც ვერავინ დაუსვამს.

- სახელისუფლებო წრეებში აცხადებენ, რომ სტურუას შემოქმედებითი კრიზისი აქვს და ბოლო წლებში ღირებული არაფერი შეუქმნია.

- თვითონ რობიკოს ძალიან მოსწონს "ნადირობის სეზონი", რომლის პრემიერითაც დაიხურა სეზონი რუსთაველის თეატრში. თქვა, ამ სპექტაკლზე დიდი ოვაცია იყოო. რობიკოს არ უყვარს საკუთარ თავზე ლაპარაკი, თვითრეკლამა. არ იტყოდა, მართლაც კარგი სპექტაკლი რომ არ იყოს. ხომ გაგიგიათ ანდაზა, "აქლემი ისე არ დავარდება, რომ ვირის ტოლი არ იყოსო". რაც უნდა სიბერე შეეპაროს და მოხდეს, რობიკოს ისეთი გემოვნება, ხედვა და ტექნიკა აქვს, ყოველთვის შეძლებს ღირებულის შექმნას.

შესაძლოა, რობიკოს სპექტაკლები ისეთი აღარ იყოს, როგორსაც ახალგაზრდობისას დგამდა, მაგრამ, შე კაი კაცო, გოეთე დაბერდა და მასზე არ უთქვამს უარი გერმანელ ხალხს.

უხერხულია რობიკოს ბიოლოგიაზე ლაპარაკი, როდესაც კაცი ჯერ კიდევ ენერგიული და ძლიერია.

არ გამოვრიცხავ, რობიკოს მოხსნას გართულება მოჰყვეს თეატრსა და ქვეყანაში. ის გენიალური ინტუიციის რეჟისორია, თვითონ უკეთ იცის, რა თქვა და რატომ. შემთხევით ხომ არ წამოსცდენია რამე. მას საკუთარი პოლიტიკური კრედო აქვს. ვერასოდეს ვერც ერთ ხანაში და რეჟიმში ვერ იტანდა უსამართლობას და მაშინაც კი, როდესაც იდეოლოგია გაშიშვლებული იყო და ცეცხლის პირას იდგა, არ ერიდებოდა ალეგორიები გაეკეთებინა მთავრობის ხალხზე. ამ თემაზე არაერთხელ დავლაპარაკებივარ და არ გეგონოთ, ამას წინასწარ განზრახვით ან ჩასაფრებით აკეთებდა. ეს უნებურად, მისი ბუნებიდან გამომდინარე ხდებოდა. ის თავის გრძნობას გამოხატავდა, მეტს არაფერს. რობიკო განწყობილების ადამიანია. გონება კი არ კარნახობს რამეს და ფარული ზრახვები კი არა აქვს, გულწრფელად და უშუალოდ  გამოხატავს თავის დამოკიდებულებას. მას არასოდეს აქვს მზაკვრული განზრახვა და ქვეტექსტები.

- ითქვა, რობიკო სტურუამ გაიზიარა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელების ბედიო. შესაძლოა, სწორედ ეს არის ბედისწერა, რომელიც ზემოთ ახსენეთ.

- რაღაც კანონზომიერება ჩანს ამაშიც, მაგრამ ბედისწერა ის არის, რაც თვითონ ადამიანია, რითაც არის ის შთაგონებული და რისთვისაც არის მოვლენილი ამქვეყნად. ეს არის მისი ბედი, ფატალიზმი, წერა, ბუნების კანონზომიერება. რობიკოსთანა ადამიანს ყოველთვის ექნება კონფლიქტი იმასთან, რასაც უსამართლოდ და უწესობად მიიჩნევს. ის ზნეს ვერ შეიცვლის. ასეთი ადამიანი რომც დააპატიმრო, ვერ შეცვლი. მამაჩემი იყო ასეთი და რომ დააპატიმრეს, ციხეშიც ისეთივე აზრებს და გრძნობებს გამოხატავდა, რასაც ცხოვრებაში.

შესაძლოა, ხელისუფლებას გუნდრუკი არ უკმიო, მაგრამ პოლიტიკურად უფრო დიპლომატიურად, მოქნილად იმოქმედო. რეჟისორები სხვებიც ხომ არიან, მაგრამ სხვებს არა აქვთ ასეთი დაპირისპირება.

პედაგოგები ხშირად ამბობდნენ რობიკოზე, არაჩვეულებრივიაო. არაჩვეულებრივ ადამიანს ვერ ჩააგდებ კალაპოტში, ჩარჩოში ვერ მოათავსებ. ასე არ იყო გალაკტიონიც, რომელიც მთავრობის ორდენებს სუფრებზე კარგავდა? რობიკო ვერასოდეს ითამაშებს უტყვი ადამიანის როლს.

- რობერტ სტურუას არაერთი წინადადება აქვს უცხოეთის თეატრებიდან. თქვენ როგორ ფიქრობთ, უნდა წავიდეს?

- არ მინდა სხვაგან წავიდეს, ვერ წარმომიდგენია რობიკო თბილისის გარეშე. ის მარტო თეატრის კი არა, თბილისის სულია. ეს კაცი ძალიან უხდება თავის უბანს, ქალაქს და როგორ იქნება მისი გარიყვა? არიან ადამიანები, რომლებიც ისევე ალამაზებენ და ერწყმიან ქალაქს, როგორც ძველი, დროთა ვითარებისაგან ფერშეცვლილი სკულპტურები ან სურომოდებული ციხის ნანგრევები. ისინი ალამაზებენ გარემოს, რადგან მარადიულობასთან არიან წილნაყარი და  რობიკოშიც ასეთივე მარადისობის სულია. მაგის რიტუალები, სუფრა, ხუმრობები, მეგობრებთან ურთიერთობა, იუმორი, შარჟები, ნახატები - ეს ყველაფერი ორგანული თბილისია. სად იქნება რობიკო ისე, როგორც თბილისშია? ის ყველგან მოძებნის ისეთ წრეს, რომელიც მოეხმარება და მის ნიჭს დააფასებს. მის ბუნებას რომ ვიცნობ, ვიცი, უსათუოდ მოუნდება მის გარშემო შექმნილი დღევანდელი ატმოსფერო ხელოვნებაში გადაიტანოს. ამისთვის ის ტაიტიზეც კი წავა პოლ გოგენივით. წავა ყველგან, რათა თავისი ეგზისტენცია, თავისი დანიშნულება შეასრულოს. ის ხომ უბრალო ფიგურა არ არის? თუ შესთავაზეს პირობები, რომ შეძლებს თავის მხატვრულ შურისძიებას, ის დათანხმდება, მაგრამ რომ წავა, ეს იქნება ტრაგედია.

თუ წავა, აღარც გავივლი იმ ქუჩაზე, სადაც რობიკო მეგულებოდა. ოჯახშიც ვეღარ მივალ მასთან, იმიტომ, რომ გული დამწყდება. გამახსენდება, როგორ ველოდი ოთახში მის დაბრუნებას. ზოგჯერ ისე გაიტაცებდა მუშაობა, რომ მეტყოდა, სახლში დღის ორ საათზე მოვალო, შესაძლოა ღამის ორ საათზე მოსულიყო. ასეთ კაცს ელოდები, ელოდები, ბოლოს მოვა და იღებ დიდ სიამოვნებას მასთან საუბრით. ახლა რომ მივალ და არ დამხვდება, გული მეტკინება.

არ ვიცი, რას ფიქრობენ ხელისუფლებაში, მაგრამ რობიკოს მოკვეთა მთელ ერს აკარგვინებს უდიდეს განძს. რურუას განკარგულებაში არ წერია, რომ რობიკოს ეკრძალება მუშაობა როგორც რეჟისორს. თვითონაც ამბობს, თუ შემიქმნიან სამუშაო პირობებს, დავრჩებიო. ჩანს, რობიკოს გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. თუ საშუალებას მისცემენ, რობიკო უნდა დარჩეს და გაიზიაროს არაერთი ქართველი ხელოვანის ბედი. ასე არ იყვნენ ბარათაშვილი და ვაჟა-ფშაველა? მათაც ისევე არ ასვენებდათ მეამბოხის სული, როგორც რობიკოს.

ბარათაშვილისადმი კრიტიკულად იყვნენ განწყობილნი მისი შინაგანი ბუნების სიდიადის გამო. მთავრობას კიდევ აქვს დრო მეტი დაკვირვება და თანაგრძნობა გამოიჩინოს.  ციტატა ათასნაირად შეიძლება გამოიყენო, მათაც ყველაზე არასასურველ კონტექსტში განიხილეს რობიკოს ნათქვამი. მსოფლიო დღეს ისეა აწყობილი, რომ ასეთ (რობისკოსთანა) სირთულეებს ვერ იგებს. ახალი მოძღვრება ყალიბდება ადამიანებს შორის ურთიერთობაზე და სხვაობები იშლება. სამყარო იქით მიდის, რომ ყველა ერთგვაროვანი, ერთნაირი იყოს და ამას უშლიან ხელს რობიკოსთანები. რობიკო პიროვნულობის უკანასკნელი გაფართხალებაა საქართველოში. ის ამ გაერთფეროვნების პროცესს გრძნობს ინტუციით და ამიტომ შფოთავს, ვერ ისვენებს. ეს არის სწორედ ბედისწერა, პიროვნული ბედ-იღბალი, მაგრამ უნდა შეიწყნარონ, მოითმინონ ადამიანი, რომელიც ემპირიიდან ამოხტა. ხომ გინახავთ ზღვიდან ამომხტარი დელფინი? რობიკო უკიდეგანო ოკეანიდან ამომხტარი ვეშაპივითაა. მარტო ამას ვერ შეძლებდა. ქართველი ხელოვანები - თემურ ჩხეიძე, გიგა ლორთქიფანიძე, რეზო ესაძე და სხვები რომ არ იყვნენ. ეს ხალხი, ეს ანტურაჟი რომ არ იყოს, რობიკო წყლიდან ვერ ამოხტებოდა.

მაგონდება ოთარ იოსელიანი, შეუპოვარი და უკომპრომისო ადამიანი. თენგიზ აბულაძე... როდესაც "მონანიების" გამო მდგომარეობა გართულდა, ფილმი აკრძალეს და მოსკოვში გააჩერეს (მაშინ "მონანიება" ხელიდან ხელში საიდუმლოდ გადადიოდა). არაერთხელ უთქვამს ჩემთვის თენგიზ აბულაძეს, მომბეზრდა, თუ ციხეში წასასვლელი ვარ, წავალო. არ ვიცი, სადმე დაიბარეს თუ არა, მაგრამ თენგიზ აბულაძეს უამრავი უსიამოვნება შეხვდა ამ ფილმის გამო. კა-გე-ბეს ერთმა მაღალჩინოსანმა თურმე სუფრაზე თქვა, თუ "მონანიება" გნებავთ, მაშინ რა საჭიროა ჩვენი  ორგანიზაცია? გაუქმებულა კა-გე-ბე და ეს არის, ან ეს ფილმი, ან ჩვენო. ასე იდგა საქმე, მაგრამ ამ ფილმის ბედი შევარდნაძემ გადაწყვიტა, როდესაც მის სცენარს დაუჭირა მხარი.

რობიკოს საკუთარ თავში დიდი ძალა აქვს ნაპოვნი და გაუძლებს.

მაგრამ რატომღაც მგონია, მომხდარს ძალიან განიცდის ის კაცი, ვინც რობიკო მოხსნა. როდესაც ადამიანი რაღაც გზას გადაუხვევს, იმას წუხს და წარმოიდგინეთ რურუას მდგომარეობა, რომელმაც სტურუა მოხსნა.

ხელისუფლებას ჯერ კიდევ აქვს დრო, მოინანიოს თავისი საქციელი და სტურუა დააბრუნოს.

"ყველაზე დიდი უზნეობაა, როცა იმ საქმეში ეჩრები, რომლის არაფერი გაგეგება"  ნაპოლეონი