მეწარმეების დასაჯარიმებლად `მოხალისე ინსპექტორები" ნებისმიერ ცბიერებას მიმართავენ - კვირის პალიტრა

მეწარმეების დასაჯარიმებლად `მოხალისე ინსპექტორები" ნებისმიერ ცბიერებას მიმართავენ

ჯარიმის ბიზნესის "ზვიგენები"

კერძო საგადასახადო ინსპექტორს ყოველი დაკისრებული ჯარიმიდან 20% ერგება

კერძო საგადასახადო ინსპექტორის ინსტიტუტი ჯერ მხოლოდ ერთი თვეა, რაც ამოქმედდა და შემოსავლების სამსახურის დავების განხილვის საბჭოს უკვე ათასობით მომჩივანმა  მიმართა. მეწარმეები, ძირითადად, საგადასახადო სალარო-აპარატის გამოუყენებლობის გამო დაკისრებულ ჯარიმებს აპროტესტებენ. ვაჭრობის სფეროში დასაქმებულთა თქმით, საგადასახადოს თანამშრომლები ხშირად დასაჯარიმებლად პროვოკაციულ მეთოდებსაც იყენებენ, რაც გამყიდველს აბნევს და ქვითრის ამობეჭდვა ან ავიწყდებათ, ან ამას მოგვიანებით აკეთებენ.

აქამდე მეწარმეების შემოწმება შემოსავლების სამსახურის თანამშრომლების მოვალეობა იყო; სავაჭრო ობიექტებში საკონტროლო შესყიდვებსაც ისინი აკეთებდნენ. რაც უნდა ხშირად მოეხდინა შემოსავლების სამსახურს ინსპექტორების როტაცია, მეწარმეები უკვე ცნობდნენ ფინანსთა სამინისტროს მაკონტროლებლებს და მათი გამოჩენისას ფრთხილობდნენ. ასეც რომ არ ყოფილიყო, საგადასახადოს ინსპექტორებს ნაკლები მოტივაცია ჰქონდათ მეწარმეების დასაჯარიმებლად და შემოსავლების სამსახურმაც უმალ მოძებნა "საუკეთესო გამოსავალი" - ეს საქმე მოხალისეებს, ანუ რიგით მოქალაქეებს შესთავაზა, ხოლო მეტი მოტივაციისთვის ანაზღაურების თვითდაფინანსების სისტემა შემოიღო. ჩვენი ინფორმაციით, კერძო საგადასახადო ინსპექტორს ყოველი დაკისრებული ჯარიმიდან 20% ერგება.

კერძო საგადასახადო ინსპექტორები, ძირითადად, წვრილ სავაჭრო ობიექტებზე "ნადირობენ", ხალხმრავალ ადგილებში. თბილისში შემთხვევით შერჩეული პუნქტიდან 500 მეტრის რადიუსში "კვირის პალიტრამ" რამდენიმე სავაჭრო ობიექტი შემოიარა. ყოველი მათგანი ბოლო ერთ თვეში რამდენჯერმეა დაჯარიმებული. მეწარმეების უმეტესობა ვინაობის გამხელას ერიდება - დამატებითი პრობლემები არ გვინდაო. ზოგსაც იმედი აქვს, რომ შემოსავლების სამსახურში გასაჩივრების შემდეგ, შესაძლოა, ჯარიმა შეუმცირონ მაინც. დაჯარიმების შემთხვევები კი იმდენად ბევრია და მრავალფეროვანი, რომ აშკარად მეტყველებს კერძო ინსპექტორების განსაკუთრებულ მონდომებასა და ფანტაზიაზე. მაგალითად, ცოტა ხნის წინ საოჯახო წვრილმანით მოვაჭრე მაღაზიაში მეზობელი მივიდა, მას ვითომდა ეჩქარებოდა და ჩეკის ამორტყმას არ დაელოდა. რაღა თქმა უნდა, ეს მაღაზია სოლიდური თანხით დაჯარიმდა.

ცალკე უნდა აღვნიშნოთ შემთხვევა ჯიხურში, რომელიც ძირითადად ხილითა და ბოსტნეულით ვაჭრობს. ცოტა ხნის წინ ვიღაც  უპოვარი შესულა და გამყიდველისთვის ცოტაოდენი სურსათი უთხოვია. მანაც ჩაულაგა თურმე გლახაკს პარკში ორ-ორი კიტრი და პომიდორი. როგორც კი მამაკაცმა იქაურობა დატოვა, ჯიხურში საგადასახადოს წარმომადგენლები შევიდნენ და ჩეკის გაუცემლობის გამო გამყიდველს ჯარიმა დააკისრეს(!). ამ უკანასკნელმა ვერაფრით დაარწმუნა მაკონტროლებლები, რომ პროდუქცია უსასყიდლოდ გასცა და თანხა არ აუღია... მეორადი სამოსით მოვაჭრე მაღაზიაში გვითხრეს, რომ მათთან კაბის შეძენისას ახალგაზრდა ქალმა ერთობ შილიფ ჩაცმულობას მოურიდებელი, გამომწვევი საქციელიც დაურთო და გამყიდველი მამაკაცი ისე დააბნია, რომ გაყიდულ საქონელზე ჩეკის ამორტყმა არც გახსენებია. ეს ამბავიც 500 ლარად "შეფასდა". მეპურეც კი დააჯარიმეს, რომელიც, პური რომ არ დასწვოდა, თონესთან ტრიალებდა და მყიდველს პურის ფულის იქვე, მაგიდაზე დატოვება შესთავაზა.

ზოგიერთი მეწარმე, ვინც შემოსავლების სამსახურმა უკვე რამდენჯერმე დააჯარიმა და გასაჩივრების შემდეგაც ჯარიმის გაუქმებაზე უარი მიიღო, პრესასთან საუბარს არ ერიდება, რადგან ფიქრობს, რომ დასაკარგი აღარაფერი აქვს.

მანანა ღიბრაძე (მოვაჭრე): "ბოლო ორი კვირის განმავლობაში შემოსავლების სამსახურმა უკვე ორჯერ დამაჯარიმა 500-500 ლარით. რა თქმა უნდა, საჩივარიც დავწერე შემოსავლების სამსახურში, მაგრამ ჯერ არც კი განუხილავთ. ბოლო დროს ყოველდღე დადიან საეჭვო ადამიანები, ძირითადად, ახალგაზრდა გოგო-ბიჭები და ათასგვარ პროვოკაციაზე მიდიან, როგორმე ვინმე კანონდარღვევაში რომ გამოიჭირონ. გუშინაც იყო მოსული ბიჭი, შორტი ეცვა. ვერაფრით იფიქრებ, რომ ასეთი შეიძლება საგადასახადოს წარმომადგენელი იყოს. მკითხა, წყალი რა ღირსო. ორჯერ დაჯარიმების შემდეგ ისე ვფრთხილობ, რომ ფასი როგორც კი ვუთხარი, მაშინვე სალარო-აპარატში მონაცემების შეყვანა დავიწყე. მომაძახა, იყოს, ფული აღარ მყოფნისო. ეს ყველაფერი საეჭვოდ მომეჩვენა და უკან გავყევი. ამ ტერიტორიაზე ყველა სავაჭრო ობიექტში შევიდა და ყველგან იგივე გაიმეორა.

დიაბეტიანი ვარ და კიტრს ვთლიდი, რომ პირი გამესველებინა. ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა და ჩიფსის ფასი იკითხა. სანამ ხელის შესამშრალებლად შევბრუნდი, ჩიფსის შეკვრა აკინძვიდან თავად ჩამოხსნა, ფული დახლზე დაყარა და გავიდა. ერთ წუთში უკან შემობრუნდა; გაყიდულ საქონელზე უკვე ჩეკს ვარტყამდი, მაგრამ ოქმი მაინც დამიწერა. ზუსტად სამი დღის შემდეგ, კარგად მახსოვს - ცხრის ოცი წუთი იყო, მაღაზიას უკვე ვკეტავდი. ახლოს ავტოსადგურია და მძღოლმა მისთვის ყავის მოდუღება მთხოვა. მადუღარაში ყავასა და შაქარს ვყრიდი, როცა ახალგაზრდა ქალი შემოვიდა მაღაზიაში და ზუსტად იმავე სცენარით განვითარდა მოვლენები. არც პირველ და არც მეორე შემთხვევაში არ უთქვამთ - ან მომაწოდეთ თუ შეიძლება, ან შევიძენო. ყაჩაღივით ჩამოხსნა ჩიფსი, 70 თეთრი იქვე დამიყარა და გაიქცა. ცოტა ხანში შემობრუნდა და ჯარიმის ოქმი შემიდგინა. სხვათა შორის, როცა ბიჭმა დამაჯარიმა, წარმომიდგინა საბუთი, რომ ნამდვილად შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი იყო. ახალგაზრდა გოგონას კი მსგავსი დოკუმენტი არ წარმოუდგენია და მხოლოდ ოქმზე წავიკითხე, რომ ხათუნა ნოზაძე იყო".

საირა არაპეტიანი, საცხობის მფლობელი: "უკვე ოთხჯერ დაგვაჯარიმეს. რამდენიმე წუთის წინ შემოსავლების სამსახურისგან წერილი მივიღეთ, რითაც ჯარიმები ძალაში დატოვეს. ერთხელ იმის გამო დაგვაჯარიმეს, რომ გამყიდველს შეეშალა და 40 თეთრის ნაცვლად 4 ლარის და 40 თეთრის ჩეკი ამოარტყა. ორჯერ იმის გამო, რომ ჩეკის ამორტყმა რამდენიმე წამით დააგვიანა. უნდა ვაღიარო, ბრაზიც კი მომდიოდა გამყიდველებზე, სანამ თავადაც არ გავები მახეში. სალარო-აპარატი გაგვიფუჭდა და ხელოსანთან მიმქონდა გასაკეთებლად. საცხობიდან გავდიოდი უკვე, როცა ახალგაზრდა ბიჭი მომადგა და ყელი გამომიწია: დეიდა, ძალიან მშია და ერთი ხაჭაპური მომყიდეო. მივყიდე, აბა, რა უნდა მექნა, იმან კი 500-ლარიანი ჯარიმა გამომიწერა, ჩეკი არ ამომირტყიო".

თბილისის გარდა, კერძო საგადასახადო ინსპექტორები რეგიონებშიც აქტიურობენ. როგორც "კახეთის საინფორმაციო ცენტრში" გვითხრეს, ბოლო ორი თვეა, კახეთში მაღაზიებში ბავშვებსა და ორსულებს გზავნიან. ისინი ჯერ გამყიდველს აბნევენ, შემდეგ კი ქვითრის ამოურტყმელობისთვის 500-ლარიან ჯარიმას უწერენ.

მაგალითად, შემოვიდა პატარა ბავშვი, საღეჭი რეზინი შეიძინა, ფული წინასწარ მომცა; სანამ ჩეკს ამოვარტყამდი, საგადასახადო ინსპექტორები დამადგნენ თავზე და 500 ლარით დამაჯარიმეს, - ამბობს თელავში, ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი სასურსათო მაღაზიის გამყიდველი.

თბილისში დაჯარიმებული მეწარმეებისგან განსხვავებით, რეგიონებში დაჯარიმებული მოვაჭრეების უმრავლესობა დაჯარიმების ოქმის გასაჩივრებას არ აპირებს. მათი თქმით, რეგიონში არ არსებობს ერთი პრეცედენტიც კი, მეწარმეს საგადასახადოს წინააღმდეგ სასამართლო დავა მოეგოს.