ციხეში "ნასწავლი" მწერლობა - კვირის პალიტრა

ციხეში "ნასწავლი" მწერლობა

მთელი მსოფლიოსა და განსაკუთრებით - ამერიკისთვის 11 სექტემბერი ნიუ-იორკის საშინელ ტერაქტთან ასოცირდება, მაგრამ ეს მხოლოდ 2001 წლიდან არის ასე. მანამდე, მრავალი წლის მანძილზე, ამერიკისთვის 11 სექტემბერი მისი ერთ-ერთი უდიდესი და, რაც მთავარია, ყველაზე პოპულარული მწერლის, ო.ჰენრის დაბადების დღე იყო - 1842 წლის 11 სექტემბერს, ჩრდილოეთ კაროლინის შტატის ქალაქ გრინსბოროში დაიბადა უილიამ სიდნი პორტერი, რომელიც შემდეგ ო.ჰენრის ფსევდონიმით გაიცნო ლიტერატურულმა სამყარომ.

"50 წიგნის" პროექტი მომავალ კვირას სწორედ ო.ჰენრის მოთხრობებს გთავაზობთ და ალბათ უადგილო იქნება მის კონკრეტულად რომელიმე მოთხრობაზე გაგვემახვილებინა ყურადღება - ჯერ ერთი, რომ იგი ისედაც საკმაოდ ცნობილი და პოპულარულია ქართველ მკითხველში და მეორეც - ძალიან ძნელია რომელიმე მათგანის გამოყოფა, ისინი ძალიან "ერთნაირებია" - ცხადია, ერთფეროვნებასა და მოსაწყენობას არ ვგულისხმობთ.

თუმცა, ერთი მოთხრობის სიუჟეტის გახსენება მაინც შეიძლება - "მოგვთა საჩუქრები": ღარიბ ცოლ-ქმარს, დელასა და ჯიმს ძალიან უყვართ ერთმანეთი. საშობაოდ მათ უნდათ ერთმანეთისთვის საჩუქრის ყიდვა, მაგრამ ფული არ აქვთ და ორივენი ყიდიან იმას, რაც მათთვის ძვირფასია, რათა საყვარელი ადამიანი გაახარონ: დელა თავის ულამაზეს თმას, ხოლო ჯიმი - მამისაგან დანატოვარ ჯიბის საათს. მოყვარული ცოლ-ქმარი შინისაკენ მიიჩქარის აღებული ფულით შეძენილი ძვირფასი საჩუქრებით: დელამ ოქროს ძეწკვი უყიდა ქმარს, ჯიბის საათისთვის, ჯიმმა ცოლს კი - ძვირფასი სავარცხელი  ულამაზესი თმისთვის...

მხოლოდ ეს მოთხრობა იმიტომ კი არ გავიხსენე, რომ მასში ყველაფერია: იუმორიც, ადამიანური სითბო და სიყვარულიც და სიუჟეტის მოულოდნელი განვითარებაც, არა - ეს ყველაფერი ო.ჰენრის არც ერთ მოთხრობას არ აკლია; უბრალოდ, ეს იშვიათი შემთხვევაა, სადაც ავტორი საკუთარი ცხოვრების ეპიზოდს ირიბად, მაგრამ მაინც აცოცხლებს მოთხრობაში, განსხვავებით დიდ ამერიკელ მწერალთა უმრავლესობისგან, რომელთა ნაწარმოებებშიც, ხან სტრიქონებს შორის, ხანაც კი სულაც აშკარად იკითხება მათი ცხოვრების გზა.

ოქროს ძეწკვის რეალური ამბავი კი ასეთია: მექსიკაში გაქცეულმა მწერალმა შეიტყო, რომ მისი ცოლი სიკვდილის პირას იყო. პატარა ამანათიც მიუვიდა, რომელშიც მისი გამოგზავნილი ოქროს ძეწკვი იდო ჯიბის საათისთვის, მაგრამ ის საათი სწორედ ავადმყოფ მეუღლესთან გასამგზავრებელი ბილეთის ფულის საშოვნელად გაყიდა რამდენიმე დღით ადრე... ეს არის და ეს - სხვაგან, ო.ჰენრის მოთხრობებში, უილიამ სიდნი პორტერის ცხოვრების პასაჟებს მე ვერ ვიხსენებ.

სამაგიეროდ, თუკი მკითხველი თავხედობაში არ ჩამომართმევს, ჩემს პირველ "შეხვედრას" გავიხსენებ ო.ჰენრისთან, უფრო სწორად, მის სახელთან: ჩემი ბავშვობისას, ჩვენს უბანში, ერთი კაცი ცხოვრობდა, არაფერი განსაკუთრებული - მიდიოდა, მოდიოდა, მუშაობდა თუ დაჩალიჩობდა, მაგრამ როცა მთვრალი იყო, ძალიან ხმამაღლა საკუთარ, ძალიან ცუდ (იმდენად ცუდ, რომ ბავშვიც კი ვხვდებოდი) ლექსებს ამბობდა. ვიღაცამ თქვა ერთ-ერთი ასეთი "დეკლამაციისას": "ვა, რაღა ესა და რაღა ოგენრი!" ვერც მაშინ გავიგე, რა შუაში იყო და ვერც მერე, როდესაც ამ ამბიდან მალევე მოზარდ მაყურებელთა თეატრში წაგვიყვანეს სკოლიდან და ო.ჰენრის "წითელკანიანთა ბელადი" გვაჩვენეს, მაგრამ მერე დავადგინე: იმ კაცს "ლექსების" წერა ციხეში დაუწყია.

ჰო, ბანკის ფულის გამფლანგველი უილიამ სიდნი პორტერი ციხეში მწერალ ო.ჰენრიდ იქცა, მაგრამ იქნებ ესეც იყო მიზეზი, იქნებ სულაც არ სიამოვნებდა წარსულის გახსენება და ამიტომ დაივიწყა იგი თავის შემოქმედებაში?.. ისე, ერთხელ კი შენიშნა მახვილგონივრულად: "ციხეს შეეძლო გარკვეული სარგებლობა მოეტანა საზოგადოებისათვის, თუკი საზოგადოება თავად აირჩევდა, ვინ უნდა ჩაესვა იქ."

არადა, როდესაც პორტერების ოჯახში ვაჟი დაიბადა, ვერავინ იფიქრებდა, რომ საკმაოდ რესპექტაბელური ოჯახის შვილი ასეთი "შარიანი" ცხოვრებით იცხოვრებდა: მამამისი ექიმი და აფთიაქის მფლობელი იყო, ბიძა კი რამდენიმე წელი ჩრდილოეთ კაროლინის გუბერნატორიც გახლდათ. სწორედ მისი გუბერნატორობის პერიოდში, როდესაც უილიამი სამი წლისა იყო, დედა გარდაეცვალა და დაობლებული პატარა ამ ბიძის ინიციატივით მამიდასთან გაგზავნეს, რომელსაც კერძო სკოლა ჰქონდა, ოღონდ... გოგონებისთვის. დაწყებითი განათლება სწორედ გოგონების სკოლაში მიიღო. აი, ასე უცნაურად დაიწყო მისი ცხოვრება და, შეიძლება ითქვას, ასევე გაგრძელდა...

შინ როდესაც დაბრუნდა, მამამისს იმედი ჰქონდა, რომ უილიამი აფთიაქს მიხედავდა და საოჯახო ბიზნესს გააგრძელებდა. თავიდან ასეც მოხდა - იგი დახლში ჩადგა, მაგრამ ჯანმრთელობამ უმტყუნა და ტეხასში გაემგზავრა...

ჰოდა, თუ ავად გახდა, ტეხასში რას მირბოდა, აფთიაქშიც მუშაობდა და ექიმი მამაც იქვე ჰყავდაო - იქნებ ლოგიკური კითხვა გაუჩნდეს ვინმეს. მამას რაც შეეხება - მისი ექიმობისგან ბევრი აღარაფერი იყო დარჩენილი, ისე "გაშინაურებოდა" სასმელს, ხოლო იმდროინდელი ამერიკული აფთიაქი კი ცალკე საუბრის თემაა: ეს იყო რაღაც სალუნისმაგვარი დაწესებულება, სადაც ყველაზე მოთხოვნადი "მედიკამენტი" ვისკი და თამბაქო იყო და "პაციენტები" იქვე მოიხმარდნენ მათ. ასეთ ატმოსფეროს დედისგან მემკვიდრეობით მიღებული სუსტი ფილტვებიც დაერთო და უილიამ სიდნი პორტერმა, ახლობლების რჩევით, სუფთა ჰაერზე, ტეხასის რანჩოში ამოჰყო თავი, სადაც თავისი მომავალი მოთხრობების პერსონაჟები - კოვბოები, კატორღელები და უბრალო, მშრომელი ემიგრანტები გაიცნო.

რაც მთავარია, იქვე გაიცნო მომავალი მეუღლე - უმშვენიერესი ატოლ ესტესი. მერე ცოლად შეირთო კიდეც და გავლენიანი ნათესავებისგან "საქორწინო საჩუქრად" კარგი სამუშაო ადგილიც მიიღო - ქალაქ ოსტინში ჯერ მიწათმოწყობის სამსახურში, ოთხი წლის შემდეგ კი იქაურ უმსხვილეს ბანკში და სწორედ მაშინ დაიწყო მისი თავგადასავალი: დღემდე გაურკვეველია, მართლა მან გაფლანგა თუ არა 1.150 დოლარი (იმ დროისათვის უზარმაზარი თანხა), მაგრამ ფაქტია, რომ არ დაეჭირათ, ჰონდურასში გაიქცა.

იქ, ცენტრალური ამერიკის ამ პატარა ქვეყანაში, ელ ჯენინგსს დაუმეგობრდა - ცნობილ მკვლელსა და განგსტერს, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, საუკეთესო მეგობარს. მასთან ერთად ჰონდურასის სახელმწიფო გადატრიალებაშიც მიიღო მონაწილეობა და მერე ორივე გაიქცა - ამჯერად მექსიკაში. მექსიკაში არაერთხელ იხსნა ჯენინგსმა უეჭველი სიკვდილისგან და მის გადასარჩენად რამდენიმე კაცის ცოდვა კიდევ დაიდო კისერზე... სწორედ ამ დროისაა ოქროს ძეწკვისა და ცოლის გარდაცვალების ამბავი, რომელზეც უკვე ვისაუბრეთ.

...იგი ცოლის დაკრძალვაზევე დააპატიმრეს და ერთი წელი მიუსაჯეს. ციხეში, როგორც ამ საქმის მცოდნე, იქაურ აფთიაქში მუშაობდა, მასთან ერთად იჯდა მისი მეგობარი ჯენინგსიც და, ერთი სიტყვით, "შინაურულ სიტუაციაში" იყო. პირველი მოთხრობის ტესტირება კი ასე მოხდა: როდესაც თანასაკნელებს წაუკითხა, დიკი პრაისს, "სეიფების ოსტატს" (მოთხრობაც მის "კოლეგაზე" იყო) ტირილი დაუწყია - ეს სიცოცხლეში მისი პირველი ცრემლი ყოფილა.

ასე დაიწყო და მალე მთელმა ამერიკამ გაიცნო ო.ჰენრი - მოთხრობების დიდოსტატი! მერე იყო "ჩვეულებრივი" ცხოვრება: მაღალი ჰონორარები, რომლებიც უცებ იხარჯებოდა, სმით დაავადებული ღვიძლი და სიკვდილი 48 წლის ასაკში...

"ო.ჰენრის" რაც შეეხება: ეს ფსევდონიმი თვითონ არასოდეს განუმარტავს, ხოლო მკვლევრები იმდენ ვარიანტს განიხილავენ, რომ ერთი გაზეთი არ გვეყოფა. ყველაზე სარწმუნო მაინც ერთია - ციხიდან გაგზავნილ პირველ მოთხრობას ციხის აფთიაქარმა იმ დროს პოპულარული ფარმაცევტული ბიულეტენის გამომცემლის ინიციალი და გვარი მიაწერა და ასე, შემთხვევით, სამუდამოდ უკვდავყო კიდეც.

ზვიად გურული