წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები! - კვირის პალიტრა

წაიკითხე წიგნები, უკეთესად იქნები!

ახალი სასწავლო წლისთვის "ბიბლუსს" 3 ახალი მაღაზია შეემატება

26 აგვისტოს თბილისში, ვაჟა-ფშაველას #47-ში, "ბიბლუსის" წიგნის მაღაზიათა ქსელის კიდევ ერთი - 25-ე მაღაზია გაიხსნა. მეტროსადგურ "დელისს" რომ გასცდებით, უთუოდ შენიშნავთ უზარმაზარ ბილბორდს. ღმერთმა ქნას, ეს მაღაზიაც ისეთივე პოპულარული გახდეს, როგორიც "ბიბლუსის" სხვა მაღაზიებია.

"ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი გაგნიძე:

- იოსებიძის ქუჩაზე, "პალიტრა მედიის" ოფისთან და ბახტრიონის ქუჩაზე არსებული ორი მაღაზია ვერ აკმაყოფილებდა საბურთალოს მცხოვრებთა მზარდ მოთხოვნას წიგნებზე, ამიტომაც გავხსენით ახალი და გაჩერებას არ ვაპირებთ.

- ახალი მაღაზია რით გამოირჩევა დანარჩენებისგან?

- ეს გახლავთ ყველაზე დიდი მაღაზია "ბიბლუსის" ქსელში. მას სამი დარბაზი აქვს: ერთი დიდი და ორი მცირე. დიდი დარბაზი ეთმობა წიგნებსა და საკანცელარიო ნივთებს. აქ მკითხველი ყველანაირ ლიტერატურას შეიძენს, მათ შორის, კონკრეტული მიმართულებისასაც,  სპეციფიკურს და ძნელად მოსაძიებელს, ანუ ისეთს, როგორიც მხოლოდ კონკრეტული დარგის სპეციალისტებს სჭირდებათ. ასე რომ, ახალი მაღაზია მაქსიმალურად სრულყოფილი იქნება. მალე მაღაზიას კიდევ ერთი ფუნქცია დაემატება: ბავშვებისთვის მოეწყობა სასაჩუქრე-სათამაშო დარბაზი. ბავშვებთან  ერთად შემოსულ მშობლებს საშუალება ექნებათ, შვილები დატოვონ სათამაშო დარბაზში, სადაც პატარები ხატვით ან ძერწვით შეიქცევენ თავს, თვითონ კი საგულდაგულოდ დაათვალიერონ და შეარჩიონ სასურველი წიგნი თუ საკანცელარიო ნივთი. ლამაზად გაფორმებულ საბავშვო დარბაზში სათამაშოც ბევრი იქნება, შესაბამისად, მშობლებს ბავშვებისთვის სათამაშოს საყიდლად შორს წასვლა აღარ მოუწევთ.

კიდევ ერთი უპირატესობა ის გახლავთ, რომ მაღაზიის წინ მანქანის გასაჩერებელი ადგილებია და პარკინგის პრობლემა ჩვენს მანქანიან სტუმრებს არ შეექმნებათ.

- ჩანს, ეს ბავშვებისთვის არა მხოლოდ თავშესაქცევი, არამედ შემეცნებითი კუთხეც იქნება. კიდევ რა სიურპრიზები ელით ბავშვებს, ხანდახან ზღაპრის გმირებიც ხომ არ ეწვევიან ან საბავშვო მწერლებსა და პოეტებს ხომ არ შეხვდებიან?

- რატომაც არა! სამომავლოდ ბევრი იდეა გვაქვს, მაგრამ ყველას ერთბაშად ვერ განვახორციელებთ: მაღაზია ეს-ესაა გაიხსნა. საკმაოდ დიდი ფართობია პრეზენტაციების მოსაწყობად, ამიტომ არა მარტო "მედიაპალიტრის" ახალ წიგნებს წარმოგიდგენთ, სხვადასხვა გამომცემლობასა და ავტორსაც ექნება პრეზენტაციების მოწყობის შესაძლებლობა. 8 სექტემბერს, 16 საათზე, ბატონი გოგი ხარაბაძის წიგნის - "სახლი რუსთაველზე" - პრეზენტაცია გაიმართება. სამომავლოდ სხვა ტიპის საინტერესო შეხვედრების მოწყობაც შეიძლება, თუნდაც ისეთის, უახლოეს დღეებში ქუთაისის "ბიბლუსის" მაღაზიაში რომ ვგეგმავთ. იქ ახალგაზრდა მთარგმნელები ქუთაისის ახალგაზრდობას ხვდებიან. ასეთივე ღონისძიებები ახალ მაღაზიაშიც ჩატარდება: მთარგმნელები, მწერლები, მხატვრები, მუსიკოსები შეხვდებიან ახალგაზრდებს, ისაუბრებენ ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, საკუთარ თუ სხვათა ნაშრომებზე, წერილებზე, განიხილავენ შემოქმედებით პროცესებს... მოკლედ, ახალი მაღაზია ძალიან ბევრის საშუალებას გვაძლევს, ამიტომაც მაქსიმალურად გამოვიყენებთ მას საინტერესო პროექტებისთვის. ვაახლებთ "ბიბლუსის" ვებგვერდსაც - ძალიან საინტერესო ბლოგსა და თემებს შევთავაზებთ ინტერნეტმომხმარებელს და, ჩვენი სფეროდან გამომდინარე, მათ რჩევებს, იდეებსა და შენიშვნებსაც გავითვალისწინებთ. საამისოდ სულ მალე ჩაირთვება "ბიბლუსის" "ცხელი ხაზიც", სადაც ყველას საშუალება ექნება ინფორმაციასთან ერთად თავისი მოსაზრება, სურვილი და შენიშვნა გაგვიზიაროს.

- ახალი სასწავლო წლისთვის მოემზადეთ?

- ალბათ სახელმძღვანელოები მალე დაიბეჭდება და მაშინვე შევიტანთ მაღაზიაში. ტრადიციულად, სასკოლო წიგნების ფართო არჩევანი გვექნება, რასაკვირველია, ხელმისაწვდომ ფასად. ასე რომ, ვაჟა-ფშაველას #47-ში გახსნილი "ბიბლუსის" მაღაზია ახალი სასწავლო წლისთვის ბავშვების მოსამზადებელ ერთ-ერთ დიდ სასკოლო ცენტრად იქცევა.

- "მედიაპალიტრა" სოციალური პროექტებითა და აქციებითაა ცნობილი. ახლაც, ერთი თვეა, განსაკუთრებული ფასდაკლებებია "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში: მკითხველებს ერთ და ორ ლარადაც კი შეუძლია წიგნების შეძენა...

- არათუ საგამომცემლო, ნებისმიერ სავაჭრო ბიზნესში, მსგავსი ფასდაკლება არ ყოფილა. თანაც როდის? - ყველა რომ ერთობა, წიგნის შეძენაზე ნაკლებად ფიქრობს და სავაჭრო სფეროშიც ერთგვარი ჩავარდნაა. არადა, ამჯერად მსგავსი არაფერი გვიგრძნია - მთელი საქართველოს მასშტაბით ჩვენს მაღაზიებს მყიდველი არ მოჰკლებია. ფასდაკლება აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

- როგორც ვიცი, სხვა ახალი მაღაზიების გახსნასაც გეგმავთ.

- დიახ ასეა, უახლოეს დღეებში იხსნება "ბიბლუსი" ქუთაისში - მაკდონალდსის წინ, ასევე დაახლოებით 10 სექტემბრისთვის კიდევ ერთი მაღაზია შეგვემატება - ამჯერად ლანჩხუთში.

P.S. 25 აგვისტოს, "ბიბლუსის" 25-ე მაღაზიის გახსნის წინა საღამოს, მაღაზიას რომ ალაგებდნენ, ბევრი ხალხი მოგროვილა - მეზობელი კორპუსების მცხოვრებლები აღმოჩნდნენ. აღფრთოვანებულები ლოცავდნენ და ემადლიერებოდნენ "ბიბლუსის" თანამშრომლებს - საერო, საშვილიშვილო საქმეს აკეთებთო. დახმარებაც კი შეუთავაზებიათ, რაიმე დაგვავალეთ, გვინდა, ასეთ საქმეში ჩვენი წვლილიც შევიტანოთო. ასეთი მხარდაჭერა ძალიან ბევრს  ნიშნავს "ბიბლუსისა" და მთელი "მედიაპალიტრისთვის"!

ირმა ხარშილაძე