რატომ გამოუცხადეს ახალგაზრდა მეცნიერს ონკოლოგებმა დაუნდობელი ბრძოლა - კვირის პალიტრა

რატომ გამოუცხადეს ახალგაზრდა მეცნიერს ონკოლოგებმა დაუნდობელი ბრძოლა

"მოსკოვს არ უნდოდა, კიბოს წამლის შემქმნელი ქართველი ყოფილიყო"

”თქვენთან ვაცხადებ პირველად: მან ყვავებზე ცდების წყალობით უნიკალური პრეპარატის ფორმულა შეიმუშავა”

ჯანმრთელობის შენარჩუნება, დაავადებისგან განკურნება, სიცოცხლის გახანგრძლივება და გაახალგაზრდავება ადამიანთა უმრავლესობის ოცნებაა. ძველი ქართული ხალხური მედიცინა ბევრ ისეთ საიდუმლოს ინახავს, რომელიც დღემდე მივიწყებულია. ექიმმა, ჰომეოპათმა და ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა კახა საბახტარიშვილმა,  ნევროლოგად რამდენიმეწლიანი მუშაობის შემდეგ დაასკვნა, რომ კლასიკური მედიცინა უამრავ დაავადებასთან უძლურია... ამიტომ ძველი ქართული ხალხური, ტიბეტური, ინდური და სხვა ალტერნატიული მედიცინის მეცნიერულად შესწავლა დაიწყო. ის ერთ დროს ძალზე ცნობილი კატრექსის შემქმნელთან, ალექსანდრე გაჩეჩილაძესთან მუშაობდა. "კვირის პალიტრას" "კატრექსთან" დაკავშირებული არაერთი სენსაციური და გაუხმაურებელი ამბავი მოუთხრო და ზოგიერთ დაავადებასთან საბრძოლველად ხალხური რეცეპტებიც შესთავაზა.

კახა საბახტარიშვილი: - სამედიცინო ინსტიტუტის პირველ კურსზევე დავინტერესდი ძველი ქართული მედიცინის საკითხებით. ვიცით, რომ სიტყვა "მედიცინა" მედეადან მოდის. კოლხეთში მედეას უნიკალურ ბაღში არაერთი უნიკალური სამკურნალო მცენარე ხარობდა... ტექნოლოგიები, რომელთაც სხვადასხვა წყაროს მიხედვით, მედეა იყენებდა, ფაქტობრივად, დღესაც შეუცვლელია. ქართველებს ჩინური, ტიბეტური, ინდური მედიცინის მიღწევებზე არანაკლები წარმატებები გვაქვს, რომელიც  დროთა განმავლობაში დავიწყებას მიეცა. მაგალითად, საქართველოში შხამის ტექნოლოგია ჯერ კიდევ მაშინ იყო დამუშავებული, როდესაც მსოფლიოში ამის თაობაზე არაფერი იცოდნენ. ისტორიული ცნობებით, ძველად საქართველოში კურნავდნენ ცოფს, ციროზს და სხვა დაავადებებს... ციროზის განკურნების რეცეპტი "უსწორო კარაბადინსა" და "იადიგარ დაუდიში" არის მოცემული.

...იმჟამინდელ გაზეთ "კომუნისტში" დაიბეჭდა ონკოლოგიური ცენტრის დირექტორის, აკადემიკოს ლუარსაბ შარაშიძის სტატია, სადაც ავტორი მიწასთან ასწორებდა ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ალექსანდრე გაჩეჩილაძის მიერ შექმნილ პრეპარატ "კატრექსს". ნუთუ ამხელა ონკოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი "კატრექსის" წარმატებამ ისე შეაშფოთა, რომ ახალგაზრდა კანდიდატს ბრძოლა გამოუცხადა-მეთქი, გავიფიქრე და გადავწყვიტე, ალექსანდრე გაჩეჩილაძე გამეცნო. ბატონი ალექსანდრე თავის არცთუ კეთილმოწყობილ ლაბორატორიაში დამხვდა. მან ჩემზე პირველივე წუთიდან  დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. მოგვიანებით მუშაობა სწორედ ამ ლაბორატორიის მთავარ ექიმად დავიწყე.

ალბათ იცით, რამ უკარნახა გაჩეჩილაძეს შავი ზღვის ზვიგენ კატრანისგან პრეპარატის დამზადება. ადრე ატომური იარაღის წყალქვეშ გამოცდა აკრძალული არ იყო და ერთ-ერთი კუნძულის ახლოს, ატომური აფეთქებების შედეგად კატრანების გარდა ყველა სხვა წყლის ბინადარი დაიღუპა. ე.ი. ზვიგენმა რადიაციას გაუძლო.

ბიოლოგი დაინტერესდა, რა თვისება ჰქონდა მას ისეთი, რის გამოც არ იმოქმედა რადიაციამ. დაიწყო კვლევა. აღმოაჩინა, რომ ზვიგენი საერთოდ არ ავადდებოდა სიმსივნით.

ცნობილია: ორგანიზმში ყველაზე დიდ როლს ასრულებს ღვიძლი, რომელსაც რეგენერაციის უნარი აქვს, იმ შემთხვევაშიც კი, როცა  მისი ერთი მერვედი არ არის დასნებოვნებული. ღვიძლს უამრავი ფუნქცია აქვს, ნებისმიერ შხამს ანეიტრალებს. ამდენად, გაჩეჩილაძემ კატრანის ღვიძლისგან (თერმული დამუშავების გარეშე) შექმნა პრეპარატი, რომელსაც "კატრექსი" უწოდა. წამლის გამოცდა საკუთარ თავზე დაიწყო, შემდეგ მოხალისეთა ექსპერიმენტულ ჯგუფზე გამოცადა. შედეგი გამაოგნებელი აღმოჩნდა. პრეპარატს ანთების საწინააღმდეგო მოქმედების აშკარად უნიკალური უნარი ჰქონდა. თავად ვარ მოწმე: - ანთება, რომელსაც დღესაც კი სხვადასხვა ანტიბიოტიკი ვერ აქრობს, "კატრექსით" ლამის ერთ კვირაში იკურნებოდა...  გაჩეჩილაძე ნათლად ამბობდა, რომ მისი პრეპარატი იყო არა იმუნოსტიმულატორი, არამედ იმუნომოდულატორი. იმუნიტეტის სტიმულაციას შესაძლოა, უარყოფითი შედეგიც მოჰყოლოდა (მაგალითად, სიმსივნური წარმონაქმნის ზრდა), ხოლო იმუნომოდულატორი იმუნიტეტის ნორმის ფარგლებამდე ამაღლებას უწყობს ხელს.

"კატრექსი" კიბოს განმკურნებელ პრეპარატად არ უნდა გამოეცხადებინათ... თუმცა იყო მისგან სიმსივნის სრულად ალაგმვის შემთხვევებიც. მაგალითად, მშობლებმა ვლადივოსტოკიდან 15 წლის ბიჭუნა ჩამოიყვანეს. თავის ტვინის სიმსივნე ჰქონდა. "კატრექსით" ოთხიოდე თვეში სრულიად განიკურნა. მაგრამ პრეპარატი მხოლოდ მაშინ ითვლება ეფექტიან სამკურნალო საშუალებად, როცა 100 შემთხვევიდან 90-ს კურნავს. "კატრექსი" ანთებების საწინააღმდეგო ბრწყინვალე პრეპარატად და სიმსივნეების დამხმარე სამკურნალო საშუალებად უნდა მიჩნეულიყო. ამ პრეპარატის მიღების შემთხვევაში სიმსივნე ან სრულად ქრებოდა, ან მისი განვითარება ფერხდებოდა. იყო შემთხვევებიც, როცა პაციენტი შედეგს ვერ იღებდა, მაგრამ ამას გაჩეჩილაძე ორგანიზმის ინდივიდუალურობით ხსნიდა. მისი აზრით, თითოეული პაციენტისთვის ინდივიდუალური პრეპარატი უნდა დამზადებულიყო.

უნდა შექმნილიყო კატრანის მოსაშენებელი ფერმა. რომელიმე მათგანს შეუყვანდნენ იმ ავადმყოფის სისხლს, რომელზეც "კატრექსმა" ვერ გაჭრა და დაკვირვების შედეგად ამ პაციენტისთვის ინდივიდუალურად შექმნიდნენ პრეპარატს, რომელიც სიმსივნეს საბოლოოდ დაამარცხებდა...

მინახავს, "კატრექსის" მიღების შემდეგ პაციენტს როგორ ეხსნებოდა ტკივილი, აღარ სჭირდებოდა გამაყუჩებელი აბები, უუმჯობესდებოდა ცხოვრების ხარისხი, უხანგრძლივდებოდა სიცოცხლე... განა ეს ცოტა იყო? ამ თვალსაზრისით პრეპარატს იმხანად მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნდა. ამის გამო თავის დროზე გაჩეჩილაძე ლექციების წასაკითხად მიიწვიეს აშშ-ში, იაპონიაში და "კატრექსის" შექმნის რამდენიმე პრინციპის  გამხელა მოუხდა. დღეს ყველა ქვეყანაში ამიტომაც იყიდება ზვიგენის ხრტილი, რაც ანთების საწინააღმდეგო პრეპარატად გამოიყენება. თუმცა, ის მაინც ვერ ასრულებს იმ ფუნქციას, რაც "კატრექსს" უნდა შეესრულებინა... იმ ფუნქციის შესასრულებლად, რისთვისაც შეიქმნა, პრეპარატი საჭიროებდა დახვეწას.

მოსკოვმა გაჩეჩილაძესU შესთავაზა, - რუსეთში ოთხ უზარმაზარ ინსტიტუტს ავაშენებთ, ოღონდ ჩვენთან იმუშავეო... არ დათანხმდა - ის ქვეყნის დიდი პატრიოტი იყო. ამის მერე რუსმა ონკოლოგებმა - ბლოხინმა, ტრაპეზნიკოვმა, მას დაუნდობელი ბრძოლა გამოუცხადეს...

ბორის ტრაპეზნიკოვი თბილისში ჩამოვიდა და იმ ავადმყოფების დიაგნოზებს გაეცნო, რომლებიც "კატრექსით" მკურნალობდნენ. ზოგიერთი თითქმის განკურნებული იყო, ზოგს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება ეტყობოდა. ერთ-ერთის დოკუმენტაციის ნახვისას ტრაპეზნიკოვმა განაცხადა, - აქ სიმსივნე არც იქნებოდაო. არადა, აღმოჩნდა, რომ წლების წინ ზუსტად ტრაპეზნიკოვს ჰქონდა დასმული ამ პაციენტისთვის სიმსივნის დიაგნოზი, რაც მართლაც კურიოზული შემთხვევა იყო.

მოკლედ, მოსკოვს არ უნდოდა, კიბოს წამლის შემქმნელი ქართველი ყოფილიყო, ამიტომ გაჩეჩილაძე უზარმაზარი ზეწოლის ქვეშ მოექცა... ცდილობდნენ მისთვის სახელის გატეხას, არ აძლევდნენ მუშაობის საშუალებას... ფაქტობრივად, მეცნიერი ამ დაუნდობელ ბრძოლას შეეწირა. "კატრექსის" გამოგონებიდან ხუთიოდე წელიწადში 55-56 წლისა გულის ინფარქტით გარდაიცვალა და, შეიძლება ითქვას, უნიკალური პროექტები დაკონსერვებული დარჩა...

- რა პროექტებს გულისხმობთ?

- ყველაზე დიდი პროექტი და ინტრიგა, რომლის განხორციელებაც გაჩეჩილაძეს არ დასცალდა, იყო მართლაც საუკუნის აღმოჩენა... თქვენთან ვაცხადებ პირველად: მან ყვავებზე ცდების წყალობით უნიკალური პრეპარატის ფორმულა შეიმუშავა, რომელიც, ისევე როგორც მთელი მისი ამ ექსპერიმენტული კვლევის შედეგები, დღესდღეობით ერთ-ერთი ექიმის ბინაში ინახება.

აინტერესებდა გაეგო, რატომ ცოცხლობს ყვავი ორას წლამდე, მიუხედავად იმისა, რომ ნაგვითაც კი იკვებება. ყვავის ღვიძლის შესწავლით აღმოაჩინა, რომ მის სისხლში შარდმჟავას კონცენტრაცია 150-ჯერ მეტია, ვიდრე ადამიანისაში.

გაჩეჩილაძეს სურდა, ამ კვლევების შედეგად დადგენილი ფორმულის მიხედვით შექმნილი პრეპარატი საკუთარ თავზე გამოეცადა. აღარ დასცალდა...

(გაგრძელება შემდეგ ნომერში)