ირაკლი კავსაძე: ”აქედან ჩანს, რომ უფსკრულთან დგახართ” - კვირის პალიტრა

ირაკლი კავსაძე: ”აქედან ჩანს, რომ უფსკრულთან დგახართ”

მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ რობერტ სტურუას გათავისუფლების ბრძანებას მოაწერა ხელი, ამ თემამ ქვეყანაში მიმდინარე ყველა სხვა მოვლენა დაჩრდილა...

მიუხედავად დასის მოთხოვნისა და დიდი საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, სტურუას სამხატვრო ხელმძღვანელად, ალბათ, არ დააბრუნებენ (ისიც საკითხავია, თვითონ თუ დაბრუნდება, რომც შესთავაზონ). კულტურის სამინისტრო დუმს, ახალ კანდიდატებზე არაფერს ამბობს. დუმან ის ადამიანებიც, რომლებზეც ითქვა - რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობას ჰპირდებიანო. ამ კანდიდატებად, ხალხში გავრცელებული აზრით, ან ავთო ვარსიმაშვილს დაასახელებენ, ან დათო დოიაშვილს... ბოლოდროინდელმა ჭორმა კი წინა ვარაუდები გააფერმკრთალა... თურმე, ამჯერად სამინისტროში საუბრობენ "სინეტიკ სიეთას", როგორც ძალიან წარმატებული თეატრის, ხელმძღვანელზე - პაატა ციქურიშვილზე, ზოგი ვერსიით კი - ამ თეატრის წამყვან მსახიობზე - ირაკლი კავსაძეზე...

იმის გასარკვევად, შესთავაზეს თუ არა რომელიმე მათგანს ეს თანამდებობა, ირაკლი კავსაძეს ამერიკაში დავუკავშირდით - მსგავსი არაფერი ყოფილაო... პაატას თუ ვინმემ დაურეკა არ ვიცი, ისე კი, რომ დაერეკათ, აუცილებლად მეცოდინებოდაო...

- ჩვენ ჩვენი სამყარო გვაქვს, ჩვენი სისხლითა და ოფლით შექმნილი. "სინეტიკ სიეთა" დეკადაზე ათ საუკეთესო თეატრს შორის დაასახელეს, ჩვენი "სტუმარ-მასპინძელი" კი ხუთ საუკეთესო სპექტაკლს შორის მოხვდა. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ "სინეტიკ სიეთას" ქართული სპექტაკლი ასე დააფასეს... თქვენ მეუბნებით, რომ თბილისში ჭორები დადის, თითქოს შეიძლება, პაატა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად მიიწვიონ... ასეთ შემთხვევაში ძნელი იქნება გადაწყვეტილების მიღება... ამ სამყაროს დატოვება...

- არსებობს მეორე ვარაუდიც, რომლის მიხედვით ეს პოსტი თქვენ შემოგთავაზეს...

- ეს ჭორები მოულოდნელი არ არის... იციან, რომ მაგ თეატრში დავიბადე და გავიზარდე. 3-4 წლის ასაკიდან მოყოლებული, ყველაფერი მახსოვს, დედაჩემი მახსოვს სცენაზე... რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა - შენი ერის საგანძურს უნდა მოუარო, ყველაფერი ზედმიწევნით უნდა იცოდე, შესისხლხორცებული უნდა გქონდეს. თეატრის მართვა უბრალო საქმე არ არის. ნაპოლეონი ამბობდა: დედამიწას ამოვაყირავებ, ოღონდ თეატრს ვერ ვმართავო. რუსთაველის სახელობის თეატრი სერიოზული გამოცდის წინაშე დგას. თუ ის აღარ იქნება ხელმძღვანელი, ვინც ამდენ ხანს იყო, უკეთესი უნდა მოვიდეს... უკეთესი...

თქვენ გგონიათ, ასე ადვილია ამ ურთულესი ორგანიზმის მმართველის პოვნა?  ამ პოსტზე კაცს მართვის დიდი ნიჭი უნდა ჰქონდეს. ეს არ არის მსახიობის ოსტატობა, რომელიც შეთავსებულია შენს შემოქმედებით პოტენციალთან.

- რობერტ სტურუას გათავისუფლებაზე რას ფიქრობთ?

- მოდი, ასე გიპასუხებთ: მხატვრის სურათი შორიდან უფრო ადვილი აღსაქმელია თუ ახლოდან? რაღაც შორიდან უკეთ ჩანს, ზოგიერთ დეტალს კი აუცილებლად ახლოდან უნდა დანახვა. თქვენ საქართველოში ხართ, მანდ მიმდინარე ამბებში იხარშებით და ყველაფერი კარგად იცით, მაგრამ ხალხო, შორიდან ისე ჩანს, რომ უფსკრულთან დგახართ, ძალიან ახლოს... ფრთხილად! არ გადაიჩეხოთ! ზოგი ამბობს, არსადაც არ არის უფსკრულიო. არადა, აქედან ჩანს, რომ არის. რობერტ სტურუა ბუმბერაზი პიროვნება და ხელოვანია, რომელმაც ეპოქა შექმნა არა მარტო ქართულ, არამედ მსოფლიო თეატრშიც. ის მუშაობდა თავის გუნდთან ერთად, რომელშიც დედაჩემიც იყო და მამაჩემიც. მახსოვს, როგორ ისხდნენ მაგიდასთან და როგორ ათენებდნენ ღამეებს თეატრზე საუბარში, ან რომელ საათზე ბრუნდებოდა კახი რეპეტიციებიდან. მათი სისხლისა და ოფლის ფასად იქმნებოდა სპექტაკლები, რომლებმაც მსოფლიო სახელი მოუტანა თეატრს... ამის არდანახვა არ შეიძლება!

- არ მიპასუხეთ, ჩამოხვალთ თუ არა საქართველოში...

- როგორ არა... გიპასუხებთ: დიდი სიამოვნებით ჩამოვალთ გასტროლებით და რუსთაველის თეატრში გაჩვენებთ ჩვენი "სინეტიკ სიეთას" სპექტაკლს.