"თქვენმა ხელისუფლებამ სტურუას გათავისუფლებით შიში გამოამჟღავნა" - კვირის პალიტრა

"თქვენმა ხელისუფლებამ სტურუას გათავისუფლებით შიში გამოამჟღავნა"

სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია რუსულმა მედიამაც გააშუქა.

ბევრი ვეცადეთ, მომხდარის შესახებ რუს თეატრალებთან ინტერვიუ ჩაგვეწერა, მაგრამ ამაოდ...

ძალიან გავიხარეთ, რომ შევძელით რუსეთის თეატრალურ მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარისა და თეატრ ტ ჩეტერა-ს სამხატვრო ხელმძღვანელის, ალექსანდრ კალიაგინის კოორდინატების დადგენა. თავიდან მან მოუცლელობა მოიმიზეზა და სამ საათში დაკავშირება შემოგვთავაზა, მაგრამ სამი საათის შემდეგ ინტერვიუზე კატეგორიული უარი განაცხადა. მან ჯერ ინტერვიუს ტელეფონით ჩაწერის ფორმა დაიწუნა, შემდეგ მოსკოვში ჩამოსვლა შემოგვთავაზა. იმის თქმამაც კი მოგვიწია, რომ თბილისიდან მოსკოვამდე 2000 კილომეტრია, რომ ტელეფონით ინტერვიუს ჩაწერა მსოფლიოში მიღებული ფორმაა, მაგრამ მაინც ვერ დავითანხმეთ.

"არც რუს ჟურნალისტებს ვაძლევ ინტერვიუებს, არც გაზეთებს და არც რადიოებს, ასე რომ, გული არ დაგწყდეთ",- ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა ალექსანდრ კალიაგინი. მისი გამოსამშვიდობებელი სიტყვები ჯერ გადაჭარბებულად კი მოგვეჩვენა, მაგრამ რუსულ პრესაში სტურუას გათავისუფლების შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა და კომენტარების კომპიუტერში მოძიებამ დაგვარწმუნა, რომ ალექსანდრ კალიაგინი არ ტყუოდა, - საკუთარი მოსაზრებანი რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლებაზე თავის ვებგვერდზე განათავსა და რუსულმა მედიამაც აიტაცა.

ალექსანდრ კალიაგინი: "საქართველოს ხელისუფლებამ სტურუას გათავისუფლებით შიშიI გამოამჟღავნა".

"არ შემიძლია მომხდარზე ჩემი პოზიცია არ გამოვხატო და უდიდეს რეჟისორს სოლიდარობა არ გამოვუცხადო. მასთან მრავალწლიანი შემოქმედებითი და მეგობრული ურთიერთობა მაქვს".

"მოსკოვში რუსთაველის სახელობის თეატრის ყოველი ჩამოსვლა სტურუას შემოქმედების გრანდიოზული წარმატების ფონზე მიმდინარეობდა და უდიდეს ინტერესს იწვევდა",”- წერს კალიაგინი და დასძენს, რომ სტურუა გაისად რუსთაველის თეატრში მუშაობის 50-ე წლისთავს აღნიშნავდა.

"სტურუამ 49 წელი შეალია საქართველოს უმთავრეს თეატრს, რომლისთვისაც არასდროს უღალატია",”- ამბობს კალიაგინი, რომლის თქმითაც, რეჟისორ სტურუას თეატრ Et Ceteraა-სთან თანამშრომლობის გარდა, ტაგანკის თეატრში თანამშრომლობაც შესთავაზეს.

"მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის კულტურის დეპარტამენტმა სტურუას ტაგანკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობა შესთავაზა, სტურუამ უარი იმის გამო თქვა, რომ “ტაგანკის თეატრის ყოფილ ხელმძღვანელ იური ლიუბიმოვთან მრავალწლიანი მეგობრობა აკავშირებდა..." - ვკითხულობთ რუსულ პრესაში.

22 აგვისტოს ალექსანდრ კალიაგინმა თავის ოფიციალურ საიტზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ რობერტ სტურუა Et Cetera-ში მუშაობას დათანხმდა. მას მიწვეული მთავარი რეჟისორის სტატუსი ექნება და მოსკოვში საქმიანობის დაწყებაზე გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

"ის, რომ სტურუა ჩემს წინადადებას გამოეხმაურა, შესანიშნავია. რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან სტურუას გათავისუფლებამ აღმაშფოთა. სტურუა უდიდესი რეჟისორია",- დასძენს კალიაგინი.

KvirisPalitra.Geოლეგ ბასილაშვილი, თეატრისა და კინოს მსახიობი, რუსეთისა და სსრკ-ის სახალხო არტისტი (მას რუსეთში დავუკავშირდით): - "რობერტ სტურუა მსოფლიო მნიშვნელობის რეჟისორია, რომელსაც შესანიშნავი სპექტაკლები აქვს დადგმული და საბჭოთა თეატრში მთელი ეპოქა შექმნა. მსოფლიოს თეატრალური საზოგადოება მას იცნობს არა მხოლოდ როგორც ბრწყინვალე რეჟისორს, რომლის დამსგავსებასაც ბევრი ცდილობს, არამედ როგორც დიდი თეატრალური კოლექტივის შესანიშნავ ხელმძღვანელს.

ძნელია იმაზე მსჯელობა, რა მოხდა სინამდვილეში და რატომ დაწერა საქართველოს კულტურის მინისტრმა სტურუას გათავისუფლების შესახებ ბრძანება.

მე ამ ზაფხულშიც შევხვდი მას და შემიძლია გითხრათ, რომ სტურუა შესანიშნავი, უბრალო, რბილი და კეთილი ადამიანია, რომელსაც უდიდესი იუმორის გრძნობა აქვს. ძალიან მწყდება გული, რომ ამ ორი დიდი ორგანიზმის - სტურუასა და რუსთაველის თეატრის თანამშრომლობა დასრულდა. სტურუას რუსეთში ძალიან ბევრ თეატრში აქვს დადგმული სპექტაკლები: კალიაგინის თეატრში, თეატრ "სატირიკონში", ვახტანგოვის თეატრში და დარწმუნებული ვარ, რუსეთში კიდევ არაერთ სპექტაკლს დადგამს. მით უმეტეს ახლა, როცა მას დიდ თეატრალურ კოლექტივზე პასუხისმგებლობა აღარ ეკისრება და მეტი თავისუფალი დრო ექნება".

კობა ბენდელიანი