რას აპირებენ მსახიობები 31 აგვისტოს - ეს იქნება პაემანი რუსთაველზე - კვირის პალიტრა

რას აპირებენ მსახიობები 31 აგვისტოს - ეს იქნება პაემანი რუსთაველზე

- მიუხედავად წინა ნომერში გამოქვეყნებული ინტერვიუსი, ზაზა პაპუაშვილი დამიკავშირდა და რაღაც მნიშვნელოვანის ჩვენი გაზეთის საშუალებით გახმაურება მთხოვა, ჩვენც მივეცით ამის საშუალება...

"ვისურვებ, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობებისა და თანამშრომლების 77 ხელმოწერას თეატრის მმართველის, ზაალ ჩიქობავას  ხელმოწერაც დაემატოს. თუ სხვა არჩევანს გააკეთებს, იმიტომ, რომ სტურუასთან ბრძოლას ემხრობა, ამას მტრულ დამოკიდებულებად და თეატრზე დარტყმად აღვიქვამ. არ მინდა, ზაალი თეატრისთვის ტკივილის მომყენებელთა შორის იყოს. არჩევანი ახლა მასზეა, ვშიშობ ზაალ ჩიქობავა არ გამოიყენონ, ბინძური საქმე არ გააკეთებინონ, არ გასვარონ და მერე თავიდან არ მოიშორონ", - მითხრა მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა, რომელმაც რუსთაველის თეატრის დასის სამომავლო მოქმედების გეგმა გამიმხილა:

- უპირველესად მინდა მივუსამძიმრო ჩვენი დროის უდიდეს მსახიობს, ჩემთვის, ჩემი კოლეგებისა და მაყურებლისთვის უძვირფასეს რამაზ ჩხიკვაძეს. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოვისმინეთ ქალბატონ ნატაშას ინტერვიუ, სადაც სიყვარულითა და გულისტკივილით ილაპარაკა რუსთაველის თეატრში არსებულ მდგომარეობაზე. რამაზ ჩხიკვაძისა და მისი კოლეგების მხრებზე მართლაც დიდმა ეპოქამ გადაიარა, ამის მომსწრე იყო ქალბატონი ნატაშა და მისთვის ძალიან მძიმე იყო ის, რაც დღეს საქართველოსა და რუსთაველის თეატრში ხდება. ეს ძალიან მძიმეა ბატონი რამაზისთვისაც, რომელმაც თქვა, ჩათვალეთ, რომ რუსთაველის თეატრის მსახიობების განცხადებაზე ჩემი ხელმოწერაც არისო. ძალიან ძნელია ამის გადატანა უფროსი თაობისთვის, რომელთაც  წამებით და ტანჯვით მოუტანიათ თეატრი ჩვენამდე. ჩვენ მათ დიდი მემკვიდრეობა, ოქროს ხანა დაგვახვედრეს რუსთაველის თეატრში.

რუსთაველის თეატრში მაღალი ძაბვაა, ის შემოფარგლულია და აწერია, "საშიშია". არ შეიძლება მასთან ისეთი ადამიანის მოახლოება, რომელსაც ეს ძაბვა დაწვავს და ფერფლად აქცევს. ყველას გასაგონად ვამბობ, რუსთაველის თეატრში გარედან ჩარევა საშიშია, რადგან აქ მაღალი ძაბვაა.

ხელისუფლებას მივმართავ: რა გაქვთ ჩაფიქრებული? თეატრის განადგურება?! ალბათ, იტყვიან, როგორ გეკადრებათო, მაგრამ თქვენი საქციელი რომ სწორედ ამას მოწმობს?! თუ მართლაც თეატრის გადარჩენა და მასზე ზრუნვა განგიზრახავთ, დაანებეთ თავი იმის კეთებას, რაც არ გესმით. ნაჯახის ასე მოქნევას თეატრი ვერ აიტანს.

მინისტრის ე. წ. ბრძანებაში წერია, რომ რობერტ სტურუა აღარ არის რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. დასი კი ამბობს, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი არის რობერტ სტურუა!

დაანებონ ქილიკს თავი - სტურუამ თავისი წასვლა დადგა, წასვლა უნდოდა და მიზეზს ეძებდაო. ჩვენ ამ ჭორებზე მაღლა ვდგავართ.

- თქვენ შემართებით ლაპარაკობთ, მაგრამ რუსთაველის თეატრის ბევრი წამყვანი მსახიობი კომენტარსაც თავს არიდებს.

- ამ თეატრში გაბედულება არავის აკლია, მაგრამ დაუტოვეთ ადამიანებს ინდივიდუალური ქცევის უფლება. გგონიათ, ბედნიერი ვარ, რომ ასეთი ლაპარაკი მიწევს ან ამას პოპულარობისთვის ვაკეთებ? ბედნიერი მაშინ ვიქნებოდი, რომ არ მიწევდეს ლაპარაკი.

- ბატონი რობერტი ამბობს, რომ მისი უახლოესი მეგობრები, გია ყანჩელი და გოგი მესხიშვილი, სხვა ბანაკში აღმოჩნდნენ. თეატრი გაყოფილია?

- იმდენი ტაქტი და ზრდილობა მაქვს, რომ ამდენი წლის უახლოესი მეგობრების დღევანდელ ურთიერთობაზე არ ვილაპარაკო. მათი მეგობრობა ხელშეუხებელი და სათუთი თემაა. თვითონ გაარკვევენ ყველაფერს. რომელ სხვადასხვა ბანაკზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც სამივე ერთ, ნიჭიერთა ბანაკშია და ვინც შეეცდება მათ შორის "ჩორტის" ჩაგდებას, მას მტრად აღვიქვამ.

- თეატრის მმართველი ცენზორად მოიხსენია რობერტ სტურუამ. ნიკა რურუამ კი განაცხადა, სტურუა თეატრის მმართველის, ზაალ ჩიქობავას მოხსნას მთხოვდაო.

- ზაალ ჩიქობავასთან მქონდა საუბარი და მოვახსენე ჩემი აზრი, რადგან მე ღალატი არ შემიძლია და ზურგში დანის ჩამრტყმელი კაცი არა ვარ. ზაალმა და ბევრმა სხვამ იცოდეს, ჩვენ შეიძლება არც თეატრში ვიყოთ და აღარც ქვეყანაზე, მაგრამ რუსთაველის თეატრის ისტორიას ვერავინ წაშლის.

რუსთაველის თეატრს დიდი სამეგობრო ჰყავს. უამრავი ადამიანი გვირეკავს, თეატრის გვერდით დგომა და მადლიერება გვინდა გამოვხატოთო.

გადავწყვიტეთ 31 აგვისტოს, საღამოს ექვსის ნახევარზე რუსთაველის თეატრის წინ შევხვდეთ ყველას, ვინც ფიქრობს, რომ რუსთაველის თეატრი მისია. ეს იქნება პაემანი რუსთაველზე.

ვეტაპიჟებით ყველა პატიოსან ჟურნალისტს, ვისაც სიმართლის თქმის არ ეშინია. ჩვენ არ მოგვიწოდებია პოლიტიკოსებისთვის, მაგრამ თუ მოვლენ როგორც ჩვენი საზოგადოების წევრები, ამ ქვეყნის შვილები, მობრძანდნენ...

რობერტ სტურუა თუ დაინახავს, რომ თავისი ქვეყნისა და მაყურებლისთვის საჭიროა, არსადაც არ წავა!