"ცეცხლფარეში დაისაჯა თუ მეზღვაურები?” - კვირის პალიტრა

"ცეცხლფარეში დაისაჯა თუ მეზღვაურები?”

"ჩვენს სულიერებას ნიჰილიზმის ჭია შეაღოღდა"

რობერტ სტურუას თემაზე სასაუბროდ მწერალ თამაზ ჭილაძეს ვეწვიე.

თამაზ ჭილაძეს რობერტ სტურუასთან დიდი ხნის მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა აკავშირებს. დიდმა რეჟისორმა ოთხი სპექტაკლი დადგა მისი პიესების მიხედვით: "როლი დამწყები მსახიობი გოგონასათვის", "ნახვის დღე", "ჭალას ჩიტი მომკვდარიყო" და "ნადირობის სეზონი"... როგორც რუსთაველის თეატრში მითხრეს, წლევანდელი სეზონი სწორედ "ნადირობის სეზონით" გაიხსნება.

თამაზ ჭილაძე: - რაც რუსთაველის თეატრში მოხდა, მოულოდნელი, დამაფიქრებელი და, შეიძლება ითქვას, სენსაციური ამბავია. ეს არა მარტო თეატრისათვის, მთელი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ფაქტია, მე თუ მკითხავთ... უკვე იგრძნობა, როგორ არის ამ ამბით შეშფოთებული საზოგადოება. ბევრი ალბათ გულში ფიქრობს: ასე მოგიხდება, რობერტ სტურუა, როლს რომ არ მაძლევდი, ან ჩემზე უკეთეს სპექტაკლებს რომ დგამდი, საზღვარგარეთ რომ ყველაზე მეტად გიცნობდნენ... ჩემზე მეტად რომ გცემდნენ პატივსო... ხმამაღლა კი რას აღარ ამბობს, რომ რობერტ სტურუას საწინააღმდეგოდ განაწყოს ხალხი... შური და მტრობა ტალანტის მარადიული თანამგზავრია. ეს არ უნდა გაგიკვირდეთ და ასეთ ლაპარაკს არც უნდა აჰყვეთ...

ვფიქრობ, ძალიან ცუდი ამბავი მოხდა. მხატვრულად გეტყვით: შუქურას ცეცხლფარეში რომ დასაჯონ იმით, რომ ცეცხლი აღარ დაანთებინონ, გემებს რას ეუბნებიან, რომლებიც უკუნეთში დარჩნენ ზღვაში? გემებმა რა დააშავეს? ცეცხლფარეში დაისაჯა თუ მეზღვაურები? რობერტ სტურუას სახელთან ქართული თეატრის ბედია დაკავშირებული. პირდაპირ ვთქვათ, დღეს რუსთაველის თეატრი და რობერტ სტურუა, გვინდა თუ არა, სინონიმები არიან. ამ თეატრის დიდი წარმატება რობერტ სტურუას შექმნილია. ამის დავიწყება არ შეიძლება... აქედან უნდა დავიწყოთ საუბარი. თეატრი დიდი სამყაროა და რობერტ სტურუა ამ სამყაროს დიდი შემოქმედია, ამას მსოფლიო აღიარებს. ბონში ვიყავი 1994 წელს მსოფლიო თეატრალურ ბიენალეზე. მსოფლიოს თითქმის ყველა გამოჩენილი დრამატურგი და რეჟისორი ესწრებოდა. რობერტ სტურუას სახელის ხსენებას ხანგრძლივი ტაში მოჰყვა. სიამაყისაგან გული გამებერა...

ყველაზე მეტად იცით, რა მიკვირს? იმ თეატრმცოდნეების დამოკიდებულება, რომლებიც საოცარი აჩქარებით ალაპარაკდნენ სტურუას შემცვლელზე... როგორ შეიძლება, არ იცოდნენ, რომ დიდ ნიჭს შემცვლელი არ ჰყავს. ამბობენ, შეუცვლელი პიროვნება არ არსებობსო, როგორ არ არსებობს! ხელოვნების, კულტურის ისტორიას შეუცვლელი პიროვნებები ქმნიან. თუ ვინმეს შეცვლა შესაძლებელია, ის არც არის ხელოვანი, ყოველ შემთხვევაში, დიდი ხელოვანი...

- ამაზე გეტყვიან, ჩვენ მას, როგორც რეჟისორს, არ ვცვლით, მხოლოდ სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობა აღარ ექნებაო...

- რობერტ სტურუამ ეს თანამდებობა ისეთ სიმაღლეზე აიყვანა, ისეთი შინაარსით დატვირთა, რომ რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი რომ გახდე, რობერტ სტურუა უნდა იყო! ის ამჟამად შეუცვლელია, მიუხედავად იმისა, რომ გვყავს ნიჭიერი რეჟისორები. დღეს ეს თანამდებობა მარტო თანამდებობა კი არ არის, შემოქმედებითი აქტის მნიშვნელოვანი პირობაა... რობერტ სტურუას ჩამოშორება მხოლოდ ხელის შეშლაა ამ პროცესისათვის.

- მახსენდება, როგორ უპატრონა სომხეთმა ფარაჯანოვს, როგორ გადაიტანეს ერევანში ყველაფერი თბილისიდან, რომ მისი მუზეუმი გაეხსნათ, რაც შეიძლება მეტად დაეკავშირებინათ ისტორიულ სამშობლოსთან...

- მე და ოთარი ვიცნობდით ფარაჯანოვს. უნიჭიერესი კაცი იყო... სომხეთმა - ამ უძველესმა, საკმაოდ ტანჯულმა ერმა, იცის თავისი ნიჭიერი პიროვნებების პატრონობა. მარტო ფარაჯანოვს კი არა, გაფაციცებული უფრთხილდებიან საერთოდ თავიანთ სულიერ მონაპოვარს. პირდაპირ რომ ვთქვა, იციან მისი ფასი და მნიშვნელობა. ძალიან დიდი ეროვნული მუხტი აქვთ განვითარებული. ქართველები კი, უფრო ვკარგავთ, ვიდრე ვპატრონობთ. რობერტ სტურუას თეატრიდან გაშვება როგორ შეიძლებოდა! სამწუხაროდ, მე საერთოდ ვეღარ ვხედავ რუსთაველის თეატრის ხვალინდელ დღეს. არადა, რუსთაველის თეატრი ქართული თეატრალური ხელოვნების მედროშე იყო, მისი არსებობა არა მარტო მსახიობებისა და რეჟისორებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი ერისათვის...

- ახლა ამბობენ, თუ რობერტ სტურუას უნდოდა რუსთაველის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელი ყოფილიყო, პოლიტიკას არ შეხებოდა და არავინ შეეხებოდაო...

- როგორ შეიძლება, ვინმეს მიუთითო, რა თქვას და რა არა... ეს ხომ იყო უკვე და გავიარეთ ისტორიულად, როცა კატეგორიულად იყო განსაზღვრული, რა უნდა ეთქვათ და რა - არა, დამრღვევებს კი უსწორდებოდნენ. ეს დრო ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა, იმედია! შეიძლება არ ეთანხმებოდე შემოქმედს, მაგრამ ამის გამო არ უნდა დასაჯო...

- რომ ეთანხმებოდე, ან არ ეთანხმებოდე, უნდა იცნობდე, თუ თეატრში არ წახვალ, ვერასოდეს გაიცნობ...

- კომპიუტერმა თაობები ჩამოაშორა რეალობას, მათი ცხოვრება ვირტუალურ სინამდვილედ აქცია. როგორც მონა იყო მიჯაჭვული ნიჩაბს, ისე არიან მიჯაჭვული კომპიუტერებს. ამასთანავე, ჩვენი პარლამენტი ისე ამთავრებს მოღვაწეობას, თეატრში ერთხელაც არ შეცდენია ფეხი... არა მარტო მთავრობა, არც ოპოზიცია დადის თეატრებში.

მათ პროგრამებში კულტურა არ ჭაჭანებს... ეს ძალიან ცუდი მაგალითია ხალხისათვის...

- შეიძლება შეგეკამათონ, მთავრობა კონცერტს არ აცდენს ბათუმში... "ქეთო და კოტეს" პრემიერაც პომპეზურად ჩატარდაო...

- ის ნახევრად ჩამქრალი ვარსკვლავების  კონცერტები მე ხელოვნების აქტებად არ მიმაჩნია. ის უფრო სხვა მიზანს ისახავს. რაც შეეხება "ქეთო და კოტეს", ჩემი აზრით, იმ თავისთავად უმნიშვნელოვანეს ფაქტს, როგორიცაა ბათუმის ახალი ოპერის შენობის გახსნა, უფრო მნიშვნელოვანი საოპერო ნაწარმოები შეეფერებოდა. პოდიუმსა და ესტრადას სხვა დანიშნულება აქვს, თეატრს - სხვა. ყველგან უამრავი თეატრია, ჩვენ კი სწორედ თეატრი დავივიწყეთ. არადა, ჩვენთვის ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურა. მოვა დრო, როცა მხოლოდ კულტურით დაფასდება ქვეყანა... თეატრში სასიარულოდ დრო არ გვყოფნისო, გასართობად სად გვცალიაო! თუ ვინმე ასე ფიქრობს, ცდება. თეატრი გართობა კი არა - საქმეა და თანაც დიდი! ამიტომ ვიდრე შევეხებით, ძალიან კარგად უნდა დავფიქრდეთ.

ერთმა პაწია ტყვიამ მოკლა ქართული გმირულ-რომანტიკული თეატრი (სანდრო ახმეტელის ამბავი გავიხსენოთ!). ამიტომ ყველა "პაწია", დამანგრეველ სიტყვას, როგორც ტყვიას, უნდა ვერიდოთ.

არ ვარ ნიჰილისტი. ჩვენი ყველაზე დიდი მტერი ნიჰილიზმია. უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ საღი აზრი, გონება და, რაც მთავარია, ხელი უნდა გავანძრიოთ. ჩვენ ყოველთვის გონიერი ერი ვიყავით. ამან გადაგვარჩინა. გიორგი ლეონიძის "მე ვკითხულობდი ქართლის ცხოვრებას" გახსოვთ ალბათ: "გამოვვარდები, ხარ თუ აღარა"... ისეთი ისტორია გვაქვს, რომ ჩვენი დღევანდელი არსებობა მართლა ფანტასტიკის სფეროს ეკუთვნის. გადავრჩით. ესე იგი, ერს ეყო გონიერება... იმედი მაქვს, ახლაც ეყოფა... ისევ ჩემი ხალხის იმედი მაქვს. მართალია, მოვეშვით, ჩვენს სულიერებას ნიჰილიზმის ჭია შეაღოღდა, მაგრამ, იმედია, ისევ გადავრჩებით, თუ უძველეს, უნიკალურ კულტურას შევინარჩუნებთ...

- ფაქტია, როგორ ცდილობს რუსეთი ჩვენი კულტურის დიდი მოღვაწეების თავის წიაღში "შესრუტვას", როგორ ვერ ვუპირისპირებთ ვერაფერს...

- რუსი ხალხი დიდი კულტურის მქონე ხალხია. გადახედეთ მათ ლიტერატურას, თეატრს, მუსიკას... რუსეთი რომ "იწოვს" ნიჭიერ ხელოვანებს, ესეც მათი კულტურის სიდიადეზე მეტყველებს... მეორე საკითხია, რომ რუსეთი, უპირველესად, სწორედ თავის კულტურას ივიწყებს, როცა სხვა ხალხების დამორჩილებას ცდილობს. მე და ოთარმა მოვიკვეთეთ ყოფილი მეგობრები, ის რუსი მწერლები, რომლებმაც ხმა არ ამოიღეს აფხაზეთის ამბებზე, 2008 წლის აგვისტოს ომზე... მინდა მაინც იმედიანად დავამთავრო ჩვენი საუბარი: ის ფარული ძალა, რომელიც აკავებს მოსიპულ პლანეტაზე ჩვენს ერს, მიგვიყვანს იქამდე, რომ თვალი აგვეხილება საკუთარ თავზე და სწორად შევაფასებთ ყველაფერს, რაც დღეს ხდება...