"გაღმა ნაპირმა" მსოფლიო აღიარება მოიპოვა - კვირის პალიტრა

"გაღმა ნაპირმა" მსოფლიო აღიარება მოიპოვა

"ახლა, როცა მამა ცოცხალი აღარ არის, ვიგრძენი, რა არის მიწა"

კინოში არსაიდან მოვიდა... არსაიდან იმიტომ, რომ არც ახლო ნათესავი ჰყოლია ამ სფეროში სახელიანი და არც ოჯახის მეგობარი. ჩამოვიდა ძეგვიდან შავგვრემანი ბიჭი, გავიდა გამოცდებზე თეატრალურ ინსტიტუტში და... ერთი ქულა დააკლდა. მხოლოდ კარგა ხნის მერე გაიგო, რომ რეზო ჩხეიძეს უთქვამს ეთერ გუგუშვილისთვის: ჩავრიცხოთ ეს ქულადაკლებულებიც, კაცმა არ იცის, ვინ დადგება ნამდვილი რეჟისორი, ქულადაკლებული თუ ქულიანიო. ბედისწერის სჯერა თუ არა  გიორგი ოვაშვილს, არ ვიცი, ის კი ვიცი, რომ ამ შემთხვევამ განსაზღვრა მისი მომავალი. ია-ვარდით მოფენილი გზა არ დახვედრია, მაგრამ როცა ძალიან გინდა, ფილმი გადაიღო, იღებ კიდეც. და როგორ იღებს ისეთ ფილმს, რომელიც შემდეგ მსოფლიოში უამრავ კინოს მოყვარულსა თუ ექსპერტს მოსწონს, სულ ადვილი გასაგებია...

წელს გიორგი ოვაშვილის მხატვრულმა ფილმმა "გაღმა ნაპირი" მსოფლიოში დიდი აღიარება მოიპოვა. ეს არის ფილმი აფხაზეთიდან დევნილ 12 წლის ბიჭზე, რომელსაც ომმა ყველაფერი წაართვა, რაზეც კი ოდესმე უოცნებია.

ბერლინის 59-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ქართულ-ყაზახური ფილმის "გაღმა ნაპირი" მსოფლიო პრემიერა გაიმართა. მას შემდეგ ფილმმა იმდენი პრიზი მიიღო, მარტო ჩამოთვლაც კი სიამაყით გავსებს:  საერთაშორისო კინოფესტივალ GO EAშთ-ის მთავარი პრიზი "ოქროს შროშანი" და კინოკრიტიკოსთა საერთაშორისო ფედერაციის პრიზი FIPღEშჩI. კანის კინობაზრობაზე გაიმართა ფილმის ჩვენება, სადაც ასევე დიდი აღიარება ხვდა წილად.

საერთაშორისო კინოფესტივალზე მთავარი პრიზი "ოქროს ალჰამბრა" გადაეცა საუკეთესო სრულმეტრაჟიანი ფილმისათვის.

პარიზის საერთაშორისო კინოფესტივალზე - პარიზ  შინემა ფილმმა მიიღო მთავარი პრიზი "მეტრობუსი".

ფილმი მსოფლიოს სხვადასხვა ფესტივალზეა მიწვეული. ასე რომ, წინ ჯერ კიდევ ბევრი წარმატება ელის.

- "გაღმა ნაპირი" როგორ იქმნებოდა?

- ნუგზარ შატაიძესთან ერთად ვმუშაობდი ფილმის სცენარზე. ვფიქრობ, ის ყველაზე მეტად გრძნობდა ქართული სოფლის, ქართველი კაცის შინაგან სიღრმეებს. ბოლოს და ბოლოს, ვიპოვე ადამიანი, რომელთანაც შემეძლო მუშაობა იმედიანად გამეგრძელებინა, მაგრამ, საუბედუროდ, ის აღარაა ჩვენ გვერდით. დარჩა დიდი სიცარიელე, რომელიც რაღაცნაირად უნდა შეივსოს, რომ გზა გაგრძელდეს.

- ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი მთავარი გმირის სახეც. ეს ბიჭი იოლად იპოვეთ?

- თედო ბექაური ღმერთმა გამომიგზავნა. ეს ბედნიერი შეხვედრა იყო. როცა სასინჯი ფოტოები წარვუდგინე ადმინისტრაციულ და შემოქმედებით ჯგუფს, ყველამ ერთხმად მითხრა: ცხადია, ამ ბავშვის გადაღებაზე სერიოზულად არ ფიქრობო. არადა, სერიოზულად ვფიქრობდი. გამოვიძახე კასტინგზე. მოვიდა თავისი სოფლიდან - ორბეთიდან. თითქოს სხვა სამყაროდან იყო, ხმას საერთოდ არ იღებდა. ვკითხე, ცეკვა თუ იცი-მეთქი. არაო, - თავი გაიქნია. ძალიან კარგი-მეთქი. ახლა მე რიტმს დავუკრავ და შენ იცეკვე-მეთქი. დავუკარი. იცეკვა - ეს იყო საოცრება, რიტმში თავდავიწყებით აკეთებდა მოძრაობებს. გავაჩერე. ვუთხარი: სანამ ამ ეპიზოდის გადაღება არ გვექნება, არ იცეკვო-მეთქი. ეს იყო ის ცეკვა, რომელიც ბოლოს გავამეორებინეთ და ფილმში შევიდა.

- თედოს არ გაუჭირდა თამაში?

- თავიდან ცოტა შებოჭილი იყო. საერთოდ არ ლაპარაკობდა. როლზე რომ ავიყვანე, ვეცადე, მისი სიტყვები მინიმუმამდე შემემცირებინა. მხოლოდ იმას ამბობს, რაც აუცილებელია. ვუხსნიდი: დადექი, დათვალე ათამდე, ნელა გაიხედე მარცხნივ... გამოიხედე მარჯვნივ. ისიც ასრულებდა. ერთი კვირის მერე მოვიდა და: ასე რატომ მელაპარაკებიო. როგორ-მეთქი. რომ მათვლევინებო. და უცებ დაიწყო მუშაობა, აზროვნება, გაიხსნა... 6-7 თვე თავისუფლად ზიდა გადაღებების სიმძიმე.

- "გაღმა ნაპირი" ქართულ-ყაზახური კინოპროდუქციაა... წარმატება ძალიან დიდი მოჰყვა. ბოლო პრიზი ახლახან გადმოგცეს კულტურის სამინისტროში...

- 3 ივლისს პარიზის ფესტივალზე წარვადგინე ფილმი, შემდეგ ჩეხეთში წავედი. იქაც ტარდებოდა კინოფესტივალი, რომელზეც ჩვენი ფილმი იყო წარდგენილი. როცა პრაღიდან თბილისში დავბრუნდი, პარიზიდან დამირეკეს, სასწრაფოდ ჩამოდით, მთავარი ჯილდო მიიღეთო. როგორ ჩავიდოდი, მხოლოდ ღამით მიფრინავდა თვითმფრინავი. გამოსავალი ვიპოვეთ - ჩვენს საელჩოს დავუკავშირდით და მისმა წარმომადგენელმა მიიღო პრიზი, თბილისში გამოგზავნა და აქ გადმომცეს.

ძალიან მთრგუნავს ამდენი ფრენა ერთი ქვეყნიდან მეორეში. ყველაზე მეტად მაინც ის სიმშვიდე მენატრება, რომელიც ბუნების წიაღშია. ნებისმიერ ქვეყანაში ვეძებ მთებს, რომ იქით წავიდე, საქართველოში - მით უმეტეს...

ფესვებს ყოველთვის ვგრძნობ... მამა მათემატიკოსი იყო, სამსახურის მერე უყვარდა მიწაზე მუშაობა. მეც დაჟინებით მთხოვდა, დავხმარებოდი. მოგეხსენებათ, ახალგაზრდობა... გავურბოდი... მაშინ მეგონა, სხვა რამ გაცილებით მნიშვნელოვანი იყო. ახლა, როცა მამა ცოცხალი აღარ არის, ვიგრძენი, რა არის მიწა. გავიგე, რატომ მეძახდა მამა... წელს, ადრე გაზაფხულზე, მეგობრებთან ერთად ჩავედი ძეგვში, სადაც მოზრდილი კარმიდამო გვაქვს და დავიწყეთ ათი წლის დაუბარავი მიწის ბარვა. მოვიყვანეთ კიტრი, პომიდორი, სიმინდი... შეიძლება ითქვას, "დავბრუნდი".

გიორგი ოვაშვილის მოკრძალებულ ბინაში მივხვდი, რომ მან ყველაზე მთავარი - სისადავე შეინარჩუნა. არც იცის, როგორ შეიძლება წარმატებამ შეცვალოს ადამიანი, ალბათ ისინი, ვინც იცვლებიან, თავიდანვე ამპარტავნები არიან, უბრალოდ, გვიან ამჟღავნებენო, - ამბობს. ფილმებსაც იმიტომ კი არ იღებს, რომ ვინმემ ჯილდო მისცეს. ეს სასიამოვნოა, მაგრამ არა - მთავარი. მთავარი შენი საქმის, შენი ნაფიქრალის ერთგულება, ღირებულის წვრილმანებად არდახურდავებაა, ერთგულებაა... ერთგულება გიორგი ოვაშვილმა იცის. ამას ერთი მხიარული ამბითაც მივხვდი. მობილური ტელეფონები რომ შემოვიდა, მოზრდილი "ნოკია" იყიდა. ძალიან შეეჩვია. როცა აპარატი გაუფუჭდა, ისეთივეს ვეღარ მიაგნო... ამას წინათ ყირგიზეთში მოუკითხავს. გაოცებულებს მოუტანიათ საწყობიდან - ეს გნებავთო... გახარებია - სწორედ ესო. რამდენი გაქვთ ასეთი ტელეფონიო. სულ ორიო... თანაც 20 დოლარი ღირდა თურმე. ორივე იყიდა, რომ კარგა ხანს ეყოს. ეს ამბავი, ცხადია, ხუმრობანარევია, მაგრამ ერთგულებას რაც შეეხება, ხუმრობის გარეშე გაგიმეორებთ: ის ერთგულად მუშაობს. არ ღალატობს არც კინოს, არც ძეგვს და არც მიწას, რომლის ფასიც ბევრი "ხელოვნებაში დაკარგული" კაცისაგან განსხვავებით, იცის.