ფოსტლებიანი პატარძალი და გამოუსწორებელი რომანტიკოსი - კვირის პალიტრა

ფოსტლებიანი პატარძალი და გამოუსწორებელი რომანტიკოსი

"ისეთი პუტკუნა ვიყავი, არ მოვეწონე, მითხრეს, ეკრანმა არ მიგიღოო"

"მინახავს, როგორ იდგა გურამ რჩეულიშვილი დეიდა მაროს გვერდით და ფანჯრებს წმენდდა"

შეიძლებოდა ყველაფერი სხვაგვარად ყოფილიყო, მაგალითად, ასე: მისი სახელი და გვარი არავის სცოდნოდა, უბრალოდ, ეთქვათ, ცნობილი პარტიული მუშაკის ცოლი, ან ცნობილი რეჟისორის დედა, ანდა ცნობილი მომღერლის ბებიააო... მაგრამ ყველაფერი სხვაგვარადაა. უპირველესად ის ლალი ბადურაშვილია. ასე იცნობენ და პატივს სცემენ, ამ სახელით უყვართ... ბევრი როლი არ უთამაშია, მაგრამ ყველა დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანია... მხოლოდ მერე შეიძლება ახსენო, რომ ის ცნობილი თეიმურაზ ბადურაშვილის მეუღლეა, მისი ვაჟი - ერეკლე ბადურაშვილი ცნობილი რეჟისორია, მეორე ვაჟი გია - მხატვარი... შვილიშვილი ნინი - ცნობილი მომღერალი.

ჩემი გარიჟრაჟი

ძალიან კარგად მახსოვს, სკოლაში რომ მიმიყვანეს. ყველას თავისი სკოლა უყვარს, მაგრამ ჩემი - ილია ჭავჭავაძის სახელობის 23-ე სკოლა მართლა გამორჩეული იყო. მახსოვს ჩემი პირველი მასწავლებელი - უსაყვარლესი დუშა სანიკიძე (ჟანრი ლოლაშვილის დედა გახლავთ). სკოლის დამთავრების 50 წლისთავზე შევიკრიბეთ. დუშა მასწავლებელმა ყველას სახელით მოგვმართა. კლასელები დღესაც ვმეგობრობთ. რომელი ერთი ჩამოგითვალოთ, ყველა კარგი იყო... განსაკუთრებით ვმეგობრობდით მე და ნანა თოიძე - გელა ჩარკვიანის მეუღლე, ერთ მერხთან ვისხედით, მარინე რჩეულიშვილი - გურამ რჩეულიშვილის და, ესმა ონიანი - ფერმწერი და არაჩვეულებრივი პოეტი და ესეისტი... ჩვენი პრეზიდენტის მამიდა - ქეთინო სააკაშვილი.

მერვე კლასამდე ფრიადოსანი ვიყავი. მერე აღარ - მათემატიკა ძალიან მიჭირდა. დედაჩემი მეხმარებოდა.

ლამაზი ბავშვი ვყოფილვარ. დედა მიამბობდა, ქუჩაში თუ ვინმე გაგივლიდა გვერდით და არ იტყოდა, - რა კარგი გოგოაო, კაბას ჩამომქაჩავდი - რატომ არ თქვაო...

პირველი თაყვანისმცემლები თუ მახსოვს? ახლა იმ  ხნის ვარ, ესეც შეიძლება გიამბოთ... სკოლაში ბევრს მოვწონდი. გია ჭირაქაძესთან ახლაც ვმეგობრობ, ჩემზე ორი კლასით წინ იყო. მეშვიდე ვაჟთა სკოლაში სწავლობდა. 13 წლის ვიყავი, რომ მითხრა: ლალი, არ ვიცოდი, რა იყო სილამაზე. შენ გნახე და მივხვდი, რა არისო... მას მერე რამდენს უთქვამს ქათინაური, მაგრამ ეს დღესაც მახსოვს...

მიყვარდა ლიტერატურა, ისტორია... რატომღაც ფრანგულ ენის ფაკულტეტზე ჩავაბარე... იქნებ იმიტომ, რომ ძალიან კარგი ფრანგულის მასწავლებელი მყავდა. მე და მარინე რჩეულიშვილი ერთად დავდიოდით ფრანგულზე. მათ თავზე ცხოვრობდა ბებო თეკლე - ორბელიანებისა და ბაგრატიონების შთამომავალი. ძაძები ეცვა, შვილი ჰყავდა გარდაცვლილი... ძალიან თბილი ქალი იყო. ჯერ კანფეტებს გვაჭმევდა, მერე ვიწყებდით მეცადინეობას.

მსახიობობაზე, ცხადია, ყველა გოგო ოცნებობს, ამიტომ ძალიან მინდოდა კინოში გადაღება. პირველად კინოსტუდიაში სინჯებზე ხალისით წავედი, მაგრამ ისეთი პუტკუნა ვიყავი, არ მოვეწონე - ეკრანმა არ მიგიღოო. ბებო თეკლე აქტიურობდა, მეკითხებოდა, - აბა, ლალიკო, რა ქენიო... მახსოვს ძია ერეკლეც, აბაშიძე. ისიც მგულშემატკივრობდა. ვუთხარი: ეკრანმა არ მიმიღო-მეთქი. გაფუჭებულა ეგ ეკრანიო, - ძია ერეკლემ.

რჩეულიშვილებთან ხშირად დავდიოდი... გურამი ჩაგვკიდებდა ხელს მე და მარინეს და ხან სად მივყავდით, ხან - სად... გურამის ჩხუბი თუ მინახავს? არა... ხომ ასეთ ამბებს ჰყვებიან გურამზე, ხან ხევსურეთში იყო, ხან უბელო ცხენს დააჭენებდა... მე მინახავს, როგორ იდგა დეიდა მაროს გვერდით და როგორ ეხმარებოდა ფანჯრის გაწმენდაში.

მეცხრე კლასში ვიყავი, თეიმურაზმა რომ შემამჩნია (შემდეგში მისი მეუღლე თეიმურაზ ბადურაშვილი). მას მერე აღარ მომეშვა. სკოლა დავამთავრე თუ არა, დავქორწინდით. თეიმურაზი ნიჭიერი ბიჭი იყო, ამიტომაც ჩართო ნიკო კეცხოველმა კომკავშირულ მუშაობაში. მერე კომკავშირის ცეკას მდივანი იყო.

ქორწილი თუ გადავიხადეთ? აკაკი ხორავა იყო თამადა! იყო ქართული ცეკვა, სიმღერა და ამ დროს ეზოში გამოჩნდა ქურთების ჯგუფი. გაუგიათ ჩვენი ქორწილი და მოგვილოცეს, ცეკვა-თამაში გაახურეს... იმ დღეს პირველად მეცვა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. მომიჭირა. ჩემმა დედამთილმა ატლასის ჩუსტები მომიტანა. ამ დროს აკაკი ხორავამ გამომიყვანა საცეკვაოდ. კვდებოდა სიცილით, პირველად ვცეკვავ ფოსტლებიან პატარძალთანო...

KvirisPalitra.Geჩემი შუადღე

კინოში გადაღება არაერთხელ შემოუთავაზებიათ, მაგრამ თეიმურაზი სულ უარს ამბობდა... მაგაზე არ დამელაპარაკოთ, მსახიობი რომ მნდომოდა, მსახიობს მოვიყვანდი ცოლადო...  ალბათ აზრს არასოდეს შეიცვლიდა, მაგრამ როცა "დიდოსტატის მარჯვენაზე" მიდგა საქმე, ვეღარაფერი თქვა. ვახტანგ ტაბლიაშვილსა და კონსტანტინე გამსახურდიას ვერ შეეწინააღმდეგებოდა.

ერთ ბანკეტზე შევხვდით ვახტანგ ტაბლიაშვილს. ფილმის გადაღება არ იყო დაწყებული, მაგრამ ქალაქში ყველა ამაზე ლაპარაკობდა, ვინ იქნებოდა არსაკიძე, ვინ - გიორგი მეფე, ვინ შორენა. ტაბლიაშვილსაც ყველა ამას ეკითხებოდა.

საკმაოდ თამამი ვიყავი და არ ვაცლიდი ლაპარაკს ვახტანგს... კიდევ რომ კითხეს, გაეღიმა: - მოდი, ლალის შევეკითხოთ, მე და ლალი მგონი, ერთნაირად ვფიქრობთო - გამკენწლა...

ბანკეტიდან რომ წამოვედით, მეუღლემ მითხრა, - შეამჩნიე, ვახტანგი დაკვირვებით რომ გიყურებდაო?.. შევამჩნიე. მაშინ რას ვიფიქრებდი, რომ როლისთვის მაკვირდებოდა.

ფილმის სამუშაო ჯგუფი რომ შეიქმნა, ტრადიციისამებრ,  კინოსტუდიაში სუფრა გაიშალა. მე და თეიმურაზიც მიგვიწვიეს. იქ კონსტანტინე გამსახურდია და მისი მეუღლე დაგვხვდნენ. ბატონი კონსტანტინე ბატონ ვახტანგს მოუბრუნდა: - შორენას ნუ ეძებ, შორენა აქ ზისო... იქ ორი ქალი ვიყავით, მე და მისი მეუღლე... მოულოდნელობისაგან დავიბენი. ეტყობა, ანგარიში ვეღარ გავუწიე მის ნათქვამს და ისე, როგორც მესმოდა ხოლმე, ბატონო კოწია-მეთქი, მივმართე, - შორენა ქერაა და ცისფერთვალება, მე კი მისი საწინააღმდეგო გარეგნობა მაქვს-მეთქი... მახსოვს, როგორ გაუქრა სახიდან ღიმილი - მე კოწია არ ვარ, კონსტანტინე ვარო! მერე ბატონ ვახტანგს უთხრა, - ფილმი შავ-თეთრია, ეს არ გამოჩნდება, მაინც ლალი აიყვანე. ამაში არის ის, რაც მთავარია, მთლიანად ბიბლიურიაო...

მოგვიანებით ვახტანგ ტაბლიაშვილს ვკითხე, რას გულისხმობდა, ბიბლიური რომ მიწოდა-მეთქი... განზოგადებულს, მასშტაბურსო...

წავედი სინჯებზე. ლიალია ურუშაძე გამყვა. ჩემ წინ ლეილას სინჯავდნენ ვარდისახარზე. ღელავდა. რამდენჯერმე გაამეორებინეს სცენა. გადაიღეს. ლიალიას უფიქრია: ლეილას რომ ასე აწვალებენ, ლალი რას შეძლებს გადაღებასო... ეტყობა ფსიქოლოგიურად მოვემზადე... ამიტომ არ გამჭირვებია... რომ დასრულდა სინჯი, ფოტოგრაფმა ვასილ პალაიდიდმა, რომელიც კამერასთან ერთად მუშაობდა, შუბლზე მაკოცა. ვასილი ნატო ვაჩნაძის ფოტოგრაფი ყოფილა. მითხრა: მერწმუნეთ, ისე თამაშობთ, თითქოს უკვე ათ ფილმში ხართ გადაღებულიო.

გადაღებებზე არაჩვეულებრივი მოგონებები დამრჩა. უდიდესი მსახიობები თამაშობდნენ. ყველა ცდილობდა დამხმარებოდა... მე ხომ ერთი ვიყავი არაპროფესიონალი. ოთარ მეღვინეთუხუცესი მეუბნებოდა, შინ რომ მივდივარ, ვფიქრობ, კიდევ რა შეიძლებოდა გაეკეთებინა ლალის და... არ ვიციო. ზუსტად ბეწვის ხიდზე გადიხარ. მოუმატებ თამაშს, - გადაამლაშებ, დაუკლებ - არასაკმარისი იქნებაო. ძალიან მიხაროდა...

"დიდოსტატის მარჯვენის" შემდეგ თუ მქონდა შემოთავაზებები?.. მქონდა და თითქმის ყველაზე უარს ვამბობდი... მახსენდება. ელდარ შენგელაია თეიმურაზის მეგობარი იყო. ერთ დღეს თურმე უთხრა, "შერეკილებში" ლალი უნდა გადავიღოო. როგორი როლიაო... ცოტა "ისეთი" ქალიაო... ისეთი ქალის როლში ჩემი ცოლი რატომ უნდა ათამაშო, შენი ცოლი გადაიღეო... მართლაც, არიადნა შენგელაია არ გადაიღო?!..

ისევ თუ ვაპირებ მუშაობას როლებზე? ვნახოთ... ახლა დავამთავრე გიორგი ფარაჯანოვის ფილმში გადაღებები. სერგო ფარაჯანოვის დედას ვთამაშობ.

ჩვენს ოჯახში ვინ აღარ ყოფილა სტუმრად: გალაკტიონი, გოგლა ლეონიძე, ნოდარ დუმბაძე, ეროსი, დოდო აბაშიძე, სიმონ ჩიქოვანი...

მას მერე, რაც თეიმურაზი კახეთში რაიკომის მდივნად მიავლინეს, ყველა კახეთში ჩამოდიოდა. არ დამავიწყდება, ერთხელ ილიკო სუხიშვილი და ნინო რამიშვილი გვეწვივნენ მთელი ანსამბლით. ვუმასპინძლეთ. წასვლისას გვითხრეს, თელავში რომ გავატარეთ, მსგავსი დრო არსად გაგვიტარებიაო...

ჩემი საღამო

როგორც ამბობენ, ძალიან ძლიერი ვარ... შვილებიც ამას მეუბნებიან, მაგრამ მოდი და ნუ იქნები ძლიერი ასეთ რთულ ცხოვრებაში!

ბევრი სირთულის გადატანა მომიხდა... იყო უზრუნველი პერიოდიც... მაგრამ მძიმე წლებიც გავიარე. წუთით წარმოიდგინეთ - ისეთი მძიმე ლოდი დაგეცეთ, რომ ყელამდე მიწაში ჩაგიტანოთ... უნდა ამოხვიდე, თავი გადაირჩინო და ოჯახიც ამოიყვანო. ეს გადამიტანია და ამოვსულვარ...

ერთი ვაჟი მხატვარია, მეორე - რეჟისორი...

სულ მარტო წავსულვარ შუა აზიაში ერეკლესთან. იქ მდგარ ჯარის ნაწილში გადაიყვანეს, რომ მამამისზე ზეწოლა მოეხდინათ. თეიმურაზი ამ დროს ციხეში იჯდა. პოლიტიკური კლანები დაუპირისპირდნენ ერთმანეთს და ხაბეიშვილის საწინააღმდეგოდ თეიმურაზის გამოყენება უნდოდათ. მან არ იკადრა ეს. ამიტომაც 4 წელი გაატარა ციხეში. დასასჯელად ერეკლეს ავღანეთში გაგზავნა უნდოდათ. კიდევ კარგი, ორი დღით გაასწრო ეშელონმა და შუა აზიაში დარჩა. გიაც დაიჭირეს... მილიციელიც კი, მის ასაყვანად რომ მოვიდა, აღშფოთებას ვერ მალავდა: - ამ ნახატების ავტორი როგორ უნდა დავიჭიროთო...

ერეკლეს სანახავად რომ მივდიოდი, კონიაკის ბოთლებს ვაწყობდი ყუთში ჯარის ნაწილში მისატანად. ჩემი მეგობარი - ლამარა ღონღაძე მიყურებდა. მერე წყნარად მითხრა: - ლალი, შენი მაინც შურთო... რა, ის, რომ ცოცხალი ვარ-მეთქი? ჩემი ოჯახის სამივე წევრი დაპატიმრებული იყო და სამივე ჩემი საპატრონო...

უცნაური იყო. მთელი ქალაქი მედგა გვერდით. თანამიგრძნობდნენ.

არ დამავიწყდება, ევგენი ევტუშენკო რომ ჩამოვიდა და მკითხა, თეიმურაზი რა მანძილზეა თბილისიდანო. რუსთავშია-მეთქი. წავიდეთო. რუსთავის კოლონიაში ევტუშენკოს გამოჩენა ფურორი იყო...

ეს ურთიერთობები გაძლიერებს, მაგრამ შენს თავთან მაინც მარტო ხარ. მთავარი სიმძიმე მაინც თავად უნდა დაძლიო. რომანტიზმი დღემდე შემომრჩა და ძალიან მიშლის ხელს ცხოვრებაში. რომანტიკული ლიტერატურა სულიერად გამდიდრებს, მაგრამ ღრუბლებში  მიყავხარ, ცხოვრება კი უხეშია... იქნებ, შენც უხეში უნდა იყო, ადვილად არ გტკიოდეს... გინდა, სულ გმირი გყავდეს გვერდით. მერე და, სად არის ეს გმირი? მე კი გამიმართლა, მაგრამ ხომ ვხედავ, ირგვლივ რა ხდება. თანამდებობას რომ იშოვიან და გაიფუყებიან, აღარ ახსოვთ არავინ და არაფერი...

(სპეციალურად საიტისთვის)