შეადარეთ! ქართული სამომხმარებლო კალათა და ტყვე გერმანელის ულუფა - კვირის პალიტრა

შეადარეთ! ქართული სამომხმარებლო კალათა და ტყვე გერმანელის ულუფა

"კვირის პალიტრა" #33 დაიბეჭდა ემა ტუხიაშვილის სტატია "არასაარსებო მინიმუმი".

როგორც ვწერდით, საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაადგინა, რომ შრომისუნარიან მამაკაცს სრულფასოვანი კვებისთვის ყოველთვიურად 158,6 ლარი სჭირდება, ხოლო ოთხსულიანი ოჯახისათვის 266 ლარი სავსებით საკმარისია(!).

წერილი, რომელსაც ახლა შემოგთავაზებთ, იმავე თემას ეხება და ჩვენს მკითხველს უთუოდ დააინტერესებს. დღევანდელი ფასებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, ეს მართლაც ფანტასტიკური ციფრები სტატისტიკის ეროვნული სამსახურის სპეციალისტთა ფანტაზიის ნაყოფი კი არ გახლავთ, არამედ მათ "ნატურალიზებული" ჩამონათვალიც ახლავს, ანუ თითოეული თეთრი გაწერილია და შესაბამისი რაოდენობის ფქვილს, ხაჭოს, გოგრას, ნიორსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ღვინოსაც გულისხმობს.

ვნახოთ, რამდენად განსხვავდება თანამედროვე "ქართველი შრომისუნარიანი მამაკაცის" რაციონი გერმანელი ტყვეებისთვის 1941 წელს დადგენილი რაციონისგან.

მართალია, როდესაც ცხრილს თვალს გადაავლებთ, ქართული ნაწილის უპირატესობაში დარწმუნდებით, მაგრამ იმის გათვალისწინება არ დაგავიწყდეთ, რომ მეორე ნაწილი კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთმა პირსისხლიანმა რეჟიმმა, ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ მტრებისთვის გაიმეტა. რაოდენ გასაოცარიც უნდა იყოს, ამ ცხრილში მოყვანილი ზოგიერთი სიცოცხლისთვის აუცილებელი პროდუქტის რაოდენობა აჭარბებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ჩამონათვალს - პურ-ბურღულეული და თევზი გერმანელ ტყვეს მეტი ეკუთვნოდა, ვიდრე შრომისუნარიან ქართველს. საქონლის ხორცი თანაბრად არის განაწილებული, თუმცა, "საქსტატმა" "ენ-კა-ვე-დესგან" განსხვავებით, თანამემამულეთათვის ქათმისა და ღორის ხორცის გარდა, ნახევარი კვერცხიც გაიმეტა.

ქართულ მხარეს მეტია ცხიმები (9 გ), ტკბილეული (40 გ), მაგრამ ნაკლებია ბოსტნეულისა (288 გ) და თევზეულის (80 გ) რაოდენობა.

ჩეკისტებს არც მოსვლიათ თავში ტყვეების რძის პროდუქტებითა და ხილით მომარაგება, ქართველმა ჩინოვნიკებმა კი შესაბამისად 215-215 გრამი გამოგვიყვეს.

საინტერესოა, გერმანელების მიერ საბჭოთა ტყვეების გამოსაკვებად დადგენილი ულუფის ოდენობაც. არ დაგავიწყდეთ, რომ ფაშისტები საბჭოელებს ბევრად ცუდად ექცეოდნენ, ვიდრე სხვა ტყვეებს. მაგალითად, თუ საბჭოთა ტყვე ბანაკში 28 დღეში 800 გ (დღეში 28,5 გ) ხორცით კმაყოფილდებოდა, ბრიტანელი, ფრანგი ან ამერიკელი ორჯერ მეტს, ანუ 1600 გრამს მოიხმარდა.

საბჭოელს დღეში 320 გ პური, 9 გ ცხიმი და 32 გ შაქარი ეკუთვნოდა.

საბჭოურ და გერმანულ დოკუმენტებში, სადაც ზემოთ მოყვანილი მონაცემები ამოვიკითხეთ, არც ბანაკების განათებაზე დახარჯული ელექტროენერგიის ღირებულებაა მითითებული და არც ნაგვის გატანის ხარჯი.

ანალოგიურად არის უგულებელყოფილი გაზის, წყლის, დენისა და ნაგვის გადასახადი "საქსტატის" დოკუმენტშიც, ანუ უნდა ვიგულისხმოთ, რომ ზემოხსენებული პროდუქტი აუცილებლად უმად უნდა მივირთვათ. თუმცა, ერთი შვება მაინც დაგვიტოვეს: ქართველი კაცის რაციონს აგვირგვინებს სამამულო ღვინის ულუფა, რომელიც დღეში 20 გრამით განისაზღვრება.

წყევლა რა კაცის საქმეა, მაგრამ დალოცვა ხომ შემიძლია? ჰოდა, ამ მენიუს შემდგენი მინდა სწორედ იმ 20 გრამით ვადღეგრძელო.

P.S.ამ პუბლიკაციით სულაც არ გვინდა იმის თქმა, რომ გერმანელი ტყვეები კარგ პირობებში ჰყავდათ საბჭოთა ბანაკებში. ცნობილი ფაქტია, რომ მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ტყვე გერმანელების მხოლოდ 2% დაბრუნდა სამშობლოში. არადა, უმრავლესობა შრომისუნარიანი მამაკაცი იყო. დასკვნა მკითხველისთვის მიგვინდვია.

დავით შალიკაშვილი