ჯერ დედა, მერე - დედამიწა - კვირის პალიტრა

ჯერ დედა, მერე - დედამიწა

"ოდესმე ხომ უნდა გამოვიდეთ ორღობიდან...”

"როგორ, ყივჩაღები ჩემს სამშობლოში დავტოვო და მე უკან წავიდე?"გამოვიდეთ ორღობიდან..."

"გორში გუბერნატორი ვცემე მისსავე კაბინეტში..."

"2013 წელს თუ დღევანდელი პრეზიდენტი მოვა პრემიერ-მინისტრად, პირველი ვიბრძოლებ მის  ტახტიდან ჩამოსაგდებად"

გაზეთი "დროება" 1882 წლის აგვისტოში იუწყებოდა: "სცენის მოყვარულებმა დაბა ყვირილის სასამართლოს დარბაზში ჩაატარეს ქართული სპექტაკლი ა. თუთაევის კომედია "ცოლი ვიტირო, თუ ფული?"

"ყვირილის თეატრის ამხანაგობა" იზრდებოდა და ვითარდებოდა, მნიშვნელოვან სიტყვას ამბობდა იმდროინდელი საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში. 1939 წელს კი ზესტაფონის სახელმწიფო თეატრი დაარსდა... გავიდა დრო და კულტურის კერები ნელ-ნელა ჩაიფერფლა, უსახსრობისა და უყურადღებობის გამო გაქრობის პირამდე მივიდა... სახსრები ახლაც არ აქვთ, მაგრამ ზესტაფონის თეატრს შემოქმედებითი სიცოცხლის განახლების სურვილი გაუჩნდა - ამჟამად იქ ძალიან საინტერესო პროექტზე მუშაობენ. საფრანგეთიდან მოიწვიეს რეჟისორი ალექსი ჯაყელი, რომელიც  ერთი თვის განმავლობაში ოთხ სპექტაკლს დადგამს. მალე თბილისელებს ზესტაფონში მოუნდებათ ჩასვლა ახალი პროექტის გასაცნობად. ალექსი ჯაყელის ოცნებაც ეს არის. უნდა, საქართველოს ყველა ქალაქი ვითარდებოდეს, ყველას ჰქონდეს თავისი საამაყო და განუმეორებელი კულტურული ცხოვრება...

ალექსი ჯაყელმა უკვე რამდენიმე პროექტი განახორციელა საფრანგეთში, სადაც საქართველოდან მიწვეული მსახიობები ათამაშა. როდესაც კიდევ ერთხელ მიმართა ევროპულ კულტურის ფონდს ქართველთა მისაწვევად, უპასუხეს, - სამი წელია, ვეპატიჟებით ქართველებს, თვითონ რატომ არ გვიწვევენო? სწორედ ეს გახდა ბიძგი, რომ ზესტაფონის თეატრმა ალექსი ჯაყელი მიიწვია სამუშაოდ.

დაბადებულია საფრანგეთში. ხუთ წლამდეც იქ ცხოვრობდა. მერე მისი ოჯახი საქართველოში დაბრუნდა. მამა - ოთარ ჯაყელი სამხატვრო აკადემიაში მუშაობდა არქიტექტურის კათედრაზე, დედა - ეთერ ჯაყელი - კონსერვატორიაში... ჯაყელების საქართველოში დაბრუნება და აქაური სირთულეების გადატანა გმირობის ტოლფასი იყო... სამშობლოდან წასვლაზე არც ალექსი ჯაყელი იფიქრებდა ოდესმე, მაგრამ... ალექსი ჯაყელი 1998 წლიდან საფრანგეთში ცხოვრობს.

- საქართველოში კარიერაში რატომღაც  ხელი მომეცარა, - მეუბნება რეჟისორი, - გორის თეატრში ვმუშაობდი. მინდოდა, ქალაქები განვითარებულიყო არა ცენტრალიზებული და პროვინციული სახით, როგორც დღეს არის, არამედ თანაბრად. საფრანგეთში მარსელი, ლიონი, პარიზი - ერთმანეთს ტოლს არ უდებენ. იმ პატარა ქალაქში - ლაბოლში, სადაც ვცხოვრობ, არის ისეთი რაღაც, რაც საფრანგეთში სხვაგან არსადაა. ამიტომაც ავირჩიე გორი სამუშაოდ თავიდან, მაგრამ... გამიჭირდა, რადგან საქართველოში სნობური დამოკიდებულება იყო. საქმიანობაში ნაცნობობას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა...

- ცოტა უცნაურია, თქვენი ოჯახის შვილი ნაცნობობაზე რომ დაიჩივლებს...

- ჩვენს ოჯახზე ყველა ლაპარაკობდა. ვითომ პატივს სცემდნენ, მაგრამ დედა კონსერვატორიიდან გააგდეს, მამა აკადემიაში არ გაახარეს... მე გორის თეატრიდან წამოვედი, გუბერნატორი ვცემე მისსავე კაბინეტში... არ მინდოდა საფრანგეთში წასვლა, მაგრამ იძულებული გავხდი. კეთილად დამხვდნენ. ჩვენს ოჯახს ბევრი იცნობდა, მაგალითად, ბარბარა. ედიტ პიაფივით ცნობილი მომღერალია საფრანგეთში. თავის წიგნში წერს კიდეც დედაჩემზე. დედამ ასწავლა ფორტეპიანოზე დაკვრა. ბარბარაც დამეხმარა..

2005 წელს ლაბოლში შევქმენი საკუთარი თეატრი, დავიცავი სადოქტორო, გავხსენი თეატრალური სკოლა... ამ პატარა ქალაქში დავაარსე თეატრალური ფესტივალი. მეორე ფესტივალი მივუძღვენი საქართველოს. მერიამ დიდი ნდობა გამომიცხადა - ჩამაბარა ფესტივალი "ხელოვნება პლაჟზე". ამ პროექტში ერთი ფრანგი მსახიობი დავაკავე, დანარჩენი - ქართველია...

ზესტაფონის თეატრში იმ სპექტაკლსაც წარმოვადგენთ, რაც იქ დავდგით... სასიამოვნოა, რომ ლაბოლის მერის მოადგილე ჩამოვა ზესტაფონში სპექტაკლის სანახავად...

ლაბოლი მაღალი დონის საკურორტო ქალაქია. აქ მთელი მერია და პოლიტიკური წრე ექსტრემმემარჯვენეები არიან (ამ პარტიას ჩვენ ფაშისტებს ვეძახით). ლაბოლში არჩევნებში ხმათა 70%-ს იღებენ...

საფრანგეთში ვამბობ, რომ ჯერ ქართველი ვარ, მერე ფრანგ-ქართველი რეჟისორი. საფრანგეთი ჩემი მეორე სამშობლოა. მამამაც თავის დროზე უცხოელთა ლეგიონში იბრძოლა. საფრანგეთმა ბევრი კარგი გაუკეთა საქართველოს. ლევილი მისცა... მისცა საშუალება, დაეკრძალა ქაქუცა, ექვთიმეს შეენახა საგანძური და უკან უკლებლივ ჩამოეტანა... ეს ყოველთვის უნდა დააფასო.

- თქვენს სპექტაკლში, "სადა ხარ", რომელიც შარშან აჩვენეთ საქართველოში, იგრძნობოდა ქართულისა და ევროპულის სინთეზი. საინტერესოა, როგორ იღებენ ამ ქართულს საფრანგეთში?

- არ არსებობს ქართული და ფრანგული - არსებობს ნამდვილი ტკივილი. თუ ნამდვილად გტკივა და ცოტა ხელობაც იცი, დგამ ისე, რომ აღწევს მაყურებლამდე. მიყვარს თეატრი, სადაც შეიძლება რაღაც ვერ გაიგო, მაგრამ იგრძნო. ევროპა აბსოლუტური ასფიქსიის მდგომარეობაშია. იმდენად ჩაითრია ხარჯვამ, ყიდვამ, ტელევიზორმა, კომპიუტერმა, რომ წიგნზე აღარავინ ფიქრობს. შილერი როგორ წავიკითხო, ოთხი საუკუნის წინ დაიწერა, იქ რა უნდა ხდებოდეს საინტერესოო, - ასე მსჯელობენ. სასკოლო სახელმძღვანელოშიც ერთ ფურცელზე განიხილავენ მსოფლიო ისტორიას. ეს ხდება არა მარტო ევროპაში, განვითარებულ მსოფლიოშიც. ნელ-ნელა ეროვნული იდენტიფიკაცია იშლება. ეს მსოფლიო სენია. საფრანგეთში ყველას ვეუბნები: ჯერ დედა უნდა გიყვარდეს, მერე სამშობლო და მერე დედამიწა. პატარა ვიყავი, ჩემმა დამ რომ წამიკითხა ვაჟას "პატრიოტიზმი და კოსმოპოლიტიზმი". ეს შედევრია... დიახაც მსოფლიო უნდა გიყვარდეს, მაგრამ დედა - უპირველესად.

- თქვენი საუბრიდან მივხვდი, რომ საქართველოს ვერანაირი სიყვარული ვერ დაგიჩრდილავთ, მაგრამ აქ ცუდად მოექცნენ თქვენს მშობლებს, ცუდად მოგექცნენ თქვენ... სიბრაზე არ მოგერიათ?

- საქართველოზე გაბრაზება რას ჰქვია? საქართველოს არ გაუშვია დედა კონსერვატორიიდან... გაუშვა ბიუროკრატიულმა აპარატმა, რომელიც დაინგრა... ახლა სხვა პრობლემებია... მაგრამ საქართველო ჩემთვის მაინც წინ მიდის. მამა ეუბნებოდა თავის სტუდენტებს 70-იან წლებში, საქართველო თავისუფალი იქნებაო... ისე უყურებდნენ, როგორც გიჟს... მერე მართლაც დადგა ეს დღე. 90-იან წლებში უთხრა ახალგაზრდებს: ყველაზე ძნელი ახლა იწყებაო... მართლაც ასეა. ახლა გავდივართ მოსეს გზას უდაბნოში. ბევრი ცოდვის ზიდვა გვიწევს. რაც სტალინმა, ორჯონიკიძემ გააკეთეს, თუ ის ცოდვები არ ატარე, ვერ მოინანიებ და ქვეყანა წინ ვერ წავა...

გაბრაზებით კი ორი დღის წინ გავბრაზდი სარფის საბაჟოზე...

გამოდიოდა, რომ ჩემი საკუთარი აპარატურა უნდა მეყიდა საზღვარზე. 8 საათი გავატარე მაგათ ბიუროკრატიულ აპარატში... აპარატურა, რომელიც კულტურული ღონისძიებისთვის შემოგაქვს და გაგაქვს, არ იბეგრება. იმათ - ბეგარა გადაიხადეო. პრინციპულად არ გადავიხადე. მაშინ - თუ არ გინდათ, უკან დაბრუნდითო... როგორ, ყივჩაღები ჩემს სამშობლოში დავტოვო და მე უკან წავიდე-მეთქი? ვიწვალე, მაგრამ არ დავთმე...

მეორე მხრივ, ბრმა უნდა იყო, რომ ვერ დაინახო, რა გაკეთდა. თბილისი გალამაზდა, ბევრი რამ აშენდა. აქ პოლიციაში უფრო სწრაფად აკეთებ საქმეს, ვიდრე საფრანგეთში. ეს გამიკვირდა. ბულგარეთი, თურქეთი გამოვიარე. ორივე ბრეჟნევის ხანაშია ჩარჩენილი. მართვის მოწმობაში ფულს უდებენ საგზაო პოლიციელებს. აქ მსგავსი არაფერი ხდება. პოლიცია გამოცვლილია, ზრდილობიანად გელაპარაკება... მე ამ ოპოზიციასთანაც არასოდეს დავდგები, არ მჯერა მათი... ისინი საკუთარი თავისთვის იბრძვიან და არა საქართველოსთვის.

- ჩვენთან ბევრი რამ ხდება ისეთიც, რაც ბევრს აღიზიანებს... მაგალითად, რობერტ სტურუას თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან მოხსნა...

- სწორედ ეს მინდა გითხრათ: მავანს ნებისმიერ ქვეყანაში რომ ეთქვა ის, რაც რობერტ სტურუამ თქვა, პრეზიდენტი მოაწერდა ხელს მის გათავისუფლებას. სტურუამ უდიდესი შეცდომა დაუშვა. მსგავსი რამ არ შეიძლება ტელევიზიით გადასცე. პრეზიდენტი შეიძლება ლანძღო, მაგრამ საფრანგეთში რომ თქვა, არ მინდა, მაგალითად, არაბი პრეზიდენტიო, მაშინვე მოგხსნიან. მეორე საკითხია, რატომ გაათავისუფლეს: ქსენოფობობა დააბრალეს, თუ ოპოზიციური აზრისთვის!..

მეორე უფრო დიდი უბედურებაა. ზესტაფონში სპექტაკლისთვის მინდა ერთი ცნობილი მსახიობის მოწვევა. ის რობიკოს მომხრეა. რამდენიმე ჟურნალისტმა გამაფრთხილა, რომ მიიწვიოთ, საქმე გართულდებაო... გამგეობა რას იტყვის, სტურუას მომხრეაო!.. ოდესმე ხომ უნდა გამოვიდეთ ორღობიდან... ლაბოლში ფესტივალებს მიფინანსებენ, სპექტაკლებში ფულს მიხდიან... თუ რამე მაქვს სათქმელი - ვამბობ და დაბრკოლება არ მექმნება. თუ აქ შემექმნება პრობლემა, მაშინ ავტორიტარული რეჟიმი ყოფილა... ავდგები და წავალ.

- რაც სტურუამ თქვა, იმაზე უფრო მძაფრად პრეზიდენტსაც უთქვამს სხვა ერებზე. ქვეყანაში შერჩევითი სამართალია?

- თუ ასეა, პრეზიდენტს პარლამენტმა გადაუწყვიტოს იმპიჩმენტი! საქართველოში ვინც ადვილად მოსახსნელია, იშორებენ, ვინც ძნელი მოსაშორებელია - ვერა? სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს პოლიტიკური საკითხები. მე მინდა საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ ხელისუფლებაში მოვიდნენ არჩევნებით, მანდატი დაამთავრონ და შეიცვალონ არჩევნებით! 2013 წელს თუ დღევანდელი პრეზიდენტი მოვა პრემიერ-მინისტრად, პირველი ვიბრძოლებ მის  ტახტიდან ჩამოსაგდებად.