"რაც დრო გადის, შვილის მონატრება გაუსაძლისი ხდება" - კვირის პალიტრა

"რაც დრო გადის, შვილის მონატრება გაუსაძლისი ხდება"

"იმას გავუძელი, რომ შვილის მკვლელს თვალებში შევცქეროდი და შვილის საფლავამდე ვეღარ მივალ?!"

"კვირის პალიტრის" 2009 წლის სექტემბრის ნომრებში გამოქვეყნებულმა წერილებმა "ჩემი შვილის მკვლელს "ბრატ" დავუძახე" მკითხველის დიდი დაინტერესება გამოიწვია. საზოგადოება თანაუგრძნობდა დედას, ნაირა გერგედავას, რომელიც ქმარ-შვილთან ერთად ტყვედ ჩავარდა და 16 წლის ბიჭი თვალწინ მოუკლეს, შემდეგ ქალი სასტიკად აწამეს და ლამის შეურაცხადს შვილის თვალი გადააყლაპეს.KvirisPalitra.Ge დედამ 16 წლის ნუკრი კინდღის ჩაის ფაბრიკის წინ საკუთარი ხელით გათხრილ მიწაში ჩამარხა, ჭადრის ფოთლები მიაყარა და გულზე მანქანის დისკი დაადო. ტყვიისგან მიწას შერეული, ჯერ კიდევ ცხელი ცხვირის ხრტილები ნაჭერში საგულდაგულოდ გამოკრა და ენგურს გამოღმა გამოაღწია. მოყვასთა რჩევითა და ძალისხმევით, თბილისში ჩამოტანილი შვილის ნეშტის ნაწილები დედამ მხოლოდ წლების გასვლის შემდეგ დაკრძალა, ხოლო კინდღში შვილის დაფლული სხეული გულშემატკივარმა აფხაზებმა სოფელ ვარჩეს სასაფლაოზე გადაასვენეს, პატივით დაკრძალეს და ბიჭის საფლავს დღემდე უვლიან.

აფხაზეთის იუსტიციის დეპარტამენტი ინფორმაციულ წიგნს "სამშობლოსათვის მარადისობაში" გამოსცემს, სადაც აფხაზეთში დაღუპულებზე ბევრი უცნობი და ბევრიც ნაცნობი ეპიზოდი, ასევე, "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული წერილებიც იქნება მოყვანილი.

ნაირა გერგედავა: - ტყუილად ამბობენ, დრო ყველაფრის მკურნალიაო. ყოველი სექტემბრის მოახლოებისას ასე მგონია, ჩემი სიცოცხლე მთავრდება. აფხაზეთის ომიდან 19 წელიწადი გავიდა და ტკივილი არათუ იკლებს, იმატებს. შვილის მონატრება გაუსაძლისი ხდება. აფხაზეთიდან ყოველ წელს მიგზავნიან ნუკრის საფლავზე გადაღებულ ფოტოებს. მეზობლებს ჩემი შვილის სამარესთან მაგიდაც გაუკეთებიათ, მისი სულის შესანდობარს სვამენ, სანთელს უნთებენ და ამ ყველაფრის ამსახველ ფოტოებსა და ვიდეოკასეტებს მიგზავნიან. ჩემი შვილის სახელზე ხანდახან წერილებსაც ვგზავნი. ცხადია, ჭკუიდან გადასულის მეტი ამას არავინ გააკეთებს. "შვილო ნუკრი, აბა, შენ იცი, ყოჩაღად დამხვდი... მალე მოვალ, დედა!.." - ასე ვამთავრებ თითქმის ყოველ წერილს. ჩემი დაჟინებული თხოვნით აფხაზ ქალს მიაქვს ეს წერილები და ნუკრის საფლავთან ფლავს, იქიდან წამოღებული მიწა კი სახლში მიაქვს (ქალბატონი ნაირა უეცრად დგება და თავსაფარში სათუთად შეფუთული ერთი მუჭა მიწა გამოაქვს. - ავტ.). ეს ჩემი მშობლიური სოფელ ვარჩეს მიწაა! გულზე დარდი რომ მომაწვება, ამ მიწაში ვღვრი ცრემლებს. შარშან აგვისტოში ველურ ბალახსა და ეკალბარდს დაუფარავს ნუკრის საფლავთან შესასვლელი. მეზობელმა მითხრა, გაკაფვა მინდოდა, მაგრამ შიგ გველებს დაებუდაო. მოგვიანებით, როცა აგრილებულა, შესულა და გაუწმენდია ყველაფერი. ახლა ვიცი, რომ საფლავი მოვლილია და მშვიდად ვარ.

- არცთუ დიდი ხნის წინ შვილმკვდარი აფხაზი დედები საქართველოში ჩამოვიდნენ, რის შემდეგაც აფხაზეთში თქვენი ჩასვლა იგეგმებოდა. ეს რატომ ვერ მოხერხდა?

- ორიოდე თვის წინ შვილმკვდარი დედებიც ჩამოვიდნენ და მამებიც. მშობლებმა ერთმანეთს მივუსამძიმრეთ. სამების ტაძრის ეზოში პატარა ეკლესიის საძირკველი ჩაიყარა და ორივე მხარის დაღუპულთა სულებისთვის ვილოცეთ. ეს ეკლესიაც მათი ხსოვნისთვის შენდება. ერთმა აფხაზმა მამაკაცმა ჩემთან მოახლოება ვერ გაბედა, ალბათ, იცოდა ჩემი ტრაგედიის შესახებ. პირველი ნაბიჯი მე გადავდგი. ვუთხარი, ვალდებულიც ვართ, ერთმანეთის შვილების სულების ცხონებისთვის ვილოცოთ-მეთქი. მოვიდა ის კაცი და ხელზე მეამბორა. ერთ-ერთი დედა კი მომიახლოვდა და უეცრად ხელში დოლარები ჩამიდო, ამით ჩემი შვილის სულისთვის დაანთე სანთელიო, შემევედრა ცრემლმორეული. გავხსენი საფულე და რაც მქონდა, ხუთლარიანი თუ ათლარიანი, სხვა დედებს დავურიგე, რომ მათაც ელოცათ ჩემი შვილისთვის.

ჩვენც უნდა გადავსულიყავით აფხაზეთში. ამ საქმეში აფხაზი დედები და ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლები იყვნენ ჩართული. ეკლესია იყო შვილმკვდარი დედების უსაფრთხოების გარანტი. ჯერ ოჩამჩირეში ჩავიდოდით, ილორის ეკლესიაში სანთლებს დავანთებდით, ვილოცებდით და უკან გამოვბრუნდებოდით, რასაც მე არ დავთანხმდი, - რადაც უნდა დამიჯდეს, ჩემი შვილის საფლავზე მაინც უნდა მივიდე-მეთქი.

დაუძლეველ სურვილად მაქვს გადაქცეული შვილის საფლავთან მისვლა. ნუკრი მამაჩემის გვერდით არის დამარხული, იმ სკოლის დათვალიერება, სადაც ჩემი შვილი დარბოდა, მისი უსაყვარლესი აფხაზი მეგობრების ნახვა ჩემთვის იცით რას ნიშნავს? ასე მგონია, წუთით წარსულს დავიბრუნებ და წარმოვიდგენ, რომ ნუკრი ისევ ცოცხალია. ამ ერთი წუთისთვის სიცოცხლესაც დავთმობ.

ჯერჯერობით მოლაპარაკება ვერ შედგა. მეუბნებიან, შენი იქ ჩასვლა არ შეიძლებაო. რა თქმა უნდა, ყველა შვილმკვდარი მშობლის ტკივილი ენით აუწერელია, მაგრამ მე რომ ჩემი შვილის ცრემლით დანამული თვალები არ მენახა, სიკვდილის წინ შველას რომ მთხოვდა, გაცილებით მსუბუქი იქნებოდა ჩემი მდგომარეობა. ჩემი შვილი მეუბნებოდა, დედა, ჩქარა წამოდიო, მაგრამ მოხუცი დედა ვერ მივატოვე, ბიჭმა მე არ დამტოვა და ეს უბედურებაც დამემართა. ტანკში მხოლოდ გოგო რომ არ ჩამესვა და ბიჭიც გამეყოლებინა, დღეს ცოცხალი მეყოლებოდა.

ჩვენი მეზობლის ქორწილის ვიდეოკასეტა გამოგვიგზავნეს, სადაც ჩვენი ბიჭი თანატოლებთან ერთად გახარებული დარბის. ეს რომ ნახა ჩემმა მეუღლემ, იმავე დღეს გაუსკდა გული.

ხანდახან ვფიქრობ, მართლა თუ ჩავედით აფხაზეთში, კინდღის ჩაის ფაბრიკის წინ ტერიტორიას, სადაც შვილი მომიკლეს, როგორ გავივლი-მეთქი. ალბათ, რომ მივუახლოვდები, თვალებს ავიხვევ და ისე გავივლი. თავსაც შევიკავებ, რომ როგორმე საფლავამდე მივაღწიო. იმას გავუძელი, რომ შვილის მკვლელს თვალებში შევცქეროდი და შვილის საფლავამდე ვეღარ მივალ?!

ახლახან ინტერნეტის მეშვეობით ნუკრის ბავშვობის მეგობრები მოვძებნე, იმ ბიჭის კოორდინატებიც დავაზუსტე, რომელიც თავის დროზე შვილის დასაფლავებაში დამეხმარა. აფხაზი ბიჭია, ჩემს შვილთან იყო შეზრდილი. ამ ბიჭს დავურეკე, ჩემი ხმა რომ გაიგონა, ლამის გაგიჟდა. ისიც ტიროდა და მეც. უკვე 35 წლის იქნება და პატარასავით მოვეფერე. ვუთხარი, როდის ვეღირსები, შვილო, შენს ნახვას, რაღა შენ ჩამიხუტებიხარ და რაღა ჩემი ნუკრი-მეთქი. დამპირდა, ჩამოვალო. ახლა მოსკოვში ცხოვრობს. თურმე ავადმყოფობს, შვილიც ავადმყოფი ჰყოლია. "დეიდა ნაირა, აუცილებლად დაბრუნდებით!.." - მითხრა დამშვიდობების წინ. ღმერთმა იმედი ნუ მოგიშალოს-მეთქი. აფხაზები ჩვენი სისხლი და ხორცი არიან. დედამთილი აფხაზი მყავდა, ქმრის ბიძაშვილები ნახევრად ქართველები და ნახევრად აფხაზები არიან, მაზლის ცოლიც აფხაზი მყავდა. სხვათა შორის, ვიდრე ტყვედ აგვიყვანდნენ, სახლში ვერ შეგვიშვა, ვერ შეგვიფარა, გვითხრა, აფხაზებმა ეს რომ გაგვიგონ, ჩვენც ამოგვხოცავენო. ახლა კი ბევრს ამგვარი საქციელი სანანებლად გაუხდა. ჩემს მაზლიშვილს ერიდებოდა ჩემთან მოსვლა, ალბათ, იმის გამო, დედამისმა რომ არ შეგვიფარა. გადავეხვიე და ვუთხარი, არაფერ შუაში არა ხარ-მეთქი.

ახლახან აფხაზეთში არჩევნები რომ ჩატარდა, ანქვაბის გამარჯვებას ვნატრობდი. ძალიან კარგი ადამიანია. ბაღაფშს თუ ცოლი ჰყავდა ქართველი, მას დედა ჰყავს. ამიტომ მჯერა, რომ გულის სიღრმეში სხვა სითბო და სიყვარული აქვს ჩვენი.

- მალე გამოვა წიგნი "სამშობლოსათვის მარადისობაში", სადაც ნუკრი გერგედავას შესახებაც იქნება მოთხრობილი.

- წიგნში შეიტანეს "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატიაც "თურმე სიკვდილი არ ყოფილა ყველაზე უარესი განაჩენი", ჩემი აწ გარდაცვლილი მეუღლის ფოტოც გამოქვეყნდება.

ერთი შემთხვევაც მინდა გავიხსენო: გმირთა მოედანზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულებს ახალი მემორიალი გაუხსნეს, ჯერ კიდევ ლენტი იყო გაჭიმული, ხაზს იქით შავოსნების ერთი ნაწილი იდგა, აქეთ - მეორე. ხაზს აქეთ მდგომი დედები ტიროდნენ, ახალ მემორიალთან მხოლოდ გორში დაღუპულების მშობლებს უშვებენო. იქვე ბაჩო ახალაია და დევი ჭანკოტაძე იდგნენ. უცბად დაცვის ერთ-ერთი წევრის ხმა მესმის, "თქვენ, ქალბატონო, მობრძანდით". "რატომ მარტო მე და ეს დედები არა?" - გავაპროტესტე და ზურგით დავდექი. ჩემს ქალიშვილს დაუძახეს, რაღაც უთხრეს. მანაც გვერდზე გამიყვანა და მთხოვა, სააკაშვილი უნდა მოვიდეს, აყალმაყალი არ ატეხო, ძველ მემორიალთან გადადით და პრეზიდენტი იქაც გნახავთო.

ლამის ჭკუიდან გადავედი, ქალიშვილს ხელი ავუქნიე, აქ სააკაშვილის სანახავად კი არა ვარ მოსული, არამედ იმისთვის, რომ ახალ მემორიალზე ჩემი შვილის სახელი და გვარი წავიკითხო-მეთქი, ვუთხარი გაცეცხლებულმა, მერე კი ლენტის იქით მდგომ დაცვის ბიჭებს მივუტრიალდი, გორში ვინც დაიღუპა, ყველას ცხონება იყოს, მაგრამ... იქ თუ სამი დღის განმავლობაში ეცემოდნენ ბიჭები ბრძოლის ველზე, ჩვენ წელიწადი და 13 დღე ვუყურებდით ამ უბედურებას-მეთქი.

- ერთი წუთით, ერთი წუთით! - მომესმა ხმა და ვიღაცამ მხარზე ხელი დამადო, ვიდრე სახეზე შევხედავდი, გაცეცხლებულმა კინაღამ ხელი მოვუქნიე, დაცვის წევრი მეგონა. ბაჩო ახალაია ყოფილა. "გაუგებრობაა, ნაირა დეიდა, გაუგებრობა", - მითხრა და შავოსან დედებს გზა გაგვიხსნეს.