როგორი ამაღლებულია და არტისტულად ზეიმური ტანჯვის ეს პროცესი!
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზინაიდა კვერენჩხილაძის წასვლით ქართული თეატრალური სამყაროს ერთი დიდი და მნიშვნელოვანი წიგნი დაიხურა... დაიხურა, მაგრამ არ გამქრალა, პირიქით, ამიერიდანაც ელის თავის "მკითხველსა და აღმომჩენს"... დიდი ადამიანები ხომ თავის ფიზიკურ არსებობასთან ერთად არ ასრულებენ ცხოვრებას.

საოცარი უნარი ჰქონდა, უბრალოდ და სიღრმისეულად ეკეთებინა საქმე, ამიტომაც მისი მემკვიდრეობა როლების რაოდენობითა და აღსრულებული საქმეების გადათვლით ვერ გაიზომება. ის, რაც ზინაიდა კვერენჩხილაძემ შექმნა, არ დაითვლება - იგრძნობა, ზოგ შემთხვევაში ცხოვრებას სრულიად ახლებურად
დაგანახებდა, გაგიხსნიდა სამყაროს, რომელიც მნიშვნელოვანი და შეუცვლელია.

ზინაიდა კვერენჩხილაძე თავის წიგნში, "ჩემი ანტიგონე", წერდა პერსონაჟზე, რომელიც სცენაზე გააცოცხლა, მის შინაგან სამყაროზე: "ანტიგონე, ბუნების ეს მშვენიერი ქმნილება, აღგაფრთოვანებს თავისი ზნეობრივი სიწმინდით, კეთილშობილი სული მისი ვერ ეგუება სიმდაბლესა და ორგულობას, რადგან პატიოსნება, კაცთმოყვარეობა და, რაც მთავარია, მოვალეობის
გრძნობა მიაჩნია ადამიანის არსებობის უმაღლეს დანიშნულებად. მტკიცე, უკომპრომისო ხასიათი მისი - სამაგალითოა. მან თვითონ აღზარდა თავისი თავი ასეთად.

ბედისწერით გამოწვეულმა ოჯახურმა ტრაგედიამ ადრე ჩააფიქრა პატარა მეოცნებე გოგო და ასევე ადრე მიაჩვია დამოუკიდებელ აზროვნებას - განსჯას.
დიდმა სულიერმა ტკივილმა არათუ დათრგუნა გონიერი ბავშვის გრძნობათა ბუნება, არამედ უფრო გაამდიდრა და ნაადრევად დააბრძენა კიდეც. ადრეულ ასაკშივე ჰქონდა მას თავისი მყარი პოზიცია, თავისი მრწამსი და იქიდან აფასებდა მოვლენებს.

ანტიგონემ სულ ოცი წელი იცხოვრა, მაგრამ ეს ხანმოკლე სიცოცხლეც კი, საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ხმამაღლა ეთქვა თავისი სათქმელი და ნათლით მოსილი ამაყად წასულიყო ამა სოფლიდან".
ასე მგონია, ანტიგონეს სახელი თავად ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელით რომ შეიცვალოს, სრულ ჭეშმარიტებად წარმოდგება დიდი არტისტის ცხოვრება.

ვასილ კიკნაძე ქებას არ იშურებდა ამ იშვიათი ნიჭის მქონე მსახიობისადმი:
"იშვიათი ნიჭის მსახიობი ზინა კვერენჩხილაძე! პიროვნებითაც გამორჩეულია - ზნეკეთილი, ხალასი, სამართლიანი, საქვეყნო საქმისთვის თავდადებული. ძნელია ამ გზით სიარული, ამიტომ არის იგი უფრო დაძაბული, ნევრალგენური, მოუსვენარი, შინაგანად მუდამ აფორიაქებული...
მის სულში გადატყდა ტრაგიკული ბედი გმირებისა. ეს არის ხვედრი ადამიანთა, რომლებიც გახელებული თეატრალობის ექსტაზში მოხვდნენ და ახალ სიცოცხლეს ეზიარნენ. ტანჯვით არის აღსავსე მათი დაბადებაც (როგორც ყოველი ახალი სიცოცხლე), ისინიც გაივლიან ცხოვრების ურთულეს გზას.
ეს არის ზინა კვერენჩხილაძის გმირების სევდიანი გზა, ოღონდ ამაღლებული, ძლიერი და ტრაგიკული სიდიდით აღსავსე გზა.
ბევრჯერ ვყოფილვარ ბედნიერი ზინა კვერენჩხილაძის სცენაზე ხილვით.
ბევრჯერ გავუტაცივარ მის შთამაგონებელ ნიჭს - დიდი არტისტიზმით გაბრწყინებულ ნიჭს, ვარსკვლავივით რომ ასხივებს სინათლეს.
ზინა ქართული თეატრის ვარსკვლავია!
იგი პირველად 1960 წელს ამობრწყინდა ლელას სახელით. მას აქეთ დიდი დრო გავიდა, მაგრამ სიზმარეულად კი არა (როგორც ეს სჩვევიათ გარდასულ სახეებს - ილუზიებსა და მითებში დავანდებიან ხოლმე), არამედ ცოცხალივით, თითქოს აგერ, ახლა იყო, როცა სცენაზე შველივით თუ შვლის ნუკრივით მშვენიერი და საყვარელი ლელა გამოჩნდა. უცებ ყველასთვის ახლობელი გახდა მისი მოუსვენარი, პირველქმნილი უშუალობით აღბეჭდილი სახე.
სიყვარულის სიკეთით განათებული სახე.
სიყვარულმა აღამაღლა გმირად. მითოსური გმირი იყო კვერენჩხილაძის ლელა.
შედეგი მოსალოდნელზე მეტი იყო... მაშინ ზინამ შოკი მოახდინა. დოდო ალექსიძე ,,ბახტრიონის" რეპეტიციების დროს იქადებოდა, რომ აღმოაჩინა ახალი მსახიობი, მაგრამ ყოველ ახალს ხომ მუდამ სკეპტიკურად უყურებენ ხოლმე. ასე იყო მაშინაც. ზინა კვერენჩხილაძემ მოულოდნელ სიმაღლეს მიაღწია!

სიმაღლე არტისტული სრულქმნილებისა! ზინა კვერენჩხილაძეს შეუძლია სახასიათო თვისებები შეურწყას დრამატულ ან გმირულ ბუნებას, შეუძლია სინთეზურად გამოხატოს ხასიათი. ფლობს მდიდარ აქტიორულ პალიტრას, მაგრამ მისი სამყარო უფრო ძლიერი ვნებების ადამიანებით არის დასახლებული. ქარიშხალი ტრიალებს მის პლასტიკურ ჟესტსა და მოძრაობაში.

ყველაფერი ფეთქავს, ბობოქრობს, მძვინვარებს, ყველაფერს მოიცავს შემოქმედებით ზეშთაგონებული არტისტული ვნება. ასე გეგონებათ, თითქოს ყველაფერი შიგნიდან იწვის, რომ უფრო მძლავრად განათდეს სულის ყოველი კუნჭული, ყოველი სფერო, მოუხილველი და შეუღწეველი სიღრმეები სულის უფსკრულისა. როგორი ამაღლებულია და არტისტულად ზეიმური ტანჯვის ეს პროცესი!
ზინა კვერენჩხილაძე მაყურებლისთვის იტანჯება სცენაზე. მისი გმირების ეს ტანჯვა განწმენდს მაყურებლის სულს... იგი ტრაგიკული ნიჭის მსახიობია. ასეთი ნიჭი იშვიათი და გამონაკლისია. ქართული თეატრის მთელ ისტორიაში სანთლით საძებარია იგი. ათეული წლები უნდა გავიდეს, რომ ზინა კვერენჩხილაძისებური ერთი მსახიობი დაიბადოს, თუმცა ერთიც სხვა იქნება, რაკი არც ერთი ნაღდი შემოქმედი არ მეორდება.
გაფრთხილება უნდა იშვიათ ნიჭს!
ქართველებს კი გაფრთხილების ნიჭი არ გვაქვს!
ოდითგან ამას მივტირით. მაგრამ მერე რა - არაფერი იცვლება!..
თეატრში ცოტა დრო არ დაკარგა ზინა კვერენჩხილაძემ, ზოგჯერ სეზონობით ელოდა ტრაგიკული ნიჭი თავის ორეულს. თეატრში კი ხშირად ზედაპირზე ცურავდა ზინა კვერენჩხილაძისათვის უცხო პოლიტიკური და პუბლიცისტური მეტაფორები...                                                                                                                             
დრო კი მიდიოდა...
მაგრამ რაც ზინა კვერენჩხილაძემ შექმნა, ერთი დიდი მსახიობისათვის საკმარისიც არის და საკადრისიც".
tamari
06 სექტემბერი 2011 00:03
ქ-ნო ლელა გემიდარებიტ ტსერეტ ესე ლამაზად და გარწმუნებტ არცერტი დიდებული ქარტველი არ იქნება დავიწყებული.დიდი მადლობა.
sergo
05 სექტემბერი 2011 20:00
ღმერტს მადლობა ზინაიდა კვერენჩხილაძის ანტიგონე რომ მაკვს ნანახი და რობიკოს დადგმები.როდის ვიყავი სიზმარში მაშინ ტუ ეხლა მაკვს მოჩვენებები?

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა