მარიამის და გიგას ანგარიშზე უკვე 4500 ლარია ჩარიცხული - კვირის პალიტრა

მარიამის და გიგას ანგარიშზე უკვე 4500 ლარია ჩარიცხული

"სიცოცხლის კორსეტს" სახლში მივუტანთ"

"თქვენს წერილს რომ ვკითხულობდი, ვტიროდი"

"ჩემთვის მათი სიცოცხლის ყოველი წამი ძვირფასია და ამისთვის ვიბრძოლებ"

" გიორგი ბიძია, გაკოცებო და დაცვის უფროსს ისე ჩაეხუტა, დევივით კაცს თვალზე ცრემლი მოადგა"

"დიდი მადლობა მინდა გადავუხადო "კვირის პალიტრის" რედაქციას მარიამისა და გიგას გახარებისთვის. გმადლობ, უფალო, უკვე მჯერა, მართლაც მჯერა, რომ განწირული არა ვარ", - ეს წერილი მარიამ და გიგა ზარიძეების დედამ, ბელა უბილავამ ორი კვირის წინ facebook-ზე გამოაქვეყნა. რამდენიმე დღეში კი "კვირის პალიტრამ" და "პალიტრა TV"-მ საზოგადოებას ამცნო, რომ არმაზელ პატარებს უმძიმესი გენეტიკური დაავადება - კუნთების მოდუნება და განლევა აქვთ. წერილის დასასრულს ვწერდით, რომ მარიამი იმედით ელოდა სიყვარულით გამთბარ "სიცოცხლის კორსეტს". ელოდა დახმარებას და თანადგომას, რომელიც სიცოცხლეს გაუხანგრძლივებდა.

წერილის გამოქვეყნების შემდეგ მარიამსა და გიგასთან ერთად ჩვენც ველოდით, როგორ იმოქმედებდა ხალხზე უსაზღვრო ტკივილით სავსე ეს წერილი, რომელსაც თავადაც აცრემლებული ვწერდი. ველოდით გულისხმიერი ადამიანების გამოხმაურებას, პატარების სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის კიდევ ერთ გაბრძოლებას და...

"გაიხარეთ, კეთილო ხალხო"

რედაქციაში მისულს დაცვის თანამშრომლებმა ნაჭრის თოჯინა და სათამაშო ავტომატი დამახვედრეს, მამაკაცმა (რომელმაც ვინაობა არ გაამხილა) მოიტანა. გთხოვთ, ეს სათამაშოები არმაზელ პატარებს გადასცეთო.

სამშაბათს დილით პატარების დედამ დამირეკა, ჩვენს ანგარიშზე ჯერ 250, მერე კი 2.000 ლარი ჩაირიცხა, თვალებს არ ვუჯერებთ და ჯერ არ ვიცით, ვინ გადმორიცხაო.

იმავე საღამოს აღელვებულმა ახალგაზრდამ დამირეკა, "კვირის პალიტრაში" თქვენი წერილი წავიკითხე, ისე განვიცადე, ახლაც ვკანკალებ. მითხარით, რით შემიძლია დავეხმარო პატარებს. ბიჭუნას ეტლს კი ჩავუტან, მაგრამ კიდევ რა სჭირდებათო. ვინაობა ვკითხე და მხოლოდ სახელი მითხრა, მიშა მქვიაო.

გავიდა რამდენიმე დღე და რედაქციაში ორთოპედიული კლინიკის  "ორთოჯორჯიას" დირექტორმა გუტა ვაშაძემ დარეკა, თქვენმა წერილმა სულით ხორცამდე შემძრა. პატარებს ესოდენ საჭირო კორსეტსა და ორთეზს უსასყიდლოდ დავუმზადებთ და ვაჩუქებთ. ოღონდ ზომების ასაღებად დასჭირდებათ ჩვენს კლინიკაში მოსვლაო. პატარების თბილისში ჩამოსაყვანად არმაზში რედაქციის მანქანით წავედით. ზარიძეების საცხოვრებელი სახლის კიბის ბაქანზე ორი ეტლი დავინახეთ. მივხვდი, იმ ახალგაზრდა კაცის ნაჩუქარი იქნებოდა, რომელმაც მხოლოდ სახელი მითხრა. ბინაში შესვლისთანავე ახალთახალი სარეცხი მანქანა შევამჩნიე.

ბელა უბილავა: "კვირის პალიტრაში" მარიამსა და გიგაზე წერილის გამოქვეყნებიდან რამდენიმე დღეში არმაზის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის მოძღვარმა დაგვირეკა და ჩემს მეუღლეს უთხრა, ტაძარში მოდიო. ტაძარში შეუყვანია და შეფუთული ყუთი უჩვენებია. თქვენს სახელზე დატოვა ერთმა კაცმა, რომელმაც არც სახელი გვითხრა და არც გვარი. უთქვამს, მინდა გიგას და მარიამის დედას შრომა შევუმსუბუქოო. ეკლესიის მრევლმა და მოძღვარმა იმ საღამოსვე მოგვიტანეს სარეცხი მანქანა. დიდი მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანს, ღმერთი გადაუხდის ამ სიკეთისთვის".

ბავშვები გავამზადეთ და თბილისისკენ გამოვეშურეთ. გზაში ბელამ თხრობა გააგრძელა:

"ორი წელია ჩემი შვილების გადარჩენისთვის ვიბრძვი. პრესასა და ტელევიზიაში რამდენჯერმე გაშუქდა ჩემი შვილების ამბავი, მაგრამ ასეთი რეზონანსი, რაც "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებულ წერილს მოჰყვა, ვერც წარმომედგინა. თქვენს წერილს რომ ვკითხულობდი, ვტიროდი. ხომ ჩემი ნაამბობი იყო, მაგრამ ისე დაინახეთ ჩემი მდგომარეობა, იმდენად მიიტანეთ გულთან და იმხელა სითბოთი და სიყვარულით დაწერეთ ეს წერილი, ავტირდი.

ანგარიშზე 2.000 ლარი რომ ჩაირიცხა, ჩემი მეუღლის ტელეფონზე მოვიდა შეტყობინება. თვალებს არ დაუჯერა, 2.000 ლარს ვინ ჩაგვირიცხავდაო. სიხარულისგან გავოგნდი. ეტყობა, გულით გაკეთებულ საქმეს დიდი მადლი აქვს. სიყვარულით სავსე წერილი დაწერეთ და შედეგიც შესაბამისი იყო.

როდესაც თქვენი სტატია ინტერნეტით გავრცელდა, უამრავი ადამიანი შემომეხმიანა. facebook-ზე მეგობრად მიმატებდნენ. ზოგიერთი მწერდა, ფინანსურად ვერ გეხმარებით, მაგრამ გვინდა მორალურად დაგიდგეთ გვერდში და თქვენი ამბავი მივაწვდინო ჩემს სამეგობროსო.  კომპიუტერი არა მაქვს, ტელეფონით შევდივარ facebook-ზე, ჩემი ტელეფონი ვერ ხსნის სიუჟეტს, რომელიც "პალიტრა TV"-მ გაუშვა. ჯერ კიდევ არ მინახავს ჩემს შვილებზე მომზადებული ეს მასალა.

რამდენიმე დღის წინ უცნობმა დამირეკა, ქალბატონ იზოს ვესაუბრე და თქვენთან მინდა მოსვლაო. გვარი ვკითხე და არ მითხრა, მიშა მქვია, რუსთავიდან ვარო. მეგობართან (იმან თბილისელი ვარ, დოლიძეზე ვცხოვრობ, კახა მქვიაო) ერთად მოვიდა. გიგასთვის ეტლი, პროდუქტი და ოჯახისთვის საჭირო იმდენი ნივთი მოიტანეს, სახლში რომ ამოეზიდათ,  ჩემი მეუღლის დახმარებაც დასჭირდათ. ჩვენი პატარა ოთახი ლამის ნახევრამდე გაივსო. ნევროზის გამო ჩემი ხელების კანკალი რომ დაინახა, მიშამ მითხრა, ეცადეთ, თავი ხელში აიყვანოთ, ღმერთი თქვენთან არის. მე და ჩემი მეგობრები სიკვდილამდე თქვენ გვერდში ვიქნებით, თუ რამე დაგჭირდეთ, ნებისმიერ დროს დამირეკეთ და ჩემი დახმარების იმედი გქონდეთო.

- დედა, ის კაცები პარკებს რომ ეზიდებოდნენ, თან ტიროდნენო, მითხრა მარიამმა, რომელიც ჩვენს საუბარს უსმენდა. მალავდნენ ცრემლებს და ბავშვს მაინც დაუნახავს.

ინტერნეტით თინათინ კიბა დამიკავშირდა. თინათინ ქიბიშაური ყოფილა მისი ნამდვილი გვარი. გერმანიაში ცხოვრობს. მითხრა, ექიმი ვარ, გავიკითხავ, თუ არის მედიცინაში რაიმე სიახლე, რომ თქვენი შვილების განკურნება იყოს შესაძლებელიო. რამდენიმე დღეში დამირეკა, თქვენს სახელზე 100 ევრო გადმოვრიცხე. მოვიძიე ინფორმაცია, მაგრამ მედიცინა ჯერჯერობით უძლურია ამ დაავადებასთანო. მეც ვიცი, რომ ჩემი შვილების განკურნება შეუძლებელია, მაგრამ სიცოცხლის გახანგრძლივება ხომ შეიძლება? ჩემთვის მათი სიცოცხლის ყოველი წამი ძვირფასია და ამისთვის ვიბრძოლებ. ნინო უბილავამ, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, ინტერნეტით შეიტყო ჩემი შვილების მდგომარეობა და მათთვის ტანსაცმელი გამომიგზავნა.  თქვენმა წერილმა იმდენი თანადგომა მომიტანა, აღარ მეშინია".

ამასობაში კლინიკასაც მივუახლოვდით. მარიამმა და გიგამ კახა ექიმი ახსენეს, რომ გვსინჯავდა, გვეფერებოდა, ძალიან კეთილი ექიმიაო.   "ორთოჯორჯიას" დირექტორი გუტა ვაშაძე უკვე გველოდა და გამოგვეგება.

მალე კახა ექიმიც მოვიდა. გიგა ისე გაზრდილა, გაზეთში დაბეჭდილ ფოტოზე ვერც ვიცანიო. კლინიკის დირექტორმა, 2.000-ევროიანი კორსეტი რად გინდათ, აქ ვაკეთებთ ისეთივეს. ჩვენმა ექიმებმა გერმანიაში მიიღეს განათლება და უახლესი ტექნოლოგიებით ვამზადებთ კორსეტსა და ორთეზს. თუ კორსეტი ოდნავ მაინც შეაწუხებს, ამასაც მოვაგვარებთ და ისე მოვარგებთ, როგორც ფეხსაცმელს, მარიამს - კორსეტს, გიგას კი - ორთეზსო.

გუტა ვაშაძე, "ორთოჯორჯიას" დირექტორი: "კორსეტი მხოლოდ ტანის დაჭერის საშუალებაა და ხერხემლის მეტად გამრუდებას შეუშლის ხელს, მაგრამ მდგომარეობას ვერ გააუმჯობესებს, რადგან მარიამის მდგომარეობა უკვე გართულებულია. მსოფლიო ბანკთან ერთად ვმუშაობთ ახალ პროგრამაზე და თუ ეს პროექტი განხორციელდა, მცირე სტაციონარსაც გავაკეთებთ. გვეყოლება სპეციალისტები, რომლებიც უმკურნალებენ და მასაჟსაც გაუკეთებენ პაციენტს. თუ ჩვენი ჩანაფიქრი განხორციელდა, ამ ბავშვებს ჩავსვამთ პროგრამაში. კიდევ არის შანსი, რომ ბიჭის მდგომარეობა გამოსწორდეს, გოგონასი კი ძალიან მძიმეა....

KvirisPalitra.Geამასობაში ექიმებმა პატარა პაციენტების კორსეტისა და ორთეზისთვის ზომების აღება დაიწყეს. რადგან ვერც ფეხზე დგებოდა და სწორად ჯდომაც ვერ შეძლო, ექიმებმა ხელში აიტაცეს პატარა მარიამი და ისე შემოახვიეს თაბაშირიანი საფენი.

ამ ბავშვებზე ისეთი გულის ამაჩუყებელი წერილი გამოაქვეყნეთ, გადავწყვიტე თქვენ მიერ სათაურში ("სიცოცხლის კორსეტის მოლოდინში") ნახსენები "სიცოცხლის კორსეტი" მეჩუქებინა მარიამისთვის".

ოცნების ასრულება

კლინიკის ეზოდან რომ გამოვედით, გიგამ მითხრა, ვიცოდი, რომ საავადმყოფოში წამოგვიყვანდი, ჩვენ სულ საავადმყოფოში დავდივართ, ზოოპარკში კი ჯერ არავინ წამიყვანაო. გამახსენდა ჩემი კოლეგა, ცხოველების დიდი ქომაგი ეკა ლომიძე, ზოოპარკის დირექტორს რომ იცნობდა და გიგას სურვილი შევატყობინე. რამდენიმე წუთში ეკამ გვაცნობა, ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე გიგას და მარიამს ზოოპარკში პატიჟებსო. პატარებმა სიხარულის ყიჟინა დასცხეს. ისინი ხომ პირველად მიდიოდნენ საავადმყოფოს გარდა სხვა ადგილას და თანაც სად? ზოოპარკში! ეს ხომ დიდ ოცნებად ჰქონდათ ქცეული. ზოოპარკის შესასვლელთან დაცვის უფროსი გიორგი დაგვხვდა და ეგზოტერიუმისკენ წაგვიძღვა. ბავშვები განცვიფრებული უყურებდნენ ქვეწარმავლებსა და თევზებს. KvirisPalitra.Geმერე კი ზოოპარკის სხვა ბინადრების სანახავად გავეშურეთ. პატარებს აღტაცებისა და სიხარულისაგან სახეები უბრწყინავდათ. გიგამ დედას ხვეწნა დაუწყო, აქ დავრჩეთ, სახლში არ წავიდეთო, მაგრამ უფრო დიდი სიხარული მანქანების მოყვარულ გიგას წინ ელოდა, ზოოპარკის დაცვის უფროსმა ატრაქციონისკენ წაიყვანა და მანქანაში ჩასვა. იმ საღამოს გიგა ყველა ატრაქციონზე იჯდა, სპორტული მანქანაც "მართა", ჯიპიც და სასწრაფოს ფურგონიც". წამოსვლისას მადლიერმა ბავშვმა, გიორგი ბიძია, გაკოცებო და დაცვის უფროსს ისე ჩაეხუტა, დევივით კაცს თვალზე ცრემლი მოადგა.

დაღლილები, მაგრამ ბედნიერები გავეშურეთ არმაზისაკენ. ბელას აღელვებისგან უკვე ლაპარაკი უჭირდა. დამშვიდობებისას მითხრა: თქვენს გაზეთს მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ სიკეთისთვის. ისე მოგვექეცით, თითქოს საკუთარი ოჯახის ბედს წყვეტდით. ღმერთი გაგახარებთ ამხელა სიკეთისთვისო.

4 სექტემბერს მარიამის დაბადების დღეა, 6 წლის ხდება. აქამდე ყოველთვის საავადმყოფოში ხვდებოდა დაბადების დღეს. წელს პირველად გადავუხდით სახლში, პირველად შევუკვეთე ტორტი მისი დაბადების დღისთვის. ამაში თქვენს ბედნიერ ფეხს ვხედავ. ძალიან გთხოვთ, მობრძანდით. მარიამს ძალიან გაახარებთ.

დედის თხოვნა მარიამმა გააგრძელა, იზო დეიდა, ხომ მოხვალთ ჩემს დაბადების დღეზე?

- ძალიან მიყვარხარ და მოვალ.

- ვიცი, რომ გიყვარვართ, მე ყველაფერს ვგრძნობ.

P.S. მეორე დღეს "ორთოჯორჯიას" დირექტორმა გუტა ვაშაძემ დამირეკა: "რადგან მარიამსა და გიგას მგზავრობა უჭირთ, პატარებს აღარ შევაწუხებთ. ორშაბათს ჩვენს ექიმს არმაზში გავუშვებთ, ადგილზე მოაზომებს ყველაფერს, ხუთშაბათს კი მარიამს "სიცოცხლის კორსეტს" სახლში გავატანთ".

საოცარი ძალა აქვს სიკეთეს. ისეთი ძალა, რომ მჯერა, ამდენი ადამიანის გაღებული სიყვარული პატარა მარიამს სიცოცხლეს აჩუქებს.

მარიამის და გიგას ანგარიშზე უკვე 4.500 ლარია ჩარიცხული.

"ამ ლექსში ხომ ვამარცხებ ბოროტს, იქნებ ცხოვრებაშიც დავამარცხო"

ნინო უბილავა: "19 წლის ვიყავი,  ერთი ლექსი დავწერე. დღემდე არც ვიცი, რამ დამაწერინა ლექსი შვილებზე, როდესაც გათხოვილი არ ვიყავი..."

დატანჯული გულის ტკივილს, სულის წყლულის იარებს,

ნუთუ ცოდვილ ქვეყანაზე ვინმე მას დამიამებს?

გულის რიტმი მიუყვება სულის მღვრიე ნაპირებს

და მორევში ჩემს შვილებთან ჩემს ჩაძირვას აპირებს.

ეშმა მუდამ თან დამყვება, სასთუმალთან მდარაჯობს,

მაგრამ იმედს აღარ ვიქრობ, რწმენას აღარ ვღალატობ,

იდუმალი ხმა ჩამესმის, ეშმა უნდა განვაგდო

და მორევის შუაგულში დაუნდობლად ჩავაგდო.

(სიუჟეტი იხ. palitratv.ge-ზე)