რუბრიკის წარდგინება - კვირის პალიტრა

რუბრიკის წარდგინება

ალბათ, არავინ არის ისეთი,  ვისაც თავს დაუჯერებელი ამბავი არ გადახდენია, მაგრამ ცხოვრება იმდენად სწრაფი და პრაგმატულია, ასეთ ამბებს მაშინვე ვივიწყებთ. ეგეც არ იყოს, ადამიანები სასწაულებს ეჭვით ვუყურებთ, არადა, ტყუილად - სიცოცხლეს სწორედ დაუჯერებელი ამბები აქცევს მიმზიდველად და მისტიკურად. ეს ამბები ბადებს იმედს და რწმენასაც, რომ ამქვეყნად რაღაც უსათუოდ მოხდება ისეთი, რაც ცხოვრებას შეგვიცვლის. გვინდა, ამის შეგრძნება თქვენც გქონდეთ. ამიტომ ვიწყებთ ახალ რუბრიკას: "სასწაულები ჩვენს ცხოვრებაში".

მოგვწერეთ თქვენი ცხოვრების სასწაულები, თავს გადახდენილი დაუჯერებელი ამბები, ჩვენ კი სიამოვნებით დავბეჭდავთ.

სიყვარულის ძალა...

ჩვენ დიდი ოჯახი გვაქვს: მე, ჩემი მეუღლე და 3 ვაჟიშვილი და, რაღა თქმა უნდა, ჩემი მშობლები ერთად ვცხოვრობთ. ბიჭებიდან 2 სტუდენტია. უფროსმა, ლევანმა დაამთავრა თუ არა, გამალებული შეუდგა სამსახურის ძებნას. თანაც უკვე შეყვარებული იყო და ამბობდა, - სასწრაფოდ უნდა დავიწყო მუშაობა, ცოლი რომ შევირთოო. არადა, არაფერი გამოჩნდა ისეთი, მას რომ უნდოდა. ოდნავ წონაშიც კი დაიკლო, მაგრამ ყურადღება არ მიგვიქცევია, რადგან ჯანმრთელი ბიჭი იყო და სპორტით გატაცებული.

ერთ საღამოს შინ რომ მოვიდა, გვითხრა, რაღაც ვერ ვარ კარგადო. არ უვახშმია, ლოჯიაში ტახტზე წამოწვა და ჩაეძინა. მომეჩვენა, რომ გრილოდა. ვიფიქრე, რამეს დავაფარებ-მეთქი. რომ დავხედე, ცხვირიდან სისხლი სდიოდა. გულგახეთქილმა გავაღვიძე და სასწრაფოდ სველი ტილო დავაფარე შუბლზე. მერე დავჯექი და ყველაფერი გადაღლილობასა და ზაფხულის სიცხეს დავაბრალე. თუმცა იმ საღამოს დიდხანს ვერ დავიძინე. მეუღლე ექიმია, - გამოკვლევა მაინც უნდა ჩაუტარდესო. მეორე დღესვე წავედით ექიმთან. იმ დღის გახსენება ახლაც მზარავს, - ჩემს შვილს ლეიკემია აღმოაჩნდა. მერე კიდევ რამდენიმეჯერ გავუკეთეთ ანალიზები იმ იმედით, იქნებ შეცდომა იყოსო, მაგრამ ყველა ანალიზმა იგივე დაადასტურა.

ჩემმა ცოლმა საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს ნათესავს დაურეკა, - მიშველეო. ისიც წუთითაც არ დაფიქრებულა, - ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლიაო. მოკლედ, გადაწყდა, გერმანიაში უნდა გაკეთებულიყო ოპერაცია. ალბათ, იცით, რომ ოპერაციას დონორი სჭირდება (ლევანს ძვლის ტვინი უნდა გადანერგვოდა), ამიტომ ყველანი გავემგზავრეთ: ჩემი შვილები, მე და ჩემი მეუღლე. საუბედუროდ, არც ერთი ჩვენგანი დონორად არ გამოდგა, - ჩვენი სისხლი ლევანის სისხლს არ შეესაბამებოდა. ამ ჩვენს უბედურებას ლევანის შეყვარებულის ზარებიც ერთვოდა, - ატირებული გვირეკავდა, - რა ვქნათო.

რა უნდა გვექნა, ასეთ მდგომარეობას ადამიანს თვითმკვლელობა თუ განარიდებს. ამას ვერ ჩავიდენდით, ისევ ლევანის გამო... მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს ვერ ვუყურებდით. ლევანი კი აქეთ გვამშვიდებდა, ყველაფერი კარგად იქნებაო.

ერთ ღამეს ლევანის საცოლე მესიზმრა, - უნდა ჩამოვიდეო, მეუბნებოდა. არ მივაქციე ყურადღება სიზმარს. მეორე დილით ტაძარში წასვლა მომინდა. კიოლნში ვიპოვე რუსული ეკლესია და შესვლისას სუსტად ვიგრძენი თავი. იქვე ტაძრის ეზოში სკამზე ჩამოვჯექი. არ ვიცი, გონება დავკარგე თუ არა, მაგრამ დავინახე ტაძარში ვიყავი და ჩემგან მარჯვნივ წმინდა ნიკოლოზის ხატი იყო, რომელიც თბილად მიღიმოდა. გამოვფხიზლდი. მართალია, თავს ისევ სუსტად ვგრძნობდი, მაგრამ ტაძარში მაინც შევედი და ჩემგან მარჯვნივ დიდი ხატი - წმინდა ნიკოლოზის ხატი დავინახე! სანთელიც არ მიყიდია, პირდაპირ მივედი და დავუჩოქე. ვერაფრის თხოვნა ვერ მოვასწარი, რომ მაშინვე ჩამესმა: "ის უნდა ჩამოვიდესო". ხატს ავხედე გაოგნებულმა და უცებ ანა, ლევანის საცოლე დამიდგა თვალწინ, - სიზმარში სწორედ ის მეუბნებოდა, უნდა ჩამოვიდეო.

თავი რომ არ შეგაწყინოთ, გეტყვით, რომ ანა მართლაც ჩამოვიდა და სწორედ მისი სისხლი გამოადგა ჩემს შვილს!

ახლა ანასა და ლევანს ორი შვილი ჰყავთ, და მადლობა ღმერთს, ყველანი ჯანმრთელები არიან.

ლ. დ. თბილისი

სიზმრისეული ტაძარი

თქვენ შეიძლება არც ისე გასაოცრად მოგეჩვენოთ, მაგრამ ჩემთვის ის ამბავი, რომელმაც მთელი ცხოვრება შემიცვალა, სასწაულის ტოლფასია.

KvirisPalitra.Geავბედითი 90-იანი წლების დასაწყისი იყო. დღე არ გავიდოდა, საშინელი ამბავი არ გაეგო ადამიანს. ამან ისე დაგვთრგუნა და გაგვანადგურა ყველანი, სიზმრებიც კი საშინელი მქონდა.

მაგრამ ერთხელაც ისეთ კარგ ხასიათზე გავიღვიძე, მეუღლე გამეხუმრა, - რა კარგია, ისეთი ბედნიერი ხარ, ვითომ შუქიც გვაქვს, გაზიც და დიდი ხელფასებიცო. არაფერი ვუპასუხე. მიზეზი კი აი, რა იყო: შუაღამისას თითქოს ხელი მკრა ვიღაცამ და გამომაღვიძა, წამოვხტი საწოლიდან. მერე ვეღარ დავიძინე და დივანზე წამოვწექი. იქ ჩამეძინა. ძილში საკვირველი რამ ვნახე, - რაღაც მაღალზე ვიდექი და იქიდან აღმოსავლეთით, მთაზე უზარმაზარ ტაძარს ვხედავდი. ღამე იყო, მაგრამ ისე განათებული, რომ ტაძრის ყველა დეტალი ცხადად დავინახე. ოქროსფერი გუმბათი ელვარებდა, - უცხო სახლის მაღალსართულიანი ბინის აივანზე ვიდექი, იქიდან მოჩანდა ეს უზარმაზარი ტაძარი ქალაქის ხედთან ერთად.

გავიდა წლები. ძველი ბინა გავყიდეთ, ორი ბინის ყიდვა გვინდოდა. დიდხანს ვეძებდი ბინას, მაგრამ შესაფერისი ვერა და ვერ ვიპოვე. ერთხელაც ახლობელმა მითხრა, - ამა და ამ უბანში კარგი ბინა იყიდებაო. ღამის 10 საათი იყო, როდესაც ბინის პატრონს დავურეკე. მითხრა, თუ გნებავთ, მობრძანდითო. წავედით მე და ჩემი ძმისშვილები. ბინა მე-6 სართულზე აღმოჩნდა, ურემონტო, გაპარტახებული, ერთადერთი ფართობი მაწყობდა. ასე რომ, უარის თქმას ვაპირებდი. უცებ ბინის პატრონმა ფარდა გადასწია და მითხრა, აი, ნახეთ როგორი ხედიაო. გავოგნდი! ჩემ წინ სწორედ ის სურათი გადაიშალა, წლების წინ სიზმარში რომ ვნახე - ეს იყო სამების საკათედრო ტაძარი, განათებული ქალაქის ხედით. იმწამსვე გადავწყვიტე, ეს ბინა მეყიდა და აი, უკვე მეოთხე წელია აქ ვცხოვრობ. ამ ხნის განმავლობაში უამრავი კარგი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში.

არ ვიცი, ეს ყველაფერი იმ სიზმარს მივაწერო თუ არა, მაგრამ ახლა ჩემ თვალწინ ყოველდღე იშლება ის სილამაზე, რაც იმ ღამეს ვნახე სიზმარში.

ზ.ბ., თბილისი

წერილები მოგვწერეთ "კვირის პალიტრისა" და "სიტყვა და საქმის" საფოსტო ყუთების მეშვეობით ან რუბრიკის ავტორს გაუგზავნეთ ელექტრონულ ფოსტაზე: lukaieni@yahoo.com