ალექსანდრე გაჩეჩილაძე მოწამლეს? - კვირის პალიტრა

ალექსანდრე გაჩეჩილაძე მოწამლეს?

"რამდენჯერმე თავს დაესხნენ უცნობი პირები და სასტიკად სცემეს"

(გაგრძელება. დასაწყისი "კვირის პალიტრა" #35)

ვაგრძელებთ სტატიას "კატრექსის ლაბორატორიის საიდუმლოებანი", სადაც ალექსანდრე გაჩეჩილაძის მეცნიერულ აღმოჩენებზე "კატრექსის ლაბორატორიის" მთავარი ექიმი, ჰომეოპათი და ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი კახა საბახტარიშვილი გვესაუბრება.

- ალექსანდრე გაჩეჩილაძესთან მუშაობის შედეგად ჩემი დასკვნები გავაკეთე და ახლა ერთი სენსაციური აღმოჩენის შესახებ უნდა გითხრათ: სიმსივნის წარმოშობის უამრავი თეორია არსებობს, მაგრამ არავინ დაფიქრებულა - რით  განსხვავდება სიმსივნური ქსოვილი ჯანმრთელისგან. ნებისმიერი ქსოვილი შედგება უჯრედებისგან, უჯრედები - მოლეკულებისგან, ყოველი უჯრედის შემადგენელი ნაწილი კი ცილებია. აღმოჩნდა, რომ სიმსივნურ უჯრედს არსებობა შეუძლია მხოლოდ იმ პირობით, თუ მის გარშემო არის ტუტეგარემო უჟანგბადო პირობებში. სიმსივნით დაავადებული ყოველი ადამიანის ორგანიზმი გადახრილია ამგვარი ტუტიანობისკენ, რაც დაავადების წინა პირობას (ცხადია, შესაძლებელია ნებისმიერი პაციენტის სისხლის ტუტიანობის განსაზღვრა) ქმნის. როგორც კი შევქმნით მჟავეგარემოს და მივაწოდებთ მას ჟანგბადს, სიმსივნის განვითარება შეფერხდება. ყვავის სისხლში მომეტებული შარდმჟავა ხოცავს სიმსივნურ უჯრედებს, ბაქტერიებს, ვირუსებს და ბევრ სხვა დაავადებას.

მედიცინაში ძალიან დიდი პრობლემაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ამ სენით სიკვდილიანობას პირველი ადგილი უკავია. ამაოდ იქმნება უამრავი ძვირად ღირებული მედიკამენტი... მოკლედ, ჰომეოპათიური და ძველი ქართული ხალხური მედიცინის სინთეზით (სწორედ მივიწყებული მცენარეების გამოყენებით) შეიქმნა კიდეც ელექსირი, რომელიც გულის კუნთს კვებავს და  გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განკურნებისთვის უამრავი ძვირფასი თვისება გააჩნია.

რამდენიმე წლის წინ უკრაინის ტელევიზიით უნიკალური ექსპერიმენტი აჩვენეს: პეტრის ფინჯანში (ეს მეთოდი გამოიყენება მიკროორგანიზმების გამოსაზრდელად) მოათავსეს ქსოვილები, ე.ი. უჯრედული მასები, რომლებიც შეიცავდა C ჰეპატიტის, შიდსისა და სხვადასხვა სახის სიმსივნურ ვირუსებს, ასევე ბაქტერიებს, რომელთაც უძლიერესი ანტიბიოტიკებიც ვერ ერევიან. შემდეგ ფინჯანში ჩააწვეთეს ერთი წვეთი ნიანგის სისხლი და მოხდა საოცრება, ყველა ვირუსი და მიკროორგანიზმი დაიხოცა. ამ ფაქტს იმხანად მეცნიერული ახსნა არ მოჰყოლია. ვიდრე ჩემს მოსაზრებას შემოგთავაზებთ, ვიტყვი, რომ ალექსანდრე გაჩეჩილაძე სიცოცხლის ბოლო წლებში არა მარტო გაახალგაზრდავების საკითხებზე, არამედ ისეთი უმძიმესი დაავადებების დასამარცხებელ სტრატეგიაზე მუშაობდა, როგორიც არის შიდსი და C ჰეპატიტი. მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს "კატრექსი" არცთუ სტერილურად იყო დამზადებული (პირობების უქონლობის გამო), ამ პრეპარატით დაჩირქების არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა. "კატრექსი" ფაქტობრივად იმავე ეფექტს ახდენდა, რაც ნიანგის ერთი წვეთი სისხლით არის შესაძლებელი.

ბევრმა არც იცის, რომ დიდი მეცნიერი ერთხანს ზოოპარკის დირექტორადაც მუშაობდა, რაც ცხოველებსა და ფრინველებზე დაკვირვება-კვლევის საშუალებას აძლევდა. მას არ ასვენებდა კითხვა: რატომ გამოირჩევიან ყვავები ან გნებავთ, სვავები, სიცოცხლის დიდი ხანგრძლივობით და რატომ არ ემართებათ ადამიანებისთვის საშიში მძიმე დაავადებები? სვავები ხომ ლეშით იკვებებიან, რაც ათასგვარ გვამურ შხამსა და ტოქსინს შეიცავს; უამრავი გარეული ფრინველი ნადირობს თაგვებზე, ზოგიერთი შავი ჭირის გადამტანიც არის, მაგრამ ფრინველი არ ავადდება; მგელს შეუძლია საკუთარი ძვლების, ხრტილების, კანის დახმარებით მსხვერპლი მთლიანად გადაყლაპოს და პირდაპირ კუჭში მოინელოს, ე.ი. დაშალოს, დააქუცმაცოს საკვები. ნიანგიც პირდაპირ, დაუღეჭავად ყლაპავს მსხვერპლს და მას კუჭში ამუშავებს. მაშ, რა არის ის ნივთიერება, რომელიც ვირუსსა თუ ნებისმიერ ბაქტერიას ეწინააღმდეგება? რის წინაშეა უძლური თუნდაც კიბოს უჯრედები? მე შემიძლია განვაცხადო, რომ ამის მიზეზია კუჭის წვენი!

ადამიანის კუჭის წვენი ასაკის მატებასთან ერთად 8-9 ლიტრიდან ზოგჯერ 4-5 ლიტრამდეც კი მცირდება. ცხოველები ბევრად უფრო მეტ კუჭის წვენს გამოყოფენ, ვიდრე ადამიანები, რაც ასაკის მატებასთან ერთად არ მცირდება, ფრინველებს კი ღვიძლი აძლევს დიდ გამძლეობას.

რეპტილიების კუჭ-ნაწლავისა და სისხლის მიმოქცევის სისტემა ისეა მოწყობილი, რომ ფაქტობრივად, კუჭის წვენი სისხლს ერევა. სისხლი კუჭ-ნაწლავის ტრაქტს გადის, გაჯერებულია წვენითა და მარილმჟავით და ყველაფერს ამუშავებს.

გაჩეჩილაძე სიცოცხლის ბოლო წლებში იკვლევდა ჭიაყელებსაც, რომელთაც (ისევე, როგორც ლოკოკინებს) რეგენერაციის საოცარი უნარი აქვთ. დღეს სახის კანის გამაჯანსაღებელი და გამაახალგაზრდავებელი რეცეპტურების უმრავლესობა ლოკოკინას ექსტრაქტის საფუძველზეა შექმნილი. კანის მოვლის საშუალებები შეიცავს ორგანულ მჟავებს, რომლებიც მკვდარი უჯრედების განადგურებასა და ახალგაზრდა უჯრედების წარმოქმნას უწყობენ ხელს. ჯერ კიდევ მაშინ, როცა გაჩეჩილაძე ამგვარ აღმოჩენებს აკეთებდა, მსგავსი საშუალებები მსოფლიოსთვის როდი იყო ცნობილი. "კატრექსის ლაბორატორია" დღესაც ინახავს მეტად საინტერესო და საიდუმლო ინფორმაციას, რომელიც ახალ მეცნიერულ აღმოჩენებს დაედება საფუძვლად. ეს ხელსაყრელი პირობების შექმნისთანავე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ იმ ფატალურ შედეგს, რაც ერთხელ მივიღეთ. მაგალითად, ინტერნეტში სიტყვა "კატრექსზე" უამრავი რუსული სტატიაა, სადაც ალექსანდრე გაჩეჩილაძე არც არის ნახსენები, კატრინების სასწაულმოქმედ თვისებებზე კი რუსი მეცნიერები ლაპარაკობენ(?!). მსოფლიო ბაზარზე, სააფთიაქო ქსელში პოლონური "ვიტამარინი" რომ იყიდება, თავიდან ბოლომდე "კატრექსის", თუმცა შედარებით ცუდი გადამღერებაა.

სიცოცხლის ბოლო წლებში ალექსანდრე გაჩეჩილაძემ "კატრექსის ლაბორატორიას" სახელი შეუცვალა და "ადაპტოგენი" დაარქვა, რადგან უკვე ადაპტაციის მექანიზმებზე, სიცოცხლის გახანგრძლივების, გაახალგაზრდავების საკითხებზე მუშაობდა.

- ცნობილია, რომ გაჩეჩილაძე ყველა გამოგონილ პრეპარატს თავის თავზე ცდიდა. ის ინფარქტით გარდაიცვალა. შეიძლებოდა თუ არა, რამე უკუჩვენებით ყოფილიყო გამოწვეული მისი ამგვარი სიკვდილი?

- შეუძლებელია. პრეპარატებს მოხალისეებზეც ცდიდა. ყველა მათგანი დღეს საღ-სალამათია, 15 წლით მაინც არიან გაახალგაზრდავებული. გაჩეჩილაძესაც არაფერი მოუვიდოდა, მისთვის სასტიკი ბრძოლა რომ არ გამოეცხადებინათ: რამდენჯერმე თავს დაესხნენ უცნობი პირები და სასტიკად სცემეს; ცდილობდნენ ფსიქოლოგიურ ზემოქმედებასაც, დაშინებას და იძულებას, რომ თავი გაენებებინა კვლევებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ინფარქტი ნერვიულობასა და სტრესსაც შეეძლო გამოეწვია, არსებობდა მისი სიკვდილის სხვა ვერსიაც. მაშინ ბევრი ფიქრობდა, რომ ალექსანდრე გაჩეჩილაძე მოწამლეს...

კიბოსთან ბრძოლისა და გაახალგაზრდავების ხალხური რეცეპტები

უძველეს დროში კიბოს განსაკურნებლად თურმე კიბორჩხალა გამოიყენებოდა (უცნაურია, მაგრამ ამ სენს კიბო ეწოდება). ძველ წიგნებში რეცეპტი დაახლოებით ასეა გადმოცემული: 25 ცალი 12 სანტიმეტრამდე სიგრძის კიბორჩხალა გარეცხეთ გამდინარე წყალში, ჩაყარეთ სამლიტრიან ქილაში, დაასხით სპირტი. 30 დღის განმავლობაში დადგით და ჭურჭელი დღეში ორ-სამჯერ მაგრად შეანჯღრიეთ. 30 დღის შემდეგ სპირტი სხვა ჭურჭელში გადაწურეთ, კიბორჩხალა გაახმეთ, დაფქვით.

ნახევარი კოვზი ფხვნილი ცოტაოდენ გადანახულ სპირტში გახსენით და დღეში სამჯერ მიიღეთ...

...უნდა ვიცოდეთ, რომ ორგანიზმში არსებობს ოთხი სახის უჯრედი, ახალგაზრდა, საშუალო ასაკის, ბებერი და მკვდარი. მაგალითად, ბებერი უჯრედების რიცხვი ერთ წლამდე ასაკის  ბავშვში მხოლოდ 1%-ია, 10 წლის ასაკის მოზარდში - 10%, 40-50 წლის ასაკის ადამიანში კი უკვე 40-50%. ორგანიზმს სჭირდება ახალგაზრდა და საშუალო ასაკის უჯრედები, ვინაიდან სწორედ ბებერი უჯრედებისგან ვითარდება სხვადასხვა დაავადება. აქვე აღვნიშნავ, რომ მოხშირებულ ე.წ. პლასტიკურ ოპერაციებს ხანმოკლე შედეგი აქვს, რადგან კანგადაჭიმული ადამიანი ერთ წელიწადში უფრო მეტადაც კი ბერდება. გაახალგაზრდავება სწორედ ახალგაზრდა და საშუალო ასაკის უჯრედების გამრავლებით უნდა მოხდეს.

როგორ უნდა მივაღწიოთ ამას? ძველ ქართულ კარაბადინში საინტერესო ამბავს წავაწყდი: თურმე ქართველი ექიმები ავადმყოფს ურჩევდნენ,  ცოტაოდენი ხმიადის მიღების შემდეგ ენის წვერზე მწიკვი მარილი დაედოთ. ამას პაციენტები თურმე დღეში 5-10-ჯერაც კი აკეთებდნენ. ეს არა მხოლოდ სხვადასხვა დაავადებასთან ბრძოლის, არამედ გაახალგაზრდავების საშუალებადაც ითვლებოდა. ამ ფაქტის მეცნიერული ახსნა ის არის, რომ მარილის ენის წვერზე დადებით მომენტალურად ხდება კუჭის წვენის გამოყოფა. 70-იან წლებში საქართველოში იაპონელი მეცნიერები ჩამოვიდნენ. ინახულეს აფხაზეთის მაღალმთიან სოფლებში 100 წელს გადაცილებული მოხუცები. აინტერესებდათ მათი სიცოცხლის ხანგრძლივობის მიზეზი. აღმოჩნდა, რომ ამ ხალხის ჯანმრთელობის საიდუმლო არა მხოლოდ სუფთა ჰაერი, არამედ სწორი კვებაც იყო. მათ მიწაზე მჟავე წყალი მოსჩქეფდა,  ყოველდღიური საკვები კი მწნილისა და შავი, მომჟავო ღვინისგან (თითო ჭიქა მაინც) შედგებოდა... ე.ი. კუჭის წვენი დიდი რაოდენობით გამოიყოფოდა და გადაამუშავებდა ბებერ და მკვდარ უჯრედებს.

გაგრძელება შემდეგ ნომერში