"სახლი რუსთაველზე" - კვირის პალიტრა

"სახლი რუსთაველზე"

8 სექტემბერს, 4 საათზე, "ბიბლუსის" ახალ მაღაზიაში (ვაჟა-ფშაველას #47) გოგი ხარაბაძის ავტობიოგრაფიული წიგნის - "სახლი რუსთაველზე" პრეზენტაცია გაიმართება.

"კვირის პალიტრის" მკითხველს!

როგორც ძახილი ეფემერიდის....

რუსთაველის პროსპექტი ჩემი ქალაქის მთავარი ქუჩა იყო....

მთავარი ქუჩა იყო ჩემი ცხოვრებისაც....

ქუჩა-სცენა, სადაც თამაშდებოდა "ცხოვრება" ჩემთვის ნაცნობი და უცნობი, ტრაგიკული და კომიკური ნიღბების მონაწილეობით. ყველაფერი იქ, იმ სცენაზე  იყო თავმოყრილი - მთავრობაც, მხედრობაც, მეფისნაცვლის სასახლეც, ბაღებიც,  სალოცავებიც, თეატრებიც....

წლებთან ერთად იცვლებოდა დეკორაცია და მოქმედი პირები. მეც დეკორაციის ერთი ნაწილიდან მეორეში ვინაცვლებდი.

პირველი და მთავარი იყო სახლი, რუსთაველის 33-ში, სადაც დავიბადე და  ფეხი ავიდგი... მერე, 1 სკოლა და თეატრალური ინსტიტუტი, ისევ რუსთაველზე, ბოლოს ნამდვილი თეატრი და ნამდვილი სცენა რუსთაველის თეატრში. ახალი  როლები, ახალი ნიღბები, ახალი ვნებები, ახალი ადამიანები...

ყველაფერი ამის შესახებ მომინდა დამეწერა და დაიბადა "სახლი  რუსთაველზე".

თითქოს რაღაც არ მყოფნიდა, რაღაც მაკლდა... პოეზია იყო! შესანიშნავი  ლექსები თბილისზე და რუსთაველზე, ქართველი პოეტებისა! ისიც ჩავწერე და წიგნს დავურთე.

ამასობაში "ცხოვრების" დეკორაციაც იცვლება, მომავალი მოქმედი პირები სხვა სიმბოლოებს არჩევენ, სხვა რეკვიზიტს იყენებენ, სხვა კოსტიუმებით იმოსებიან, სხვა რეჟისორებსა და დრამატურგებს იწვევენ... მაყურებელიც სხვა ჰყავთ...

"სანახაობაც შეიცვლის რიდეს, ძველი თაობა თანდათან მიდის, როგორც წუხილი არაგვის კიდის, როგორც ძახილი ეფემერიდის"...

პატივისცემით, გ.ხ.

გთავაზობთ ამოარიდებს წიგნიდან: "სახლი რუსთაველზე"

სახლი, რომელშიც დავიბადე - ეს 1942 წელს, გაგანია ომის დროს მოხდა - ახლა რომ ფოსტის დიდი შენობაა რუსთაველის გამზირზე, მის ადგილას იდგა, 33 ნომერში.

ჩვენი ფანჯრები და რკინისრიკულებიანი აივანი, მაშინ - პურის მაღაზიას, დღეს - რესტორან "მარკო-პოლოს" უყურებდა შიგ თვალებში.

მახსოვს გათენება, რიბირაბო და გრძელი რიგები ომის შემდგომი შავი პურის ულუფისთვის.

დილით მზე შემოჩახჩახდებოდა ჩვენს მაღალჭერიან ორ ოთახში, ღამით კი "საქინფორმის" შენობის თავზე მოკიაფე რუსულენოვანი გაზეთის, "ზარია ვოსტოკას" რეკლამა გვიჭვრიტინებდა.

სამსართულიანი, საგულდაგულოდ შებათქაშებული სახლი, თავისი აივნებით, სადარბაზოებით, სხვენითა და ეზოთი, რომელთა ყველა ლაბირინთი ათვისებული გვქონდა ბავშვებს, მთლიანად ჩვენი "ზონა", ჩვენი სამფლობელო იყო.

თბილისური ეზოებისა და სახლების თავისებური წყობა თვითონ გიყენებდა პირობებს, გიკარნახებდა ცხოვრების ღია წესს. საერთო მარტო აივანი, საპირფარეშო ან სამზარეულო კი არა, ცხოვრება იყო. ყველაფერი ვიცოდით, რაც ერთმანეთის თავს ხდებოდა. ეტყობა, იმდროინდელ მმართველ პარტიას აინტერესებდა, გამადიდებელი შუშის ქვეშ რომ ეცხოვრათ კომუნიზმისაკენ მწყობრი ნაბიჯით მიმავალ მოქალაქეებს და ვცხოვრობდით კიდეც... თუ ამას ბავშვის ფართოდ გახელილ თვალებსა და უზომო ცნობისმოყვარეობას დავამატებთ, საინტერესო ნაზავს მივიღებთ. თითოეული მეზობლის საცვლები ვიცოდი ზეპირად. არა, ვინმეს კი არ ვუთვალთვალებდი, ყველაფერი თავისთავად ხდებოდა - პატრონი ჩემ თვალწინ ფენდა მათ გასაშრობად...

****

ერთ მშვენიერ პირველ სექტემბერს სკოლაში წამიყვანეს.

ის დღეც კარგად მახსოვს და პირველი გზაც - სკოლისკენ. დედაჩემს ცალ ხელში "დედაენიანი" ჩანთა ეჭირა, მეორეში - ჩემი ხელი და რუსთაველზე მივყავდი ჩვეულებრივზე საქმიანი ნაბიჯით.

"ნიკოლოზ ბარათაშვილმა ამ კიბეზე მოიტეხა ფეხი და მერე მთელი სიცოცხლე კოჭლობდა", - თითქოს მაფრთხილებდა დედაჩემი კიბეზე ასვლისას.

სკოლის პერიოდის ერთი ძლიერი შთაბეჭდილება - დაწყებითი კლასის მოსწავლე ვარ. გაკვეთილები დაგვიმთავრდა. გარეთ დედა მელოდება, რაღაც უჩვეულო ხდება, ქუჩა სავსეა უცნაურად აფუთფუთებული ხალხით. დედაჩემიც აფორიაქებულია, ხელს მკიდებს და შინისკენ მექაჩება. ვგრძნობ, რაღაცას უნდა გამარიდოს, ვუძალიანდები, კისერი იქით მეღრიცება, მთავრობის სახლისკენ, სადაც ხალხია შეკრებილი.

ხელიდან ვუსხლტები და მათკენ გავრბივარ.

ეს ის დროა, როცა მთავრობის სახლის, დღევანდელი პარლამენტის შენობის, მშენებლობაა გაჩაღებული.

პირველი, რაც თვალში მხვდება, მორღვეული ღობეა. ხალხი ჩემკენ ზურგით დგას. წვალებით მივიკვლევ გზას მათ შორის. უცნაური სანახაობა იშლება ჩემ თვალწინ, ზუსტად იმ ადგილას, სადაც წლების შემდეგ, 9 აპრილს, საბჭოთა ჯარი სისხლიან კალოს მოაწყობს - უზარმაზარი ორმოა გათხრილი. ხალხი თხრილს ჩაჰყურებს. კაციშვილი ხმას არ იღებს. პირდაფჩენილ მიწაში ძველი ხის მოგრძო ყუთებს ვხედავ...

მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ ვიგებ, როგორ ანგრევდნენ გასაბჭოების შემდეგ ბოლშევიკები ეკლესია-მონასტრებს, როგორ დაუნგრევიათ ჩემი სკოლის გვერდით მდგარი ალექსანდრე ნეველის ტაძარი, ე. წ. "სობორო", რომლის ეზოშიც 1921 წელს კოჯორთან საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი იუნკრები განისვენებდნენ. გათხრილ ორმოებში სწორედ იმ მებრძოლთა კუბოები მინახავს იმ დღეს, როცა წარსულზე ქვაფენილის დაგებას იწყებდა მაშინდელი მთავრობა.

****

მოწაფეობისას რუხი ფერის მაუდის ფორმები გვეცვა, კიტელზე ბალთიანი ქამარი გვქონდა შემოჭერილი, რომელსაც სკოლის ნომერი ამშვენებდა.

ჩხუბის დროს უნდა გენახათ ამ ქამრების ბზრიალი. უბედურება იყო კლასი - კლასზე, ახლაც მატყვია იმდროინდელი ორი ნაიარევი. მე-6 კლასში გოგოები შემოგვიერთეს და მერე სულ აირია მონასტერი. სულითა და გულით ვცდილობდით მათი ყურადღების მიპყრობას, მათ წინაშე თავის მოწონებას.

გაზაფხულზე, რუსთაველზე რომ გამოეფინებოდნენ დედებისა და ბებიების გადაკეთებული, ნაზამთრალი ტანსაცმლისგან გათავისუფლებული გოგოები, თავით დავდიოდი... არა, კი არ დავდიოდი, დავფრინავდი... სულ მცხელოდა, გული გამალებით მიცემდა, სადღაც ღრმად, ღრმად... მინდოდა, ყველას გაეგონა ჩემი გულისძგერა, ყველას ეგრძნო ჩემი სიმხურვალე და სითბო. ერთხელ, ლაღიძის სახაჭაპურის თეთრწინსაფრიანი მიმტანი გოგონას ყურადღების მიპყრობის ჟინით შეპყრობილებმა სხვა ვერაფერი მოვიფიქრეთ და "სკვაზნოის" გაკეთება გადავწყვიტეთ.

კარგად დანაყრებულებმა ფული არ გადავიხადეთ, ჯლიგინ-ჯლიგინით ავირბინეთ მარმარილოს კიბე და აქეთ-იქით გავიფანტეთ.

შინ აქოშინებული მივვარდი და საკუთარი საქციელით აღფრთოვანებულმა დედაჩემს მოვუყევი, რაც ჩავიდინეთ. ხმა არ გაუცია, ისე დაიწყო ჩაცმა. დავიბენი, შევწუხდი. სად მიდიხარ-მეთქი, - წავილუღლუღე. "ფულს იმ ოფიციანტს გადაახდევინებენ, წავალ, შევეშველებიო," - მითხრა და კარი გაიხურა...

****

ყველას თავისი თბილისი ჰყავს-მეთქი, ასე ვიწყებ ჩემს თბილისსა და რუსთაველზე თხრობას. ამ ფირფიტაზეც (წიგნს ერთვის ცდ დისკიც) თავიანთ თბილისს უმღერიან დიდი პოეტები....

ზოგ მათგანს სალმით ვიცნობდი, ზოგთან ძმობა, მეგობრობა მაკავშირებდა, ზოგიც - საუკუნეები რომ მაშორებს–- ჩემს განუყრელ თანამგზავრად, ჩემს ნაწილად მიქცევია. როცა ისინი მომენატრებიან, მათ ლექსს მივაკითხავ, ვკითხულობ, ხშირად ხმამაღლა, სხვის გასაგონად. ახლაც ასე მოვიქეცი...

მარტო არ ვყოფილვარ ამ საქმეში. თაობათა გადაძახილი გამოვიდა....

მხარში მედგა ჩემი უფროსი მეგობარი ნოდარ მამისაშვილი, კომპოზიტორი, მეცნიერი, მოაზროვნე, ახალი ქართული ზარის ამხმიანებელი თავისი ბგერითა და ესთეტიკით და შესანიშნავი ახალგაზრდა მხატვარი, ასევე ჩემი მეგობარი,  ოღონდ უმცროსი, კოტე ჯაფარიძე, რომელმაც ჩემი სამყარო თავისებურად, თავისი დროის სახეებითა და ფერებით ჩახატა.