ჰო, მე ბედნიერი ვარ! - კვირის პალიტრა

ჰო, მე ბედნიერი ვარ!

საქართველოს ერთი ჩვეულებრივი საშუალო-სტატისტიკური მოქალაქე ვარ. ვცხოვრობ მშობლებთან, ცოლსა და შვილებთან ერთად, მაქვს სამსახური, რომელზეც არასოდეს ვოცნებობდი, დილიდან საღამომდე ვმუშაობ და ვიღებ საშუალო-სტატისტიკური ოდენობის ხელფასს.

იშვიათად ვეცნობი პრესას, ინტერნეტს მხოლოდ გასართობად ვიყენებ, სამაგიეროდ, ყოველდღე ვუყურებ "ახალ ამბებს" ცენტრალურ არხებზე. ეს მაბედნიერებს: როგორ აშკარად გაუმჯობესდა საქართველოში ცხოვრების დონე, რა სწრაფად მივიწევთ წინ! აგერ-აგერ, ევროკავშირშიც შევალთო, ამბობენ (ისე, ძალიან კი მაინტერესებს, რა არის ევროკავშირი, მაგრამ მეზარება წიგნებში ქექვა).

მომწონს განახლებული საქართველო, გადაღებილი კედლები, კრამიტის სახურავები მცხეთასა და სიღნაღში. გარედან ძალიან ლამაზია ეს ყველაფერი (შიგნიდან როგორია, ვერ გეტყვით, არასოდეს მინახავს). არადა, თურმე, ვიღაც ჟურნალისტს ეს ჩვენი ქალაქების განახლება-გარემონტება გაუკრიტიკებია, კიჩია ეს ყველაფერიო (ანუ თვალის მოსატყუებელიო), ჰოდა, ვისგანაც საჭირო იყო, საკადრისი პასუხიც მიიღო: ჩვენმა პრეზიდენტმა პირდაპირ ტელევიზორიდან შეუთვალა, ვაი შენს პატრონს უბედურსო (ისე, რა კარგად იცის ხოლმე). არ იყო ღირსი თუ?!

ღირსი იყო, აბა, რა! შეხედეთ, რა კარგად გაარემონტეს ბათუმი და ანაკლია (ისე, ადრე არც ვიცოდი, თუ კურორტი იყო). ვოცნებობ, ერთხელაც ფული შევაგროვო და ერთი კვირით მაინც წავიდე ზღვაზე დასასვენებლად. მართალია, "შერატონში" ცხოვრებას ვერ გავწვდები, მაგრამ "კოიკას" მაინც ხომ ვიქირავებ? მალე აფხაზეთსაც დავიბრუნებთ (ოდესმე ხომ მაინც უნდა მოეღოს ბოლო რუსეთის პარპაშს, ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს აქვს დასასრული!) და სოხუმიც ასევე გალამაზდება.

მანამდე კი ზაფხულის გატარება ისევ თბილისში მიწევს, თუმცა აქაც მომწონს: რიყეზე ახალგახსნილ პარკში გავისეირნებ, თვალს გავახარებ (ლუდს კი დალევდა კაცი, მაგრამ აკრძალეს, თუმცა ეგ არაფერი, ე. ი. საჭირო იყო). მერე მშვიდობის ხიდიდან მტკვარს გადავხედავ (რა ლამაზი მდინარეა, ანკარა და სუფთა). პირდაპირ ზედგამოჭრილია ეს ხიდი ჩვენი ქალაქისთვის (ნეტავ უფრო ადრე რატომ ვერ მოიფიქრეს?). KvirisPalitra.Geიქიდან იქნებ შარდენზეც გავისეირნო: ჩემი ჯიბე, მართალია, იქაურ კაფეებს ვერ სწვდება, სამაგიეროდ, ხალხში გამოვჩნდები (ის მაწუხებს, ყოველ ნაბიჯზე ხალხი რომ გხვდება და ხურდა ფულს გთხოვს, მაგრამ ეგ არაფერი, ღვთის მადლით მაგასაც ეშველება).

ერთი ეს არის, ეს ყველაფერი თორმეტ საათამდე უნდა მოვასწრო, თორემ შემდეგ მეტრო იკეტება და სახლში ვეღარ წავალ. რაც სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობა“ გაძვირდა, ძირითადად, მეტროთი მიწევს მგზავრობა. რა ვქნა, ჩემი ხელფასი ტრანსპორტს აღარ ჰყოფნის. თუმცა, რადგან გააძვირეს, ე. ი. ასე იყო საჭირო. მე რა მესაქმება?! იქ, ზემოთ, ჩემზე უკეთ იციან, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. მე პატარა კაცი ვარ. ის კი არა, აგერ რობერტ სტურუა, ამოდენა რეჟისორი, გაათავისუფლეს სამსახურიდან, ჰოდა, ვგავარ ახლა ისეთ კაცს, სამუშაოს დაკარგვა რომ უნდა?

KvirisPalitra.Geშვილებსაც ასე ვასწავლი: ყოველთვის მშვიდად შეეგუონ ყველაფერს, რადგან უმიზეზოდ არაფერი ხდება. რომ გაიზრდებიან, კარგ პროფესიებსაც ავურჩევ, რომ უდარდელი სიბერე მქონდეს. ჩემი მშობლებიც სულ ამას ჩამჩიჩინებდნენ, ჩემს მშობლებს - იმათი მშობლები და ა.შ. ამიტომაც დინებას ყოველთვის მშვიდად და უზრუნველად მივყვებოდით. ეს ჩვენი ოჯახური ტრადიციაა, ტრადიციას კი არასოდეს ვღალატობ: მე ხომ საქართველოს ერთი ჩვეულებრივი საშუალო-სტატისტიკური მოქალაქე ვარ, ჩემი ყოფით სრულიად კმაყოფილი და ბედნიერი.

გიორგი გოგუა