ზურა ბერიკაშვილი: - ჩვენს ოჯახში ყველანი "არავისტები" ვართ - კვირის პალიტრა

ზურა ბერიკაშვილი: - ჩვენს ოჯახში ყველანი "არავისტები" ვართ

"რეალობა უნდა აღიქვა და ყველაფერი იღონო ქვეყნის გადასარჩენად..."

არ ვიცი, ვინმეს თუ უნახავს მსახიობი ზურა ბერიკაშვილი აღელვებული და წონასწორობადაკარგული. მე - არასოდეს. გუმანით ვხვდები, არც ისე მშვიდია, როგორიც ჩანს. ალბათ ბევრს ღელავს კიდეც, მაგრამ ნაკლებად ამჟღავნებს. ყველაზე ემოციურ საკითხებზეც კი ძალიან მშვიდი ტონით ვილაპარაკეთ...

ზაფხულია და ასეთი შეკითხვით დავიწყე ინტერვიუ: - ახლა სად ბრძანდებით-მეთქი...

- გომბორში ვარ ოჯახთან ერთად. აქ აგარაკი გვაქვს. მთელი წელი თეატრში მუხლი არ ჩაგვიხრია. ვიყავით საზღვარგარეთ გასტროლებზე, სამი დღის წინ დავასრულეთ რეპეტიციები ახალ სპექტაკლზე...

- რა სპექტაკლზე მუშაობდით?

- ერთდროულად სამ პრემიერაზე ვმუშაობდით. მე ვთამაშობ სპექტაკლში "ხეები ზეზეულად კვდებიან"...

- ბავშვები თუ გაძლევენ დასვენების საშუალებას?

- არ არიან ცელქები...

- ანუ იმ ბავშვებს არ ჰგვანან, დამამშვიდებელი წამლის რეკლამაში მამათქვენს - ბატონ გივის თავზე რომ ასხედან?

- ნამდვილად არ ჰგვანან. ასეთი ცელქი მეც არასოდეს ვყოფილვარ.

- აგვისტო საქართველოსათვის მძიმედ მოსაგონარ თვედ იქცა...

- შარშან ამ დროსაც გომბორში ვისვენებდით. მერე წვერში ვაპირებდით წასვლას. როცა 8 აგვისტოს ვაზიანის აეროდრომი დაიბომბა, გზაში ვიყავით. ახლა იმაზე ლაპარაკი, რა განვიცადეთ, მგონი, საჭირო არცაა. საშინელებაა, შენს ქვეყანას რომ ასე უჭირს და ვერაფერს შველი. წელს ომის საშიშროებას ვერ ვხედავ, მაგრამ დაძაბულობა, ალბათ, კარგა ხანს გაგრძელდება. ვცდილობ, ოპტიმისტი ვიყო. გამოსავალი შეთანხმებაშია, მაგრამ როცა საქმე შენს მიწას ეხება, დათმობა დაუშვებელია. რაც შეეხება პოლიტიკურ სიტუაციას, აქ კი მოლაპარაკებაა საჭირო. ომით ქვეყანა არ აშენდება.

- ოჯახის წევრებს ყველას ერთნაირი აზრი გაქვთ პოლიტიკაზე, თუ ხანდახან კამათობთ?

- ხშირად ვმსჯელობთ ამ თემაზე. თამამად ვიტყვი: ჩვენს ოჯახში ყველანი "არავისტები" ვიყავით და ვართ. ყველაფერს კარგად ვხედავთ, რა ხდება და ვინ რას ცდილობს. მსახიობი ოპოზიციურად უნდა იყოს განწყობილი... სხვაგვარად თეატრი ფუნქციას დაკარგავს. ჩვენ გვაქვს საშუალება, რომ სცენიდან ვესაუბროთ მაყურებელს, ვუთხრათ, რა მოგვწონს, რა არ მოგვწონს და მიუღებლად გვეჩვენება. სწორი არ არის, ვიღაც გიყვარდეს, ან არ გიყვარდეს და ამის გამო პოზიცია იცვალო. რეალობა უნდა აღიქვა და ყველაფერი იღონო ქვეყნის გადასარჩენად...