ჩვენი ოტია - კვირის პალიტრა

ჩვენი ოტია

"ოტია" - ეპიტაფიად ქცეული სახელი

ადამიანის ცხოვრება, რაც უნდა ხანგრძლივი, საინტერესო და მადლმოსილი იყოს ის, ერთი ბოლო სიტყვით შეიძლება გაიზომოს... ამ ბოლო სიტყვას ეპიტაფია ჰქვია... ცოტა თუ განვავრცობთ და განვაზოგადებთ, ეს არის სიტყვა, რომელიც მის მერე რჩება, როგორც სიმბოლო მისი შეუცვლელი არსებობისა.

დღეს სახელ "ოტია"-ს ხსენებაზე ყველას მწერალი ოტია იოსელიანი ახსენდება; იქნებ იმიტომ, რომ ეს სახელი დატოვა, როგორც საკუთარი თავის ეპიტაფია... სწორედ ისე, მისმა გმირმა - სერაფიონმა რომ დატოვა სიკვდილის მერე:

"დიდი, საგანგებოდ დიდი და გამძლე ქვა დაადეს სერაფიონს გულზე, ლამის სული ამოხადეს კაცს.

- წარწერა როგორი უნდა იყოს, ასოები მსხვილი თუ შედარებით წვრილი და თვალსაჩინო?

- გაკრული ხელით აჯობებს დაწერა, თუ ბეჭდურით?

- გრძელი უნდა იყოს ასოები, თუ მოკლე და მსხვილი?

- შავი თუ თეთრი, ოქროსფერი თუ ვერცხლისფერი?

ვერაფერი გადაწყვიტეს. ისევ ოსტატს მიანდვეს, ეს ჩვენზე უფრო შენ გესმისო, მაგრამ გააფრთხილეს: ყველაზე უკეთესი კი უნდა იყოსო.

- აბა, ახლა რა ვქნათ?

- რა დავაწეროთ?

- რა უნდა ეწეროს სერაფიონის საფლავის ქვაზე?..

ამან ყველა ჩააფიქრა. ამან ყველას წაართვა პირში ენა. ჩამოსხდნენ საფლავზე და შემოიბჯინეს ხელები თავზე. ფეხის თითებთან თვალი მიწას ჩაასვეს. იფიქრეს, იფიქრეს, მაგრამ ამაოდ ეჭირა ოსტატს ხელში მომარჯვებული საჭრისი. მერე კანტიკუნტად წამოისროლეს თითო-ოროლა სიტყვა. ეს, რა თქმა უნდა, ისე, სხვათა შორის, თორემ ვის სჯეროდა, რომ ეს სჯობდა სხვას.

- ძვირფას სერაფიონს! - იყო წინადადება.

- არ ვარგა! სერაფიონი რომ ძვირფასია, ამას რა დაწერა უნდა!

- დაუვიწყარ სერაფიონს...

- გადაირიე, შე კაცო, სერაფიონის დავიწყება სად გაგონილა?!

- საყვარელ სერაფიონს!

- დაკარგე ჭკუა? სერაფიონის მოძულე კაცი გინახავს?!

დაღლილი ოსტატი ანგარიშმიუცემლად დაეშვა ბალახებში, ხალხი ისევ და ისევ ბჭობდა.

მგონი, გვიან საღამოს რაღაც გადაწყვიტეს, სხვა გამოსავალი ვერაფერი იპოვეს და ოსტატი შეუდგა საქმეს...

დილით შორიდან თეთრ ქვაზე ამოკვეთილი ჩანდა. ამასაც უშოვეს წამალი. ოქროსფერი ლაქით შეღებეს ამოჭრილი ანბანი და საქმეც გაიჩარხა, მიდიოდი თუ მოდიოდი, ღრუბლიანი იყო თუ მზიანი, ადვილად შეგეძლო გაგერჩია კაცს ერთი სიტყვა.

დიახ! მხოლოდ ერთადერთი სიტყვა: "სერაფიონი".

ოტია იოსელიანის დანატოვარი სახელის უკან შეიძლება ბევრი რამ წაიკითხოთ - ბევრი მის ნაწარმოებებშია კონცენტრირებული. რაც უნდა მცირე და "ხელისგულისხელა" იყოს მისი სიტყვა, წაკითხვა "ვრცლად" შეიძლება - ცხოვრებისეული გამოცდილების ჭრილში...

მაგალითად "სპილო და მელა" ავიღოთ...

"ეშმაკმა ჭკვიანმა მელამ იფიქრა: ლომი რომ მსხვერპლს ძვალ-რბილიანად ნთქავს და კბილის გასაკრავს არაფერს გვიტოვებს, მეფედ რომ ბალახის მჭამელი სპილო იყოს, ხომ ავშენდით, მძორი თავზესაყრელად გვექნებაო.

მიადგა ვეება სპილოს და ეუბნება:

- თუ მეფობა ძალა და ღონეა, შენა გაქვს, შენი მომრევი ცხოველებში არავინაა. Lლომს რომ ხორთუმი დაავლო და მიწას დაანარცხო, ან ფეხი დაადგა, გათავებულია მისი არსებობა. თუ სადმე სამართალია, მბრძანებელი შენ უნდა იყო.

- ძალა და ღონე კი, მაგრამ მე კეთილი ვარ.

- მერე, მაგას რა სჯობს!

- გულჩვილი ვარ, სისხლის დანახვაზე ვიზაფრები.

- აბა, ავი, გულღრძო, სისხლისმსმელი და უსამართლო გჯობს?!

- უსამართლო არა, მაგრამ სამართალმაც რომ მოითხოვოს, სისხლს მაშინაც ვერ დავღვრი. ამიტომ სჯობს, ახლა შენ წახვიდე და როცა ქათმის, ბატის, ბაჭიებისა და ვირთაგვების ჭამას გადაეჩვევი, როცა ჩემსავით ბალახის ჭამას დაიწყებ, მერე მოდი და მაშინ გადავწყვიტოთ: მეფედ სპილო უნდა იყოს თუ ლომი!"

...სპილოს მეფობამონატრებულ საზოგადოებაში ბევრი მაყვირალი უნახავს, ცოტა ხნის წინ გვარიანად რომ იყო გამომძღარი ხორცით... მაძღარ კუჭზე მოძალებულ ფიქრებში კი ისეთ მმართველზე ოცნებას წაუღია, სისხლს რომ ვერ იტანს და უწყინარია... ასე ზუსტად რომ ხედავდა, ამის გამო შეიყვარა ხალხმა და დღეს, სადაც უნდა ახსენო მისი ეპიტაფიად ქცეული სახელი,  ყველგან ღიმილს მოგაგებებენ. უფრო წიგნიერები მის რომელიმე მოთხრობას გაგახსენებენ კიდეც სახელდახელოდ...

ამას წინათ გურიის ერთ სოფელში გაცხარებულ პოლიტიკურ საუბარს ვუსმენდი. გლეხური გამჭრიახობით ეკამათებოდნენ ერთმანეთს... მერე ერთმა გურულმა მეორეს სასწრაფოდ მიახალა პირში: - მაი, ძამა. იცი .რაფერაა? ოტია რო წერდა, ისეო და ეს გაახსენა:

"ერთი რუხი მგელი დაბერდა, დაჩაჩანაკდა, მუხლმა უსუსტა, კბილებიც კი დაუცვდა და გადაწყვიტა: მეყო მგლობა, ბოროტებას დავანებებ თავს და სიკეთის გზით ვივლი: ვიმარხულებ, მოვინანიებ, ვინძლო გატეხილი სახელი მოვიშორო და ზნეკეთილისა დავიმკვიდროო.

უნდა ტყის ბინადართ ამცნოს, - მგლობას თავი დავანებე, ნურაფრის შიში გექნებათ, ცა ქუდადაც თქვენი იყოს და დედამიწა ქალამნადო. გაიგეთ, დაიჯერეთ, რომ აღარავის ვერჩიო.

მაგრამ ვის გინდა, რომ გააგებინო. დაინახავენ თუ არა, ყველა თავქუდმოგლეჯილი კისრისტეხით გარბის.

- ნუ გეშინიათ, ის აღარა ვარ, რაც ვიყავი, ის აღარა ვარ, რაც გახსოვართო!

- მაშინ ვინ ხარო? - მოაძახეს.

- მგელი ვარ, მაგრამ რაც ვიყავი, ის აღარაო.

- მაშინ ვინ? კურდღელი, შველი, ჯეირანი თუ ირემიო?

- მგელი, მაგრამ კეთილი, მარხული, ლმობიერი...

შეჩერდნენ და დააჩერდნენ. არავითარი ისა და ესა, ხედავდნენ - მგელია. მოკურცხლეს და გაუჩინარდნენ. დადის საწყალი, დაძუნძულებს და დაყმუის:

- გაიგეთ, ის აღარა ვარ. გაიგონეთ, მგელი ვარ, მაგრამ ის, რაც ვიყავი, აღარა ვარ, სათნო ვარ, ალალ-მართალიო!

ვინ დაგიჯერებს, მგელი იყო და იძახო - მგელი არა ვარო!"

კრიტიკოსები ალბათ ისევ იმსჯელებენ მწერლის შემოქმედებაზე, მაგრამ ის, რაც ხალხმა შეიყვარა, წარუშლელად რჩება მის მეხსიერებაში.

"დაჩის ზღაპრებზე" გაზრდილი თაობა არც ისეთი ბოროტებასთან მებრძოლი გამოდგა, ოტია იოსელიანი რომ ინატრებდა, მაგრამ დრო იდგა ცუდი და ამ თაობას თავისი ხელი დაატყო...

"მრცხვენიას" "მინდამ" აჯობა, "ხვნა-თესვის აუცილებლობის შეგრძნება" "მშია და მაჭამემ" ჩაანაცვლა უბოდიშოდ... ცხოვრება ზღაპრად გაუგონარ ზღაპრებს წერდა. მწერალიც იქ იყო - ამ გულგასახეთქი ცხოვრების შუაგულში, თავის წილს ხნავდა და თესავდა და სხვათა გასაგონად "ზღაპრად გაუგონარ ზღაპრებს" წერდა:

"იყო და არა იყო რა, იყო ცოლ-ქმარი და ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდათ. როცა დაიბადა, დედ-მამა სიხარულით ცას ეწია და მზისა დაარქვეს - ნათელს, სითბოსა და სიყვარულს არ მოგვაკლებსო, მაგრამ ყოველთვის მზეთუნახავები და ღვთისნიერები ზღაპარშიაც არ იბადებიან. მზისა ძალიან შეუხედავი, გონჯი მოევლინა ქვეყანას. მის ყოლას ბარემ არყოლა სჯობდა, მაგრამ შვილი რომელ მშობელს მოუძულებია?!

იზრდებოდა, მაგრამ მიწის სამძიმარი იზრდებოდა: მჩხავანა, წუნკალი, ყიამყრალი; მეზობლის გოგონებს რომ თმით დაითრევდა, სანამ არ გაბდღვნიდა, ხელიდან ვერ გამოგლეჯდნენ. ბიჭებსაც კი არ ეპუებოდა, აკლებული ჰყავდა კუთხე-მეზობელი. გაუგონარი, უქნარა და დოყლაპია იყო.

იმისთანა მცონარა, ცხელი პურით რომ ხელი დაეწვა, მეორეში გადატანა დაეზარებოდა. კერიას მიფიცხებულს წვივები რომ დასწვოდა, უკან არ დაიხევდა. კვირა ისე გაივლიდა, პირზე პეშვ წყალს არ შეისხამდა.

მზისა დაარქვეს და მაინც მზისა ერქვა!

დედამისს, რაც მზისა გაჩნდა, თვალზე ცრემლი არ შეშრობია და მამამისს წარბი არ გახსნია. შრომობდნენ საწყლები, წელებზე ფეხს იდგამდნენ, მაგრამ არაფერს მათ ოჯახში ხვავი და ბარაქა არ ჰქონდა. შვილი ჭამდა და ჭამდა, ყბებს არ აჩერებდა და ყვავის ბახალასავით პირდაბჩენილი ჩხაოდა:

-მშია, მშია, თქვე გასაწყვეტლებო, შიმშილით მკლავთო!

ამისთანას მაყურებელ დედას რა აცოცხლებდა. გაუსკდა ერთ დღეს გული და გამოეთხოვა შვილსაც, ქმარსა და წუთისოფელსაც.

ხომ არ გგონიათ, მზისა მამას მხარში ამოუდგა, დედა არა მყავსო და ხელი გამოიღო. კიდევ უფრო გაანჩხლდა, გაკაპასდა და გაზარმაცდა".

მერე რა მოხდა? უფლისწულს სწორედ მზისა შეუყვარდა, აი, ისეთი, როგორიც იყო... დედინაცვალმა კი სილამაზის წყალი მოუტანა და მზეთუნახავი გახადა გერი... ზოგი სარკეში თავის ამოსაცნობად, ზოგიც - გულში სიკეთის გასაღვიძებლად... ზოგი სირცხვილის შესაგრძნობად, ზოგიც - სინდის-ნამუსის ძარღვის არგასაწყვეტად, ზოგი - საიმედოდ, ზოგიც - სასეიროდ, იქმნებოდა ოტია იოსელიანის შემოქმედება.

ზოგმა გვიან, ზოგმაც საერთოდ ვერ გადაშალა წიგნი... ზოგმა გაიცნო, ზოგმა ვერც გაიცნო მწერალი ოტია იოსელიანი, გაგებით კი ყველამ გაიგო, რომ ეს იყო კაცი, რომლის მოსმენაც სიამოვნებდათ... რომელიც ის იყო, რაც იყო - ოტია!