"ვინც გვაკრიტიკებს, ეტყობა, ახალი წიგნები არ უნახავს" - კვირის პალიტრა

"ვინც გვაკრიტიკებს, ეტყობა, ახალი წიგნები არ უნახავს"

"სამცხე-ჯავახეთიდან ვარ. ჩვენს რეგიონში წელს საატესტატო გამოცდებზე ბევრი არაქართველი ჩაიჭრა. ახლა შევიტყვეთ, რომ უმეტესობისთვის ატესტატები დაურიგებიათ. როგორ ამოარჩიეს არაქართველები (რამდენიმე ქართველსაც მისცეს. ალბათ, ვინმეს შვილები არიან), არ ვიცით. ვისაც არაქართველებზე მაღალი ქულები ჰქონდათ, უატესტატოდ დატოვეს. მშობლებს უთხრეს, ეს განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებაა და ჯობს, ამ ამბავს თავი დაანებოთო. ნინოწმინდის გარდა ასეთივე ამბავია წალკაში, კაზრეთის სკოლაში და თეთრიწყაროს რაიონის თითქმის ყველა სოფელში. ჩვენთან ამბობენ, ეს ამბავი ჯობს არც მოიკითხო, თორემ უსიამოვნება არ აგცდებაო. იმედია, სიმართლეს გაარკვევთ. ე. ა."

ეს წერილი რამდენიმე დღის წინ ელფოსტით მივიღე და მკითხველის მიერ დასმული საკითხის გასარკვევად და ახალი სასწავლო წლის სიახლეებზე სასაუბროდ განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს მივმართე:

- საატესტატო გამოცდების შემოღების გამო ე. წ. ექსპერტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბევრს გვაკრიტიკებდნენ. სცადეს საპროტესტოდ ბავშვების ქუჩაში გაყვანაც. მიუხედავად ამისა, ჩვენ მაინც ჩავატარეთ საატესტატო გამოცდები, რაც უაღრესად ძნელი უპირველესად ლოჯისტიკის მხრივ იყო, მაგრამ გამოცდები მაინც წარმატებით ჩავატარეთ.

მოსწავლეების ჩაჭრა ჩვენი მიზანი არ ყოფილა, მიზანი იყო, ბავშვებს უკეთ ესწავლათ. ვინც ვერ გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი, სერტიფიკატი მიიღო, რომლითაც უმაღლეს სასწავლებელში ვერ ისწავლის. ასეთები ცოტანი არიან, მაგრამ მათ შეუძლიათ გამოცდები მომავალ წელს უფასოდ ჩააბარონ და მხოლოდ იმ საგანში, რომელშიც ჩაიჭრნენ.

საატესტატო გამოცდების დასრულების შემდეგ, ივლისში, გამოვიდა ჩემი ბრძანება, რომლის თანახმად, მოსწავლეს, რომელმაც ვერ ჩააბარა საატესტატო გამოცდები და სწავლის გაგრძელებას საზღვარგარეთ აპირებს, სპეციალური სერიის ატესტატი მიეცეს.

- რა მიზნით მიიღეთ ეს გადაწყვეტილება?

- ბევრ ქვეყანაში საატესტატო და ეროვნული გამოცდები საჭირო არ არის და ბავშვს,  რომელსაც უნდა სხვა ქვეყანაში სწავლის გაგრძელება, სამინისტრო ატესტატს  აპოსტილით უმოწმებს, რათა მათი ინტერესები არ შეილახოს.

ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებისთვის, იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც სწავლას ზოგჯერ აზერბაიჯანსა და სომხეთში აგრძელებენ. ამ კატეგორიის მოსწავლეები საატესტატო გამოცდების გარეშე საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აკრედიტებულ და ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებლებში ვერ ჩააბარებენ.

ჩემთვის მთავარია სამართლიანობის პრინციპი: უატესტატოდ საქართველოს აკრედიტებულ და ავტორიზებულ უმაღლეს სასწავლებელში ვერავინ ჩააბარებს, მაგრამ საზღვარგარეთ თუ ენდომება სწავლა, სპეცსერიის ატესტატს ქართველიც და არაქართველიც მიიღებს.

- ალბათ, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს არ იცის, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ წერილს არ მომწერდნენ.

- ადგილობრივი რესურსცენტრები ინფორმირებული არიან, მაგრამ ჩვენი საზოგადოების ნაწილს, ჩანს, კონსპირაციისა და შეთქმულების თეორიები აწუხებს.

პატარა ქვეყანაში რეფორმების ჩატარება ძალიან რთულია. სიახლეებსა და რეფორმებს თავდაპირველად ძალზე ნეგატიურად ხვდებიან ჩვენთან. ე. წ. ექსპერტებმა ამას წინათ იმისათვის გამაკრიტიკეს, რომ გარემონტებულ სკოლებში საკლასო ოთახის კარის ნაწილი გამჭვირვალეა. ასეთი სტანდარტი არსებობს უცხოეთის ნებისმიერ სკოლასა და უმაღლეს სასწავლებლებში. ჩემმა ოპონენტებმა გამოაცხადეს, შაშკინი სასჯელაღსრულების სისტემაში რომ მუშაობდა, იქაური წესები სკოლებში გადმოაქვს და  საკლასო ოთახის კარზე სარკმელს ამიტომ აკეთებსო. ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა კი სულ რამდენიმე დღის წინ დამაბრალა, თითქოს ნეტბუკების, რომელთაც პირველკლასელებს ვჩუქნით, დაზიანების შემთხვევაში მშობლებს 700 ლარის გადახდა მოუწევთ. ნეტბუკები პრეზიდენტის საჩუქარია, საქართველოშია აწყობილი და თუ დაზიანდა, უფასოდ შეაკეთებენ.

- თბილისის ერთ-ერთი რუსული სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლემ, რომლის სკოლაც წელს დაიხურა, გვითხრა, აქამდე განათლებას რუსულად ვიღებდით და დამამთავრებელ კლასში გაგვიძნელდება  ქართულ ენაზე სწავლაო.

- არსებობდა დაახლოებით 40 რუსული სექტორი და გიდასტურებთ, ნახევარზე მეტი დაიხურა, რაც არა ჩემი, არამედ სკოლების სამეურვეო საბჭოების გადაწყვეტილებაა. მოსწავლეებს, რომლებიც რუსულ სექტორებში სწავლობდნენ, შევთავაზეთ, ან რუსულენოვან სკოლებში გადასულიყვნენ, ან ქართულენოვანში. მოსწავლეების 92% ქართულენოვან სკოლაში გადავიდა. თბილისის ყველა რაიონში ერთი ან ორი რუსული სექტორი მაინც დავტოვეთ.

- გასულ კვირას ხაშურის #1 საშუალო სკოლის პედაგოგმა დამირეკა, ჩვენს სკოლას, რომელიც ისტორიული ძეგლია, ყიდიანო.

- ამ ინფორმაციით მეც დავინტერესდი და გუბერნატორსაც ვესაუბრე. სკოლის გაყიდვაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია, რადგან ისტორიული ძეგლია. ვიღაცის ნათქვამის გამო ხომ არ შეიძლება ამხელა ამბის ატეხა?

2100 სახელმწიფო სკოლიდან დაახლოებით 8 სკოლაში კერძო სკოლაც ფუნქციონირებდა. წლის დასაწყისში ყველა კერძო სკოლის დირექტორს შევხვდი და შევახსენე, რომ 2011 წელს ვადა გასდიოდა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც კერძო სკოლებს საჯარო სკოლის შენობებში ყოფნის ვადა ეწურებოდა. კერძო სკოლების 90%-ს უკვე საკუთარი შენობა აქვს, მაგრამ რამდენიმე კარგი კერძო სკოლა შენობის გარეშე დარჩა და დახმარება მთხოვა. მოვიფიქრეთ, რომ თბილისის 8 სკოლაში, რომლის ფართიც 1500 მოსწავლეზე იყო გათვლილი, მაგრამ მხოლოდ 500 მოსწავლე სწავლობდა, კერძო სკოლა შეგვეშვა. მაგალითად, ფალიაშვილის ქუჩაზე მდებარე 57-ე სკოლაში 600 ბავშვი სწავლობდა, შენობა კი 1300 ბავშვზე იყო გათვლილი. ამიტომ ასეთ სკოლებში, მათ შორის - 57-ე სკოლაში, კერძო სკოლებიც ფუნქციონირებს. მათთან ხელშეკრულებები გაფორმდა, სადაც ნათქვამია, რომ შენობა მათ პირობით საკუთრებაში გადაეცათ და თუ სკოლის გარდა სხვა რამის გაკეთებას მოინდომებენ, ხელშეკრულება გაუქმდება და შენობას სახელმწიფო დაიბრუნებს.

სკოლების შემცირება და ოპტიმიზაცია ბუნებრივი პროცესია. ამჟამად 2100 სკოლა გვაქვს, აქედან 600 სკოლაში მოსწვლეთა რაოდენობა ასს არ აღემატება, მაგრამ ეს სკოლები არასდროს დაიხურება. ეს იმიტომ, რომ მათ ახლოს სხვა სკოლები არ არის. სკოლა, სადაც 7 მოსწავლე და 18 მასწავლებელია და იქვე ახლოს სხვა სკოლაცაა, ასეთი სკოლა ოპტიმიზაციას დაექვემდებარება. თავად ფსიქოლოგები არ ეთანხმებიან, როდესაც 12 წლის განმავლობაში მასწავლებლის პირისპირ კლასში ერთი ან ორი მოსწავლე ზის.

- რაკი ფსიქოლოგები ახსენეთ, გეტყვით, რომ მათი აზრით არასასურველია მშობლიური ენის პარალელურად პირველი კლასიდან უცხო ენის სწავლება.

- როდესაც ვთქვით, რომ 5 წლიდან შეიძლებოდა ბავშვების სკოლაში შეყვანა, ექსპერტები მაშინაც ამბობდნენ, ეს არ შეიძლებაო, მაგრამ ჩვენს კითხვაზე, რატომ არ შეიძლება ქართველმა ბავშვმა 5 წლიდან ისწავლოს, თუკი ეს შეუძლიათ ჩინელებს, ფრანგებსა და ამერიკელებს, პასუხი ვერ მივიღეთ. პასუხი ვერ მივიღეთ კითხვაზეც, რატომ არ შეიძლება პირველი კლასიდან ინგლისურის  სწავლება.

- აკადემიკოსმა შოთა ნადირაშვილმა თავის ბოლო ინტერვიუში მითხრა, აჯობებს, ბავშვმა ჯერ მშობლიური ენის ცოდნა განიმტკიცოს და მერე ისწავლოს უცხო ენაო. ბატონმა შოთამ ერთი კვლევის შედეგიც გამაცნო - აღმოჩნდა, რომ ინტელექტით უფრო წინ იყვნენ ის ბავშვები, რომელთაც ჯერ მშობლიური ენა ჰქონდათ ნასწავლი და მერე უცხო.

- არ მინდა ვინმეს პროფესიონალიზმში ეჭვი შევიტანო, მაგრამ სწორედ ქართველი მშობლები იხდიან ფულს, რომ ბავშვმა ინგლისური საბავშვო ბაღიდან ისწავლოს. შეძლებულ ოჯახებს 5-6 წლის ბავშვებისთვის აჰყავთ რეპეტიტორი. ყველა კერძო სკოლაში, სადაც მშობელი მინიმუმ 1.000 დოლარს იხდის, პირველი კლასიდან ისწავლება ინგლისური ენა. ამ მშობლებს შვილები არ უყვართ? კომუნისტების დროს საქართველოში რუსულ ენას რომ პირველი კლასიდან ასწავლიდნენ, რუსული არ იყო უცხო ენა?

- მართალია, განათლების სამინისტროს არ ეხება, მაგრამ მაინტერესებს, რას ფიქრობთ საბავშვო ბაღებში გადასახადის დაწესებაზე?

- ეს საკითხი მერიას ეხება. თუმცა, ერთ-ერთმა ოპოზიციურმა პარტიამ ჩვენ დაგვაბრალა, თითქოს მივიღეთ კანონი, რომლის თანახმად, თუ ბავშვი ბაღში არ ივლის, სკოლაში არ მივიღებთ, რაც სიცრუეა. პირველ კლასში მისაღებად სავალდებულო არ არის ბავშვი ბაღში დადიოდეს.

- ახალი სასწავლო წლის დასაწყისში მშობლები სასკოლო ნივთებისა და წიგნების სიძვირეს უჩივიან.

- ჩემი მეორეკლასელი შვილისთვის 8 სახელმძღვანელო ვიყიდე და 46 ლარი გადავიხადე. შარშან კი პირველი კლასის კომპლექტი 100 ლარამდე დამიჯდა. იყო მოსაზრება, რომ წიგნების ფასებს ბაზარი დაარეგულირებდა, მაგრამ ეს არ მოხდა. სახელმძღვანელოები ბევრს 300 ლარი უჯდებოდა. გამომცემლებთან მივაღწიე შეთანხმებას, რომ I-VI კლასების სახელმძღვანელოების ფასი 10 ლარზე მეტი არ ყოფილიყო და ასეცაა. ჩემი თხოვნით ზოგმა გამომცემელმა მაღალი კლასების სახელმძღვანელოებზეც დასწია ფასი, მაგრამ ზოგიერთი 10 ლარზე მეტი ღირს. მომავალი წლიდან VII-XII კლასების სახელმძღვანელოების ფასებიც დარეგულირდება.

სახელმძღვანელოები 5 წლის განმავლობაში არ შეიცვლება, ხოლო სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები სახელმძღვანელოებს უფასოდ მიიღებენ. ვმუშაობთ ელექტრონული წიგნების ვერსიებზეც.

- განათლების სფეროს გამოცდილი მუშაკები სახელმძღვანელოებს აკრიტიკებენ, მოსწავლეებს ჯეროვან განათლებას ვერ აძლევსო.

- ეტყობა, ახალი წიგნები არ უნახავთ. ეროვნული სასწავლო გეგმა სწორედ წიგნის შინაარსზეა ორიენტირებული. გრიფირება მკაცრად ჩატარდა და დარჩა ის, რაც კარგია.  ერთ საგანში 3 წიგნზე მეტი არ იქნება. ბაზარზე არ შევუშვებთ ისეთ წიგნს, რომლის შინაარსში ოდნავ მაინც გვეპარება ეჭვი. სახელმძღვანელოებს ანონიმური ექსპერტები ამოწმებდნენ, მერე კი სახელმწიფო კომისია ამტკიცებდა. ამიტომაც წიგნების ხარისხზე  შეგვიძლია პასუხი ვაგოთ.

ახალი სასწავლო წლის დაწყების წინ მოსწავლეებს  ვეტყვი, - "იარეთ სკოლაში და ისწავლეთ!"