”შეთქმულება ქართული კულტურის წინააღმდეგ” - კვირის პალიტრა

”შეთქმულება ქართული კულტურის წინააღმდეგ”

გოგი ოჩიაური: "რობიკომ ჩემთვის მიმზიდველობა დაკარგა"

"ბოლო 20 წელია, საქართველოში "მოკლეს" ქანდაკებები"

"ალი  და ნინო" …ატრაქციონის ტიპის ახალი მობილური კომპოზიციაა"

- ვართ თუ არა ევროპელები? - ამის განსაზღვრა თურმე არა მხოლოდ "ქსენოფობიური განცხადებების" რაოდენობით, არამედ  იმითაც შეიძლება, ვქმნით თუ არა ევროპულ ქანდაკებას. რატომ არის არაფრისმთქმელი ძეგლების ბუმი საქართველოში და რამ გამოიწვია აპოკალიფსი ხელოვნების ამ სფეროში? - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე "კვირის პალიტრას" მოქანდაკე გოგი ოჩიაური ესაუბრა:

- როდესაც სახელმწიფოს ვაყალიბებთ და ვამბობთ, რომ ევროპას ვუბრუნდებით, უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ გამოიხატება მხოლოდ დემოკრატიული კანონმდებლობის მიღებით ან ტოლერანტობით. ერთ-ერთი  მთავარი მახასიათებელი იმისა, რომ ნამდვილად ევროპელები ვართ, არის ქანდაკება. ეს სულაც არ არის ჭირვეული მოქანდაკის აკვიატებული აზრი! უნდა ვიცოდეთ, რომ მსოფლიოში მრგვალ ქანდაკებას ევროპული კულტურული წრის ხალხების გარდა არავინ ძერწავს. საქართველოში  ყველა აგიხსნით, რას ნიშნავს პოლიფონიური სიმღერა, რამდენი ხმისგან შედგება, მაგრამ  ვერ გეტყვიან, როგორია კარგი ქანდაკება, რა კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, რატომ არის კარგი. რაღა შორს წავიდე, ნებისმიერ ქართველ ინტელიგენტს (მათ შორის - არაერთ ხელოვნებათმცოდნეს) უჭირს ამ თემაზე საუბარი, იმიტომ, რომ აკლია შესაბამისი განათლება. ამ განცხადებით შეურაცხყოფას კი არ ვაყენებ  ვინმეს, უბრალოდ, ვაღიარებ, გამორიცხულია, საქართველოს 100 წელიწადში ის გზა გაევლო ხელოვნების ამ სფეროში, რომელიც ევროპამ გაიარა (შეგახსენებთ, რომ  პირველი  ქართული ქანდაკება იაკობ ნიკოლაძემ ილია ჭავჭავაძის საფლავზე დადგა).

ადამიანს ოდითგანვე ამოძრავებს თავისი მსგავსის შექმნის ინსტინქტი ე.ი. ის არ კმაყოფილდება ბიოლოგიური გამრავლებით და რეპროდუქციის უნარის სუბლიმირებას ხელოვნებაში ცდილობს. მხოლოდ ევროპული ქანდაკება მოიცავს ორ ურთიერთსაწინააღმდეგო პოზიციას,  განსახიერებას იმისა, რაც ადამიანის ბუნებისთვის არის დამახასიათებელი: დაბადება, ბავშვობა, დაკაცება აღმავალი ბუნებისაა, ხანი, სიბერე, სიკვდილი კი დაღმავალი პროცესის შესატყვისი მდგომარეობაა, რაც აისახა ქანდაკებაშიც.

აღმავალ პროცესს პირობითად "დან" პოზიციას ვუწოდებ, რაც ნიშნავს, რომ არარსებიდან სულიერი წარმოიშვა, ამოიზარდა (ვიმეორებ, არარსებიდან და არა არარსებულიდან). მას სფეროიდული ფორმები აქვს. არსებობს მეორე - "კენ" პოზიცია, როცა სულიერი, ორგანული საგანი, სასიცოცხლო ენერგიის დასუსტების გამო კარგავს მოცულობის სფეროიდულობას, კნინდება, უძლურდება და საბოლოოდ კვდება. ევროპულ ქანდაკებაში ეს ორივე პოზიცია აისახა. აღმავალ პროცესს ახასიათებს პლასტიკური სფეროიდული  ფორმებისკენ სწრაფვა და დაღმავალს კი, პირიქით,  მისი დაკნინება.

როგორ განვითარდა ევროპული ქანდაკება? პირველი ბერძნული ქანდაკება ფრონტალურ ხაზზე  იდგა, შემდეგ ცალ ფეხზე დაყრდნობა დაიწყო.  პირველ ბერძნულ ქანდაკებებში მოტრიალებულ თავს ვერსად ნახავთ.

რამდენიმე  საუკუნის შემდეგ კი  ევროპულ ქანდაკებას უკვე ხელი აქვს მოძრაობაში გამოსახული, თავსაც ატრიალებს და ბადროსაც ისვრის. ევროპული ქანდაკების გარდა მსოფლიოს არც ერთი ქვეყნის ქანდაკებები არ გამოხატავს ასეთ მოძრაობებს. მაგალითად, სპარსული, ეგვიპტური, შუამდინარეთის ქანდაკება აღარ "გაინძრა", არ გამოხატა მოქმედება და გაიყინა ერთ პოზიციაში.

ანტიკურ ქანდაკებაში დახვრეტილი თვალები, პირის ღრუ არ არსებობდა. როცა ქრისტიანობა მოვიდა, წინა პლანზე სულიერება გადმოვიდა და სწორედ მაშინ გაჩნდა გოტიკური ქანდაკება. გოტიკურ ტაძრებში არც ერთი ფიგურა კედელს მოშორებული არ არის, არა აქვს ფიზიკური ძალა და იმიტომ, რომ სხეულის უძლურებით სულის ძალაა გამოხატული.

მიქელანჯელოც ამ ხაზზეა. მართალია, მან მოინდომა ანტიკურ იდეალებში დაბრუნება, მაგრამ  ბუნებრივ და თვითმყოფად ანტიკურობას ვერ მიაღწია.

ასე რომ, ევროპაში რენესანსული პერიოდი დაიწყო და ვეღარ დაუბრუნდა ანტიკას. ამის მერე მოვიდა ბატონი როდენი, ყველაზე დიდი დეკლამატორი, ვინც სფეროიდული ფორმები დააპატარავა და შეცვალა. დააკვირდით მის ნამუშევრებს, რამდენი ხვრელი, მუქი ჩრდილი (სიბნელე) იგრძნობა, თვალის კაკალი გამოძერწილი კი არა აქვს, არამედ  მას ცარიელი ღრმულით გამოსახავს.

KvirisPalitra.Geროდენის სულიერება (რომელმაც "ჯოჯოხეთის ჭიშკარი" შექმნა) არა რელიგიური, არამედ საერო სულიერების გამომხატველია.

თანდათან "კენ" და "დან" პოზიციის ქანდაკების განვითარებას მოჰყვა თავისი აბსტრაქცია. მაგალითად, ბრანკუზიმ გამოძერწა კვერცხი, რაც "დან" პოზიციის სკულპტურის საბოლოო განზოგადებაა, ხოლო შედუღებული მავთულები პირობითად "კენ" ქანდაკების აბსტრაქციაა. ეს  არის ბოლო გზა, სადამდეც ევროპა მივიდა. დაკნინდა  ფორმა, მოკვდა...  ეს პროცესი არა განზრახ, არამედ  თავისთავად, გაუცნობიერებლად მიმდინარეობდა.

- როგორც ვიცი, ამ პროცესს ხელოვნების სფეროში დაწყებული აპოკალიფსი უწოდეთ.

- მე კი არ ვუწოდე, ჩემი კონცეფციიდან თავისთავად გამოვიდა. დღევანდელი აბსტრაქცია ბუნებრივად მივიდა სიკვდილამდე, აპოკალიფსის შესახებ მოსაზრებაც აქედან წარმოიშვა. ვაღიარებ, მეც ქანდაკების უცოდინარი ქვეყნის შვილი ვარ, გამოცდილებიდან დასკვნა გავაკეთე და საბერძნეთში ყოფნისას ევროპულ ქანდაკებაში "კენ" და "დან" პოზიციების არსებობის შესახებ მოხსენება წავიკითხე. "ე. ი. თქვენ ამტკიცებთ, რომ ხელოვნების ამ სფეროში აპოკალიფსი დაიწყო?" - მკითხეს იქაურმა კოლეგებმა. "ვაიმე! - გავიფიქრე თავდაპირველად, - ეს რა ქვეყანაში მოვხვდი?" რას ბრძანებთ, მსგავსს არაფერს ვამტკიცებ-მეთქი, ვიუარე კატეგორიულად. ერთი დღე  კიდევ დამტოვეს თესალონიკში, ჩვენს ინსტიტუტში ლექცია წაიკითხეთო. და როცა იმავე თემაზე ისევ ვილაპარაკე, რაღაც წამებში გავიაზრე, რომ ხელოვნების ამ სფეროში აპოკალიფსის დაწყებას ვადასტურებდი.

- რა ხდება დღეს საქართველოში ქანდაკების კუთხით?

- ბოლო 20 წელია, საქართველოში "მოკლეს" ქანდაკებები,  მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების ამ სფეროში დიდი ნიჭი აღმოგვაჩნდა. ქართველებს  ევროპული ქანდაკებისთვის დამახასიათებელი ორივე - "დან" და "კენ" პოზიცია გვაქვს. ამის ნათელი მაგალითია ნიკოლოზ კანდელაკი და იაკობ ნიკოლაძე, პირველი - "დან", მეორე კი "კენ" პოზიციის ქანდაკებებს ქმნიდა. მაგალითად, მე უფრო კანდელაკის მოწაფე ვარ, "დან" პოზიციის ქანდაკებებს ვძერწავ.

KvirisPalitra.Geსაქართველოში მოიშალა სისტემა, რომელიც განსაზღვრავს, ქანდაკების დადგმის უფლება ვის აქვს და ვის არა. თქვენ რომ მიქელანჯელოს "დავითის" ფლორენციაში დადგმის გადაწყვეტილების ისტორიული ოქმი ნახოთ, გაოცდებით. გადაწყვეტილების მიმღებ კომისიაში, არც მეტი, არც ნაკლები, გენიოსები იყვნენ, ისეთი, მაგალითად, როგორიც ბოტიჩელი იყო. ერთმა ისიც თქვა, ყველა დამეთანხმებით,  მიქელანჯელოს "დავითის" ეს ფეხი როგორც საჭირო იყო, ისეთი არ გამოუვიდა და ამიტომ ისე დავდგათ კედელთან, რომ თვალებში არ შეგეჩხიროსო(?!). ამ ხნის მოქანდაკე ვარ და დღესაც არ ვიცი, რომელი ფეხი დაუწუნეს "დავითს". ჩვენთან კი რა ხდება? ყველა ჩინოვნიკი, ვისაც არ ეზარება (ცენტრალური თუ ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენელი), თავად წყვეტს, სად რა ძეგლი დადგას. რუსთაველზე რაც დგას, პატარა ფიგურები, არ ვიცი, რას გამოსახავს ან ვინ არის მისი ავტორი. ათასი ეჭვია, რომ არის შეთქმულება ქართული კულტურის წინააღმდეგ, სინამდვილეში კი კაცმა არ იცის, მართლაც  ეს არის ყველაფრის მიზეზი  თუ გაუნათლებლობა!

- რას გვეტყვით თამარ კვესიტაძის ნამუშევრებზე, რომელიც დღეს წარმატებულ მოქანდაკედ ითვლება?

- თამარ კვესიტაძეს შეკვეთებს აძლევენ, უდგამენ ქანდაკებებს და  უარს ხომ არ იტყვის? ჩემი აზრით, არაფერს  აშავებს.

- ერთნი ამბობენ, კვესიტაძე პლაგიატია, კორეელი მოქანდაკის სტილში, ფირფიტების გამოყენებით შექმნა "ალი და ნინოო", მეორენი ამბობენ, ფირფიტების გამოყენება  ერთი და იმავე მიმდინარეობაზე მიანიშნებს და ეს პლაგიატობას არ ნიშნავსო.

KvirisPalitra.Ge- ისევ გაუნათლებლობასთან გვაქვს საქმე. მასალა (ფირფიტების გამოყენება) მიმდინარეობას ვერ შექმნის. მიმდინარეობას მსოფლმხედველობა  განსაზღვრავს. "ალი  და ნინო" …ატრაქციონის ტიპის ახალი მობილური კომპოზიციაა. ე.ი. სხვა  დანიშნულება აქვს.

- დასასრულ,  რობერტ სტურუას რუსთაველის სამხატვრო ხელმძღვანელის პოსტიდან გათავისუფლებაზე რას ფიქრობთ?

- არ მსურს ამ თემაზე საუბარი. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რობიკო უდავოდ დიდი რეჟისორია. ეს ერთხელ კიდეც ვუთხარი, ძალიან ადრე. გეტყვით, თუ რატომ  მომწონდა მაშინ რობიკო. შეიძლება ახალგაზრდა თაობას არ ახსოვს, მაგრამ რუსთაველის თეატრს ადრე, ახმეტელის დროს, ჰეროიკული თეატრი ერქვა. ახმეტელის დადგმული "ლამარა" და "ანზორი" ძალიან მაღალი დონის ჰეროიკული  ხასიათის სპექტაკლები იყო.  როცა ახმეტელი დახვრიტეს, მასთან ერთად თეატრიც დახვრიტეს. კომუნისტურ რეჟიმში ახმეტელის დახვრეტა სიმბოლურიც კი იყო. თეატრში ბუტაფორიული ჰეროიკა დარჩა, მაგრამ მოვიდა რობიკო და  დაიწყო  ბუტაფორიული ჰეროიკული ეპოქის დეჰეროიზაცია, დადგა "ყვარყვარე  თუთაბერი", "ცარცის წრე", "რიჩარდ მესამე", რითაც დიდი კულტურული მისია შეასრულა. აკრიტიკებდა კომუნისტურ რეჟიმს, რაც,  ჩემი აზრით, იმხანად შეგნებული არ ჰქონდა. მერე ინერციით წავიდა უკუსვლისკენ და ამის შემდეგ რობიკომ ჩემთვის მიმზიდველობა დაკარგა.

KvirisPalitra.Geაჯანყებული გურული

არცთუ  დიდი ხნის წინ დიდი ამბავი ატყდა, ლანჩხუთის ცენტრიდან "გადარეული  გურულის" (ადგილობრივები ასე ეძახიან) აღებას აპირებენო. ბევრმა არც კი იცის, რომ ეს ჩემი ნამუშევარია. ამ ძეგლს "გადარეული გურული" რატომ დაარქვეს, არ ვიცი, თუმცა, ესეც ქანდაკებისადმი ქართული დამოკიდებულებაა. ისე, მას "აჯანყებული" ჰქვია და  გურულობასთან საერთო არაფერი აქვს,  არც გურულისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობა აქვს და არაფერი, ფეხშიშველაა. ეს ჩემი სადიპლომო ნამუშევარი  ჯერ კიდევ 1953 წელს შევქმენი.  რა აჯანყება, რის აჯანყებაო, გაუკვირდათ იმ ხანის იდეოლოგებს და არ მომცეს დიპლომის დაცვის საშუალება...

ერთი ღვთისნიერი კაცი იყო, სამსონ ნადარეიშვილი, ჩვენი სასწავლო ნაწილის გამგე. ჩუმად მითხრა, საქმე ცუდად არის. ნუთუ არ შეიძლება, თქვა, რომ ესკიზი 1905 წლის გურიის აჯანყებას მიუძღვენიო. დავთანხმდი.

ჩემმა სადიპლომო ნამუშევარმა დიდი მოწონება დაიმსახურა. მაშინ წესი  იყო, საუკეთესო სადიპლომო ნამუშევრები მოსკოვში, რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიაში იგზავნებოდა…და განხილვიდან ერთ თვეში გამოფენაზე გაჰქონდათ. გავიდა ერთი-ორი თვე, ჩემი ქანდაკება გამოფენაზე არ ჩანდა. ორი თვის  შემდეგ ჩემი რექტორი და ხელმძღვანელი დაიბარეს. მათ თან წამიყვანეს. ჩემი ნამუშევრის კერძო დახურული განხილვა რუსეთის სახვითი ხელოვნების აკადემიაში გაიმართა. თქვეს, ეს "აჯანყებული" ანგრევს ჩვენს იდეოლოგიასო და გამკიცხეს. სიტყვით გამოვიდა სომეხი დიდი  მოქანდაკე, ნიკო გოსიანი და დამიცვა, ძლივს  ჩაიყვანეს ტრიბუნიდან და დარბაზიდანაც გააძევეს. გავიდა ხანი და ჩემი სადიპლომო ნამუშევარი (თაბაშირისგან იყო გაკეთებული) ნაწილებად დამტვრეული გამომიგზავნეს. კარგა ხანს ეყარა ჩვენს აკადემიაში. შემდეგ ერთმა ღვთისნიერმა კაცმა მისი აღდგენა მთხოვა. დაკვეთაც მომცეს,  უფრო დიდი ზომის "აჯანყებული" გავაკეთე და ის ლანჩხუთის ცენტრში  დადგეს.

არცთუ დიდი ხნის წინ კი ისევ ატყდა ერთი ამბავი, ერთ თანამდებობის პირს, რომელზეც ამბობენ, კარგი კაცი იყოო, უთქვამს, ეს  საბჭოთა ქანდაკება ლანჩხუთს უნდა მოვაცილოთო. ის კაცი მოულოდნელად გარდაცვლილა, "აჯანყებული" კი ისევ თავის ადგილზეა.