"წაქცეულ ხეს რომ ააყენებ, ისე წამოაყენა ამ კორსეტმა ჩემი მარიამი" - კვირის პალიტრა

"წაქცეულ ხეს რომ ააყენებ, ისე წამოაყენა ამ კორსეტმა ჩემი მარიამი"

"რაც ძალიან მინდა, ხომ ამისრულდება?"

"კვირის პალიტრის" გასულ ნომრებში არმაზელი მარიამ და გიგა ზარიძეების უმძიმეს დაავადებაზე (კუნთების მოდუნება და განლევა. მარიამს ამავდროულად ზურგის ტვინის სკლეროზიც აქვს) გიამბეთ. რა ძალა ჰქონია სიკეთეს, როდესაც ჩვენი წერილების გამოქვეყნების შემდეგ ათობით უცნობმა ადამიანმა დახმარების ხელი გაუწოდა ზარიძეების ოჯახს.

"სიცოცხლის კორსეტი"

ჩვენ ვწერდით, რომ 6 წლის მარიამს კორსეტი სჭირდებოდა, რომლის დახმარებითაც ჯდომას შეძლებდა. ჩვენს წერილს გამოეხმაურა "ორთოჯორჯიას" დირექტორი გუტა ვაშაძე, რომელიც დაგვპირდა, რომ პატარებს ძალზე საჭირო კორსეტსა და ორთეზს უსასყიდლოდ დაუმზადებდა.

ეს დღეც დადგა. კლინიკაში მაშინ მივედით, როდესაც  ექიმები კახა ქათამაძე და ირაკლი გოლუბიანი პატარებს კორსეტსა და ორთეზს არგებდნენ. მარიამის გვერდზე გადახრილი სხეული კორსეტმა გაასწორა და პატარა წელში გაიმართა. ბატონმა გუტა ვაშაძემ გვითხრა:  "მარიამი გვერდზე აღარ გადაიხრება და გადაადგილებული ორგანოები თავის ადგილს დაუბრუნდება. მკერდის ძვალი გასწორდება და სუნთქვის პრობლემები მოეხსნება. შეიძლება კუნთები ისე განუვითარდეს, რომ უკორსეტოდაც შეძლოს ჯდომა.

ამ ბავშვებისთვის საჩუქრის გაკეთებისკენ "კვირის პალიტრის" კეთილშობილურმა წამოწყებამ გვიბიძგა. ძალიან ბევრს ნიშნავს, რომ ასეთი პოპულარული გაზეთი დაინტერესდა ამ ბავშვების და საზოგადოდ, ინვალიდების პრობლემით. იქნებ ხელისუფლების წარმომადგენლებმაც წაიკითხონ თქვენი წერილები და ამ ბავშვების დასახმარებლად რაღაც გაიღონ, რადგან დღეს ორთოპედიული დახმარებისთვის ძალზე მცირე თანხაა სახელმწიფოსგან გამოყოფილი. საჩხერესა და ჭიათურაში შევამოწმეთ სასკოლო ბავშვების ორთოპედიული მდგომარეობა და აღმოჩნდა, რომ ბავშვების 70%-ს დახმარება სჭირდება. ქვეყნის მასშტაბით ეს კოლოსალური რიცხვია და დიდ თანხებს მოითხოვს. ამ ზომის კორსეტი უცხოეთში 2 ათასი ევრო ღირს, ჩვენთან კი - დაახლოებით 500 ლარი. ორთეზირებისთვის მასალა გერმანიიდან ჩამოგვაქვს. ჩვენი სპეციალისტებიც იქ მომზადდნენ.

მადლობა "კვირის პალიტრას", რომ საშუალება მომეცა ამ ბავშვებისთვის რამე გამეკეთებინა. იმედია, მარიამის ფეხზე დაყენებასაც შევძლებთ. შეიძლება ისეთი ორთეზების დამზადებაც, რომ მარიამმა ფეხი კარგად გაშალოს და სიარული შეძლოს".

ბელა უბილავა, პატარების დედა:  "აქ ჩემს შვილებს, ფაქტობრივად, სასიცოცხლო ორგანოები აჩუქეს. მარიამი ახლა გამართული ზის და სუნთქვაც გაუუმჯობესდა. აღარ წაქცეულა (აქამდე დამჯდარიც კი გვერდზე ვარდებოდა) და აღარც ხერხემალი სტკივა. წაქცეულ ხეს რომ ააყენებ, ისე წამოაყენა ამ კორსეტმა ჩემი მარიამი. აქამდე  სულ იწვა. ორთეზის წყალობით გიგასაც თანდათან გაუსწორდება დეფორმირებული ფეხი. თავიდან გაუჭირდა ორთეზით სიარული, მაგრამ ახლა უკვე დამოუკიდებლად დადის".

დაბადების დღე

4 სექტემბერს მარიამმა დაბადების დღეზე "კვირის პალიტრა" დაპატიჟა. ეს დღე მარიამისთვის დასამახსოვრებელი იმით იყო, რომ დაბადების დღეს პირველად იხდიდა შინ (და არა საავადმყოფოში) და მისთვის პირველად შეუკვეთეს სადღესასწაულო ტორტი.

მარიამს ჩვენს დანახვაზე სახე გაუნათდა და სიხარულით ჩაიხუტა გულში საჩუქრად მიტანილი თოჯინა ბარბი". ამ დროს ბარბის ფორმის ტორტი მოიტანეს. მარიამს ისე მოეწონა, დედას სთხოვა, ეს შევინახოთ, არ დავჭრათო.

მარიამს  ტორტის დაჭრამდე სურვილის ჩაფიქრებაც არ დავიწყებია. მეგობრების დახმარებით სანთელი ჩააქრო და სანუკვარი ოცნებაც გაგვანდო: - ძალიან მინდა გავიარო. რაც ძალიან მინდა, ხომ ამისრულდება?

- აგისრულდება, მარიამ!

დედის ოცნება

ბელა უბილავა: მარიამმა ერთხელ მკითხა, დედა, როგორია სიარული, ფეხს როგორი ხმა აქვს? მინდა ერთხელ მაინც გავირბინო, ღმერთს შეეხვეწე და შეგისრულებსო. მთელი ღამე ვიტირე. Mშვილებს ყოვლისშემძლე ვგონივარ. ნეტავ მართლა ასე იყოს.

გონებას ვძაბავ, მაგრამ... ოცნებებში გიგა დადის ჩემთან ერთად, მარიამი - არა. ალბათ, ამას რომ წარმოვიდგენ, მერე ეს სასწაულიც მოხდება. თუმც ისიც სასწაულია, რომ მარიამი ცოცხლობს. მარიამისა და გიგას მკურნალობისთვის გვითხრეს, რომ ოჯახის ყველა წევრმა გერმანიის ლიმბახის კლინიკაში უნდა გავიკეთოთ გენეტიკური ანალიზი, რაც 6 ათასი ლარი ჯდება".

პატარა მარიამის სიზმარი ბავშვების მამამ ბონდო ზარიძემ გვიამბო: "2 წლის წინ მარიამმა სიზმარი გვიამბო: კაცი მოვიდა ჩვენთან და დამიძახა, მარიამ, ჩემთან მოდიო. დედამ ხელში ამიყვანა და იმ კაცს უკან გავყევით. ეკლესიაში მივედით. იქ წყალი და თევზები დავინახე. კაცმა მითხრა, თევზები გიშველიან და სიარულს შეძლებო.

მერე წალკაში წავიყვანე ბავშვები, სადაც ეკლესიაში სასწაულმოქმედი კალმახებია. წყალში სამჯერ ჩავიყვანე მარიამი და სამჯერვე გამოვიდა თევზი. მითხრეს, კალმახი ყოველთვის არ გამოდის და რაკი სამჯერ გამოვიდა, დიდი ნიშანიაო. გიგა რომ ჩავიყვანე წყალში, ისევ გამოვიდა თევზი და ბავშვს კუდი მიარტყა. ეს ისეთი საოცარი სანახავი იყო, ხალხი ვიდეოკამერებით იღებდა. მეორე დღეს მარიამმა ისევ მითხრა, სიზმარში ეკლესიასთან წყალი ვნახე, ოღონდ იქ კიბით ჩავედითო. მითხრეს, ასეთი ადგილი ბოდბეშია, წმინდა ნინოს საფლავთანო. ეს რომ "პალიტრა TV"-ის ოპერატორმა ავთო სურმავამ გაიგონა, მარიამს და გიგას დაჰპირდა, ბოდბეში მე წაგიყვანთო".

P.S.დღეისთვის მარიამის და გიგას ანგარიშზე 5 ათასი ლარი ჩაირიცხა.

P.P.S.  7 სექტემბერს მარიამისა და გიგას დედა ექიმებმა ხორხის პრობლემების გამო ონკოლოგიურ კლინიკაში გაწერეს. იმავე საღამოს ბელა უბილავამ facebook-ზე ასეთი წერილი გამოაქვეყნა: "დღეს ონკოლოგიურში გამწერეს. არა მგონია, ღმერთმა გამწიროს. მე თუ რამე დამემართება, მარიამს და გიგას რა ეშველება. ნუთუ ღმერთი გამწირავს?"

გთავაზობთ მათ რეკვიზიტებს:

სააქციო საზოგადოება "საქართველოს ბანკი". ცენტრალური ფილიალი (კოდი) 220101502

მიმღების დასახელება: ბონდო ზარიძე

მიმღების ანგარიშის ნომერი:

GE47BG 0000000280794400