"სახლი რუსთაველზე" - მატიანე გოგი ხარაბაძის შესახებ - კვირის პალიტრა

"სახლი რუსთაველზე" - მატიანე გოგი ხარაბაძის შესახებ

"ეს ღირსეული კაცის ღირსეული წიგნია"

"სახლი, რომელშიც დავიბადე - ეს 1942 წელს, გაგანია ომის დროს მოხდა - ახლა რომ ფოსტის დიდი შენობაა რუსთაველის გამზირზე, მის ადგილას იდგა, 33 ნომერში", - ასე იწყება გოგი ხარაბაძის ავტობიოგრაფიული წიგნი "სახლი რუსთაველზე", რომლის პრეზენტაციაც რამდენიმე დღის წინ წიგნების მაღაზია "ბიბლუსის" ერთ-ერთ ფილიალში გაიმართა. წიგნს თან ერთვის CD-ფირფიტა, სადაც ბატონი გოგი ქართველი პოეტების ლექსებს კითხულობს. წიგნის "დაბადებაზე" ბატონი გოგის მეგობრებმა, კოლეგებმა და მისი შემოქმედების თაყვანისმცემლებმა მოიყარეს თავი. წასვლისას ყველამ გაიყოლა გოგი ხარაბაძის ცხოვრების მატიანე ავტორის სამახსოვრო წარწერით.

გოგი ხარაბაძე, მსახიობი: "ბოლოს და ბოლოს წიგნმა ფეხი უნდა მოიკიდოს "ვეფხისტყაოსნის" და გალაკტიონის ქვეყანაში. მივესალმები "მედიაპალიტრას", ამ მაღაზიის ყველა მესვეურს, მადლობას ვუხდი მათ იმ დიდი საქმისთვის, რომელსაც აკეთებენ.

წიგნს, რომლის წარდგინებაც დღეს ხდება, თან ახლავს დისკი. სადღაც ამოვიკითხე: წიგნს დისკი იმიტომ დაურთეს, რომ პოეზია აკლდაო. მგონი, ამ წიგნში პოეზია საკმარისად არის. უბრალოდ, რომ გამემყარებინა ეს პოზიცია და თქვენი ინტერესი გამომეწვია, მოვიშველიე გალაკტიონი, ილია ჭავჭავაძე, ირაკლი აბაშიძე, ოთარ ჭილაძე, ანა კალანდაძე, მურმან ლებანიძე, ტიციანი და ყველა გენიოსი პოეტი, რათა თქვენ სახლში გქონოდათ წიგნი არა მხოლოდ ჩემი გამოსახულებით, არამედ მათი ხმა, მათი სული და გული.

მინდა მადლობით დავიწყო. ქალბატონ თამარ ცაგარეიშვილს განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები, რომელიც ამ წიგნის რედაქტორი გახლავთ. მადლობა სანოს (მერაბ სანოძე), მგონი, თავად არც იცის, რა დიდ საქმეს აკეთებს. აქ ბრძანდება კომპოზიტორი ნოდარ მამისაშვილი, რომელსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო, მისი მუსიკა ადევს ფონად დისკს. იმედია, მოისმენთ და ნახავთ, რომ მუსიკა ტექსტზე კი არ არის დადებული, ბგერებს შუა ისეა  ჩაკონილი, მსგავსი რამ არასდროს მომისმენია. მგონი, ეს რაღაც ახალი ჟანრია. მინდა მადლობა ვუთხრა მხატვარ კოტე ჯაფარიძეს. ეს წიგნი გაფორმებული რომ მოიტანა, არაფრით არ ჰგავდა იმ სამყაროს, რომელშიც მე ვცხოვრობდი, მაგრამ ისე ლამაზად და მაღალმხატვრულად იყო გაკეთებული, თვალი დავხუჭე და ვუთხარი, როგორც გინდა, ისე გააკეთე-მეთქი".

გოგი ქავთარაძე, რეჟისორი, მსახიობი: "მე და გოგი  ერთად გავიზარდეთ, ამ წიგნს რომ ვკითხულობდი, ისეთი განცდა დამეუფლა, თითქოს ჩემი სათქმელიც მან თქვა.  მის მშობლებს ძალიან კარგად ვიცნობდი. ამ წიგნის საშუალებით ისინი ბევრ სხვა ადამიანთან ერთად ჩემ თვალწინ თითქოს გაცოცხლდნენ.

ახლახან რუსეთში ვიყავი და გოგის ჩაწერილი რამდენიმე დისკი იქაურ ქართველებს ჩავუტანე. უსმენდნენ და ტიროდნენ. ჩვენთვის დიდი საჩუქარიაო."

თამაზ წივწივაძე, კრიტიკოსი: "სახლი რუსთაველზე" არაჩვეულებრივი წიგნია. ბიოგრაფიული ჩანახატები, ის, რაც თავს გადახდა, ლიტერატურად აქცია. მერე როგორ კითხულობს? თქვენც და ქართველ მკითხველსაც ვულოცავ ამ შესანიშნავი წიგნის გამოცემას. ღირსეული კაცის ღირსეული წიგნია.

პატრიარქმა ბრძანა, გოგი ხარაბაძემ ქართველები ხელახლა მოაქციაო. მჯერა, მომავალში თავის მკითხველს და მსმენელს კიდევ ბევრჯერ გააოცებს და დიდ სიამოვნებას მიანიჭებს".

ნოდარ მამისაშვილი, კომპოზიტორი: "რატომღაც ხშირად ვივიწყებთ ტრადიციას, რადგან ეს მოძველებული რამ გვგონია. არადა, ტრადიცია ჩვენი ისტორიაა. ის, რომ ქართველები ვართ, ჩვენი ტრადიციის წყალობაა. თბილისი იყო და სულ მუდამ სიმღერის ქალაქი იქნება. ძალიან გაგიჭირდებათ მოძებნოთ მეორე ქალაქი, სადაც ასეთი მრავალგვარი, მრავალფეროვანი სიმღერები იბადება.

როცა გოგი ლექსს კითხულობს, ისიც მუსიკაა. ლექსის რიტმში ვწერდი მუსიკას".

ზაზა აბაშიძე, ისტორიკოსი: "წიგნი მოგონებაა განვლილი ცხოვრების. ერთგან წერს, ახლა აღარ მიმიწევს გული რუსთაველისკენო. მესმის მისი. ისეთი ადამიანები ჰყავს დასახელებული: ზურა ანჯაფარიძე, დათიკო გამრეკელი, მურმან ლებანიძე, ეროსი მანჯგალაძე, ბადრი კობახიძე და ბევრ ისეთს ასახელებს, რომლებიც ამ ქალაქის კოლორიტები იყვნენ. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე თბილისისადმი მიძღვნილმა ლექსებმა. ეს უნდა მოისმინო, ამის მოყოლა რთულია".

ნანული სარაჯიშვილი, მსახიობი: "ჩემი თაობის წარმომადგენლები გოგის ვიცნობთ და ვიცით, როგორია. მიხარია, რომ ამ წიგნით მას ახალგაზრდები უფრო ახლოს გაიცნობენ".