"სიმღერა სამეგრელოზე" - კვირის პალიტრა

"სიმღერა სამეგრელოზე"

სამეგრელოს რეგიონის პატარა ქალაქი ხობი სადღესასწაულოდ ემზადება: 16 სექტემბრიდან სამი დღის განმავლობაში კვლავ უმასპინძლებს საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალს "სიმღერა სამეგრელოზე".”2003 წლიდან ტრადიციად ქცეული ფესტივალი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ხობის" თაოსნობით იმართება. წელს "სიმღერა სამეგრელოზე" ახალ დატვირთვას შეიძენს და არა მხოლოდ პოლიფონიური ფოლკლორის, სპორტის პოპულარიზაციის ხელშემწყობიც გახდება. საგანგებოდ ამ დღისთვის ხობს ცნობილი ფეხბურთელები ესტუმრებიან.

"სიმღერა სამეგრელოზე" ორ წელიწადში ერთხელ ტარდება. ამ ხნის მანძილზე შეგროვდა ღვაწლმოსილი ლოტბარებისა და შემსრულებლების ბიოგრაფიული ცნობები და მოღვაწეობის ამსახველი მასალები; აღდგა და ნოტებზე ჩაიწერა ხალხში გაბნეული ძველი სიმღერები. გამოიცა მონოგრაფიები, კატალოგები, კომპაქტდისკები.

ამჯერად გაიმართება სახელგანთქმულ ანსამბლ "გორდელას" იუბილე, Gგამოიცემა გომარ სიხარულიძის წიგნი, მზადდება დისკი, რომელზეც ჩაწერილია ანსამბლის მიერ ნამღერი 33 სიმღერა. ცნობილი ლოტბარის, ძუკუ ლოლუას მუზეუმში გაიხსნება "გორდელას" ახალი ექსპოზიცია.

გაიმართება ახალი გამოცემების პრეზენტაცია, მათ შორის ანზორ ერქომაიშვილის წიგნისა - "გზები, სიმღერები, ადამიანები" (კომპაქტდისკით). საგანგებოდ ფესტივალისთვის მომზადდა ხობის მე-4 საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ჩატარებული ალექსანდრე ბასილაიას ბენეფისის ვიდეოდისკი. სწორედ ამ კონცერტზე შეასრულეს სანდრა რულოვსმა და მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტმა ზურაბ სოტკილავამ მეგრული რეპერტუარიდან სიმღერა "ვაგიორქო მა".  2007 წლის Aხობის ფესტივალზე კი აღინიშნა ზურაბ სოტკილავას 70 წლის იუბილე. კონცერტში მონაწილეობდნენ მოსკოვის დიდი თეატრის ვარსკვლავები: ელენა ობრაზცოვა, მაყვალა ქასრაშვილი და სხვები.

16 სექტემბრიდან ხობში კიდევ ერთხელ აჟღერდება ფესტივალის ჰიმნი, რომელიც მაესტრო ალექსანდრე ბასილაიამ შექმნა.

ასევე, ფესტივალის ფარგლებში გამოიცემა წიგნი ქართულ-აფხაზურ კულტურულ ურთიერთობებზე. შესრულდება აფხაზური სიმღერებიც.

პატივი მიეგებათ წარსულში სახელოვანი ქართველი ფეხბურთელების: ვლადიმერ ბარქაიას, მურთაზ ხურცილავას და გიორგი სიჭინავას ღვაწლს. ფესტივალის ორგანიზატორებს მიაჩნიათ, რომ ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, ქართული ფეხბურთის კრიზისის პირობებში, ახალგაზრდა სპორტსმენთა წახალისებისა და განწყობის ასამაღლებლად.

ფესტივალი ტარდება უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით. ასევე საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდაჭერით.

ფესტივალის პირდაპირ სატელევიზიო ტრანსლაციას უზრუნველყოფს პირველი არხი, საინფორმაციო მხარდამჭერები არიან: რადიო "ჯაკო", რადიო "პალიტრა", გაზეთი "კვირის პალიტრა", ჟურნალი "გზა", "რეიტინგი", "სარკე", "Itv", საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი".