შტეფან ცვაიგი - პირველი "ევროპის მოქალაქე" - კვირის პალიტრა

შტეფან ცვაიგი - პირველი "ევროპის მოქალაქე"

"ყველაფერ ავტორიტარულისადმი ზიზღი მთელი ცხოვრების მანძილზე თან მდევდა..." - წერდა სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე შტეფან ცვაიგი.

ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დროს, მეგობრების მიერ "საქმის ჩაწყობით" წინა ხაზზე წასვლას აცდენილი, ხოლო ჰიტლერის ეპოქაში ფაშიზმს გარიდებული ცვაიგისგან თითქოს არაფერია გასაკვირი ამ გამონათქვამში, მაგრამ ბევრი მისი ბიოგრაფი ამ ფრაზაში მისი ბავშვობისა და სიჭაბუკის ანარეკლს ხედავს - ცხოვრების იმ პერიოდისა, რომელზე საუბარიც არასოდეს უყვარდა.

არადა, ერთი შეხედვით, უზრუნველი, ფუფუნებით სავსე ბავშვობა გაატარა, მაგრამ იმავე ბიოგრაფების აზრით, ქედმაღალი და დესპოტი დედის გამო, განსაკუთრებულად მგრძნობიარე ბიჭი ვერასოდეს ტკბებოდა თანატოლებთან შედარებით გაცილებით უკეთესი ცხოვრების პირობებით.

ეს პირობები კი, მართლაც მშვენიერი ჰქონდა: მორის ცვაიგი, ვენელი ებრაელი, ავსტრიის ერთ-ერთი უმდიდრესი ფაბრიკანტი და კომერსანტი, ხელოვნებასა და კულტურასაც "ახლოს იცნობდა", მუდმივად მაღალ საზოგადოებაში ტრიალებდა. თავის ორ ვაჟს - შტეფანსა და ალფრედს უარს არაფერზე ეუბნებოდა, თუმცა ისინი, განსაკუთრებით კი შტეფანი (ის 1881 წლის 28 ნოემბერს დაიბადა), არ იყვნენ "ძვირად გასაზრდელი" ბავშვები, თუ არ ჩავთვლით მომავალი მწერლის გატაცებას: ის ცნობილი ადამიანების ხელნაწერებსა და ავტოგრაფებს, აგრეთვე კომპოზიტორების კლავირებს აგროვებდა.

მამისგან სრულიად განსხვავებული იყო დედა - იდა ბრედტაუერი, მდიდარი ბანკირის შვილი, ბავშვობიდანვე მბრძანებლობას მიჩვეული, ამაყი, ულამაზესი ქალი,  მაშინდელი ვენური მოდის ერთ-ერთ კანონმდებლად ითვლებოდა და შვილებისთვის იშვიათად ეცალა. ზაფხულობითაც კი, როდესაც ოჯახი მარიენბადში ან ავსტრიის ალპების კურორტებზე ცხოვრობდა, ბიჭები უფრო დიდ დროს ძიძებთან და გუვერნანტებთან ატარებდნენ. დედა მათ მხოლოდ საუზმეზე თუ ხვდებოდა და მათი ურთიერთობა გაუთავებელი შენიშვნებითა და დატუქსვით ამოიწურებოდა.

სწორედ ამიტომ იყო, რომ როგორც კი გიმნაზიის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა, შტეფან ცვაიგმა მშობლიური სახლი მიატოვა და მარტომ დაიწყო ცხოვრება.

ცხადია, მატერიალურად ისევ მამაზე იყო დამოკიდებული, მაგრამ დედის დამთრგუნველ კრიტიკას გარიდებულმა, დიდი ხნის მანძილზე ნაგროვები გრძნობა უკვე თამამად გადაიტანა ქაღალდზე და საკუთარი (ანუ მამამისის) ხარჯით 20 წლისამ ლექსების კრებული გამოსცა - "ვერცხლის სიმები". არადა, სამი წლით ადრე, ერთ-ერთ ლიტერატურულ ჟურნალში გამოქვეყნებული ერთადერთი ლექსის გამო დედისგან ისეთი სიტყვები მოისმინა, რაც ფაქტობრივად მისთვის წერის აკრძალვას ნიშნავდა.

ახალგაზრდა პოეტი იმდენად გათამამდა, რომ თავისი კრებული რილკესაც კი გაუგზავნა და გულის ფანცქალით ელოდა დიდი ავსტრიელი პოეტის შეფასებას. საპასუხოდ რილკემაც გამოუგზავნა საკუთარი წიგნი - ეს უკვე აღიარება იყო, მაგრამ ცვაიგს მალე "მოყირჭდა" ლექსების წერა, ცოტა ხანს სხვის ლექსებს თარგმნიდა, მერე კი, მრავალი წელი, მხოლოდ კითხულობდა, ბევრს მოგზაურობდა და დიდი პროზაიკოსობისთვის ემზადებოდა...

სხვათა შორის, ცალკე ცხოვრებამ დედასთანაც უფრო დააახლოვა. მეტიც, ემიგრაციაში მყოფმა უკვე მოხუცი დედის გარდაცვალება, განსაკუთრებით კი გარდაცვალების მიზეზი რომ შეიტყო, ეს მისი დეპრესიის ფიალის პირველი წვეთი აღმოჩნდა - ფრაუ ცვაიგთან გამოძახებულ მედდას  უარი უთქვამს ავადმყოფთან მოსავლელად დარჩენაზე და მიზეზად ახალი - ე.წ. "ნიურნბერგის კანონი" მოუყვანია, რომელიც 40 წელზე ახალგაზრდა არიული წარმოშობის ადამიანს ებრაელთან ერთად, ერთ სახლში ღამის გათევას უკრძალავდა. მარტო დარჩენილი მოხუცი იმ ღამეს გარდაცვლილა...

თუმცა, ცხადია, შტეფან ცვაიგისა და ფაშიზმის (ზოგადად - ავტორიტარიზმის) შეურიგებლობის მიზეზი მხოლოდ ეს "პირადი წყენა" არ ყოფილა: მწერალი ახალგაზრდობიდანვე დემოკრატიული ევროპის იდეალების მოტრფიალე, და შეიძლება ითქვას, - ევროპის მოქალაქე იყო (იმის მიუხედავად, რომ ერთიანი ევროპა ჯერ "გამოგონილიც" არ გახლდათ); ევროპას მსოფლიო კულტურის წარმმართველად თვლიდა. იმის მიუხედავად, რომ მთელი მსოფლიო მოიარა და აზიასა და ორივე ამერიკასაც კარგად იცნობდა, ყველგან და ყოველთვის ევროპის უპირატესობას ამტკიცებდა (რა თქმა უნდა, ამ "უპირატესობაში" არ გულისხმობდა არაფერ რასისტულს ან რამე მსგავსს) და ამით თავიდანვე გაემიჯნა საკუთარ ებრაელობას: როდესაც მისი ნოველები ძალზე პოპულარულ "ნოიე ფრაიე პრესეში" დაიბეჭდა, მისმა ებრაელმა რედაქტორმა ცვაიგს სიონისტური ორგანიზაციის ჩამოყალიბებაში დახმარება სთხოვა, რაზეც პასუხად მიიღო: "ვერ დაგეხმარებით. ებრაული თემა წვრილმანია საერთო-ევროპულ პრობლემებთან შედარებით"...

მალე ტვინგახურებულმა ნაცისტებმა ცვაიგის წიგნები კოცონზე დაწვეს და მწერალი დარწმუნდა, რომ ევროპისთვის ჯერ ძალიან ადრე იყო მისი იდეალებით ცხოვრება. 1940 წელს ბრიტანეთის მოქალაქე გახდა - ინგლისმაც  გაუცრუა იმედი... შემდეგ ამერიკა - იქაც იგივე... ბოლოს კი "ქვეყნიერების ბოლოში" - ბრაზილიაში გაერიდა ევროპულ ორომტრიალს და როდესაც დარწმუნდა, რომ ჰიტლერი მთელ ევროპას დაიმონებდა (1942 წლის თებერვალში, ალბათ, მხოლოდ სტალინს არ სჯეროდა ამისა), ცოლთან ერთად მოიკლა თავი - დილას მათ ოთახში შესულ მსახურს ცოლ-ქმარი მაგიდასთან მჯდომი და საძილე წამლის დიდი დოზისგან "სამუდამოდ დაძინებული" დახვდა. იქვე გამოსათხოვარი წერილები იდო. ცვაიგი წერილში სინანულს გამოთქვამდა გერმანულენოვანი ევროპის გადაგვარების გამო და მეგობრებს მიმართავდა: "სალამს ვუძღვნი ყველა მეგობარს, დაე მათ ნახონ მზის ამოსვლა გრძელი ღამის შემდეგ. მე კი ძალზე სულსწრაფი ვარ და პირველი მივდივარ მის შესახვედრად..."

სამწუხაროდ, გაზეთის ფორმატი არ იძლევა საშუალებას, დაწვრილებით ვისაუბროთ "50 წიგნის" პროექტით შემოთავაზებულ "მარიამ სტიუარტზე". მხოლოდ იმას ვიტყვით, რომ ისტორიაში ცნობილი არც ერთი ქალი არ ყოფილა იმდენი ლიტერატურული ნაწარმოების გმირი, რამდენისაც შოტლანდიის დედოფალი. მისი, როგორც პერსონაჟის "ამპლიტუდაც" უზარმაზარია - წამებული გმირიდან ლამის ეშმაკის მოციქულამდე. მით უფრო შესანიშნავია, რომ ცვაიგისეული "მარიამ სტიუარტი" საყოველთაოდ არის მათ შორის საუკეთესოდ აღიარებული. ეს ბუნებრივიც არის - იგი ხომ ბიოგრაფიული რომანების (ან ავტორიზებული ბიოგრაფიების) დიდოსტატია და მარიამ სტიუარტი მისი ნაწარმოებების ერთადერთი ისტორიული გმირი არ გახლავთ. რაც მთავარია, ამ ჟანრის ბევრი სხვა ავტორისგან განსხვავებით, ცვაიგი ისტორიას არ ამახინჯებს მხატვრულობის სასარგებლოდ და ამის მიუხედავად, ეს ისტორია მაინც საინტერესოდ იკითხება...