"როგორ მომენატრა საქართველო!" - კვირის პალიტრა

"როგორ მომენატრა საქართველო!"

"სიცოცხლე ისევ იმად უნდოდა, რომ ებრძოლა სიმართლისათვის და სამშობლოსთვის"

მარტოოდენ გული იყო კაცი!

უხმაუროდ გავიდა ორმოცი დღე ზურაბ ქაფიანიძის გარდაცვალებიდან...

კინოეკრანს შერჩა ლაღი ქართველი, რომ კიდევ დიდხანს გაუთბეთ გული სიყვარულით მის თანამემამულეებს...

მისი დათალხული დები უკვე მერამდენედ იხსენებენ უსაყვარლეს ძმას, ყველაზე მძიმე წლებში ბურჯივით მდგარს მათ გვერდით...

განა მარტო დებისთვის იყო ასეთი - უცხოსაც სულს არ დაუჭერდა... ერთხელ, მძიმე წლებში, ცოტაოდენი ფული აიღო. მაღაზიაში შევიდა. ნახა, კაცი დგას,  წვალობს... ფული არ ჰყოფნის. არ იცის, რა იყიდოს, რომ ოჯახი გამოკვებოს. ზურაბ ქაფიანიძემ ჯიბიდან ფული ამოიღო: აი, ძმაო, ნახევარი შენ, ნახევარი - მე... იყიდე, რაც გინდაო. დამუნჯდა სიხარულით კაცი... სანოვაგით დატვირთული წავიდა შვილებთან... წლების მერე საოცრება მოხდა. მოდიოდა მოწყენილი არტისტი ქუჩაში. უცნობი შეეგება სიცილით: მე ის კაცი ვარ, თქვენ რომ 200 დოლარი მაჩუქეთ, ახლა მე მაქვს 1.000 დოლარი ჯიბეში, ნახევარი თქვენ, ნახევარი - მეო... ასეა, სიყვარული არ იკარგება...

ხელში ამტაცებელი

ისე უყვარდა საქართველო, ისე უნდოდა, მოჰფერებოდა ყველა ქართველს, რომ სოფლად მოხვედრილი ადგილზე ვერ ისვენებდა. ყოფილა შემთხვევა, სრულიად უცხო გლეხის კარი შეუღია... მასპინძელი ქართულად დახვდებოდა, ცხადია, კერიასთან მიიწვევდა, სახელდახელო სუფრასაც გაუშლიდა. იქნებ მხოლოდ ჭიქა ღვინითა და ნივრის მწნილით. სწორედ ეს უნდოდა! ქალაქი, რომელიც ათასგვარი სიბინძურით ხრჩოლავდა და კოსმოპოლიტიზმს ამოფარული მრუდე იდეებით ახრჩობდა, უკან რჩებოდა!

გადაღებაზე მიდიოდა იუგოსლავიაში. სწორედ წინადღეს მისმა დამ - ნენომ ხევსურეთს გადაწყვიტა მეგობრებთან ერთად წასვლა. შუაღამისას კოცონთან ისხდნენ ხევსურეთში. მანქანა გამოჩნდა. ამოვიდა ზურაბ ქაფიანიძე პურმარილით. კოცონთან დაჯდა, იმ ღამეს საქართველოს სიყვარული დაანთო იმ კოცონთან. რამდენი ლექსი თქვა, რამდენი სიმღერა!

უნდა გენახათ, თბილისიდან რაჭაში რომ ჩავიდოდა, როგორ აენთებოდა ხოლმე... თოხნა და ბარვა დიდად არ უყვარდა, მაგრამ შეშის დაჩეხა მისი სტიქია იყო: ჩამოუვლიდა მეზობლებს, თუ ვინმეს დასაჩეხი ჰქონდა შეშა, დაუჩეხავდა...

პირველი სახლი რაჭაში ბაბუასთან ერთად ააშენა, თავად იდგა კირითხუროებთან და დაუღალავად შრომობდა... მიწისძვრით რომ დაინგრა ეს სახლი, დებს დაურეკა, - არც ერთმა პირი არ ქნათ რაჭისკენ, მე ჩავალ, მე მივხედავო. იმ ტკივილისთვის არ ემეტებოდა დები, დანგრეული სახლის ნახვა რომ იწვევს... მეორედ ააშენა სახლი. ბუხარიც თავისი ხელით გააკეთა. და ზედ  ყურძნის მტევანი და დოქი მიახატა. ქართველი იყო და ვაზს ვერ მოსწყდებოდა, ბუხრის პირასაც ვაზი უნდოდა ჰქონოდა თვალწინ, თავისი ნაჟურით.

გამოვიდოდა გარეთ რაჭაში; აიტაცებდა ხელში ლიმონიკას, ლილისა და ქეთოს, მოხუც მეზობლებს. დაგვსვი, ბეჩაო, - შიშნარევი სიხარულის სიცილით ეღუღუნებოდნენ მოხუცები... არ დაგვემტვრეს ძვლებიო... იცინოდა, ლაღობდა და კიდევ უფრო მეტად იკრავდა გულში. მერე დასვამდა და გულით საყვარელ ბერიკაცებს ჩამოუვლიდა, აღარ იცოდა, როგორ ჩაესვა გულში ეს ტკბილი მეზობლები: როგორ შეხაროდა მათ სიტყვასა და საქმეს, იმათ მსხმოიარე ვენახებსა და ყანებს... რომ არ ნდომოდა, მაინც ლექსად მოაწვებოდა სათქმელი და მთების შემძვრელ ხმაზე დაიბუბუნებდა: "რა ქართველი ხარ და რა ვაჟკაცი თუ მამულს თავი არ ანაცვალე..."

განა მარტო რაჭაში იყო ასეთი... ერთხელ აეროპორტში უცხოეთიდან ბრუნდებოდა და აეროპორტში ქართული მოესმა. გაგიჟდა სიხარულით! ხელი დასტაცა ქართულად მოლაპარაკე ქალს და მაღლა აიტაცა: გენაცვალე, ქართველი ხარო! მერე გაკვირვებული კაცი შენიშნა - მეუღლე ყოფილა. ცუდს, აბა, ვინ იფიქრებდა ზურა ქაფიანიძეზე, არც მას უფიქრია, უბრალოდ, ცოტა გაკვირვებული ჩანდა... მაშინ მისი მეუღლე დასვა კეთილმა გოლიათმა და ახლა ის აიტაცა ჰაერში: გენაცვალე, ქართველო! როგორ მომენატრა საქართველოო!

სადღეგრძელოდ

ბევრი როლი დაუთმია. თუ ვინმეზე მიხვდებოდა, რომ ძალიან უნდოდა რამე როლის თამაში, აუცილებლად ვაჟკაცურ სიტყვას ეტყოდა: მე განზე ვდგები, ეს როლი შენიაო... თუ სადმე მეორე მსახიობად მიიწვევდნენ როლზე, იქაც უარს ამბობდა, პირველს არ შევუშლიო...

თუმანიშვილის თეატრში დადგა "ახლოს მოიწი, სამშობლოს გულო". იქნებ "დადგა" უადგილო სიტყვაც იყო. უბრალოდ, ის გააკეთა, რასაც სულ აკეთებდა, რასაც შინაც არაერთხელ წარმოადგენდა ხოლმე - ილაპარაკა საქართველოზე, ხან ლექსით, ხან სიმღერით. ეს იყო ერთგვარი ერთი მსახიობის თეატრი მთელი თავისი ხიბლით. სპექტაკლები ანშლაგით მიდიოდა. ზურაბ ქაფიანიძე ბედნიერი იყო, რომ ამდენ კაცს ხვდებოდა გულზე მისი ნაფიქრალი, რომ ამდენისთვის იყო ახლობელი.

80-იანი წლები იდგა. მეორე სეზონის გახსნისას აღმოჩნდა, რომ ამ სპექტაკლისა ყველაფერი დაიკარგა - დეკორაციაც, ოქროს ფონდიდან მოპოვებული ჩანაწერებიც. განადგურდა ყველაფერი! არა, მისი სპექტაკლის განადგურებამ ისე არ იმოქმედა, როგორც იმან, რომ ვიღაც მართლა იმას შეეხო, რასაც არ უნდა შეხებოდა - საქართველოს სადღეგრძელოს. ნუ წარმოიდგენთ, რომ სუფრასთან თქმულ სადღეგრძელოს ვგულისხმობ, ამ სიტყვის შინაარსობრივ მხარეზე მოგახსენებთ... მისი სპექტაკლი ხომ საქართველოს სადღეგრძელოდ იყო დადგმული! ეს ტკივილი ბოლომდე ატარა. ეს მისი დიდი დარდი გახლდათ.

კიდევ ერთი სადღეგრძელო: 70-იან წლებში მუხრან მაჭავარიანთან ერთად კლუბი შექმნა "არა და არა"... ელენე გვეტაძე იყო ამ საღამოების სულის ჩამდგმელი. თავად მუხრანი და ზურაბი  საპატიო წევრები იყვნენ. ახალგაზრდებს შემოიკრებდნენ ხოლმე და საქართველოზე ელაპარაკებოდნენ. მაშინ ჯერ კიდევ სითამამე სჭირდებოდა ექვთიმე თაყაიშვილზე და გრიგოლ რობაქიძეზე საუბარს... არაფერს დაერიდებოდნენ, ოღონდ ახალგაზრდებამდე მიეტანათ სულში დაგუბებული სათქმელი. იმ საღამოებზე უთქმელ სათქმელსაც ხმამაღლა იტყოდნენ ხოლმე, ცხადია, საქართველოს სადღეგრძელოდ.

გული

მარტოოდენ გული იყო კაცი! უბრალო სიტყვაც რომ ეთქვა, რაღაცნაირად გულს ჩადებდა შიგ, სისხლთან ერთად გაატარებდა სხეულში და შენც ისე მოგაწოდებდა, აუცილებლად მთელი არსებით იგრძნობდი ნათქვამს. ასე კითხულობდა ლექსებს, ასე გამოდიოდა სიტყვით... ასეთ სადღეგრძელოებს ამბობდა...

თავის მოფრთხილება კი არ იცოდა, ეგონა, ყველაფერს გაუძლებდა, უსიტყვოდ გადაიტანდა ტკივილს... თავს არ ზოგავდა. ბოლოსაც კი, როცა ძალიან ცუდად იყო, დიდხანს ითმენდა, სიტყვის თქმა არ უნდოდა საკუთარ გასაჭირზე.

ერთი ძველი ამბავი გაიხსენეს დებმა... ზურაბი 19 წლის იქნებოდა, რაჭაში, ნაკიეთში სატვირთო მანქანის ძარა ხალხით იყო სავსე. რაღაცნაირად მომხდარა - მანქანა ზურაბს დასჯახებია. ის კი მოვახერხე, საბურავებს თავი ავარიდეო, - მერე უთქვამს, - მაგრამ მკერდზე კი გადამიარაო... გონება არ დაუკარგავს, მაგრამ შესუნთქვა კი ვეღარ მოუხერხებია, ამიტომ ვერც განძრეულა გზაზე წაქცეული. ხალხი მანქანიდან ჩამოსულა და თავს დახვევია, ცოცხალი აღარ ჰგონებიათ. მერე სასწაული მოხდა. ზურა ქაფიანიძემ ჩაისუნთქა და წამოჯდა კიდეც. იქით ამშვიდებდა ყველას. შინ არავინ გამომყვეთ, დედა ინერვიულებსო, - მარტო წასულა. ეზოში რომ შევიდა და წყნარად გაიარა, ცოტა კი გაჰკვირვებია მშობელს. ზურა ხომ სიცოცხლით სავსე ჰყავდა, ხმაურით შევიდოდა ხოლმე შინ, ხან დებს აიტაცებდა ხელში, ხან დედასა და მამას. მიჰყვა საწოლამდე დედა და მის პერანგზე საბურავის კვალი რომ შეამჩნია, ყველაფერს მიხვდა... მოტეხილი არაფერი ჰქონია ჯანმაგარ ბიჭს, მაგრამ დაჟეჟილი ხომ იქნებოდა. იმისი ტკივილიც არაფრად უღირდა, ოღონდ დედას არ სტკენოდა გული... აკი ვთქვი, თვითონ მარტოოდენ გული იყო-მეთქი.

თუნდაც ის ამბავი რად ღირს: ქალიშვილებმა დედას გრძელი, ლამაზი თმა შეაჭრევინეს, ცოტა უფრო თანამედროვე ვარცხნილობა გაიკეთეო... ყურადღება არც ერთს აღარ მიუქცევია შეჭრილი თმისათვის. ზურაბმა უხმოდ აიღო და გაიტანა... წლები ინახავდა დედის თმას, როგორც საკრალურსა და ყველაზე ძვირფასს. ინახავდა დების პატარა ფაჩუჩებსაც - საწერ მაგიდასთან ეკიდა. რომ შესძლებოდა, ყველას გადახსნილ მკერდში ჩაიტევდა და ცივ ნიავს არ მიაკარებდა. სულ იმაზე ოცნებობდა: ნეტავ, ერთი დიდი სახლი აგვაშენებინა, რომ ყველამ ერთად ვიცხოვროთო!

დებმა, - ავადმყოფობას არ გაუტყდა, ბოლომდე იბრძოდაო. იბრძოლებდა. ჩვენ ყველას გვახსოვს მისი მეომარი გმირები, თვითონაც ხომ ეგეთი იყო, კოტორაშვილივით კომბლის ამარა ომში გადაქცეული. სიცოცხლე ისევ იმად უნდოდა, რომ ებრძოლა სიმართლისათვის, სიყვარულისთვის, სამშობლოსთვის.

გული ჰქონდა ძალიან ცუდად. კარდიოლოგმა რომ ნახა გამოკვლევის შედეგები, ამას გულის გადანერგვის მეტი არაფერი უშველისო... ინსულტის პროვოცირებასაც ეს ახდენდა. ამიტომ ინსულტმა ბევრჯერ გაუმეორა.

თვითონ ამბობდა, ვიცი, არითმია რამ გამიჩინაო. შუმერულ და ქართულ ანბანს რომ ვხატავდი, სუნთქვას შევიკრავდი, რომ ხაზი არ გამცუდებოდა და გვიან ვხვდებოდი, რომ ხანდახან უჰაერობას იმდენ ხანს ვუძლებდი, რომ გული მეტკინებოდა ხოლმეო. ასე იცოდა - რაც უყვარდა, სუნთქვაშეკრული ემსახურებოდა, რომ საკუთარი სუნთქვითაც კი არაფერი დაეშავებინა...

დაღარულ შუბლს კიდევ მეტი ტკივილის ნაოჭი დაემატა. ხმას არ იღებდა მაინც, არ დაიწუწუნებდა... მხოლოდ ფანჯრისკენ მიიწევდა, ფარდების ჩამოფარებას ვერ ეგუებოდა, სივრცე სჭირდებოდა...

შემთხვევით გავიგე, რომ ქაფიანიძეების პირველსამოსახლო ზეციეთი იყო - მაღალი რაჭა, სადაც ახლა სათიბის მეტი აღარაფერია... მარტო სახელია ისეთი, ტანში გაგცრის! ისე თუ ნაკიეთმა გაზარდა და სიყვარული ასწავლა, ზეციეთი მისი სულიერი საწყისი იყო - მისი ტკივილი და აღმაფრენა! იწვა ზეციეთელი ბიჭი (ზეცისთვის ყველა ბიჭია) და ცას ითხოვდა.

ცაში თავისი ზეციეთი დახვდებოდა... ალბათ, დახვდა...

ფოტოებს დავყურებთ:

KvirisPalitra.Ge ერთგან სულ ახალგაზრდაა, "კოტორაშვილის" გადაღებისას. გულიანად იცინის რაღაცაზე...

KvirisPalitra.Geმეორე ფოტო მუხრან მაჭავარიანთან და ჯურხა ნადირაძესთან  გადაუღია - ამ გულანთებულ ქართველებთან ძალიან უყვარდა ყოფნა...

KvirisPalitra.Ge ეს კი ერთ-ერთი ბოლო ფოტოა - ნაოჭებით დაღარული შუბლი რაღაცით საქართველოს რელიეფს მაგონებს...