"სამწუხაროდ, სამშობლოსგან მხარდაჭერა არ მქონია" - კვირის პალიტრა

"სამწუხაროდ, სამშობლოსგან მხარდაჭერა არ მქონია"

რატომ აქცია საქართველომ ზურგი გოგონას, რომლის "დანაშაული" თურმე ის ყოფილა, რომ რამდენიმე წელია მოსკოვში ცხოვრობს

ლიკა ხანთაძემ იურმალაზე მე-4 ადგილი დაიკავა

2009 წლის იურმალას საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე საქართველოს სახელით გამოსულმა 21 წლის ლიკა ხანთაძემ საპრიზო ადგილი ვერა, მაგრამ ხუთეულში მეოთხე პოზიცია დაიკავა. მესამე ადგილზე რუსი კონკურსანტი გავიდა. როგორც ითქვა, ჟიურის ძალისხმევით, თორემ მესამე ადგილს ქართველი მომღერალი იმსახურებდა.

რადგან "ახალი ტალღის" კონკურსში ტელეკომპანია "იმედის" ან სხვა ქართული საპროდიუსერო ჯგუფის შერჩეული წარმომადგენელი ვერ წარდგა, ქართულმა ტელევიზიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს და წელს საქართველოში პირველად არ გადაიცემოდა "ახალი ტალღა". ქართველ მაყურებელთა დიდი ნაწილი იძულებული გახდა, ინტერნეტით ედევნებინა თვალი ლიკას გამოსვლისთვის. ხალხმა ვერ გაიგო, რატომ აქცია საქართველომ ზურგი გოგონას, რომლის "დანაშაული" თურმე ის ყოფილა, რომ რამდენიმე წელია მოსკოვში ცხოვრობს. საქართველოში შიშობდნენ, რომ საზოგადოებისთვის სრულიად უცხო მომღერალი წარმატებას ვერ მიაღწევდა და შეგვარცხვენდა. მიუხედავად ამისა, რუსეთში "გადახვეწილმა" გოგონამ შესაძლებლობათა მაქსიმუმი გამოავლინა. როგორც ლიკა ამბობს, მეტის გაკეთებაც შეიძლებოდა.

- შემეძლო უკეთესი შედეგი მიმეღო, მაგრამ ნერვიულობამ ხელი შემიშალა. იურმალაში ჩასვლისთანავე ხმა დავკარგე, რადგან აკლიმატიზაცია გამიჭირდა. საბედნიეროდ, 26-27 ივლისს უკვე სუფთა ხმით ვმღეროდი.

- მოსკოვში რას აკეთებ?

- მუსიკალურ განათლებას ვიღებ საესტრადო-საჯაზო ხელოვნების სასწავლებელში. ქუთაისში დავიბადე და გავიზარდე, ჩემი და-ძმაც იქ ცხოვრობს. არც მიფიქრია იურმალას კონკურსზე გასვლა. შესარჩევ ტურში მონაწილეობის ვადა რომ იწურებოდა, ჩემი პროდიუსერი ელზა აბჟანდაძე შემომიჩნდა, ბედი სცადეო. ვცადე და კონკურსში მონაწილეობის უფლებაც მოვიპოვე. მეგონა, ეს გაახარებდათ საქართველოში, მაგრამ... სამწუხაროდ, სამშობლოსგან მხარდაჭერა არ მქონია. მეტიც, "რუსთავი 2"-მა უნიჭო და უსახური გამომიყვანა, -  წყალს გაატანეს ჩემი თავი, თურმე არც სიმღერა ვიცი და ქართულად ლაპარაკიც მიჭირს. რაში დასჭირდათ ასეთი ტყუილი? საქართველოს მხარდაჭერით ხომ უფრო კარგად ვიმღერებდი, უფრო მხნედ და თამამად გავიდოდი სცენაზე. ერთადერთი ნუგეში დარბაზში მყოფი ქართველები და საქართველოს დროშები იყო. ქუთაისიდან ერთი ოჯახიც კი ჩამოსულა ჩემს მხარდასაჭერად, ეს უზომოდ გამიხარდა და გამიკვირდა კიდეც. დარბაზში ყველაზე მეტი, მგონი, ქართველები ვიყავით.

კონკურსის მეორე დღეს ტელეკომპანია "იმედი" შემეხმიანა, გადაცემის გაკეთება უნდოდათ. უარი ვუთხარი, რადგან შუა კონკურსი იყო და ვერ მოვიცლიდი. კონკურსზე წამოსვლის წინ ხომ შეეძლოთ სიუჟეტის გაკეთება, მაგრამ ამის ღირსად არ ჩამთვალეს. მოკლედ, ყველამ გამიმეტა. ეს ძალიან გულსატკენია. მიუხედავად ამისა, მე ჩემი გამოსვლა სრულიად საქართველოს მივუძღვენი.

- კონკურსის ორგანიზატორებისგან, შემოქმედებითი ჯგუფისგან, რუსი მაყურებლისგან როგორი დამოკიდებულება იგრძნობოდა?

- ყველა გულღიად მხვდებოდა და ეს ძალას მმატებდა.

- კონკურსის დასრულების შემდეგ საქმიანი წინადადებებით თუ მოგმართეს?

- იყო ლაპარაკი მომავალში კონცერტებში მონაწილეობაზე.

- სიმღერები ვინ შეგირჩია?

- ზაზა ხუბუკელაშვილმა, მოსკოვში მცხოვრებმა კომპოზიტორმა.

- ჟიურის წევრების განწყობაზე რას იტყვი?

- ძმები მელაძეებისა და იგორ კრუტოის კეთილგანწყობა ძალიან მამხნევებდა. სცენიდან ჟიურის ვაკვირდებოდი და მათი გამომეტყველების მიხედვით ვხვდებოდი, სიმღერა მოსწონდათ თუ არა და ეს მათამამებდა.

მესამე დღეს ბოლო შემსრულებლის, რუსეთის წარმომადგენლის გამოსვლამდე ვიყავი მესამე ადგილზე, მაგრამ მერე დაწინაურდა, ორი ქულით გამასწრო.

მეოთხე ადგილიც არ არის ცუდი... რაც იყო, იყო. მთავარი ის არის. რომ არც თავი შევირცხვინე და არც სამშობლო. რომ გამოაცხადებდნენ, -  Лика из Грузии ! - საქართველოზე ფიქრი მიმყვებოდა სცენაზე. იურმალა დასრულდა... ახლა მინდა კლიპი გადავიღო და საქართველოში მალე ჩამოვიდე.