"ხელფასი ამუნიამ შეჭამაო"
19-09-2011
"ინდოელებს რა უნდა ველაპარაკოთ, როცა ჩვენს ეკონომიკის სამინისტროსაც ფეხებზე ვკიდივართ"

"შესანიშნავ სამუშაო პირობებს ჰპირდებოდნენ და მონებად დაუპირეს გადაქცევა"


ორიოდე წლის წინ ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა "ჰერკულესი" ზარ-ზეიმით გაიხსნა. რა თქმა უნდა, ქარხნის გახსნაში ქვეყნის პრეზიდენტი და საქართველოს მთავრობის სხვა მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ და ქუთაისის გადამრჩენლადაც კი მონათლეს დაწესებულება, სადაც ამჟამად 300 ქართველი და 150 ინდოეთის მოქალაქეა დასაქმებული. ქარხანას ინდურ-ქართული კომპანია შპს "ევრაზიასთილსი" მართავს, მისი გენერალური დირექტორი  პაატა ჩხენკელი გახლავთ, ქარხნის დირექტორი კი
რაჯი სურეიკა. მას ქართველი თანადირექტორებიც ჰყავს, - რობერტ ტომარაძე და რომან ლებანიძე. მუშების განცხადებით, პრობლემები მას შემდეგ გაჩნდა, რაც სახელფასო ფონდის მართვა და ქარხნის ბუღალტერია ქართველების ხელში გადავიდა:

ირაკლი იობიძე, ჩამომსხმელი: "გამომუშავებაზე ვართ და ბიჭები თავს არ ვზოგავდით. თავიდან 1.000-1.200 ლარს ვიღებდით, მერე ნელ-ნელა დაიწყეს
შემცირება და ბოლოს 400-500 ლარზე ჩამოგვიყვანეს. გვეუბნებიან, სანამ მეპატრონე საწარმოში ჩადებულ ინვესტიციას არ ამოიღებს და კომპანია მოგებაზე არ გავა, მანამდე პირობები არ გაუმჯობესდებაო. ვერ გავარკვიეთ, გვერიცხება თუ არა დაპირებული თანხა ზეგანაკვეთური ან ღამის ცვლაში მუშაობისთვის. დაგვცინეს კიდევაც, თქვენი ხელფასები "ამუნიამ" შეჭამაო. ბუღალტერიას ინდური მხარე აწარმოებდა, მერე ქართველების ხელში გადავიდა და პრობლემებმაც იჩინა თავი. გვითხრეს, ინდოელებს დაანგარიშება ეშლებოდათო!  ყველაფერს  არანორმალური სამუშაო პირობებიც ემატება: ცვლაში 12 საათს გვამუშავებენ და 11 საათს გვითვლიდნენ ნამუშევარში. შესვენების უფლება მხოლოდ 15-20 წუთით გვაქვს. არც საპირფარეშოა მოწესრიგებული, არც სააბაზანო. არა გვაქვს უსაფრთხოების ჩაფხუტები, ხელთათმანები, შიშველი ხელებით ვმუშაობთ გავარვარებულ ღუმლებთან. ტყავის ფეხსაცმელების ნაცვლად დერმატინის დაგვირიგეს, რომელიც საშიშია - ღუმლიდან გადმოვარდნილი ნაპერწკალი რომ მოხვდეს, მაშინვე ფეხზე მიდუღდება. ინდოელებს რა უნდა ველაპარაკოთ, როცა ჩვენს ეკონომიკის სამინისტროსაც ფეხებზე ვკიდივართ.

იძულებული გავხდით, მეტალურგთა პროფკავშირში გავწევრებულიყავით, რომ  ჩვენი უფლებები დაგვეცვა. შედეგად კი 17 მუშა სამსახურიდან დაგვითხოვეს, გვეუბნებიან, დისციპლინური დარღვევები გქონდათო... როცა 2010 წლის ივნისში მუშებმა ხელფასის დაგვიანება გააპროტესტეს, 7 მათგანი დააკავეს და ოცდღიანი პატიმრობა მიუსაჯეს ხულიგნობისთვის".

ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე: "ქარხნის ადმინისტრაციას მოლაპარაკება შევთავაზეთ წამოჭრილ პრობლემებზე: ანაზღაურებადი შვებულება, რომელსაც მუშებს არ აძლევენ, კვება, რომელიც აქვთ ინდოელებს და არა აქვთ ქართველებს, განახევრებული ხელფასები, რის მიზეზსაც არ უხსნიან და ემუქრებიან: თუ გინდათ, იმუშავეთ, თუ არა და, ინდოელებს ჩამოვიყვანთო. 2 სექტემბერს გამაფრთხილებელი გაფიცვა გვქონდა. დრო მივეცით ადმინისტრაციას, მოლაპარაკებაზე დაგვთანხმებოდა. იცოდნენ, 13 სექტემბერს სრულმასშტაბიანი გაფიცვა რომ იგეგმებოდა, 9 საათის ნაცვლად 7-ზე შეცვალეს ცვლა, რომ ილუზია შეექმნათ, თითქოს ქარხანა შეუფერხებლად მუშაობს.

გაფიცულებს გამოუვალი მდგომარეობა შეუქმნეს, შესანიშნავ სამუშაო პირობებს ჰპირდებოდნენ და მონებად დაუპირეს გადაქცევა. ამიტომ გაფიცვა მანამდე გაგრძელდება, სანამ ჩვენი პირობები არ შესრულდება. 

KvirisPalitra.Ge13 სექტემბერს გაფიცულები ქარხანასთან დილის 7 საათზე შეიკრიბნენ. აქვე იყვნენ პრესისა და პროფკავშირების მუშაკები. ქარხნის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, ცვლა 9-ის ნაცვლად 7 საათზე შეეცვალა, ინციდენტი მოჰყვა, - ქარხანაში შემსვლელებს გაფიცულები თანადგომას სთხოვდნენ, ისინი კი პასუხობდნენ, სხვა გზა არა გვაქვს, ცოლ-შვილს მშივრებს ვერ დავტოვებთო.

...ამ დროს გაფიცულებს ის მუშებიც შეუერთდნენ, რომლებიც ღამის ცვლიდან გამოვიდნენ. გაფიცულები ოვაციით შეხვდნენ სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ დელეგაციებს. მეტალურგებს გვერდით დაუდგნენ: ბათუმის ტერმინალის თანამშრომლები, ზესტაფონის "ფეროს" მუშები, განათლების, სოფლის მეურნეობის, თბილისის მეტროპოლიტენის, მომსახურების სფეროს პროფკავშირები, რკინიგზელები.

მალხაზ გოგიავამ და გოჩა დარჯანიამ შიმშილობა გადაწყვიტეს. როგორც კი კარვის გაშლა დაიწყეს, ქარხნის დაცვის თანამშრომლებმა საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
ქარხნის ხელმძღვანელობასთან გასაუბრება ვცადეთ, რაზეც ერთ-ერთმა დირექტორმა, რომან ლებანიძემ გვითხრა: თუ ინფორმაციის მიღება გსურდათ, სამი Dდღით ადრე უნდა გეცნობებინათო(?!).

14 სექტემბერს მესამე ცვლაც შეუერთდა გაფიცულებს. არავინ იცის როგორ გაგრძელდა მუშაობა საწარმოში, რომელიც მხოლოდ ინდოელი მუშების იმედად დარჩა.

P.  S. წერილი დასაბეჭდად მზად იყო, როცა "კვირის პალიტრას" ქარხნის ერთ-ერთი დირექტორი, ბატონი რობერტ ტომარაძე დაუკავშირდა: "ხელშეკრულების მიხედვით მუშებს ხელფასების ანაზღაურება დროის მიხედვით უნდა მიეღოთ, მაგალითად, საათში 2 ან 3 ლარი, რაც ცოტა იყო და ვთხოვე ინდოელ ინვესტორს, ისინი გამომუშავებაზე გადაეყვანა. დავითანხმე და ორი თვე იღებდნენ გაზრდილ ხელფასებს, მაგრამ რომელი ინვესტორი იმუშავებს წაგებაზე და ინდოელებმაც ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობის შესრულება მოითხოვეს. ეგ კი არა, უკვე გადახდილი ფულის დაბრუნება უნდოდათ და ძლივს გადავაფიქრებინეთ. 400 კაცია დასაქმებული. მალე მეორე ქარხნის ამუშავება აქვთ დაგეგმილი, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ან ქარხანას აღარ ააშენებენ, ან მუშებად ინდოელებს ჩამოიყვანენ.

მოკლედ, იურიდიულად ინვესტორი მართალია, ხელშეკრულებაში რაც წერია, არ დაურღვევია. მუშებმა ნებით მოაწერეს ხელი იმ პირობებით მუშაობას, რასაც ახლა აპროტესტებენ".

P.P.S. 15 სექტემბრის დილას მოშიმშილეებს კიდევ ორი მეტალურგი - იუზა კახიძე და კახა ცერცვაძე შეუერთდნენ. აქცია პოლიციამ დაარბია, დააკავეს რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის მოშიმშილეები, რომლებიც გვიან ღამით გაათავისუფლეს. ქარხნის ადმინისტრაცია მოლაპარაკებასა და დათმობას არ აპირებს.
უცნობი
22 იანვარი 2012 20:54
აბსოლიტუკი სიმართლეა აქ რაც წერია და მეტიც, კიდევ ბევრი რამ არის სათქმელი და დასაწერი. რაც იქ ხდება საშინელებააააა

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, აქვს თუ არა მამუკა ხაზარაძის მიერ დაანონსებულ პოლიტიკურ მოძრაობას წარმატების შანსი?