"ეს ტაძარი სასწაულს გვიჩვენებს" - კვირის პალიტრა

"ეს ტაძარი სასწაულს გვიჩვენებს"

15 სექტემბერს დარიალის ხეობაში, რუსეთის საზღვრიდან ხუთასიოდე მეტრის მოშორებით, ახალი სამონასტრო კომპლექსი აკურთხეს.მთავარანგელოზების - მიქაელისა და გაბრიელის სახელობის მონასტრის მშენებლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. ამჯერად დასრულებულია მთავარი ტაძარი, რომელიც საზეიმოდ აკურთხა საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ. დარიალში მონასტრის დაფუძნების იდეა სწორედ უწმინდესს ეკუთვნის. კომპლექსის დასრულებას რამდენიმე წელი დასჭირდება. დაგეგმილია კიდევ ერთი ტაძრის მშენებლობა, რომელიც წმინდა გიორგის სახელობის იქნება. სამონასტრო კომპლექსში გათვალისწინებულია 150 ბერისა და მორჩილისათვის სენაკების, აგრეთვე, სასტუმროსა და  საპატრიარქო რეზიდენციის მშენებლობა.

ტაძრის კურთხევას საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც ესწრებოდა. არც წირვაზე და არც მისი დასრულების შემდეგ არ გამოჩენილა უცხოეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ლევან ვასაძე, არადა, სამონასტრო კომპლექსის საძირკვლის ჩაყრისთანავე ითქვა, რომ დარიალში ახალ ”მართლმადიდებლურ  საგუშაგოს” სწორედ ვასაძე აფინანსებდა. მშენებლობის დროს  ის მრევლს არაერთხელ უნახავს ბერებთან ერთად.

ბიზნესმენი, ალბათ, არც არავის გაახსენდებოდა, რომ არა მოარული ხმები, თითქოს მას პრეზიდენტობა სურდეს. მიმდინარე წელსაც არაერთხელ უხსენებიათ მისი გვარი. მას ხან გიორგი თარგამაძისა და ქრისტიან-დემოკრატების ”ახლობლობას” აბრალებენ და ამბობენ, რომ მათი სახელით წარდგება, როგორც საპრეზიდენტო კანდიდატი, ხანაც ნაციონალებთან  აკავშირებენ: ლევან ვასაძე -  პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი - პრემიერი?!

ამ თემაზე თავად ვასაძე  დუმს. მისი ახლობლები და მეგობრები მხოლოდ არაოფიციალურ კომენტარებს აკეთებენ და აცხადებენ, რომ ლევანს პოლიტიკაში ჩართვა არ სურს.

ამასობაში კი მოვლენები ასე ვითარდება: 15 სექტემბერს პრეზიდენტს ვასაძე არც კი გახსენებია, სამაგიეროდ, განაცხადა, რომ ამ ეკლესიას თვითონ (ალბათ, იგულისხმა, რომ ნაციონალებთან ერთად) აშენებს. სინამდვილეში მშენებლობას  რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კურირებს.  შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მშენებლობაში სწორედ ტექნიკური მხარე იგულისხმა და არა - ფინანსური, მაგრამ მან გარკვევით თქვა, რომ ახალი სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისთვის, რომელიც 2005 წელს დაიწყო, კერძო შემოწირულობებთან ერთად, ძირითადი თანხა საქართველოს მთავრობამ გაიღო.

"ბოლო პერიოდში სულ გვესმის, თუ როგორ ებრძვის საქართველოს მთავრობა ეკლესიას, ამასობაში ვაშენებდით ამ ეკლესიას და კიდევ ასობით სხვა ეკლესიას აღვადგენდით და ასე გავაგრძელებთ მომავალში. იმიტომ, რომ ვინც რა უნდა ილაპარაკოს, ეს არის საქართველოს უმთავრესი სულიერი მემკვიდრეობა; ეს არის საქართველოს იდენტურობის, მეობის, ჩვენი ევროპულობის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხი.  რა თქმა უნდა, ამ მემკვიდრეობის მოვლა, განვითარება არის ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მოვალეობა და ეს ეკლესია არის ამის ბრწყინვალე დასტური." –

დარიალში მოსული სტუმრები არაოფიციალურ საუბრებში  გამორიცხავდნენ სააკაშვილი-ვასაძის გარიგების შესაძლებლობას. თუ ლევან ვასაძე ამ დღეს დარიალში არ იყო, ეს სწორედ იმას მოწმობს, რომ მისთვის პოლიტიკა არაფერს ნიშნავს და არც იმას აქვს მნიშვნელობა, ვინ დაიბრალებს დარიალში უწმინდესის იდეის განხორციელებას.

"ალბათ, საუკუნეების მანძილზე ქართველი ხალხი ელოდებოდა ამ ბედნიერ დღეს, რომ აქ, საქართველოს კარიბჭეში აშენებულიყო ტაძარი, წმინდა მთავარანგელოზების - მიქაელისა და გაბრიელის სახელობისა. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, უპირველეს ყოვლისა, სულიერი. მთავარანგელოზნი - მიქაელი, გაბრიელი, რაფაელი და სხვანი არიან მფარველნი ყოველი ადამიანისა და მით უმეტეს, მფარველნი არიან ჩვენი ქვეყნისა. მე და ჩვენ, ყველანი ბედნიერნი ვართ, რომ ამ წირვას დაესწრო საქართველოს პრეზიდენტი ბატონი მიხეილი.  ვფიქრობ, რომ ამ ტაძარს აქვს კიდევ სხვა მნიშვნელობა - ეს ტაძარი არის საზღვარზე, რუსეთთან. რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობა არის მართლმადიდებელი ქრისტიანი და იქიდან რომ შემოვა სტუმარი, ის ნახავს, რომ შევიდა მართლმადიდებელ, მშვიდობიან ქვეყანაში, საქართველოში ეს წმინდა ტაძარი იქნება  თავშესაფარი ყოველი მგზავრისა. აქ შეიძლება შედგეს მოლაპარაკება ქვეყნების მეთაურებისა.  ვფიქრობ, რომ ამ ტაძარს ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენი ახალგაზრდებისთვის. ეს ტაძარი არის სიმაგრე მსგავსად იმისა, როგორც იყო თავის დროზე თამარ მეფის სიმაგრე (ტაძრის მოპირდაპირე მხარეს ნანგრევებია შემორჩენილი) და ვფიქრობ, რომ ეს ტაძარი სასწაულს გვიჩვენებს ჩვენ. ვფიქრობ, ეს სასწაული გამოიხატება იმით, რომ ჩვენი ქვეყნები ისევ მშვიდობიან ურთიერთობას დაამყარებენ," - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

როგორც ტაძრის ერთ-ერთი ხატმწერი თეოდორე ჯაფარიძე ამბობს, თუ წინათ ერისკაცები იყვნენ ქვეყნისთვის თავდადებული ჯარისკაცები და მესაზღვრეები, ახლა ამ ფუნქციას ეკლესია და ბერები ითავსებენ. ის  ერი კი, რომელიც ადიდებს უფალს და აშენებს ეკლესიებს, ამბობს, რომ უნდა მშვიდობა.