უნივერსიტეტიდან რუკა დაიკარგა, "მიწა ქართული" კი გაიტანეს! - კვირის პალიტრა

უნივერსიტეტიდან რუკა დაიკარგა, "მიწა ქართული" კი გაიტანეს!

ახლახან გვაცნობეს, რომ კოკი მახარაძის შესანიშნავი ფერწერული ტილო "მიწა ქართული" უნივერსიტეტის პირველი კორპუსიდან ერთ ჩამოფხავებულ შენობაში გადაიტანეს, ხოლო უფრო ადრე ისტორიის მუზეუმში განთავსებული რუკა დაიკარგა...

თუ ათეული წლების წინ ჩვენი მამა-პაპა საზღვრის მოსანიშნად მიწაში ნახშირით სავსე ვედროებს ფლავდა, მათი მონიშნული ადგილები ღირსეული წინაპრებისავე წყალობით რუკაზეც იქნა დატანილი. ჩვენ კი იმის ნაცვლად, ისტორიული დოკუმენტების ორიგინალები მოგვეძიებინა (რომლის ფარგლებშიც თავის დროზე მსოფლიომ ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა), იმასაც ვკარგავთ, რაც გვაბადია. არცთუ დიდი ხნის წინ "კვირის პალიტრამ" მივიწყებული ერისკაცის, დიდი კარტოგრაფის, ევსევი ნიკიფორეს ძე ბარამიძის სახელი შეახსენა საზოგადოებას.

KvirisPalitra.Geმან პირველმა შეადგინა საქართველოს რუკა იმ ისტორიული საზღვრებით, რაც 1919 წელს ივანე ჯავახიშვილმაც აღწერა. მოგვიანებით ეს რუკა ჯავახიშვილის რედაქტორობით გამოიცა. ალბათ, შემთხვევითი არც ის იყო, რომ ამ რუკას (წარწერასთან ერთად - "შემდგენელ-შემსრულებელი ევსევი ბარამიძე") კარტოგრაფის ხელითვე შესრულებული ქაჯეთის ციხის შესანიშნავი გრაფიკა ამშვენებდა, საქართველოს საზღვრებს კი ნიკოფსიიდგან დარუბანდამდე ასახავდა.

ამან ბოლშევიკები სასტიკად აღაშფოთა. 1936 წელს ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფიის განხილვა მოეწყო, სადაც "მენშევიკის ქურქში გახვეული ჯავახიშვილი" ამხილეს. საიდუმლო არქივში დღემდე ინახება სტენოგრაფიული ჩანაწერი, სადაც ნათქვამია: "მენშევიკების ქურქში გახვეულმა ჯავახიშვილმა ბოროტად გაიგო სტალინური დებულება ერთა თვითგამორკვევის უფლების შესახებ".

ამ ამბავს კარტოგრაფ ევსევი ბარამიძის ციმბირში გადასახლება მოჰყვა. თავად ჯავახიშვილი კი მის საწინააღმდეგო გააფთრებულ კამპანიას, ფაქტობრივად, შეეწირა.

როცა ამგვარ ჩანაწერებს ვკითხულობ, მგონია, 1936 წლის ზემოთ ხსენებული დისკუსია ჯერაც არ დასრულებულა. მერე რა, რომ უნივერსიტეტი კვლავაც ჯავახიშვილის სახელობისაა. ჯერ იყო და, დამსახურებული პროფესორ-მასწავლებლები ერთი ხელის მოსმით "ჩარეცხეს" (მათ შორის, ევსევი ბარამიძის შთამომავალი მედეა ჩხაიძე); მერე კარტოგრაფის მიერ შედგენილი რუკა (გაზრდილი მასშტაბით), რომელიც უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმს ამშვენებდა, "დაიკარგა" და ეს უნივერსიტეტის პრესსამსახურმაც ვერ უარყო. სხვები კი დუმილს ამჯობინებენ. უნივერსიტეტის რემონტს კოკი მახარაძის უნიკალური ფერწერული ტილოც - "მიწა ქართული" შეეწირა, ის ღამით, მალულად ჩამოხსნეს.  სამაგიეროდ, უნივერსიტეტის შიგნით თუ გარეთ გაუგებარი "ფილოსოფიური ქმნილებები" ხელუხლებელია.

ფერიდე მანაგაძე, კოკი მახარაძის მეუღლე: "მიწა ქართული" ღამით, მიპარვით გაიტანეს, ისე, რომ ეს ავკაცობა არავის დაენახა. ეს გვიან შევიტყვეთ, თუმცა კი, სიმართლე გითხრათ, ველოდით. ტილო საბურთალოს სასაფლაოსთან ახლოს, ბიბლიოთეკაშია განთავსებული. შენობას ბიბლიოთეკის სახელი ფორმალურად აქვს შერჩენილი, თორემ სულ სხვა დანიშნულების არის, თანაც ნახევრად დანგრეულია. თუკი მისი აღდგენა დაიწყო, არ ვიცი "მიწა ქართულს" სად გადაიტანენ!"

ის, როგორც ჩანს, მოხსნის მომენტში მცირედ, მაგრამ მაინც დაზიანდა... ახალგაზრდა ქალის გამოსახულებაზე ფერები ძველებურად აღარ არის შერჩენილი".

P.S.სამწუხაროა, რომ კოკი მახარაძის ტილოს, "მიწა ქართული" და ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ამსახველი რუკის ადგილი უნივერსიტეტში ვერ მოიძებნა!

მტერსა და მომხდურს რა გამოლევს, მაგრამ თითო გოჯ ქართულ მიწას, მთელი თავისი ისტორიული გამოხატულებითა თუ სიმბოლური დანიშნულებით რომ უნდა გავუფრთხილდეთ, განა საკითხავია?! და მაინც, როდის წყდება ჩვენი ისტორიული მეხსიერება და სად იღებს სათავეს  ნეობოლშევიზმით მოწამლული ცნობიერება?!

"მიწა ქართული"

უზარმაზარი პანო - "მიწა ქართული" 1978 წელს შეიქმნა, სწორედ მაშინ, როცა საქართველო ქართული ენის დასაცავად გამოსული ხალხის მღელვარებამ  მოიცვა. მაშინ უნივერსიტეტის რექტორმა დავით ჩხიკვიშვილმა სთხოვა კოკი მახარაძეს, იქნებ უნივერსიტეტის სააქტო დარბაზთან დახატო "მიწა ქართული", მსგავსი იმისა, რაც ეროვნულ მუზეუმში უკვე ინახებაო. ალბათ, მაშინ ფერმწერი ვერც კი წარმოიდგენდა, თუ წლების შემდეგ "მიწა ქართულის" ეროვნული სიმბოლიკა ვინმეს მხოლოდ აგროკულტურის მანიშნებლად ეჩვენებოდა.

პანოზე გამოსახული ფიგურები ხომ ჩვენი ერის წარსულს, აწმყოსა და მომავალს ერთმანეთთან აკავშირებდა. ადამიანების მწუხარე სახეები საქართველოს ისტორიაზე მიუთითებდნენ, ხოლო გზის მაჩვენებელი ბრძენი მოხუცი თითქოს გვაფრთხილებდა, ეროვნულ ფესვებს არ მოსწყდეთო. წინა პლანზე ახალგაზრდა ქალის  ფიგურა ქალის კულტსა და ჩვენი ქვეყნის ღვთისმშობლის წილხვედრობაზე მიანიშნებდა. ეს ფერწერული ნიმუში მიწათმოქმედების, ბარაქიანობის, შეფარული ქრისტიანული სიმბოლოებით იყო დატვირთული, რასაც მწიფე ბროწეულები, სიმინდები და ეკალბარდები მიანიშნებდა. ამ ყველაფრის ერთი ხელის მოსმით "საბჭოთა მემკვიდრეობად" გასაღება, რაც თავის დროზე უნივერსიტეტში სპეციალურად მოწვეულ საბჭოს სხდომაზე ითქვა კიდეც, ნიშნავდა იმას, რომ მამა-პაპანი ჩვენი ცოდვით საფლავებში ბრუნავდნენ.