”რა უბედურებაა, ყველგან ეს მატლი დაცოცავს” - კვირის პალიტრა

”რა უბედურებაა, ყველგან ეს მატლი დაცოცავს”

"ამ ხელისუფლებას ყველგან ჰყავს თავისი მომხრეები და დაავალონ ამ მავნებლებთან ბრძოლა"

ძვირფასო რედაქცია მინდა ჩემი გულისტკივილი გაგიზიაროთ. ამას წინათ სენაკის რაიონში, სოფელ ზანაში ვიყავი სატირალში და ეს რა საშინელება ვნახე! ხეებს ფოთლები არ ჰქონდა, მაგრამ ვერ მივხვდი, რატომ. თხილის პლანტაციები ერთიანად გადამხმარი იყო. ოჯახში სამძიმრის სათქმელად რომ შევედი, თავზე მატლი დამეცა. ზოგს ტანზეც ახოხდებოდნენ. სამძიმრის შემდეგ სუფრაზე მიგვიწვიეს. მაგიდაზეც კი ათასობით მატლი დაღოღავდა. ვერ წარმოიდგენთ, რა საშინელი სანახავი იყო, გამგეობაში მივედით, მაგრამ ყურადღება არავინ მოგვაქცია, ამბობენ ზანელები. მაგ მატლს თურმე ჩიტიც კი არ ეტანება, შაშვი თუ შეჭამს, კვდებაო. თუ არ მიაქციეს ყურადღება, მთელ ქვეყანას მოედება. ცოდვის კითხვაა სამეგრელოში. ყველა ხეზე მატლია, მარტო ლეღვს არ ეკარება თურმე.

ჩემმა ძმაკაცმა მითხრა, 900 კილომდე თხილს ვკრეფდი ყოველ წელიწადს და წელს ერთი კილოც არ მომიკრეფიაო. პატრონი და მიმხედავი არა ჰყავს ამ უბედურებას. ჯოჯოხეთია, აბა, რა, დღე და ღამ მატლი რომ გესევა.

ვალდებული ვიყავი, ეს ამბავი თქვენამდე მომეტანა. გთხოვთ, მთავრობის ყურამდე მიიტანოთ ეს ამბავი. ცოდვაა ხალხი.

რომან ჯანჯღავა, მარტვილი

რომან ჯანჯღავას შემდეგ მარტვილიდან კინოსცენარისტი რეზო კვესელავა დამიკავშირდა: "ეს მატლები (ამერიკული თეთრი პეპელა) ჩემს ეზოშიც არიან. მარტვილის რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში ძალიან მოდებულია. მეზობელმა მითხრა, სკამზე იმდენი მატლი იყო, შარვალი დამისველდა, რომ დავჯექიო. სასწრაფო ზომებია მისაღები, თორემ მთელ საქართველოს მოედება ეს მავნებელი".

ჩვენ დავუკავშირდით სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სამეგრელოს მოსახლეობის გასაჭირი ვუამბეთ და სურსათის ეროვნული სააგენტოსგან ასეთი პასუხი მივიღეთ:

- ჩვენმა სააგენტომ ამერიკული თეთრი პეპლის გასანადგურებლად უკვე დაასრულა წამლობითი ღონისძიებები. დამუშავებულია 21 ათასი ჰექტარი დაზიანებული ფართობი. ამ ეტაპზე დამუშავება შეწყვეტილია, რადგან მატლი უკვე ბოლო ასაკშია და მასზე პრეპარატები არ მოქმედებს, წყვეტს ჭამას და ფოთლების შეწამვლას (რომელსაც მავნებელი ანადგურებს) აზრი არა აქვს. ამ პერიოდში მავნებელი დასაჭუპრებლად ემზადება და საცხოვრებელ სახლებს, ძირითადად, სახურავებს ეტანება.

- როგორ უნდა ებრძოლონ ამერიკულ თეთრ პეპელას?

- სურსათის ეროვნული სააგენტო ხეებს წამლავს გზის პირებზე, ქუჩებში და ტრასაზე. "მცენარეთა დაცვის შესახებ" კანონის თანახმად, მოსახლემ თვითონ უნდა შეწამლოს საკარმიდამო ნაკვეთის ხე-მცენარეები.

ყველა რაიონში არის ჩვენი წარმომადგენელი მცენარეთა დამცველი, რომელსაც შეუძლია რეკომენდაციის გაწევა მოსახლეობისთვის.

ადრე გაზაფხულზე პეპელა მზით განათებულ ადგილზე კვერცხს დებს, საიდანაც 2500 მატლი იჩეკება. კვერცხდების ადგილები ადვილად შესამჩნევია. ხის ერთ ტოტზე გაკეთებულია აბლაბუდა, რომელშიც კვერცხებია გახვეული. ამ ერთი ტოტის მოჭრა ან მიწვა მოაგვარებს პრობლემას. თუ მოსახლეობა ასე არ მოიქცევა, მატლის პირველი თაობა მთლიანად მოედება ხეს, მეორე თაობა კი მთელ ნარგავებს  გაანადგურებს. თუ მოსახლეობაც გვერდში არ დაგვიდგა, გაჭირდება დაზიანებული ფართობების დამუშავება.

ადრე გაზაფხულზე მოსახლეობას დავურიგებთ ბუკლეტებს, სადაც ახსნილი იქნება, როგორ უნდა ებრძოლონ მექანიკურად ამ მავნებელს. პარალელურად მოვამზადეთ საინფორმაციო კლიპი. მასში ასახულია, როგორ უნდა მოიჭრას და მიიწვას ტოტები. მოჭრილი ტოტის დაცემის ადგილზე აუცილებელია ალის გადატარება.

- მოსახლეობა ფიქრობს, რომ ამერიკული თეთრი პეპელა უცხოეთიდან შემოტანილ სოფლის მეორნეობის პროდუქტებს შემოჰყვა.

- ამერიკული თეთრი პეპელა 1976 წლიდან დაფიქსირდა საქართველოში. როგორ შემოვიდა, დადგენა რთულია. თავდაპირველად სამტრედიაში გავრცელდა, მაგრამ მოსახლეობამ მექანიკური გზით გაანადგურა. ამჟამად მავნებელი არის სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და სწრაფად ვრცელდება აჭარაშიც. ამერიკულ თეთრ პეპელას ყოველწლიურად ვებრძვით. მისი სრულად განადგურება შეუძლებელია, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად დაგეგმილ კომპლექსურ ღონისძიებებს".

სურსათის ეროვნული სააგენტოს პოზიცია რეზო კვესელავას რომ ვაცნობეთ,  გვითხრა:

- ნახევარი წელია მარტვილში ვარ და ხელისუფლებიდან არც ერთი მათგანი არ მინახავს. ხალხს დარაზმვა და გამხნევება უნდა. სად წავიდა ამდენი აგრონომი? სოფელს საკრებულო და არჩეული ხალხი ხომ ჰყავს, სად არიან ახლა? სუფრას ვერ ნახავ, სადაც ეგენი არ ქეიფობდნენ, მაგრამ ხალხთან მისასვლელად ვერ იცლიან. ხელმძღვანელობამ თუ არ ითავა, გლეხკაცი ისეა დათრგუნვილი, ინიციატივას ვერ გამოიჩენს. სოფელში ორიოდე მოხუცია დარჩენილი, ახალგაზრდობა გაიკრიფა. რა შეუძლიათ ამ მოხუცებს? ხომ აცნობეთ ეს პრობლემა, ახლა მაინც დაფაცურდეს ეს ხელფასიანი ხალხი. ამ ხელისუფლებას ყველგან ჰყავს თავისი მომხრეები და დაავალონ ამ მავნებლებთან ბრძოლა. ვისაც ამას დაავალებენ, იმის შიშით, სამსახური არ დაკარგოს, დავალებას შეასრულებს.

KvirisPalitra.Geამერიკული პეპელა

ამერიკული თეთრი პეპელა (Hyphantria cunea), საშიში საკარანტინო მავნებელია, რომელიც აზიანებს 300-მდე დასახელების მცენარეს,  უმთავრესად თუთის ხესა და ხეხილს. პეპელა ღრღნის, შემდეგ კი მთლიანად ჭამს ფოთოლს, ხოლო ტოტებზე აბლაბუდას აბამს და წელიწადში იძლევა ორ თაობას. გავრცელებულია ევროპაში, იმიერკარპატეთის ოლქში. ასევე, დასავლეთ საქართველოში - სამეგრელოში, იმერეთში, გურიასა და აჭარაში.