"კატრექსის" საიდუმლოებანი - კვირის პალიტრა

"კატრექსის" საიდუმლოებანი

(გაგრძელება, დასაწყისი "კვირის პალიტრა" #35-37) "კარგი იქნება, თუ ქართველებს ანიჩკოვის საცდელ კურდღლებს არ დაგვამსგავსებენ"

გვესაუბრება "კატრექსის" ლაბორატორიის ყოფილი მთავარი ექიმი, ჰომეოპათი და ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი კახა საბახტარიშვილი:

- ჯანმრთელი გულის შესანარჩუნებლად ერთ-ერთი მთავარი პირობაა სისხლის შეუფერხებლად მიწოდება. რაც უფრო ბლანტია სისხლი, მით უფრო ძნელად მიედინება კაპილარებში. დადგენილი ფაქტია, რომ მისი გატუტიანება გასქელებასაც იწვევს. გატუტიანებას კი ხელს უწყობს ალკოჰოლი, ყავა, თამბაქო... თუმცა, ხორციან კერძზე მცირე დოზით, მაგალითად, მომცრო ჭიქით არყის ან ერთი ჭიქა სუფთა ღვინის დალევა რეკომენდებულია. ხორცი გადამუშავების დროს მჟავას გამოყოფს, სასმელი კი მის გადამუშავებას აუმჯობესებს. სისხლის გათხელებას ხელს უწყობს მჟავე პროდუქტებიც, მაგალითად, კომბოსტოს მწნილი.

შემიძლია ჰომეოპათიურ მედიცინაში ერთი მიღებული საიდუმლო წესიც გაგიმხილოთ: "მსგავსი იკურნება მსგავსით", - რა ორგანოც აწუხებს ადამიანს, სასურველია ცხოველის იგივე ორგანო მოხარშული ჭამოს. მაგალითად, თუ აწუხებს გული, მიირთვას ღორის გული, თუ კუჭი - საკვებად ვარგისი ნებისმიერი სხვა ცხოველის კუჭი გამოდგება.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამომწვევ მიზეზად მსოფლიოში ქოლესტერინია მიჩნეული. თვლიან, რომ ცხოველური ცხიმები, განსაკუთრებით ხიზილალა, კვერცხი, ლორი, ღვიძლი ქოლესტერინის წყაროა, რომლის სისხლძარღვების კედლებზე ჩალაგება ათეროსკლეროზის წინა პირობაა. ამ დაავადებების განვითარების რისკის მქონე ადამიანებს ურჩევენ, შეზღუდონ ცხოველური ცხიმების მიღება და მცენარეულ კვებაზე გადავიდნენ. მაგრამ ჩემი განცხადება ყველაფერს თავდაყირა აყენებს...

გასული საუკუნის დასაწყისში აკადემიკოსმა ნიკოლაი ანიჩკოვმა, რომელიც მიჩნეულია კარდიოლოგიის ერთ-ერთ ფუძემდებლად, ჩაატარა ცდა კურდღლებზე. გაძლიერებულად კვებავდა ბაჭიებს ცხოველური ცხიმებით, ე. ი. ქოლესტერინის შემცველი პროდუქტებით. საცოდავ ბაჭიებს სისხლძარღვების კედლებზე უგროვდებოდათ ცხიმი, უვითარდებოდათ ათეროსკლეროზი და ინფარქტით, მიოკარდით, ინსულტით იხოცებოდნენ. მეცნიერს არ გაუმახვილებია ყურადღება იმაზე, რომ კურდღლები ბალახისმჭამელთა ჯგუფს მიეკუთვნებოდნენ და მათი საჭმლის მომნელებელ სისტემაში არ იყო ის ფერმენტები, რაც ცხოველური საკვების მიმღებ ორგანიზმშია. ქოლესტერინით მდიდარ საკვებს როგორც ადამიანის, ასევე ზოგიერთი ცხოველის (რომელიც ხორცით იკვებება) კუჭ-ნაწლავის სისტემა ამუშავებს და შლის გლიცერინად და ცხიმოვან მჟავად.

კურდღელს სწორედ ეს უნარი არ გააჩნდა, ამიტომ  ქოლესტერინი პირდაპირ, უხსნადი ქოლესტერინულ-ლიპიდური კომპლექსის სახით ხვდებოდა სისხლში და ილექებოდა სისხლძარღვების კედლებზე. 50-60-იან წლებში კვერცხი ლამის კაცობრიობის მტრადაც კი გამოაცხადეს როგორც ქოლესტერინის "საბადო", მავნე და საშინელი პროდუქტი. ხალხს ურჩევდნენ, არ ეჭამათ ხიზილალა, ღორის ხორცი, ღვიძლი და ა.შ. რასაკვირველია, ეს მცდარი შეხედულებაა. მაშინ, რატომ არის, რომ მეთევზეს, რომლის რაციონი, ძირითადად, თევზისგან შედგება, ათეროსკლეროზი არ უვითარდება? ან რატომ დაემართათ ინფარქტი და ინსულტი მათ, ვისაც ქოლესტერინის დონე აბსოლუტურად ნორმალური ჰქონდა? ჩემი არგუმენტი შემდეგი პერიოდის ექსპერიმენტს ეყრდნობა: ევგენი ჩაზოვმა (ის მსოფლიოში ცნობილი კარდიოლოგია) ანიჩკოვის ექსპერიმენტი გაიმეორა ძაღლებზე, რომელთაც ქოლესტერინით მდიდარი პროდუქტით კვებავდა და ამით ცხოველებს საფრთხე არ შეჰქმნია. ამ ექსპერიმენტის გამო უზარმაზარი რისხვა დაატყდა თავს ჩაზოვს "ანიჩკოვის მიმდევრებისგან", მაგრამ ფაქტი ფაქტად დარჩა, ძაღლები არ დაიხოცნენ.

- გახმაურდა ინფორმაცია, რომ ონკოლოგიური ცენტრი ჩინელებმა იყიდეს და სიმსივნესთან საბრძოლველად ჩინური მედიცინის მეთოდებსაც გამოიყენებენო.

- დიახ, ჩინურმა ჯგუფმა "პეგასმა" შეიძინა საქართველოს ონკოლოგიური ცენტრი და თურმე ჩინური ფიტოთერაპიული პრეპარატების გამოცდას ონკოლოგიურ პაციენტებზე გეგმავენ. "პეგასი" ფიტოთერაპიული პრეპარატების მწარმოებელი ერთ-ერთი ფირმაა. ჩემი აზრით, ყველა ადამიანმა უნდა იმკურნალოს იმ მცენარეებით და მიირთვას ის საკვები, რომელიც იმ გეოგრაფიულ გარემოში მოიპოვება, სადაც ცხოვრობს.  ის, რაც ჩინელისთვის მისაღებია, შეიძლება ქართველისთვის მიუღებელი აღმოჩნდეს. მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ორგანიზმს დრო სჭირდება ახალი პროდუქტის ასათვისებლად. მართალია, ჩვენც ვთავაზობთ მკითხველს ტიბეტური ან ჩინური მედიცინიდან რეცეპტებს, მაგრამ მათში შემავალი კომპონენტები, ე. ი. მცენარეები საქართველოში ხარობს. მაგალითად, ჩუქჩას, რომელსაც კიტრი არასოდეს უნახავს, ამ პროდუქტის მიღებას თუ დააწყებინებ, მისი ორგანიზმი პროტესტს აუცილებლად გამოხატავს.კარგი იქნება, თუ ქართველებსაც ანიჩკოვის კურდღლებს არ დაგვამსგავსებენ.

მკურნალობის ჩინური მეთოდი

მეთოდის არსი მდგომარეობს მცენარეული ზეთების (უმჯობესია მზესუმზირის) არა დალევის, არამედ წოვის აქტში. ამ მეთოდით მკურნალობა სასწაულს ახდენს: სუფთავდება ყველა უჯრედი, ქსოვილი, ორგანო. ამ მეთოდით იკურნება თავისა და კბილის ტკივილი, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, თრომბოფლებიტი, სისხლის ქრონიკული დაავადებები, დამბლა, რადიკულიტი, ეპილეფსია, ზოგიერთი სახის სიმსივნე, კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის, გულის დაავადებები, გინეკოლოგიური დაავადებები.

მკურნალობის მეთოდიკა: 1 სუფრის კოვზ მზესუმზირის ზეთს ვიგუბებთ პირის ღრუს წინა ნაწილში, 15-20 წუთის განმავლობაში როგორც საწოვარა ან კანფეტი ვწოვოთ ზეთი მსუბუქად, დაძაბვის გარეშე. დასაწყისში ზეთი ხდება ბლანტი, სქელი, შემდგომ წყალივით თხევადი. ამის შემდეგ გადმოვაფურთხოთ. სითხე უნდა იყოს რძესავით თეთრი. თუ ყვითელია, ეს ნიშნავს, რომ წოვის პროცესი ბოლომდე არაა მიყვანილი. გადმოფურთხების შემდეგ პირში გამოვივლოთ წყალი.

Pპროცედურა უნდა ჩატარდეს დღეში ერთხელ, უმჯობესია დილით, შეიძლება ორჯერაც, დილით, უზმოზე და საღამოს, ძილის წინ.

მოსალოდნელი შედეგები: უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამ მეთოდით, მკურნალობის დასაწყისში შესაძლებელია წარმოიშვას გამწვავება, კერძოდ, ავადმყოფს ეცვლება გუნება-განწყობა, რაც იმის ნიშანია, რომ იწყება ქრონიკული პროცესის "გამოღვიძება". გამწვავების დროსაც არ შევწყვიტოთ მკურნალობა. საერთოდ, დაავადება ვითარდება შემდეგი სქემით: ჯანმრთელი მდგომარეობა, მწვავე პროცესი, ქრონიკული პროცესი. გამოჯანმრთელება კი შებრუნებული სქემით: ქრონიკული პროცესი, მწვავე პროცესი, ჯანმრთელი მდგომარეობა.

(გაგრძელება იქნება)