"საქართველოში ტრაბახი ზეობს"
"ეს ჩემი აზრია და არ შემიძლია გადავიქცე სხვად"

"დღეს ჩვენ პროვინციული კულტურა გვაქვს"


14 სექტემბერს რუსთაველის თეატრში გაიხსნა გოგი ალექსი-მესხიშვილის ნამუშევრების გამოფენა. კულმინაცია თეატრის მეორე სართულზე, მცირე სცენის ფოიეში ელოდათ დამთვალიერებლებს - ინსტალაცია ვაჟა-ფშაველას თემაზე მართლაც სუნთქვაშეკრულმა უნდა ნახო, რომ არ დაარღვიო სამყარო ზებუნებრივი, დროსა და სივრცეში მარადიულყოფილი. მეორე დარბაზში სრულიად განსხვავებული ინსტალაციაა "ბიდერმანი და ცეცხლის წამკიდებლების" თემაზე... გოგი ალექსი-მესხიშვილის შემოქმედებას სწორედ ასეთი მრავალფეროვნება
და მოულოდნელობა ახასიათებს. მას მსოფლიოში იცნობენ და ელოდებიან...

უკვე 45 წელია, თეატრის მხატვარია. ახლა ძნელია, იმაზე იმსჯელო, გახდებოდა თუ არა თეატრის მხატვარი, ბავშვობიდან რობერტ სტურუას მეგობარი რომ არ ყოფილიყო. ჯაზით იყვნენ გატაცებულები. ბევრი ჰქონდათ საერთო. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ხდება ხოლმე, ნიჭიერი ადამიანი რომ გამოჩნდება... ჯერ ერთმა ნაცნობმა სთხოვა სპექტაკლის გაფორმება,
მერე - მეორემ... რუსთაველის თეატრშიც იხმეს...

- რა არის მთავარი, რომ თეატრის მხატვარი გახდე?
- ხელობა უნდა იცოდე - ეს არის მთავარი. არ მიყვარს, როცა ხელოვნებას ეძახიან საკუთარ პროფესიას. ეს, უპირველესად, ხელობაა, როგორც, მაგალითად, დურგლობა. ამას გარდა, შენი სამყარო უნდა გქონდეს, უნდა იცოდე, რა გიყვარს, რისი გამოხატვა გინდა.  
ახალგაზრდობაში  სხვადასხვა რეჟისორთან მუშაობ, მერე იკვრება წრე, ვისთანაც გინდა თანამშრომლობა, ჩემთვის საქართველოში ეს რობიკოა, თემურ ჩხეიძე, გია ყანჩელი. უცხოეთშიც შემხვდნენ საინტერესო შინაგანი სამყაროს ადამიანები, რომლებთანაც  ვმუშაობ... საკუთარი შინაგანი სამყაროს მქონე, გარე სამყაროზე, პოლიტიკაზე არ ხარ დამოკიდებული... მხოლოდ შენი საქმით ხარ გატაცებული.

სამწუხაროდ, დღეს საქართველოში ტრაბახი ზეობს, თავდაჭერა არ აქვთ... ბევრს ნახავთ თავისი თავით აღფრთოვანებულს... სწორედ მათ აჩვენებენ ტელევიზიითაც... ჩემს ახალგაზრდობაში ვინც თავის საქმეს აკეთებდა, არ ეძებდა იაფფასიან პოპულარობას.
დღეს ყველაფერი გაიაფდა... ნახეთ, რა შოუები გადის. ძალიან ცუდად ჰბაძავენ ამერიკას - იქ, რაც ცუდია, ყველაფერი გადმოაქვთ.

მაგრამ ამერიკას აქვს საუცხოო კინო, მწერლობა, მხატვრობა. ამბობენ, ეს საზოგადოების გემოვნებას ეხმიანებაო... ვინ თქვა, რომ საზოგადოება ამას ითხოვს?!

- თქვენს წარდგენას აპირებდნენ სამხატვრო აკადემიის რექტორის თანამდებობაზე...
-  მოლაპარაკება გვქონდა... მე ჩემი პირობები წავუყენე. არაჩვეულებრივი სამსახური მაქვს ამერიკაში - ერთ-ერთ საუკეთესო - დართმუტკოლეჯში ვასწავლი. ის რვა უძველეს ამერიკულ უნივერსიტეტში შედის... კონკურსი ძალიან დიდია: 40 კაციდან ერთი ხვდება. პირობები ფანტასტიკურია. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ თავის გამოვლენისა. სწავლას რომ ამთავრებენ, პროფესია იციან.    
დიდი უბედურებაა ისიც, რომ  ჩვენთან სწავლების დონე უაღრესად დაბალია. მაგალითად, ჩემს სფეროში ასწავლის ხალხი, რომელსაც არავითარი პრაქტიკული გამოცდილება არა აქვს. მე რომ დამნიშნოთ ფიზიკის ინსტიტუტში პედაგოგად, ივარგებს?

დიდი სიამოვნებით დავბრუნდებოდი საქართველოში, მინდა დაბრუნება... ცხადია, ხელი მოვაწერე რობიკოს გათავისუფლების საპროტესტო წერილს. ამ კაცთან 45 წელია ვმუშაობ, ვმეგობრობთ, პროფესიული ურთიერთობა მაქვს, მას  XX  საუკუნის ერთ-ერთ უდიდეს რეჟისორად მივიჩნევ. რა უფლება მქონდა, მხარში არ ამოვდგომოდი! ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერში ვეთანხმები. ყველაფერში არავინ არავის ეთანხმება. რობერტ სტურუას ძალიან ცუდად მოექცნენ. ეს საკითხი სხვანაირად უნდა გადაწყვეტილიყო. თუ მიზანმიმართულად ანგრევენ რუსთაველის თეატრს, რომ სხვა საშუალო თეატრების დონისად აქციონ, არ ვიცი!

საკმაოდ უცნაური ფორმით მაგრძნობინეს, - თქვენი პოზიცია არ არის სასურველი აკადემიის რექტორობისათვის... აქ პირადი ინტერესი მართავს ყველაფერს, ვიდრე სურვილი, რომ აკადემიაში მდგომარეობა გამოსწორდეს... პირადს ეწირება ეროვნული საქმე. ისეთი წიგნი გამოუშვეს, სამხატვრო აკადემია ნიუ-იორკის უნივერსიტეტი გეგონება. არადა, ისეთ უბედურ დღეშია, გული გაგისკდება.
თეატრალურ უნივერსიტეტში მეტყველებას არ ასწავლიან, სამხატვრო აკადემიაში, თეატრის მხატვრობის ფაკულტეტზე - მაკეტს და ხაზვას... ასე ყველაფერი განადგურდება... არადა, ნიჭს რა გამოლევს საქართველოში!.. რაღაც უნდა შეიცვალოს.

ძალიან მიკვირს, რატომ აღიზიანებთ პროფესიონალის აზრი? უსაგნო ქება-დიდება ურჩევნიათ?  აქ ტენდენციაა: რამეს იტყვი - იბუტება და ბრაზდება როგორც ოპოზიცია, ისე მმართველი გუნდი.
იმ ხალხისაც მიკვირს, რომ მირეკავენ, - რას შვრები, აკადემიაში არ მოდიხარო? თვითონ ამდენი წელი რას აკეთებდნენ? თუ არ მოსწონთ, რატომ არ გამოდიან და არ ლაპარაკობენ? თუ გამოდიხარ და პრობლემაზე ლაპარაკობ, ოპოზიციონერი კი არ ხარ...

ამერიკაში შემიძლია გამოვიდე და ობამაზე ვილაპარაკო ის, რაც მინდა. ამის გამო ვინ გამიბედავს რამის თქმას სამსახურში.

საბჭოთა დროს ძალიან მკაცრი რეჟიმი იყო, მაგრამ ნებისმიერ სპექტაკლზე შეიძლებოდა მეთქვა, არ ვარგა-მეთქი. სულ არ მაინტერესებდა, მთავრობას მოსწონდა ის სპექტაკლი, თუ არა. ჩვენ ჩვენს აზრს გამოვთქვამდით. 

- დღეს თქვენსავით თამამად თითო-ოროლა კაცი თუ იტყვის რამეს...

- ვიცი, ძალიან ბევრს არ სიამოვნებს, მაგრამ ეს ჩემი აზრია და არ შემიძლია გადავიქცე სხვად. თუ თავისუფალ ადამიანად მიიჩნევ თავს, შენი აზრი უნდა გამოხატო. დღეს ჩვენ პროვინციული კულტურა გვაქვს, ზოგიერთი გამონათების გარდა...

თანამედროვე არქიტექტურაშიც არის საინტერესო შენობები, მაგრამ მათ გვერდით ბევრი არაპროფესიონალური შენობაა. ნახეთ ბათუმის ოპერა, არაპროფესიონალურიცაა, უგემოვნოც. მისმა მაშენებელმა თეატრი არ იცის. თეატრს თავისი სპეციფიკა აქვს. უნდა გაითვალისწინო არქიტექტურის ზუსტი კანონები. თეატრი მარტო სცენა და ფოიე კი არ არის. რუსთაველის თეატრი არაჩვეულებრივი შენობაა.

- ბათუმის საოპერო თეატრში, ალბათ "ქეთო და კოტე" ნახეთ. მოგეწონათ?
-  უსუსური რეჟისურაა, გაუგებარი დადგმაა იაფფასიანი ეფექტებით. განა გათანამედროვების წინააღმდეგი ვარ, შექსპირი იდგმება თანამედროვედ და სხვა სპექტაკლებიც რომ დაიდგას, რა მოხდა... არის ნაწარმოები, რომელიც თავისი ეპოქის ჩარჩოებშია, ასეთია "ქეთო და კოტე".
ერთი რამ მაკვირვებს: თუ მიუზიკლის დადგმა უნდოდათ, მე შევთავაზე არაჩვეულებრივი რეჟისორი მიუზიკლისა. ჩამოვიდოდა და დადგამდა... ფული არ გვაქვსო.

- რობერტ სტურუასთან ერთად სპექტაკლზე მუშაობას თუ აპირებთ?

- მინდა გავაკეთო დიდი სპექტაკლი, რობიკოსაც დაველაპარაკები. რამდენი ტაშიც უნდა გიკრან, შიშველი ხარ სცენაზე. შეუძლებელია, ვერ დაინახო, ვინ ვინ არის. საჭიროა თეატრალური კრიტიკის არსებობა... ახლა რა იწერება? მაგალითად,  წერენ, სტურუამ თეატრიდან თუმანიშვილი გააგდოო, არ არის მართალი. არ გაუგდია! მიხეილ თუმანიშვილმა რუსთაველის თეატრში ამოწურა თავისი თავი და გადაწყვიტა, ცალკე ემუშავა. თუმანიშვილი ძალიან რთული კაცი იყო, უნდოდა წასვლა, თორემ არ წავიდოდა. ახალი ქართული თეატრი დაიწყო  თუმანიშვილით, სხვა ხედვა და გზა გახსნა "ჭინჭრაქათი". ამ ექსპერიმენტის გაგრძელება უნდოდა...

ვფიქრობ, მეტად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი მაღალი დონის პროფესიონალები. თემურ ჩხეიძე რომ მოვიწვიოთ თეატრალური უნივერსიტეტის რექტორად, ცუდი იქნება? როგორც პედაგოგს, რამდენი რამის გაკეთება შეუძლია! მაღალი დონის ხალხს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ. მათი სახელები, აზროვნება, პროფესიონალიზმი გვჭირდება. სწორედ ამიტომ არის ძალიან საწყენი რობიკოს თეატრიდან წასვლა...

"ხელოვნება სწორედ იქით უნდა ისწრაფოდეს, სადაც მანკიერებაა დავანებული"

anano
13 ოქტომბერი 2011 19:46
ასეა,უდზაგლო ქვეკანასჰი კატებს აკეფებდენო,კველა ნიჭიერი გასულია საქარტველოდან და არის უვიტსების და უნიჭოების პარადი, ამატმა რა იტციან ნიჭი და ტალანტი,კარგი სპექტაკლი,მოკლეტ მოტხარეს სჰეცნისჰნავი ნატარმოები ქეტო და კოტე,სირტცვილი ტქვენ
nana k
10 ოქტომბერი 2011 01:36
როგორც იქნა ერთმა ხელოვანმა მაინც გაბედა და მიკიბვ-მოკიბვის გარეშე თქვა, რასაც 98% ფიქრობს. ეს სპექტაკლი არის უნიჭობის დღესასწაული. ეხლა თბილისური პრემიერაო! ბათუმში არ კმაროდა ეს კატების ღნავილი, ახლა აქ რომ ჩამოიტანეს! დოიაშვილი ოცნების ასრულებას ცდილობს, როგორც ჩანს. იქნებ ფეხი შევდგა რუსთაველის თეატრშიო! თეატრს თავი დაანებოს, ისევ "სახალხო წარმოდგენების" რეჟისორი იყოს!
elene
02 ოქტომბერი 2011 22:13
ოჰ,ოჰ,:)) შენი "გაკეთებულები" ხომ ყველაფერი ხელოვნების ნიმუშია,რა ...

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები