მონატრებად ქცეული კაცი - კვირის პალიტრა

მონატრებად ქცეული კაცი

"ოტიამ დაამტკიცა, რომ სიცოცხლე ბრძოლა და შრომაა და მაშინ აქვს აზრი, თუ შენ უკან მომავალს გზას უადვილებ..."

"კვირის პალიტრას" ოტია იოსელიანისთვის პატივისცემა არასოდეს დაუკლია. მეც დიდი პატივისცემით გწერთ ამ წერილს. ოტია იოსელიანი როგორც თქვენ, ქვეყანასა და მეც, მის ახლობელს - ძალიან დამაკლდა... დიდებული საქმე წამოგიწყიათ - მის ექვსტომეულს აქვეყნებთ. სწორედაც რომ დიდებული, რადგან ოტიას სიტყვა ქვეყანას ყოველთვის დასჭირდება, დრო კი მეტ ფასს დაადებს. ბევრმა ქართველმა ოტიას ფასი მის სიცოცხლეშივე მშვენივრად იცოდა. სამწუხაროდ, ცოტა გვყავს ისეთი, მართალ სიტყვას მოყვარეს პირში რომ ეტყვის. არადა, როგორ გვჭირდება... ახლა მინდა, აწ უკვე მონატრებად ქცეული კაცი გაგიცოცხლოთ. ჩვენ ერთად გადავიარეთ ის ქართული მთები, რომელთა ყოველი გოჯი ოტიასთვის სალოცავი იყო და ცდილობდა, მთელი საქართველოსთვის ასეთი გაეხადა...

1971 წლის აგვისტო იყო. პრესის სახლში ვმუშაობდი. უეცრად კარი გაიღო და ოტია იოსელიანი შემოვიდა. წლების განმავლობაში ომის თემაზე ვმუშაობდი. ოტიას ერთი მშვენიერი წიგნი აქვს -  "შავი და ცისფერი მდინარე" და ამ წიგნისთვის სჭირდებოდა ჩემი ნაამბობი. შემობრძანდი-მეთქი, დასრულებული არ მქონდა, რომ კარი ისევ გაიღო და ამჯერად მარუხის ბრძოლების მონაწილე ლევან მშვენიერაძე გამოჩნდა. დავსხედით, ამ მთისა და იმ ბარის  მოვყევით და უეცრად ლევანმა, - მარუხის უღელტეხილზე ხალხი მიმყავს ექსპედიციაში და თქვენც წამოდითო... არ დამავიწყდება -  სამშაბათს, 10 აგვისტოს, უკვე ზუგდიდში ვიყავით. ადგილობრივი გაზეთის რედაქტორმა ისააკ ქორთუამ გვიმასპინძლა. სუფრაზე მთელი რედაქცია იყო და აღტაცებული ისმენდნენ ოტიას მადლიან, ქუთაისური კილოთი გაჟღენთილ, მართალ და ძარღვიან სიტყვას... გათენებულზე დავიძარით და დღის სამ საათზე დრანდაში ვიყავით.  ვერტმფრენით ვაპირებდით მარუხზე გაფრენას, მაგრამ ცუდი ამინდი იყო და უკეთესის მოლოდინში ღამე აეროპორტის სასტუმროში გავათიეთ. დაგვათენდა მტერ-მოყვრის გახსენებაში... დილით კი, რადგან სხვა გზა არ იყო, მანქანით გავემგზავრეთ იმ დივიზიის ნაკვალევისაკენ, რომელიც მარუხის უღელტეხილზე იგერიებდა ფაშისტებს  - ეს იყო 394-ე დივიზია.

11 აგვისტოს უკვე დალის ხეობაში ვიყავით. ჩვენ წინ ულამაზესი სოფლები გადაიშალა. ლომივით ვაჟკაცი შოთა გურჩიანი იყო ჩვენი მასპინძელი, მერე მასზე არანაკლები ვაჟკაცი ბიძინა გუჯეჯიანი შემოგვიერთდა და  აფხაზეთისა და სვანეთის სოფლები შემოგვატარა - გოჯი რაა, ის არ დაგვიტოვებია უნახავი. ოტია მაშინ ახალბედა მწერალი იყო და არ ველოდით, ასეთი სიყვარულით თუ დახვდებოდა ხალხი - სადაც მივიდოდით, ეხვეწებოდნენ, მობრძანდით და ჭერი დაგვილოცეთო. მაგრამ ამდენი დრო სად იყო, ან შოთა გურჩიანის ოჯახი სტუმრებს სად გაუშვებდა და ასე გათენდა აჟარაში დილა, სადაც ცა ისე ახლოა, გეგონება, ხელით მისწვდები. და როცა მზე ბოლომდე ამოიწვერა, ოტიამ  ეზოში, სახლის კედელზე მიყუდებული ცელი დაინახა, ხელი სტაცა და ბალახის გათიბვა დაიწყო...

საღამო ხანს ჩხალთის ხეობას ავუყევით. მოულოდნელად დათვის ღრიალი შემოგვესმა. ყველანი შევჩერდით და აქეთ-იქით დავიწყეთ ყურება; შეშინებულებს გვინდოდა გაგვეგო, საფრთხე საიდან მოდიოდა, მაგრამ მონადირეს სხვა ყნოსვა აქვს - გუჯეჯიანს თოფი უკვე შეეყენებინა და ერთი გასროლით გააგორა ეს უზარმაზარი ცხოველი. ისეთი ტყავი ჰქონდა, ოტიამ, ამას ვერ დავთმობ, შინ უნდა დავკიდო და ვუცქიროო, მაგრამ საჩუქრად არ მიიღო, იყიდა და თან წამოიღო... გზა ციცაბო იყო და ძნელი. 1963 წელს ჩხალთაში ისეთი ძლიერი მიწისძვრა იყო, სულ ჩამოშლილ მთებზე დავდიოდით, მაგრამ არც ერთ ჩვენგანს დაღლა არ დასტყობია, ოტიას - მით უფრო, კი არ მიდიოდა, მიფრინავდა; მხოლოდ დროდადრო შედგებოდა და დაფიქრებული გაჰყურებდა ულამაზეს სანახებს.

ჩხალთიდან რამდენიმე კილომეტრში კი, ტყეში, ახალი საფრთხე გამოჩნდა - აქ ღვთის მადლით და ჩვენს თავსატეხად გარეული ფუტკარი ბლომად სცოდნია და ახლა მათი გუნდი დაგვესხა თავს. საწყალი ცხენები ისე დაგვიკბინეს,  ყალყზე დგებოდნენ. არც ჩვენ გვადგა კარგი დღე - ვიწრო ბილიკი იყო და ძლივს გადავურჩით უფსკრულში გადაჩეხას.

მოკლედ, ბევრი აღმართ-დაღმართი გავიარეთ, გადავკვეთეთ ჭაობები, ტყის ბილიკები...  გზად მდინარე მარუხის სათავისკენ მიმავალი ჰიდროლოგები შეგხვდნენ, რომლებმაც ოტია იცნეს და პატივისცემის ნიშნად ცხენებიდან ჩამოხდნენ...

მალე ომისდროინდელი შტაბის შენობის ნანგრევებიც გამოჩნდა... კიდევ რვა კილომეტრი და მდინარე მარუხის მარცხენა ნაპირზე საბრძოლო სანგრებსაც მივადექით. არ დაიჯერებთ და იქ ისევ იყო მიმოფანტული ომის დროს დახოცილთა ჩონჩხის ნაწილები. გაშლილი ყინულოვანი ველიც ძვლებით, ყუმბარებისა და ნაღმების ნამსხვრევებით, დამპალი აირწინაღებით და ფეხსაცმელებით იყო მოფენილი. ყინულის ველზე 30-40 მეტრი სიღრმის ნაპრალებია. მებრძოლები ამბობდნენ, ტყვიას აქ იმის მეათედიც არ მოუკლავს, რაც ნაპრალებმა, შიმშილმა და სიცივემ დახოცაო.

შეგვზარა ამ სანახაობამ და ობელისკებთან, ზღვის დონიდან 2737 მეტრზე ასულებმა  აღარ ვიცოდით, როგორ მოვრეოდით გულში დაგუბებულ ტკივილს...

საღამოს მარუხის ქვემოთ გეოლოგები გველოდნენ. ოტიას ლოდინში არც ერთი არ დაძრულიყო ადგილიდან და სულგანაბული უსმენდნენ მის ნაამბობს, რომელშიც სულისშემძვრელი ტკივილი იგრძნობოდა...

გავიდა დრო და ოტია იოსელიანმა 1975 წელს გამოსცა რომანი "შავი და ცისფერი მდინარე", რომელშიც იმ დღეებისა და მარუხის ბრძოლების ბევრი ისეთი ფრაგმენტი ამოვიცანი, რომლებიც ადამიანის სიცოცხლის არსს ხსნის. საერთოდაც ასეთი იყო ოტია - მან თავისი არსებობით დაამტკიცა, რომ სიცოცხლე მხოლოდენ ზიზილ-პიპილებით ტკბობა არ არის,  სიცოცხლე ბრძოლა და შრომაა და მაშინ აქვს აზრი, თუ შენ უკან მომავალს გზას უადვილებ...

პატივისცემით, შალვა ლორთქიფანიძე