დავეხმაროთ პატარებს, მათ შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ! - კვირის პალიტრა

დავეხმაროთ პატარებს, მათ შიმშილით სიკვდილი ემუქრებათ!

"ცნობილი ხალხის კარზე ზარს რომ ვრეკავდით,  უხერხულობით აღარ ვიცოდით, რა გვექნა. ფულს კი იოლად ვაძლევდით, მაგრამ საკვების გადაცემაზე ოფლში ვიწურებოდით"

ვაჟა-ფშაველას პროსპექტზე არის ერთი სახლი, - "მომავლის გზა". ერთ დღესაც აქ 30 მშიერი პატარა მიიყვანეს. მზარეულმა 30 პური მოატანინა. იფიქრა, - გემრიელ სადილ-ვახშამს გავაკეთებ და მასთან ერთად ეს პური მთელი დღე ეყოფათო. მაგრამ... არ ეყოთ - ბავშვები პურისთვის წარამარა შერბოდნენ სამზარეულოში, ტეხდნენ და ჯიბეში იტენიდნენ, რომ სადილის შემდეგაც ეჭამათ. საღამოს კი, როცა მზარეულმა ჰკითხა, - ხვალისთვის კატლეტი წიწიბურათი გაგიკეთოთ თუ შვრიითო? ბავშვები დადუმდნენ, თურმე არ იცოდნენ, რა იყო წიწიბურა და შვრია.

როცა ამ ფონდის კარს შეაღებთ, პატარების გაბრწყინებულ თვალებს დაინახავთ და მერე იმას გაიხსენებთ, როგორ წამოიყვანეს ეს პატარები, რომელიღაც მიწურიდან ან მიტოვებული კონტეინერიდან, მაშინვე იტყვი, - ასე ბედნიერად თუნდაც ერთი ბავშვი რომ კისკისებდეს, მთელი სამყროს უბედურებას გადაწონისო. მე კი, როცა  მათი ყურებით დავტკბი, "მომავლის გზის" პრეზიდენტს, დავით  კინწურაშვილს გავესაუბრე:

"11 წელიწადია, ვარსებობთ. რამდენიმე ათას ბავშვს უფასოდ შევასწავლეთ უცხო ენები. 2006 წელს ამ ბაზაზე სიღარიბის დაძლევის ფონდი შევქმენით. იმ დროს ფონდებს სახელი უკვე გატეხილი ჰქონდა, ამიტომ სამუშაოდ ის ადამიანები მოვიწვიეთ, ვისზეც დაბეჯითებით ვიცოდით, რომ სხვის ლუკმას ხელს არ დააკარებდნენ. ერთ-ერთი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძეა. 15 მშიერი ხელოვანის ოჯახის სია გადმოგვცა, ჩვენ დანარჩენიც დავუმატეთ, - 300 გამოვიდა. მერე მოვიძიეთ დამფინანსებლები. უპოვართა სია  500-მდე გაიზარდა. ცნობილი ხალხის კარზე ზარს რომ ვრეკავდით, უხერხულობით აღარ ვიცოდით, რა გვექნა. ფულს კი იოლად ვაძლევდით, მაგრამ საკვების გადაცემაზე ოფლში ვიწურებოდით.

აგვისტოს ომის შემდეგ ბიზნესმენებსაც გაუჭირდათ და დახმარებაც შემცირდა. თუმცაღა, უკიდურესად ღარიბები მაინც ვერ მივატოვეთ. ამასობაში კი ისეთი პრობლემაც წამოგვეწია, როგორიც ბავშვების შიმშილით სიკვდილია. ერთ ხუთშვილიან დედას შიმშილით ორი შვილი მოუკვდა... გადავწყვიტეთ, ბავშვები არა მხოლოდ დაგვეპურებინა, არამედ განათლებაც მიგვეცა. ასეთი 14 წლამდე 130 ბავშვი დავითვალეთ. სამწუხაროდ, მათგან მხოლოდ 30-ის მოვლას ვახერხებთ. ყველა უკიდურესად ღატაკია - ან კონტეინერში ცხოვრობს, ან დაქირავებულ სარდაფში, სადაც მზესაც ვერ ხედავს.

KvirisPalitra.Geერთი დედა აქ სამი შვილით დადის, უმცროსი სულ ჩვილია. ყველას აქ აჭმევს, ასწავლის და უვლის. ამ საცოდავის ქმარი ჯართს აგროვებდა, ათი მეტრი კაბელი ამოუგლეჯია და ახლა ციხეშია.

სადილს მაწანწალა ბავშვებისთვისაც ვაკეთებთ, როცა უნდათ, მოვიდნენ და ჭამონ. მაგრამ ეს ბავშვები ისე ჰყავს ქუჩას შეპყრობილი, რომ  ჩვენთან არ ჩერდებიან.

ზოგი ოჯახი წელებზე ფეხს იდგამს, მაგრამ ხმელა პურის გარდა ვერაფერი უყიდიათ. ზოგიერთს კი შვილის რჩენის უნარი საერთოდ არა აქვს, თუ რაიმე მიეცი, წამში გაფანტავს. ისეთებიც ვიცი, სოციალური შემწეობის მოსამატებლად რომ აჩენენ ბავშვებს... ზოგიერთმა საქველმოქმედო ფონდმა შიმშილით სიკვდილს ბევრი ბავშვი გამოჰგლიჯა. ამიტომაც არ ვთაკილობთ, როცა სპონსორს სამათხოვროდ ვუწვდით ხელს. ხანდახან ისე  დამცირებულად გვიგვრძვნია თავი, გვითქვამს, - აღარაფერი გვინდა ამქვეყნადო. კაცი ორ შეკვრა მაკარონს რომ მოგცემს და მოგაძახებს, - აჰა და აქ მოსული აღარ დაგინახოთო, რა გუნებაზე დადგები!

KvirisPalitra.Geმაგრამ არიან ისეთებიც, ინტერნეტით რომ გავავრცელებთ თხოვნას, მაშინვე გვწერენ, - თქვენი ბავშვებისთვის ფული გადმოვრიცხეთო. ახლაც ხელგაწვდილები ვართ - ამ 30 ბავშვს რომ ვაჭამოთ, ჩავაცვათ და ვასწავლოთ, თითოსთვის თვეში 32 ლარი გვჭირდება, რადგან სამედიცინო მომსახურებას უკვე გვიწევენ და პურ-ბურღულეულითაც მოგვამარაგეს. თუკი რომელიმე სპონსორი თუნდაც ერთ ბავშვს მისცემს ამ თანხას, სიკეთე უთუოდ წინ დახვდება".

მე კი დავუმატებდი ფონდის ანგარიშს: ( "თი-ბი-სი" ბანკი. კოდი: 220101850; ანგარიში: GE42TB 7621136080100002/GEL. ფონდი "მომავლის გზა") და იმას, რომ ოდესმე ჩვენს ქვეყანაშიც  დადგება დრო, როცა ყველა მიხვდება, სხვისთვის გაღებული სიკეთე, საკუთარი თავისთვის გაღებული სიკეთეა.