გიზო ნიშნიანიძე - კაცი, რომელიც დააკლდა თბილისს - კვირის პალიტრა

გიზო ნიშნიანიძე - კაცი, რომელიც დააკლდა თბილისს

კაცი, რომელთანაც პაემანზე მთელი თბილისი დადიოდა, უკანასკნელად გამოჩნდება თავისი საფიცარი ქალაქის ქუჩებში... გამოჩნდება სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, სადაც მის სასახლეს ალალი დანანებით შეუდგებიან თბილისელი ბიჭები. აკი, თვითონ აცილებდა ყველას ტკივილით. აცილებდა არა მარტო საკუთარ ძმებსა და მეგობრებს, დებსა და მეზობლებს (მისთვის ხომ ყველა და იყო და ძმა, ვისთანაც საზიარო ჰქონდა სათაყვანო თბილისი), აცილებდა ძველ, შინაურულ თბილისს, საზიარო ქვაბი რომ ედგა ეზოში და იმ ქვაბიდან ყველა თანაბრად იღებდა საზრდოს... ლუკმას, რომელიც იმდენ კაცზე იყოფოდა, რამდენიც იყო მშიერი; მეგობრობას, რომელიც იმდენ კაცს უნაწილდებოდა, რამდენიც იყო მეგობრობის მტვირთველი და გამტანი... ყველაზე მეტად ამისი გაცილება უჭირდა... ქუდმოხდილი მიჰყვებოდა ქუჩებს, სადაც ძველებურად აღარავინ დაგიდევდათ, ბიჭს ახლდა გოგო თუ არა, არც ჩამუხლული მოლაზღანდარეები დგებოდნენ ფეხზე ღირსეული კაცის ჩამოვლისას...

"და, ჯვარი აქაურობას,

როცა კვდებოდა კაცი,

რჯულ-ჯილაგს, სადაურობას

ვატყობდით არა ჩაცმით,

არამედ იმით, საით გაუხვევდა

სამგლოვიარო პროცესია -

ხოჯევანქის, კუკიის, პეტრე-პავლეს

თუ ვერის სასაფლაოსკენ...

სადღაცა მიჰქონდათ ურნა,

კვნესოდა დოლი და ზურნა,

გლოვის მარშს უწყობდა ფეხს და

გულივით ბაგაბუგს სტეხდა.

სადღაცა უბერავდა სასულე,

სადღაცა ისმოდა ზარი,

სადღაცა ქვეყნიდან წასულებს

ტიროდა ქნარი და თარი,

სადღაცა ჭირისუფლობდა შოპენიც,

გრგვინავდა შემზარავი გრიგიც,

მღეროდა პენსიონერი ოპერის

ჭირის დღის წესით და რიგით.

ქუჩაში მიჭრიალებდა "კატაფალკა"

ხელის გულს ესვენათ მკვდარი,

მიიმღვრეოდა ხალხის ტალღა,

როგორც მღვრიე ტალღა მტკვარის.

ქალაქი იხდიდა ქუდს,

ქალაქი იხრიდა ქედს,

წუთიერ პატივის წუთს

დუმილით უხრიდა ქედს".

ასეთი იყო თბილისის ჭირისუფლობა, როცა თითოეულ თბილისელს მიჰქონდა გულის ნაწილი... თბილისელებს თუ ნაწილ-ნაწილ გაატანა, თბილისს მთლიანად მისცა საკუთარი გული... ამიტომაც უმტყუნა გულმა. ამბობენ, ლექსის კითხვისასო... ლექსსაც თბილისზე წაიკითხავდა...

რამდენი სახელი გაჰყვებოდა დავიწყებას, რომ არა "პაემანი ვერაზე"... ღიმილ-ღიმილ მოგაწვდიდა ხელისგულით თბილისელი ბიჭების ბიჭურ თავგადასავლებს: "საღოლ, ბაბაიანც, შე ეშმაკის ფეხო, რამდენი სიკეთე დათესე: დეზდემონასათვის ბაზრიდან სათვალე ათესე"... ან "სანამ ოთარა მგელაძე დაბოგინობდა, ჩვენს ქუჩას პატრონი ჰყავდა, სანამ ცუდი კაცის ჯავრს არ ამოიყრიდა, ჭკუაზე შეშლილსა ჰგავდა"... ყველა თბილისელს აქ ვერ ვახსენებთ, გიზო ნიშნიანიძის ხსენებისას, ყველა ნახსენებია, თითქოს...

"ეხლაც კარგად მახსოვს, ჟანგიან ფირფიტასზედ რაც ეწერა და ზედ რაც წაეწერათ:"ხანძრის

შემთხვევაში დარეკეთ 01-ზე","გვერდზე კი ნაკაწრი ლურსმნით დაწერილი:"შუხურის შემთხვევაში დარეკეთ ჩემთან, - რეზო ფაღავა"...

ეს სიტყვები კი რკინის ფირფიტაზე არავის ამოუკაწრავს, არც კედელზე მიუწერია ვინმეს: "თბილისის მონატრების შემთხვევაში მოძებნეთ გიზო ნიშნიანიძე"... არც დაუწერიათ და არ წაუკითხავთ. მაინც ყველამ იცოდა. ამიტომაც მიდიოდნენ პაემანზე, მიდიოდნენ ფილარმონიის დიდ დარბაზში, სადაც ტევა არ იყო: ტიროდნენ, იცინოდნენ და ბედნიერები იყვნენ, რადგან თბილისი უბრუნდებოდათ, ძველი, ბებერი, ტკბილი თბილისი. ის ბიჭები ბრუნდებოდნენ, ასე რომ უხდებოდნენ ამ ქალაქს... და აი, გიზო ნიშნიანიძეც აღარ არის, თუმცა თავისი ცხოვრებით თბილისს დაუტოვა უნიკალური შანსი, მარადიულად იარონ პაემანზე... წაიკითხონ "პაემანი ვერაზე" და შენდობა უთხრან მისი ავტორის სულს...

P.S. "კვირის პალიტრა" ქედს იხრის და უსამძიმრებს თბილისს თბილისელი ბიჭის, გიზო ნიშნიანიძის გარდაცვალების გამო.

კლუბ "თბილისურის" წევრები ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ ერთგული წევრის, ღირსეული მამულიშვილის და ჭეშმარიტი თბილისელის, გიზო ნიშნიანიძის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებენ ოჯახსა და მთელ თბილისს.