გერმანელების ქართველი "ფენომენი" - კვირის პალიტრა

გერმანელების ქართველი "ფენომენი"

"მისი თითებიდან მარგალიტები იბნევა"

დისკზე ციკლურად ჩაწერილია თანამედროვე რუსი კომპოზიტორის, ნიკოლაი კაპუსტინის 8 საფორტეპიანო ეტიუდი და 24 პრელუდია. ამ ნაწარმოებებში ერთმანეთს ერწყმის ჯაზი და კლასიკა. დისკს გერმანიის საფორტეპიანო სიახლეების ჟურნალმა Piano News -მა გრანდიოზული ჩანაწერი უწოდა.

ამ ნაწარმოებებში დიდი ოსტატობითაა შეხამებული სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის - ბუგი ვუგის, ბლუზის, რეგტაიმის, სვინგის, ბალადის მიმართულებები.

- ამ უჩვეულო სტილის ნაწარმოებების შესრულება ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. 17 ნოემბერს ფრანკფურტის მუსიკალური უმაღლესი სასწავლებლის დიდ საკონცერტო დარბაზში გავმართავ საფორტეპიანო საღამოს, სადაც  გაიმართება ახალი კომპაქტდისკის პრეზენტაციაც, მომავალ წელს კი მიწვეული ვარ გერმანიის ფესტივალზე ”- "მსოფლიო კლასიკა ფორტეპიანოზე".  გავმართავ 17 საფორტეპიანო  საღამოს  გერმანიისა და ჰოლანდიის ქალაქებში. 2012 წელს ასევე შევასრულებ მოცარტისა და ჰაიდნის  საფორტეპიანო კონცერტებს გერმანიის ქალაქ სოლინგენში, დორტმუნდის ფილარმონიის ორკესტრთან ერთად,” - განაცხადა ეკატერინე გორდელაძემ "კვირის პალიტრასთან" საუბრისას. ის ასევე არის ფრანკფურტის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის დოცენტი.

ქართველმა პიანისტმა 7 წლის ასაკში  საქართველოს სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ჰაიდნის კონცერტი შეასრულა, 11 წლისამ კი პირველი სოლო კონცერტი გამართა ხელოვნების მუშაკთა სახლში. თბილისის კონსერვატორიის და ასპირანტურის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო  ფრანკფურტისა და ვაიმარის მუსიკალურ უნივერსიტეტებში. პირველად 1994 წელს გერმანიაში, მისი ოცნების ქვეყანაში, ქალაქ ბუკოვში (ბერლინთან ახლოს), როგორც სტიპენდიანტი, მასტერკლასებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია კომპოზიტორმა გია ყანჩელმა. ასე დაიწყო მისი გერმანიასთან ურთიერთობა. ამჯერად ეკატერინე გორდელაძე დარმშტადტის (გერმანია) შოპენის საერთაშორისო კონკურსის და კ. ადენაუერის სახ. ფონდის მიერ დაწესებული Bruno-Heck Preis -ის პრემიის ლაურეატია, რომელიც ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა ხელოვნებისა და მეცნიერების დარგში განსაკუთრებული მიღწევებისათვის. ის ასევე არის დიზენბახის (გერმანია) საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური პრემიისა და ლეგენდარული პიანისტის ა. ვეისენბერგის მიერ დაწესებული საფრანგეთის საპატიო ლეგიონის პრემიისა და მედლის მფლობელი.

გერმანული პრესის შეფასებით, ის "ფენომენია, სასწაულებრივი ტექნიკა აქვს. "მისი კონცერტი საფორტეპიანო სპექტაკლად იქცა, სადაც მაყურებელს სუნთქვა ეკვრის" (Frankfurter Rundshau); "ქართველი პიანისტის კონცერტი გადაიქცა უმაღლესი ხელოვნების მოვლენად. ის ემოციური და ბრწყინვალეა" (Zeitung Furs Dresdener Land) ; "მისი თითებიდან მარგალიტები იბნევა"," - წერდა  ერთ-ერთი ყეელაზე დიდი გერმანული გაზეთის Frankfurter Allgemeine-ს მიმომხილველი ქართველ მუსიკოსზე.

KvirisPalitra.Geცოტა ხნის წინ ეკატერინე თავისი ხელოვნების თაყვანისმცემელ ჰაუკე ბეკერზე დაქორწინდა. წყვილმა ქორწილი გადაიხადა ფრანკფურტში, რომაელების მიერ აშენებულ ისტორიულ, ამჯერად ქალაქის მერიის კუთვნილ შენობაში მდებარე ქორწინების სახლში. დარბაზში, სადაც ხელმოწერის ცერემონია სრულდება, ტრადიციულად, XVIII-XIX საუკუნეებში გერმანელი კაიზერების ინაუგურაცია ტარდებოდა. ამ დარბაზში ბევრი ცნობილი ადამიანი დაქორწინებულა, მათ შორის - კომპოზიტორი ფელიქს მენდელსონიც. ეკატერინე ამბობს, რომ სწორედ ამიტომ მის ქორწილში მენდელსონის მარშიც გაისმა, რამაც განსაკუთრებული განცდები აღუძრა. თუმცა, მისი ყველაზე დიდი განცდა, მისი სამშობლო, საქართველოა. ოცნებობს, ქართYველებისთვის გააჟღეროს სულისშემძვრელი მუსიკის ჰანგები...