წიგნი ღირსებაზე, სისასტიკესა და სიყვარულზე - კვირის პალიტრა

წიგნი ღირსებაზე, სისასტიკესა და სიყვარულზე

როდესაც მარიო პიუზოს "ნათლიამ" იმდენი მკითხველის ხმა მოაგროვა, რომ "50 წიგნის" პროექტით მისი დაბეჭდვა გადაწყდა, სულაც არ მესიამოვნა - რა დასამალია და, მე არ მიმიცია ხმა და მგონი, 50 კი არა, "150 წიგნის პროექტი" რომ ყოფილიყო, არც მაშინ დავასახელებდი ჩემს რჩეულთა შორის;ახლაც, როდესაც რამდენიმე დღის წინ სარედაქციო დავალებად მორიგი საპრეზენტაციო წერილის დაწერა მივიღე, ძალიან ვეცადე, რომ ჩემი კოლეგისთვის გადამებარებინა ეს დავალება, ტყუილიც ვთქვი, წაკითხული არა მაქვს-მეთქი, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ, არაფერი გამომივიდა.

არადა, წაკითხული მქონდა, თანაც 90-იანი წლების დასაწყისში, - მაშინ, როდესაც ჩვენში არც საავტორო უფლებები არსებობდა, არც ნორმალური მთარგმნელი და არც სტამბა (ყოველ შემთხვევაში, ასეთი წიგნებისთვის) - ქუჩაში ვიყიდე ქსეროქსზე გადაღებული ფურცლებისგან აკინძული, აშკარად რუსულიდან თარგმნილი (თუმცა, არც მთარგმნელის ვინაობა იყო მითითებული და არც ის, თუ რომელი ენიდან იყო თარგმნილი) და მთლად უარესი - სათაურად "ნათლიას" მაგივრად "ნათლიმამა" ეწერა, მაშინდელ არალეგალურ ვიდეოსალონებში გავრცელებული სათაური.

ბევრი რომ არ გავაგრძელო, მაშინ მხოლოდ იმიტომ წავიკითხე ბოლომდე, რომ "მავნე ჩვევა" მაქვს, - როგორიც უნდა აღმოჩნდეს, კითხვის შუა გზაზე მიტოვება არ მიყვარს.

რა თქმა უნდა, სულაც არ ვიწონებ იმით თავს, რომ ჩემი, როგორც "მაღალი დონის" მკითხველის გემოვნება არ დააკმაყოფილა-მეთქი. უბრალოდ ან მართლაც საშინელი თარგმანის ბრალი იყო, ან კიდევ იმისი, რომ ჩემთვის ერთ-ერთი ფავორიტი ფილმის ლიტერატურული პირველწყარო მინდოდა, უკეთესი ყოფილიყო.

ახლა, ამდენი წლის შემდეგ, ხელმეორედ გადავიკითხე, გადავიკითხე კი არა, მაინც მთლიანად წაკითხვა გამოვიდა, რადგან ათასჯერ ნანახ-გაგონილმა სიუჟეტმა მაინც ისე ჩამითრია, რომ როგორც ჩვენ, მკითხველები ვიტყვით ხოლმე, "გემრიელად ჩავუჯექი".

ჰოდა, გულწრფელად უნდა გითხრათ: ცხადია, ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმი ჩემთვის ისევ იმ იშვიათ კინონაწარმოებად რჩება, რომელიც ლიტერატურულ პირველწყაროს ჯობს, მაგრამ ეს მხოლოდ თავად ამ ფილმის გენიალურობის "ბრალია", ხოლო მარიო პიუზოს რომანი კი "გაგიკვირდებათ" და, მართლაც კარგი წიგნი "აღმოჩნდა"!

ეს არის იმ ტიპის წიგნების ქრესტომათიული მაგალითი, რომლებსაც ბესტსელერს უწოდებენ ხოლმე, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ე. წ. "ფალფ ფიქშენს", ანუ "მაკულატურას" - ერთი წაკითხვის შემდეგ ყოველდღიურ გაზეთებთან ერთად ურნაში მოსასროლ წიგნს და ეს დაადასტურა კიდეც მისმა გაყიდვებმა მაშინ - 1969-დან 1972 წლამდე, ანუ იმ პერიოდში, სანამ კოპოლას ფილმი გამოვიდოდა და რომანი მხოლოდ "საკუთარი ძალით ქაჩავდა".

სხვათა შორის, თვით ავტორი "ეშმაკობდა" იმ წლებში, - ყველა ინტერვიუში აცხადებდა, "ნათლიის" გარდა, კიდევ ორი რომანი მაქვს დაწერილი და ორივე ჯობს ამას, მიკვირს, რომ ისინი არ არის ასეთი პოპულარულიო, მაგრამ ყველაზე კარგი "ბარომეტრი" ხომ მკითხველია, მკითხველის "მიტყუება" კი ვერაფრით შეძლო იმ ორ რომანთან.

ისე კი, მართლაც საოცარია: ორი ადრეული რომანი - "წყვდიადის არენა" (1955 წ.) და "ბედნიერი პილიგრიმი" (1965 წ.) იმისთვის დაწერა პიუზომ, რომ მწერლობაში ფეხი მოეკიდებინა, მაგრამ მკითხველმა გულგრილად მიიღო თემების აქტუალურობის მიუხედავად (პირველი რომანი ოკუპირებულ გერმანიაში ამერიკელი ჯარისკაცისა და გერმანელი გოგონას სიყვარულს აღწერს, მეორე - იტალიელი ემიგრანტების პრობლემებს ამერიკაში). "ნათლიის" დაწერის მიზეზი და მიზანი კი მხოლოდ ვალები და მათი გასტუმრება იყო.

"45 წლის ვიყავი, 20 ათასი დოლარი ვალი მქონდა ნათესავების, ბუკმეკერების, ბანკების. ლენი ბრიუსმა შემომთავაზა მაფიაზე რომანის დაწერა", - ჰყვებოდა პიუზო. ნაცნობი მწერალი ესტუმრა თურმე და შეკვეთილი რომანის - "ბედნიერი პილიგრიმის" ხელნაწერი გაატანა. ერთ კვირაში აღფრთოვანებულ კოლეგას უთქვამს, შენ დიდი მწერალი ხარო! შესაძლოა, ეს ამბავიც მისი არაპოპულარული რომანის დასარეკლამებლად გამოგონილი, ზემოთ ნახსენები ისტორიის ნაწილიცაა, მაგრამ დანარჩენი სიმართლე უნდა იყოს: მეგობრის ქებით აღფრთოვანებულ პიუზოს ის რესტორანში დაუპატიჟია, "ნათლიისთვის" გაკეთებული წინასწარი ჩანაწერები და მაფიოზების შესახებ გაგონილი რამდენიმე ამბავი მოუყოლია და, როგორც თვითონ ამბობს, შოკში ჩაუგდია.

იმ მეგობარმა მწერალმა მეორე დღესვე შეახვედრა თავის გამომცემელს, რომელმაც ავანსად 5.000 დოლარი მისცა, მაგრამ რომანის დასრულებას მაინც სამი წელი მოანდომა. ხან ევროპაში წავიდა ცოლ-შვილთან ერთად, ხან ლას-ვეგასის კაზინოებს ესტუმრა (5.000 "დიდი ფული" იყო მაშინ). როდესაც ფული შემოელია და გამომცემლობაში ასაღები 1.200 დოლარი "გაახსენდა", მაშინღა მიუჯდა საწერ მაგიდას.

მაგრამ რის 1.200 დოლარი, როდესაც დასრულებული რომანი წაიკითხეს, თავისმა აგენტმა გამომცემლობის წინადადება შეატყობინა: გამოცემის ექსკლუზიურ უფლებაში 410 ათას დოლარს(!) იხდიდნენ!

ასე მოვიდა პოპულარობა. მართალია, იმ ფულიდან ნახევარი აგენტმა წაიღო, 10% - თავის ძმას მისცა შეთანხმებისამებრ (ის მთელი მისი "უსაქმურობის" პერიოდში "ასპონსორებდა" პიუზოს ოჯახს), ხოლო დანარჩენი ვალებში წავიდა და უფულოდ დარჩენილმა ეკრანიზაციის უფლებაც მხოლოდ 10 ათას დოლარად გაყიდა, მაგრამ ის უკვე არა მხოლოდ მწერალი, არამედ კინო-შედევრ "ნათლიის" სცენარის ავტორიც იყო და მოგვიანებით, როდესაც კოპოლამ "უკანასკნელი დონის" სცენარი მისგან 2.1 მილიონ დოლარად იყიდა, აღარავის გაჰკვირვებია.

მაინც, რა იყო "ნათლიის" წარმატების საიდუმლო? ის, რომ პიუზო კარგი მთხრობელია? ასეთი ბევრია; ის, რომ თემას ახლოს იცნობდა და ამ წიგნში ცხოვრებისეული სიმართლეა? არც ეს არის მართალი -  თვითონ აღიარა მოგვიანებით, ცოცხალი განგსტერი არც მინახავსო.

საოცარია, მაგრამ დონ კორლეონეს პროტოტიპადაც საკუთარი დედა ჰყავდა წარმოდგენილი - ქალი, რომელიც მანჰეტენის "ჯოჯოხეთის სამზარეულოდ" სახელდებულ უბანში ყველანაირად ცდილობდა, რომ ოჯახი დაეცვა შიმშილისა თუ სხვა გაჭირვებისაგან.

იქნებ თქვენ გასცეთ პასუხი ამ კითხვას

- მომავალ ორშაბათს მიიღებთ ჩვენ მიერ გამოცემულ ამ წიგნს - წიგნს ღირსებაზე, სისასტიკესა და სიყვარულზე.