"სამ დროში ვიცხოვრე..." - კვირის პალიტრა

"სამ დროში ვიცხოვრე..."

"ვისაც წარსული არ ახსოვს, წარსულს ლანძღავს და ჰგონია, აწმყო აქვს... სინამდვილეში არ აქვს და არც მომავალი ექნება..."

"დღეს არ მეღვინება და არ მექეიფება. სანამ ასეთ ქვეყანაში ვიქნები, არაფერი მიხარია"

ჩემი დილა

1931 წლის 30 სექტემბერს დავიბადე. ორი წლის შემდეგ, ისევ 30 სექტემბერს, დაიბადა ჩემი და - ლუიზა და კიდევ მესამე საოცრება: ხუთი წლის შემდეგ 30 სექტემბერს დაიბადა ჩემი ძმა - ჯიმშერი. ამ გენიალურ დამთხვევას იმასაც დავუმატებ, რომ ამ ოცი წლის წინ მე და ჩემი ქალიშვილი - თამარი, ვესტუმრეთ უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. მე გავუმხილე ჩვენი დედმამიშვილობის ეს საოცრება. პატრიარქი ჩაფიქრდა და თავის მდივანს, ქალბატონ შორენას სთხოვა: მომიტანე საეკლესიო კალენდარი, აბა, ჩავხედოთ, რა ხდება 30 სექტემბერსო. მოუტანეს, ჩავხედეთ და აი, კიდევ ერთი დიდი საოცრება: 30 სექტემბერი წმინდა სოფიოს და მოწამეთა - პისტის, ელპიდესა და აღაპის ხსენების დღეა. ცრემლი წამსკდა: დედაჩემი ხომ პისტია - პისტი გელოვანი, აღაპი, ანუ აღათი ბებიაქალი იყო. სამივე შვილზე პისტი გელოვანმა იმშობიარა თავისივე წმინდანის დღეს, 30 სექტემბერს. უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა, - ღვთის შვილები ვართ და ასეც ხდებაო.

მახსოვს, 8 წლისამ ორი გარითმული სტრიქონი ვუთხარი 6 წლის ნატოს, რომელიც მომწონდა: "მიყვარს ნატო, მაგრამ - მარტო!"  სულ დედა დაჰყვებოდა... ახლა რომ 51-ე სკოლაა, იქ შემიყვანეს. დამრიგებელი - ქალბატონი ნინო სუხიაშვილი დამიძახებდა: გამოდი, ჯანსუღ, ქამარს ხელი მაგრა მოუჭი, ვითომ ხანჯალი გაქვს და ისე წაიკითხე ლექსი,  ვაჟაზე რომ იციო. პატრიოტებად გვზრდიდნენ... ამიტომაც იყო, მე და ჩემი მეგობრები - 12 წლისები ომში გავიპარეთ. დავიყოლიეთ ვიღაც ჭკუასუსტი რუსი კაპიტანი, წაგვიყვანა, როგორც პოლკის შვილები... ერთმა ამხანაგმა მშობლებთან გაგვყიდა. დაგვედევნენ მანქანით და მცხეთაში ჩამოგვსვეს მატარებლიდან... პატარა ბიჭებს გვეგონა, საქართველოსთვის მივდიოდით ომში...

მახსოვს, როგორ ვკითხულობდით წიგნებს გოგოების ჯინაზე. ჩემი კლასელი და მეგობარი დოდო როინიშვილი ბევრს კითხულობდა და მისი წაბაძვით მეც ვკითხულობდი... მერე  გაგვყვეს ქალთა და ვაჟთა სკოლებში...

გოგონებს რომ შევემჩნიეთ, ტრამვაიდან ვხტებოდით. ვერაზე, გაზეთ "კომუნისტის" რედაქციის შენობასთან, მაგრად "გაზავდა" 5 ნომერი ტრამვაი. ჩამოკიდებული ვიყავი. დავინახე - ჩვენი გოგონები მოდიან. უნდა გადმოვხტე უკუღმა! ამას "ზადნის" ეძახდნენ და დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა. გადავხტი და ისე დავარტყი თავი ასფალტს, შუაზე გამეპო. დამესია ხალხი, წამიყვანეს ვერის აღმართზე, აფთიაქში. იქ დოდო და რეზო ჭიჭინაძეების დედა მუშაობდა, გადამიხვია თავი და წავედი შინ... ჩემ წინ ცხოვრობდა ერთი ძალიან კარგი ბიჭი, რომელსაც შურდა ჩემი, რადგან იმას გარეთ არ უშვებდნენ... თავშეხვეული რომ დამინახა, შევიდა შინ, შეიხვია თავი და ასე გამოვიდა აივანზე... ჩემს სახვევში სისხლმა გამოჟონა... დავუძახე:  მაქედან არა ჟონავს-მეთქი... ასე ვრაინდობდით. თბილისი ნარკომანების ქალაქი კი არ იყო, რაინდების ქალაქი გახლდათ, ისეთების, როგორებიც იყვნენ: ბიძინა ავალიშვილი, დოდო აბაშიძე, ჩემი და ოთარ ჭილაძის ნათლია - თენგიზ კეკელიძე.

სხვანაირად გვზრდიდნენ... ლუკმის გაყოფას გვასწავლიდნენ. დედას ბორშჩი როცა ჰქონდა, აუცილებლად მიუკითხავდა ჩვენს მეზობელს - დოდოლას. ერთხელ ვკითხე: სხვა მეზობლებს რატომ არ აწოდებ კერძს-მეთქი. სხვებს ქმრები ჰყავთ შინ, არ უჭირთ, დოდოლას ქმარი კი ომშიაო. ერთმანეთს ეხმარებოდნენ. ამიტომაც არ იყო ჩვენს ქალაქში ქართველი მათხოვარი.

ჩემი შუადღე

ოთარ გვინჩიძემ მიმიყვანა გიორგი ლეონიძესთან - მისი ქალიშვილის მეუღლე იყო. წაიკითხა ჩემი ლექსები და მიაწერა: "კარგი ხარ, ჯანსუღ, ჩემი ჯილა ხარ! გოგლა." ასეთი რამის დავიწყება შეიძლება? მას მერე წავიდა და წავიდა ჩემი ცხოვრება წინ. პირველი ლექსები ირაკლი აბაშიძემ დამიბეჭდა. როგორი სიყვარულით მექცეოდნენ გრიგოლ აბაშიძე და რეზო მარგიანი...

ერთი რამ მინდა გავიხსენო: ილიას დღეები ტარდებოდა საგურამოში. ნიკო კეცხოველი ხსნიდა ხოლმე ამ საღამოებს. ერთხელ მეც მივიღე მონაწილეობა პიონერთა სასახლიდან.

KvirisPalitra.Geგამომაცხადა: ახლა ლექსს წაიკითხავს თბილისის უნივერსიტეტის სტუდენტი, ახალგაზრდა პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანიო. მივედი მორიდებით: - ძია ნიკო, მე ჯერ XI კლასში ვარ-მეთქი... მერე რა,  ხომ უნდა გახდე სტუდენტიო! ასე საოცრად მიმანიშნა, ამ გზას უნდა დაადგეო.

უნივერსიტეტში ჟურნალისტიკის განყოფილებაზე ჩავაბარე. ჩემს ჯგუფში იყვნენ ბავშვობის მეგობრები: ოთარ ჭილაძე, გივი გეგეჭკორი, სხვებიც: ტარიელ ჭანტურია, ზაურ ბოლქვაძე, რეზო კლდიაშვილი, თამაზ ბიბილური...

ჯერ გვეძახდნენ "პირველ სხიველებს", რადგან უნივერსიტეტში, რექტორის, ნიკო კეცხოველის თაოსნობით, დაიწყო გამოცემა ახალგაზრდა მწერალთა ალმანახის, "პირველი სხივისა", მერე - სამოციანელებს, "ცისკრელებს"... 1956 წელს "ცისკარი" დაარსდა და რედაქტორმა, ვახტანგ ჭელიძემ მაშინვე მიმიყვანა. შტატი მხოლოდ კორექტორისა იყო, ლიტერატურული მუშაკის საქმეს ვასრულებდი, მაგრამ კორექტორის ხელფასს ვიღებდი. გაიპარა შეცდომა - "საშინელი მენშევიკების" ნაცვლად დაიბეჭდა "საშინელი ბოლშევიკები". ითქვა, კორექტურააო. დამიბარეს ცეკაში. ვაღიარე: კორექტურაა და ჩემი ბრალია-მეთქი. თუ შეიძლება, საყვედურს მოგცემთო... კი, ბატონო-მეთქი. ეგებ პირად საქმეში სჯობდესო... როგორც გნებავთ-მეთქი...  ასე იყო: თუ მართალი იყავი, ყველგან გაიტანდი თავს...

"ცისკრის" რედაქტორი ვიყავი. გურამ ფანჯიკიძემ მოიტანა რომანი "თვალი პატიოსანი", მაშინ ერქვა "მარჯვნივ და მარცხნივ". მჟავანაძის ოჯახზე იყო, პრინციპში. ვუთხარი გურამს, - ეს ძალიან რთული დასაბეჭდია და მოდი, სათაური გამოვუცვალოთ და პატიოსანი თვალით დანახული საქართველო ვაჩვენოთ, "თვალი პატიოსანი" დავარქვათ-მეთქი. დამთანხმდა. გაამართლა ამ სათაურმა. დაიბეჭდა. დამიბარეს ცეკას აგიტაცია-პროპაგანდის განყოფილებაში. ეს რომ დაიბეჭდა, ჩემი ბრალია, გურამს თავი დაანებეთ, მან დაწერა, მაგრამ მე რომ არ დამებეჭდა, ექნებოდა თავისთვის-მეთქი. მოუხსენებიათ მჟავანაძისთვის: მსგავსი არაფერი გვინახავს, გურამ ფანჯიკიძე მოვიდა და - გაანებეთ ჯანსუღს თავი, ჩემი რომანია, მე დავწერე და იმისი რა ბრალიაო. ჯანსუღი მოვიდა და: გაანებეთ გურამს თავი, ჩემი ბრალიაო... მჟავანაძე ჩაფიქრდა და: თავი დაანებეთ ორივეს, ასეთი ძმობა არ მინახავსო! აბა, ეს ამბავი როგორ არ გავიხსენო...

ერთხელ სომხებმა ჩვენზე რაღაც უბედურება გამოაქვეყნეს, რეზო ჯაფარიძის და აკაკი ბაქრაძის საპასუხო წერილები "ცისკარში" დავბეჭდეთ. გაიგეს ზემოთ. შევიდნენ სტამბაში. დამირეკეს, მოვიდნენ და ტირაჟს წვავენო. მუშამ გადამირჩინა 6 ცალი ჟურნალი. ავტორებს მივეცი, მეც დავიტოვე და საჯარო ბიბლიოთეკას ჩავაბარე. რთული იყო ამის გაკეთება, მაგრამ ვაკეთებდით...

ვერის ხიდი რომ შენდებოდა, იქვე, ახლოს, სასადილოში არაყი იყიდებოდა. იქ ვსვამდით ზაურ ბოლქვაძე, გივი სამსონაძე, ოთარ ჭილაძე და მე... შემოვიდა გალაკტიონი: ძამიკო, ჩემი ნორმა ჩამომისხიო. დახლიდარივით კაცი იყო, იმან ჩამოუსხა 150 გრამი არაყი. მოსვა ორჯერ, შეაღვარღვარა და გადააქცია, მერე თითები ჩაჰყო, ამოიღო და წვერებში შეისვა... რა ქენით, ძია გალაკტიონ-მეთქი... რა ვქნა, ახლა ზევით რომ ავალ აქოთებული - ხალხს მთვრალი ვეგონები და გაუხარდება, მე კიდევ ფხიზელი ვიქნებიო, - გამიცინა.

აზარტული თუ ვარ? ჩემი აზარტი ლექსის წერაა... ისე, თუ მაინც თამაშზე მეკითხებით, კარტიც მითამაშია, ნარდიც, მაგრამ ფეხბურთი მერჩივნა ყველაფერს. რაიონის ნაკრებშიც მითამაშია, უნივერსიტეტის ნაკრებშიც...

მეორე ინფარქტი მქონდა 1982 წელს... ათი დღის მერე, თავი უკეთ რომ ვიგრძენი, გავაბოლე "კენტი". ქალბატონმა გულიკო ჩაფიძემ შემომისწრო... რას შვრები, ჯანსუღო! გამახსენდა, ბავშვობაში რომ ვიცოდით, ორშაბათიდან რომ ვიწყებდით კარგად სწავლას და ვუთხარი: გულიკო დეიდა, ორშაბათიდან აღარ მოვწევ-მეთქი. ჩვენთან პარასკევიდან აღარ ეწევიანო... იმ დღეს პარასკევი იყო. იმ დღიდან აღარ მომიწევია! ნებისყოფას გაუმარჯოს, თორემ სისულელე შეიძლება ყველას ჰქონდეს ჩადენილი...

რაც შეეხება პირად ცხოვრებას - 23 წლისა დავოჯახდი, ჩემი ირმა ჩხეიძე 19 წლის იყო. 15-16-ისა იყო, რომ შემიყვარდა. ხელი მოვაწერეთ, მივედით შინ და ქვემოდან ავძახე დედას: ცოლი მოვიყვანე-მეთქი... გადმომხედა და - ვერ ხარ კარგადო. არც უთქვამს, ამოდიო... მერე უცებ შემობრუნდა: რა გვარიაო. ჩხეიძე-მეთქი. ახლავე ამოიყვანეო... გელოვანის ქალს ესიამოვნა ჩხეიძის რძალი... მას მერე პირი შეკრეს ჩემს საწინააღმდეგოდ... იყვნენ ერთად, როგორც დედა-შვილი და მე მებრძოდნენ...

პირველ შვილს ველოდით და ქობულეთში ვისვენებდით. მოხდა ისე, უცებ გახდა სამშობიაროში წასაყვანი. გვითხრეს, ბათუმში სამშობიაროს ხელმძღვანელობს ჩარკვიანიო. მისი შვილი, ლევანი, შემდეგ ცნობილი ონკოლოგი გახდა... წავედით ბათუმში. ჩარკვიანმა მკითხა, ვინ გინდა იყოსო. ბიჭი-მეთქი. წადი, 4-5 საათი იქეიფე სალობიეში, მოხვალ და ბიჭს დაგახვედრებო... მართლაც დამახვედრა მამუკა... მერე გოგო შეგვეძინა - თამარი...

ჩემი საღამო

არასოდეს ეგოისტი არ ვყოფილვარ... არც ამ ცხოვრებიდან წასვლის სევდა მქონია. ჩემი დაბადების დღე ხშირად მიხაროდა, იმ დღეს ვილხენდით ბიჭები... დღეს არ მიხარია, ყველას ვაფრთხილებ: არც გაბედოთ, მითხრათ, პურმარილს სად ვაწყობ. არ მეღვინება და არ მექეიფება. სანამ ასეთ ქვეყანაში ვიქნები, არაფერი მიხარია, არც დაბადების დღეს აღვნიშნავ. გავხდი 80 წლის... რომ მითხრათ, დასასრული ახლოაო, არ მეწყინება. გადავხედავ ჩემს წარსულს. ცოდვა ვის არ აქვს ამქვეყნად, ყველას გვაქვს ნაკლიც...

იმ დღეს ერთი შემხვდა და ვერ ვიცანი, სახელი და გვარი ვერ გავიხსენე. შეიცხადა: დედა, ვერ მიცანი, რავა, დაბერდიო? ვუთხარი: ქალბატონო, ვერ გიცანი, მაგრამ გუშინწინ შემხვდა ჯანსუღ ჩარკვიანი და ვერ ვიცანი-მეთქი! მერე შინ, გაბოროტებულმა, ცოლს ვუამბე ეს ამბავი. ცოლმა მკითხა: იმან თუ გიცნოო... იმან მიცნო-მეთქი. მაშინ არა უშავსო. ამ დღეში ვარ ახლა.

რა მოხდა, შეიძლება ვიღაც ვერ ვიცნო, მაგრამ, რაც მთავარია, ჩემს წარსულს ვიცნობ და არ უარვყოფ. სამ დროში თუ არ ცხოვრობ, არ ხარ კაცი. უნდა გქონდეს წარსული, აწმყო და მომავალი... ვიღაც მეტყვის, აბა, ილიამ რომ თქვა, - აწმყო თუ არა გწყალობს, მომავალი შენიაო?  Aდიდმა ილიამ შეუძახა აწმყოს გარეშე დარჩენილებს, არ შეშინდეთო... თორემ განა არ იცოდა, რომ აწმყოს გარეშე მომავალი არ არსებობს?

მე მაინც იმისი იმედი მაქვს, რომ სამ დროში ვიცხოვრე... ვისაც წარსული არ ახსოვს, წარსულს ლანძღავს და ჰგონია, აწმყო აქვს... სინამდვილეში არ აქვს და არც მომავალი ექნება...