აი (კორუფც)ია! (ჟურნალისტური გამოძიება) - კვირის პალიტრა

აი (კორუფც)ია! (ჟურნალისტური გამოძიება)

დაწყებითი კლასების სრული კომპლექტი 100 ლარი ჯდება(!)

რომელი ჩინოვნიკების ჯიბეში წავიდა 2 მილიონი?

მართალია, ახალი სასწავლო წელი უკვე თითქმის ორი კვირაა დაიწყო, მაგრამ სასკოლო სამზადისი ჯერ არ დასრულებულა. მშობლები, ძირითადად, სახელმძღვანელოების შეძენით არიან დაკავებული, ვინც ახალს ვერ ყიდულობს, ნაცნობ-მეგობრებში ეძებს უკვე გამოყენებულ, მეორად წიგნს. ზოგიც მეორადი წიგნების ბაზრობაზე აბარებს გასული წლის სახელმძღვანელოებს, რომ ნაშოვნი ფულით საჭირო სახელმძღვანელო შეიძინოს.

ამ ბოლო დროს თვალწინ სულ ის ტელესიუჟეტი მიტრიალებს, განათლების მინისტრი  რუსთაველის გამზირზე მდებარე წიგნების მაღაზიაში რომ მივიდა და თავისი შვილისთვის სასკოლო სახელმძღვანელოები შეიძინა. კარგად მახსოვს, რომ წიგნების სრულ კომპლექტში 46 ლარი გადაიხადა და გამყიდველის მიერ დაბრუნებული ხურდა დემონსტრაციულად ჩაიჩხრიალა პიჯაკის ჯიბეში. მინისტრმა ტელეკამერების წინ ამაყად აღნიშნა, რომ წელს სასკოლო სახელმძღვანელოები წინა წლებთან შედარებით ბევრად იაფი ეღირება და  I-VI კლასის არც ერთი სახელმძღვანელოს ფასი 10 ლარს არ გადააჭარბებს. მეტიც, დაგვპირდა, რომ სამომავლოდ სახელმწიფო ფასებს მომდევნო კლასების სახელმძღვანელოებზეც დაარეგულირებს. თუ როგორ, რა თქმა უნდა, ეს არ დაუკონკრეტებია.

ვიფიქრე, ამხელა თანამდებობის კაცია, ჩვენი შვილების განათლება აბარია და როგორ არ დაეჯერება-მეთქი და შვილისთვის სახელმძღვანელოების შესაძენად მეც იმავე მაღაზიას მივაშურე. მე-8 კლასისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი ვერ შევიძინე, რადგან როგორც ამიხსნეს, რამდენიმე წიგნი უკვე დეფიციტშია, მაგრამ რაც დამიანგარიშეს, საერთო ჯამში 118 ლარი გამოვიდა. სახელმძღვანელოების ყიდვა შარშანდელთან შედარებით იაფი კი არა, ბევრად ძვირი დამიჯდა, მაგრამ მინისტრი გასაკიცხად მაინც ვერ გავიმეტე, ჩავთვალე, რომ  წელს ფასები მხოლოდ დაწყებითი კლასების ახალგრიფირებულ სახელმძღვანელოებზე დასწიეს. უფროსკლასელების მშობლებმა კი მომავალ წლამდე უნდა მოვიცადოთ.

სხვა საკითხია, როგორ მოახერხა ხელისუფლებამ წიგნებზე ფასის ზედა ზღვრის დაწესება, როდესაც გამომცემლობები კერძო სუბიექტები არიან. მაგრამ თუ მოსახლეობისთვის მთავრობის ქმედება სასიკეთო იქნება, შეიძLლება ადამიანმა ბევრ რამეზე დახუჭოს თვალი. ამიტომ, ბუნებრივია, დავინტერესდი რეალურად რა შეღავათი მიიღეს წელს I-VI  კლასელების მშობლებმა და სახელმძღვანელოების ფასებს გადავხედე. 10-ლარიანი ზედა ზღვარი სახელმძღვანელოების უმეტესობის შემთხვევაში მართლაც დაცულია, ერთი გამონაკლისის გარდა, - ინგლისური ენის სახელმძღვანელო მაკმილანის ავტორობით 18 ლარი ღირს. თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, რომ თითქმის ყველა სახელმძღვანელოს სამუშაო რვეული სჭირდება, რომელსაც ცალკე ფასი აქვს და ორივე ერთად ხშირ შემთხვევაში 10 ლარს მნიშვნელოვნად აჭარბებს. მაგალითად, ქართული ენის სახელმძღვანელო 8 ლარი ღირს, რვეული კი - 5. მათემატიკის სახელმძღვანელოს კი ხუთი დამხმარე გამოცემა მოჰყვება: დამატებითი სავარჯიშოები, სავარჯიშო რვეული, ტესტური დავალებები და ორი რვეული საკონტროლო წერისთვის, რაც ჯამში 26,40 ლარი ღირს. მეტსაც გეტყვით, წელს IV კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო უფრო ძვირი ღირს, ვიდრე იმავე ავტორის სახელმძღვანელო ღირდა შარშან. მართალია, ორ ნაწილად გაყოფილი სახელმძღვანელოს თითო ნაწილის ფასი 8,50 ლარს არ აჭარბებს, მაგრამ ბავშვს მთელი სასწავლო წლის განმავლობაში ორივე ნაწილი სჭირდება, რისთვისაც მშობელს 17 ლარის გადახდა მოუწევს(?!). გასულ წელს კი იმავე სახელმძღვანელოს სრული კომპლექტის შეძენა 13 ლარად იყო შესაძლებელი. რომ დავაჯამე, გამოვიდა, რომ დაწყებითი კლასების სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი დაახლოებით 100 ლარი ჯდება.

სახელმძღვანელოებზე ფასები ისე გადანაწილდა, რომ ერთეულის შემთხვევაში ფასი 10 ლარზე მეტი არ გამოსულიყო, მაგრამ საერთო ჯამში?.. აშკარაა, რომ იაფი სახელმძღვანელოების პიარმა კარგად იმუშავა, ყოველი შემთხვევისთვის მანამ, სანამ გადახდილი ფული ჩვენს ჯიბეზე არ აისახა.

დაკვირვებული მშობლის დაკვირვებული თვალი შენიშნავდა, რომ ახალი სახელმძღვანელოების დიდი ნაწილი, რომლებიც ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის ფარგლებში I-VI კლასებისთვის დაიბეჭდა, ბევრად უხარისხოა, ვიდრე თუნდაც გასულ წელს გამოცემული სახელმძღვანელოები. განსხვავება ძველსა და ახალ წიგნებს შორის იმდენად თვალსაჩინოა, რომ რამდენიმე მშობელმა შემომჩივლა კიდეც, ილუსტრაციები ისეთი ბუნდოვანია, ბავშვს გამოსახულების გარკვევა უჭირსო. რამდენად საზიანოა ასეთი სახელმძღვანელოების გამოყენება ბავშვის ჯანმრთელობისთვის და ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამის გამო, ალბათ, ეს სხვა პუბლიკაციის თემაა, რომელსაც აუცილებლად დავუბრუნდებით. მანამდე კი დავინტერესდით, რატომ დაიბეჭდა წელს დაბალი ხარისხის სახელმძღვანელოები და ასეთი ხარისხის გამო რეალურად რატომ არ გააიაფეს გამომცემლობებმა სასკოლო წიგნები?

ამ თემაზე პრესასთან საუბარს გამომცემლობები ისე უფრთხოდნენ, რომ ამ გარემოებამ დამაეჭვა კიდეც და საკითხში გარკვევა უფრო ღრმად ვცადე, თუნდაც რესპონდენტების კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიით. როგორც სარწმუნო წყაროსგან შევიტყვე, წელს სასკოლო სახელმძღვანელოების უდიდესი ნაწილის დაბეჭდვა სტამბა "24 საათს" შეუკვეთეს. რამაც გამაოცა ის იყო, რომ თურმე აღნიშნულ სტამბას წიგნების დაბეჭდვის ტექნიკური საშუალებები არ გააჩნია და მხოლოდ გაზეთის დასაბეჭდად თუ გამოდგება. როგორც გამომცემლობები ამბობენ, შუამავალმა სახელმძღვანელოები სლოვაკეთში დაბეჭდა. გამოდის, რომ სტამბამ ამ შემთხვევაში გამომცემელსა და უცხოურ სტამბას შორის შუამავლის როლი ითამაშა და, ბუნებრივია, არა უსასყიდლოდ. ჩნდება კითხვა, რაში დასჭირდათ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გამომცემლობებს შუამავლობა, როდესაც უკვე წლებია კავშირები აქვთ უცხოურ, მათ შორის თურქეთში, ინდოეთსა თუ ჩინეთში არსებულ სტამბებსა და ადგილობრივ პოლიგრაფიულ საწარმოებთან, რომლებიც ასევე იღებდნენ სასკოლო სეზონისთვის შეკვეთებს გამომცემლობებისგან?

"როდესაც კონკურსში გამარჯვებული და გრიფირებული სახელმძღვანელოები გახდა ცნობილი, განათლების სამინისტროში გამომცემლებთან რამდენიმე შეხვედრა მოეწყო. ზოგს თავად მინისტრი ხვდებოდა, ზოგსაც მისი მოადგილეები. პირდაპირ გვითხრეს, რომ წიგნები დასაბეჭდად სტამბა "24 საათში" უნდა მიგვეტანა. რა თქმა უნდა, გავიოცეთ, რადგან მათ ამის ტექნიკური საშუალება არა აქვთ, მაგრამ პასუხი ასეთი იყო: ეგ თქვენი საქმე არ არისო. იგივე კითხვა სტამბის ხელმძღვანელ პირებსაც დავუსვით, მაგრამ პასუხის გაცემის ნაცვლად ირონიული ღიმილით გვპასუხობდნენ. საბოლოო ჯამში ეს ირონიული ღიმილი ჩვენს გამომცემლობას თითო სახელმძღვანელოს შემთხვევაში 20.000 ლარი დაუჯდა, ანუ 20.000-ით მეტი გადავიხადეთ თითო სახელმძღვანელოს ტირაჟში, ვიდრე საქართველოში ან თურქეთში, სხვა სტამბებში დავბეჭდავდით. ჩვენთან ერთად, რა თქმა უნდა, მოსახლეობამაც იზარალა. მოლაპარაკების თანახმად, სასკოლო სახელმძღვანელოები ე.წ. ფურცლოვანი წესით უნდა დაებეჭდათ, ანუ ისე, როგორც წლების განმავლობაში ვბეჭდავდით ჩვენს პარტნიორ სტამბებში. სახელმძღვანელოები რომ ჩამოვიდა, სახტად დავრჩით, აღმოჩნდა, რომ როტაციული წესით დაუბეჭდავთ, ანუ ისე, როგორც გაზეთები იბეჭდება. ამიტომაც არის, რომ ზოგან ტექსტი ცუდად იკითხება და ქაღალდიც ძალიან უხარისხოა. ამ კრიტერიუმებით თუ მივუდგებით, წიგნების ბეჭდვა ორ-სამჯერ უფრო იაფი უნდა დამჯდარიყო, ჩვენ კი სოლიდური ფული "აგვახიეს", რომელიც კონკრეტული ადამიანების ჯიბეში წავიდა. განათლების სამინისტროს გრიფი საერთო ჯამში 84 სახელმძღვანელოს მიანიჭეს. თუ გავითვალისწინებთ მათ ტირაჟებს და იმას, რომ სახელმძღვანელოების უმეტესობა ერთმა სტამბამ "დაბეჭდა", ვიღაცამ ჯიბეში სულ მცირე 2 მილიონი ლარი ჩაიდო", - გვითხრა ერთ-ერთი გამომცემლობის ხელმძღვანელმა, რომელმაც გასაგები მიზეზების გამო საჯაროდ ვინაობის დასახელება არ ისურვა.

ხელისუფლების "რეკომენდაციის" გამო გამომცემლობებმა მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. ზარალის სიდიდე იმის მიხედვით განისაზღვრა, თუ რამდენი დასახელების სახელმძღვანელოს დაბეჭდვის შეკვეთა მისცა გამომცემლობამ ხელისუფლების მიერ შერჩეულ შუამავალს.

ნანა ჯანჯიბუხაშვილი (გამომცემლობა "წყაროს თვალის" ხელმძღვანელი): "თითქმის ყველამ მათთან დაბეჭდა წიგნები. როგორც გვითხრეს, საზღვარგარეთ დაიბეჭდა, კონკრეტულად, სად, ალბათ, ეს განათლების სამინისტროს უნდა ჰკითხოთ. რეკომენდაცია კი გაგვიწიეს, მაგრამ გამომცემლობაზე იყო დამოკიდებული, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა. 6 კლასის სახელმძღვანელო იყო გრიფირებული, თანაც წიგნებთან ერთად რვეულებიც გვქონდა დასაბეჭდი და ტირაჟიც დიდი იყო. სამინისტრომ ჩათვალა, რომ შესაძლებელია ამ სამუშაოს შესრულება ჩვენს სტამბებს გასჭირვებოდათ".

სოლომონ ნოზაძე (საგამომცემლო სახლის "დიოგენეს" რედაქტორი): "იმის გამო, რომ გრიფირების შემდეგ სახელმძღვანელოების რაოდენობა შემცირდა, გარკვეულ დონეზე შესაძლებელი გახდა ფასის შემცირება. უწინ, მაგალითად, ბუნებაში გვქონდა 5-6 სახელმძღვანელო, მახსოვს ერთ წელს 11-12 მარტო დედაენა გვქონდა, ეს კი ბაზრის დანაწევრებას იწვევდა და კონკრეტული სახელმძღვანელოები უფრო მცირე ტირაჟით იბეჭდებოდა. გასულ წელს კი ვითარება დიამეტრალურად შეიცვალა და წიგნების დასახელებების რაოდენობა მკვეთრად შეამცირეს. შედეგმაც არ დააყოვნა და წელს მხოლოდ სამი დედაენა გვაქვს. ამან ტირაჟების რაოდენობა გაზარდა. ამიტომაც იყო შესაძლებელი ფასის დაწევა. მე თუ დაბალი ტირაჟით ვბეჭდავ, წიგნის საცალო ღირებულება მკვეთრად იზრდება და პირიქით, რაც უფრო იზრდება ტირაჟი, მით ნაკლებია წიგნის საცალო ფასი.

ხელშეკრულებაში, რომელიც განათლების სამინისტროსთან დაგვადებინეს, ასეთი პუნქტიც იყო ჩადებული, რომ სახელმძღვანელოები სულაც შეიძლებოდა გადასულიყო სახელმწიფოს საკუთრებაში. ის თავად, რომელიმე სტამბას მისცემდა შეკვეთას, შემდეგ, შენ, როგორც გამომცემელს, გაყიდულის მხოლოდ 10%-ს მოგცემდა. რა თქმა უნდა, ეს ყველაზე უფრო წამგებიანი ვარიანტი იყო გამომცემლობებისთვის, რადგან მხოლოდ წიგნის ავტორებს ჩვენ გაყიდულის 15-20%-ს ვუხდით. საერთო ჯამში 10-% რომ გერგება გაყიდულიდან, ავტორს რაღა უნდა გადაუხადო ჰონორარის სახით. ასეთ Yმცირე შემოსავალზე არავინ იმუშავებს.

- ამოიღეს ეს პუნქტი ხელშეკრულებიდან?

- არა, წელს არ აამოქმედეს.

- თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მომავალ წელს არ აამოქმედებენ?

- რა თქმა უნდა, არ ნიშნავს..."

"ჩვენს გამომცემელს თავიდან შაშკინმა უთხრა: რეკომენდაციას ვაძლევთ "24 საათის" სტამბას და იქნებ იქ დაბეჭდოთო, მაგრამ მას შემდეგ, რაც ვნახეთ, რომ მათი შემოთავაზებული ფასები გაცილებით, ერთ წიგნზე დაახლოებით 1 დოლარით(!) ძვირი იყო, ჩვენმა ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, სახელმძღვანელოები საქართველოსა და თურქეთის სტამბებში დაებეჭდა. ამას ის მოჰყვა, რომ გამომცემელი დაიბარა შაშკინმა და პირდაპირ უთხრა: ეტყობა, შენ ვერ გაიგე, რა გითხარიო. ახლა მაშინ ასე გეტყვი: ეს არის სახელმწიფოს დავალება და უნდა წაიღო და დაბეჭდო იქ, სადაც ჩვენ გეტყვითო, თან დაამატა, ნუ შეიქმნი პრობლემებსო! ამ შეხვედრის შემდეგ ჩვენი გამომცემელი დათრგუნვილი იყო, რა ვქნა, ციხეში ხომ არ წავალო და ჩათრევას ჩაყოლა ამჯობინა". - ეს ერთ-ერთი დიდი გამომცემლობის თანამშრომლის სიტყვებია.

აშკარაა, რომ საქმე ელიტურ კორუფციასთან გვაქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, რით აიხსნება ხელისუფლების მაღალჩინოსნების ქმედება, რომლებიც ბიზნესს თამაშის წესებს კარნახობენ და ამით დიდ ზარალს აყენებენ როგორც კერძო სექტორს, ასევე მოსახლეობას და საზოგადოდ, ქვეყნის ეკონომიკას. სხვა საკითხია, რატომ წაიღეს წიგნები დასაბეჭდად მაინცდამაინც სლოვაკეთში და არა მეზობელ თურქეთში, სადაც ამ სამუშაოს შესრულება უფრო იაფი დაჯდებოდა? ან კი რეალურად სლოვაკეთში დაიბეჭდა სახელმძღვანელოები და რა წილი ერგო ამ კორუფციული თამაშებისგან სახელმწიფოს (ან სახელმწიფოს ჩინოვნიკებს) და მის პროტეჟე შუამავალს? სხვათა შორის, ერთმა გამომცემელმა ისიც მითხრა: "ეს "24 საათიც" მეცოდება, დაავალეს, ალბათ, არა მგონია, ის ფული, რაც ამ სეზონზე მოხსნეს, მაგათ ვინმემ დაუტოვოსო".

რეალურად ჩვენმა შვილებმა, ვითომ გაიაფებული სახელმძღვანელოების ნაცვლად, უხარისხო და დაბალი პოლიგრაფიული დონის წიგნები მიიღეს. გამომცემლები შიშობენ, რომ სამომავლოდ სახელმწიფო, უფრო სწორად, რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ ყველაზე შემოსავლიან საქმეს - სასკოლო სახელმძღვანელოების გამოცემის უფლებას მთლიანად ჩამოართმევს და ერთ-ერთი ვერსიით კი ფული, რომელიც ცოტა ხნის წინ წიგნების ბეჭდვით "გააკეთეს", საკუთარი სტამბის მოსაწყობად სჭირდებათ და გაისად სახელმძღვანელოებს უკვე საქართველოში საკუთარ სტამბაში დაბეჭდავენ.

თემაზე მუშაობისას სტამბა "24 საათთანაც" ვცადე დაკავშირება. პასუხისმგებელი პირი დავით გელაშვილის სახელით გამეცნო (თუმცა, როგორც გამომცემლებისგან  ვიცი, ამ საქმეს ვინმე ირაკლი ლეჟავა ხელმძღვანელობდა), ჩემ მიერ დასმული კითხვები იმდენად არ მოეწონა, რომ ჯერ შემომწყრა, დაკითხვას მიწყობთო, შემდეგ კი ტელეფონი გამითიშა. პასუხგაუცემელი კითხვა კი კიდევ ბევრია, ამიტომ ჩვენ მზად ვართ მოვისმინოთ ყველა არგუმენტი, თუკი ასეთი, რა თქმა უნდა, არსებობს. ასევე ვთხოვ საქმეში ჩახედულ პირებს, მოგვაწოდონ ინფორმაცია ამ თემასთან დაკავშირებით. ანონიმურობის დაცვას გპირდებით.

P. S. პრეზიდენტ სააკაშვილის ბოლოდროინდელი გამოსვლა გამახსენდა გაეროში, სადაც მისი ხელისუფლების ერთ-ერთ მიღწევად ქვეყანაში კორუფციის მოშთობა დაასახელა და ისიც აღნიშნა, რომ კორუფციასთან ბრძოლის თვალსაზრისით საქართველო პირველ ადგილზეა.

P. P. S. შესაძლოა (და იქნებ), პრეზიდენტმა მართლაც არ იცის ამ კონკრეტულ სფეროში არსებული ელიტური კორუფციის შესახებ. ჰოდა, აი, გაეცანით, ბატონო მიხეილ. (გაგრძელება იქნება...).