"ქართველ ერს გადაბერება ემუქრება" - კვირის პალიტრა

"ქართველ ერს გადაბერება ემუქრება"

ოფიციალური მონაცემით, 100 ქალი 183  ბავშვს აჩენს, მაგრამ მატებისთვის საჭიროა 100-მა ქალმა 232 ბავშვი დაბადოს

"ხელოვნური განაყოფიერება ექსპერიმენტია, რომლის შედეგიც ჯერ უცნობია"

"ხელისუფლება ტურისტებსაც მიგრანტებად თვლის"

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობა სავალალოა, - მოსახლეობა მცირდება, დედათა და ჩვილთა მოკვდავობა კი საგანგაშოა. გვესაუბრება დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ავთანდილ სულაბერიძე:

- საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა სტატისტიკის დეპარტამენტისა და ჩვენი მონაცემებით განსხვავებულია. დეპარტამენტი აღნუსხავს მოსახლეობის ოფიციალურ რაოდენობას, ჩვენი მონაცემები კი ფაქტობრივ მოსახლეობას. საქართველოში მიგრანტთა აღრიცხვაც დარღვეულია. საერთაშორისო კონვენციით, მიგრანტად ითვლება პირი, რომელიც 3 თვეზე მეტხანს არის გასული ქვეყნიდან. ჩვენთან კი ზოგი ქვეყნიდან 10 წელია გასულია, მაგრამ საქართველოშია ჩაწერილი და აქ მცხოვრებად ირიცხება. როდესაც ქვეყანაში მიგრანტი შემოდის, არავინ ეკითხება, რამდენი ხნით აპირებს დარჩენას. იცით, რომ ესენი ტურისტებსაც მიგრანტებად თვლიან?  ქვეყანაში შემოსულ-გასულთა "უცნაურად" დათვლით მეტი შემოსული აღირიცხა, ვიდრე გასული. სათანადო აღრიცხვა რომ კეთდებოდეს, საგანგაშო სურათი იქნებოდა... მოსახლეობის  14%-ზე მეტი 65 წელს გადაცილებულია. მსოფლიო სტანდარტით, როდესაც 65 წელს გადაცილებულთა რაოდენობა 7%-მდე აღწევს, ერი დაბერებულად ითვლება. საგანგაშოა, რომ 15 წლამდე მოსახლეობა მხოლოდ 20%-მდეა. ნორმალური მაჩვენებელი იქნებოდა ახალგაზრდა მოსახლეობა 25% რომ იყოს და დაბერებული - 5%.

პოლიტიკური ხრიკი

მოსახლეობის რეალური რაოდენობის ხელოვნურად გაზრდას შეიძლება პოლიტიკური მიზანი ჰქონდეს, სიების გასაბერად გამოიყენონ. როდესაც ცესკოს თავმჯდომარე ნანა დევდარიანი იყო, ცესკოს წევრი ვიყავი. მაშინ საარჩევნო სიები თავიდან გავაკეთეთ. სიები გასწორდა, მაგრამ საქმეში ამერიკული ორგანიზაცია "აი-ფი-ესი" (IFS) ჩაერთო, რომელმაც სიები დაამუშავა და ყველაფერი აურ-დაურია. ხომ გახსოვთ, 2003 წლის არჩევნების წინ რა ამბავი იყო? სიებში გარდაცვლილები არიან შეტანილიო. არადა, ბოლო 10 წლის განმავლობაში 300 ათასი გარდაცვლილის სია საოლქო კომისიების თავმჯდომარეებს მივეცით, რომ უბნებში გაეკრათ და გაეკონტროლებინათ, გარდაცვლილები რომ არ მოხვედრილიყვნენ. 300 ათასი გარდაცვლილი სიაში იმ ხალხმა შეურია, ვინც კომისიებში ჰყავდათ. გეხსომებათ, ალბათ, როგორი აჟიოტაჟი იყო, 1800 წელს დაბადებულები არიან სიაშიო. 1800 სინამდვილეში კოდი იყო და ჩვენ იმ მოქალაქეების სიაში ჩავსვით, სადაც მონაცემები გასასწორებელი იყო. ამის გამო ერთი ამბავი ატყდა ტელევიზიებით. ეს იყო პოლიტიკური ხრიკი, რომელზეც აიგო ყველაფერი და 23 ნოემბერს რევოლუცია მოხდა.

სიების არევ-დარევის მერე ერთი კვირა მივეცით პარტიებს, რომ სიების გასწორებაზე ემუშავათ. ამან უფრო არია ვითარება, რადგან ყველა პარტიას განსხვავებული სია აღმოაჩნდა. Aმაშინ არავინ მომისმინა, რომ ამეხსნა, რა ხდებოდა. ვერც ახლა დავამტკიცებ ვერაფერს, რადგან მერე ზოგ უბანზე გაყალბებული სიები დაწვეს.

ეს გააკეთა იმ ხალხმა, ვინც ახლა ოპოზიციაშია. ეს არის ნინო ბურჯანაძის, კობა დავითაშვილისა და ნოღაიდელის ბრალი.

მაშინ გაყალბდა "აღორძინების" შედეგები აჭარაში. აბაშიძემ წინასწარ დაწერილი შედეგი მოიტანა, თითქოს აჭარის მოსახლეობის 95% "აღორძინებას" აძლევდა ხმას.M "მრეწველებს" 15 ათასი ხმა დააკლდათ და თოფაძე ასლანთან ჩავიდა, ჩემი 15 ათასი ხმა მომეციო. Aარ მისცა ასლანმა და პარლამენტს გარეთ დარჩნენ.

პატრიარქის მოწოდება

2007 წლიდან შობადობის ზრდა დაიწყო. 2006 წელს, როდესაც მხოლოდ 47 ათასი ჩვილი დაიბადა, განგაში ავტეხეთ. მას შემდეგ, რაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ბრძანა, რომ მესამე და მეოთხე შვილს მოვნათლავო, შობადობამ მოიმატა.

ოფიციალური მონაცემით, 100 ქალი 183  ბავშვს აჩენს, მაგრამ მატებისთვის საჭიროა 100-მა ქალმა 232 ბავშვი დაბადოს. დაბადებული გოგონებისა და ვაჟების თანაფარდობა ნორმალურია, როდესაც 100 გოგოზე 104-107 ბიჭი მოდის. ჩვენთან 100 გოგოზე ამჟამად 111 ვაჟია, მაგრამ 2008 წელს დაბადებული ვაჟების თანაფარდობა 100 გოგონასთან 127-ზე ავარდა. ეს გაყალბებული ციფრია და შეგნებულად გააკეთეს იმისათვის, რომ გრანტი მიეღოთ. ევროკომისიიდან ჩამოვიდა ქალბატონი სტამპი და განაცხადა, საქართველოში ჩვილის სქესის წინასწარი დადგენა უნდა აიკრძალოს, რადგან ქართველი დედები მდედრობითი სქესის ნაყოფს კლავენ, აბორტს იკეთებენო. ვინც ამის გამო გრანტი მიიღო, მის სინდისზე იყოს. თუ სქესის დადგენა აიკრძალება, ამას ის მოჰყვება, რომ ეს პროცესი კრიმინალური გახდება, ასევე მოიმატებს არაოფიციალური აბორტები, რაც გაზრდის დედათა მოკვდავობას... ჩვენი მონაცემით, ყოველ 1000 დაბადებულზე 21 ჩვილი კვდება, მაშინ როდესაც იაპონიაში, შვედეთსა და სხვა მოწინავე ქვეყნებში ეს მონაცემი 4-7-ია. ოფიციალური მონაცემით, ათასიდან 8 დედაა გარდაცვლილი. ჩვენთან დედათა მოკვდავობის მიზეზი გინეკოლოგიურ სამსახურში არსებული პრობლემების გარდა, სოციალური ფაქტორებიც არის. მნიშვნელოვანია ორსულთა კვება. როდესაც ფეხმძიმე ქალი ბაზარში ყუთებს დაათრევს, ეს მოქმედებს ნაყოფზე.

- საქართველოში უამრავი უშვილო ოჯახია. კამათია ხელოვნურ განაყოფიერებაზე. რა აზრის ხართ ამაზე?

- ხელოვნურ განაყოფიერებას არ ვემხრობი. თუ ვინმეს ბავშვი უნდა, იშვილოს. არ ვიცით, რა გამოვა ხელოვნურად განაყოფიერებული ბავშვისგან, რა დაავადებები აღმოაჩნდება, როგორი სქესობრივი ცხოვრება ექნება.

ხელოვნური განაყოფიერება ექსპერიმენტია, რომლის შედეგიც ჯერ უცნობია, რადგან თაობას, რომელიც ხელოვნური განაყოფიერებით გაჩნდა, ჯერ არ უცხოვრია სქესობრივად...

დღეს საქართველოში დემოგრაფიული სიტუაცია მძიმეა. 15 წელში ქართველ ერს გადაბერება ემუქრება. საქართველოში ბევრი უცხოური კომპანია შემოდის. ჩინელებსა და  არაბებს გამრავლების მაღალი მაჩვენებელი აქვთ, ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანს ტერიტორია აღარ ჰყოფნის, ამასთან, საქართველოდან მოსახლეობა გაედინება. დემოგრაფიის კანონია, ტერიტორიიდან გასულის ადგილს შემოსული  იკავებს. თუ ასე გაგრძელდა, შესაძლოა ქართველი ერი საქართველოში უმცირესობაში აღმოჩნდეს.

საპირისპირო სტატისტიკა

2010 წელს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა 4,436 მილიონია, დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის მონაცემით კი საქართველოში რეალურად ცხოვრობს 3,790 მლნ კაცი. ქვეყნიდან 1 მლნ 300 ათასი კაცია გასული, 200 ათასი კი შემოსული.