წეროვანი, - ცხადში დაბრუნებამდე უნდა გავუძლოთ! - კვირის პალიტრა

წეროვანი, - ცხადში დაბრუნებამდე უნდა გავუძლოთ!

"18 წელი ვინახეთ ხეობა და ნახევარ საათში გადმოგვრეკეს"

თითო ოჯახს თითო ნერგი გეყოფათო - მთავრობამ(!)

აქ ყველა ქუჩას თავისი ნომერი აქვს, ყველა სახლს - თავისი... ახალ საცხოვრებელ ადგილს სოფელს ვერც ეძახიან - დასახლებააო. სოფელი ალბათ მომავალში გახდება, როცა ტანსუსტი ნერგები გაიზრდებიან, ბაღი გაშენდება, ეზოში კრიახით გამოიშლებიან ქათმები, მამალი იყივლებს, ძროხა იბღავლებს. ქალები დილაობით თბილ რძეს ჩამოწველიან და ბავშვებს ჭიქებში ჩაუსხამენ... ძაღლი იყეფებს.

ეს ყველაფერი ჰქონდათ, ახლა სიზმრებში აქვთ.

- დამეძინება და ვხედავ, ჩემს საქონელს მივდევ, საძოვარზე მივერეკები, თან სარწყავის დარდი მაქვს - ბაღში უნდა გადავაგდო... გამომეღვიძება, მეტირება... ისევ თვალს ვხუჭავ, სიზმარი მაინც გაგრძელდეს, რო არ დამავიწყდეს, როგორ ვიღლიდი მარჯვენას. ახლა იქით გაიხედავ - მაგისტრალი გადის, მიწის დამუშავება გეკრძალებათო... თორე ზოგმა იყოჩაღა, მოხნა. დაატოვებინეს - არ შეიძლებაო. ჯაგნარში გადავიდა ზოგი - გავჩეხავთ, ხახვს მაინც დავრგავთო... ეგ მიწა სხვისიაო. ეხლა ვდგავართ, გამოვითოხნით სახლების უკან. რა მოგვივა? - სამი-ოთხი კვირის სარჩოი. დანარჩენზე რა ვქნათ? - მეკითხება და ასაკით დამძიმებულ ქუთუთოებს გახევებული ხელებით იწმენდს წეროვნელი გლეხი. ახლაა წეროვნელი, თორემ დიდი ლიახვის პირას გაზრდილს ეს ადგილი თვალითაც არ ჰქონია ნანახი.

წეროვნის შუა დასახლებაში ერთი დიდი ხე დგას. იმ ხის ქვეშ იყრიან ხოლმე თავს და ლაპარაკობენ. სადარდელი რამდენი აქვთ, ვინ მოთვლის.

მიცვალებულები არ დააკრძალვინეს წეროვანში. სამი დაკრძალული კი უნდა გადაასვენოთო, - გამოუტანეს განაჩენი. რას იზამ, მიწა ძვირია, მიწა გაყიდულია.(!)

- აღარც ცოცხლები ვუნდივართ ვინმეს, აღარც მკვდრები, - გულს აყოლებს სათქმელს ახალგაზრდა ქალი.

სიკვდილ-სიცოცხლის თემა იქით იყოს და, მართლა სიკვდილ-სიცოცხლეზეა საქმე წეროვანში. ამოდენა დასახლებაში ერთი ურნაც არ დგას, ნარჩენები პარკებით გამოაქვთ და წვავენ. თითქოს ყველა ცდილობს თავისას მოუაროს, მაგრამ არხი მაინც გაივსო ნაგვით.

- სხვა ვინ მოიტანდა? ისევ ჩვენივე აკეთებს ამას... - ტანმორჩილი, მოთმინებით სავსე ქართლელი ახლა გაბრაზებულია:

- უკვე რამდენჯერ მომიგდეს სახლთან ნაგვით სავსე პარკი. წავიღებ, დავწვამ. გუშინ კიდე შევშინდი: დიდი ჩანთა იყო შეკრული. ვიფიქრე, ხელი მოვკიდო, ვაი თუ ამიფეთქდეს... ეგე, რამდენი შემთხვევაა.

ჩემთან, სოფელში ჩიტის რძე რო მოგეკითხა, მქონდა... სულ გადამიბუგეს ყველაფერი. ეხლა ვაშლი მენატრება. აი, ნერგები კი იყიდა ბიჭმა. ეს ვაშლია, ესეც ატამი, ეს კიდევ ლენკროტს რომ ეძახიან, ალუჩა... ბავშვმა მომიკითხა ამას წინათ, - აბა, ეს რა სოფელია, ეს რა სახლია, არაფერი გვაქვს. ყველაფერი იქ დაგვრჩა - ალუჩაც, ატამიცა და ბალიცაო. ხილი რა სახსენებელია, ჩემს სოფელში გავლა-გამოვლა ოცნებად მაქვს, - მეუბნება ნოდარ ოქროპირიძე და პომიდვრის ჩითილებისათვის გამზადებულ სარებს კიდევ ერთს უმატებს...

სახლის კედელს სხვა კაცებთან ერთად ზურგით ეყრდნობა გრიშა დოკაძე, ჯერ უსუსურ ნერგებს გაჰყურებს:

- ოთხმოცისა შევსრულდი. ხეითიდანა ვარ. ყველაფერი იქ დამრჩა. მთავრობის ხალხმა ნერგები მოიტანა. გამეხარდა. ამოვთხარე, დავრგე... მერე მეორე მხარეს გავიწიე - აქაც ამოვთხარო-მეთქი. არაო, თითო ოჯახს თითო ნერგი გეყოფათო - მთავრობამ(!). საწყალი ადგილია, როდის გადამწვანდება, არ ვიცი... ქართლი ომს მიჩვეული კუთხეა, შვილო. საბჭოთა კავშირმა ბრძანა - ძმობაო... ძმებს ვასწავლეთ პურის ჭამა და ეგე, სადა ვართ ჩვენ და სად - ჩვენი "ძმები"... მიკვირს, კაცო! გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა დაჭამეს ერთიმეორე და ახლა ძმები გახდნენ. ესენი კიდე ამდენი წელია გვმტრობენ და გვმტრობენ. ძველები ამბობდნენ, თუ რუსების დუხი-მუხი არ მაისპო, სუ ესე იქნება დატანჯული ჩვენი ხალხიო. აი, თუ არ გამართლდა...

წინაპართა სიტყვა რომ გამართლდა, ახალგაზრდა ბაქარ გოჩაშვილმაც იცის, ისიც მოხუცებთან ერთად იხსენებს "ძველ დროს":

- კარგად ვცხოვრობდი, ჰექტარნახევარზე ხილის ბაღი მქონდა გაშენებული, კომბაინი გვყვანდა, სამხიდიანი გვყვანდა. სახლი გვქონდა დიდი, მამაჩემი არ ისვენებდა, კიდე უნდა მივუმატოო, - შარშან ამბობდა, - კარგი საქეიფო ფართო აივანი მინდაო... ქეიფსა ფიქრობდა. აბა, როგორ, იმუშავებ და მერე ლხინი ვის არ უყვარს. აქ კი მლაშე ნიადაგია, ყველაფერს უჭირს გახარებაი...

გასართობი რა გვქონდა? თამარაშენში აგვიშენა პრეზიდენტმა კლუბი გასართობად... დაგვამხვეს კიდეც თავზე რუსებმა. მთელი ზაფხული ვმუშაობდი, მთელი ზამთარი წელი მტკიოდა. ნეტა იმ დროს!.. ახლა წელმა დაისვენა და გული სკდება. გვერდები მტკივა უსაქმობისაგან.

თავდახრილი დგას გიორგი გოჩაშვილი. რახანია, ველაპარაკები, თავი ვერ ავაწევინე. მიწას დაჰყურებს, გული არ უშვებს, ლაღად გაიმართოს:

- რო მენატრება ხეითი, ნაღდია, მაგრამ რა ვქნათ. ვის არ მოენატრება, შვილო, თავისი ხელით ჩარგული ხეები. წყაროები მკლავს, წყაროები მადარდებს, გაივლიდი, ყოველ ნაბიჯზე წყარო გვქონდა. საცა გინდა, დამჯდარიყავი, პური გეჭამა წესიერად. აქ რომ მოვედი, მაღლიდან რო გადმოვიხედე, ფუტკრის სკები მეგონენ. ახალი მოსულები რო ვიყავით, ძლივს ვაგნებდით სახლსა. ახლა კიდევა გველებიო, ვიღაცას გველი უნახავს სახლში... გველიღა გვაკლია, ისედაც გაძლებაზე ვართ, შვილო.

ძველები ამბობდნენ, ადრე რო ოსიანობა იყო, ის დრო მობრუნდება ისევო... ოსიანობას ეძახდნენ, გადმოვიდოდნენ, გაუნადგურებდნენ სახლ-კარს გლეხს... მერე იყო და, კახეთი მოეშველა ქართლს, მთას გადააცილეს ოსები. შემოუძღვა რუსი 1921 წელს და დაასახლა ისევ. მერე იცი, ვინ შემოჰყვა წითელ არმიას? ყველაზე ცუდი ვინც იყო, თორემ კარგი და ცუდი სად არ არი... პაპა ამბობდა, ისეთები იყვნენ, სხვა რომ ვერაფერი ენახათ მოსაპარი, საკუთარ ქუდს მოიპარავდნენო. 18 წელი ვინახეთ ხეობა და ნახევარ საათში გადმოგვრეკეს. 63 წელი გავატარე დიდი ლიახვის ხეობაში, ერთი წელია, აქა ვარ, მაგრამ აქა ვარ ტყვეობაში. დატყვევებული ვარ, მა რა ვარ!

- ეგრეა, მიწას ხელით რო შეეხები, სუ მამა-პაპით არ არის გასისხლული? - დინჯად ამბობს ვახტანგ გუნდიშვილი, - იმას მოვიფიქრებდი, სიბერის დროს გამომაგდებდნენ სახლიდან? პაპაჩემის პაპა სახლში მოეკლათ ოსებს, ადრე უარესი იყო. მაგრამ შიში ახლა მეტია. მაშინ ჯოხებითა და დანებით ხოცავდნენ ხალხს. ახლა ავტომატი ჰქონდა ყველა ოსის ოჯახს.

მტვრიან გზაზე მივდივარ. ერთნაირ სახლებში მეც ვეღარ ვარჩევ გზა-კვალს. შეიძლება ერთ ქუჩაზე ორჯერაც კი გავიარე... ქათმების კაკანი მესმის. აი, სოფლად ქცევის კიდევ ერთი ნიშანიც გაჩენილა. თოვლივით თეთრ ორ კინკილა ქათამს ვენერა ბებო ზრდის, კალთაზე 4 წლის შვილიშვილი ეკიდება, მერე ადგილს სწყდება და ქათმებისკენ გარბის:

- არ დააფრთხო, ბიჭო!

- დაუჯერე ბებოს, - ვეუბნები მეც, პატარას კი თვალები უბრწყინავს.

- ნეტა რად წამოგიყვანეი, ყოფილიყავი იქაო, - ეგრე მეუბნება რომ გავუბრაზდები, - ეცინება ბებოს და შვილიშვილისკენ მიდის...

ორი "საქმიანი" 4-5 წლის ბიჭი კი ახალაშენებულ საქათმესთან მსჯელობს. რაღაცას გეგმავენ აშკარად.

- რას აპირებთ, პატარებო?

- ეე! - დიდი კაცივით შლის ხელს ერთი, - პატარა არ ვარ, დიდი ვარ... - მერე მზეს თვალებს უჭუტავს და ალალად ამბობს: - შინ უნდა წავიდე.

უთუოდ დიდი ლიახვის ხეობის დიდრონ ხეებს ხედავს ფიქრით, იქ დატოვებულ მინდვრებსა და ბაღებს შესცინის, იქ დარჩენილ მურიას პირობას არ ურღვევს, უნდა წავიდეს და საჭმელი მიუტანოს... როგორ? ალბათ ახლა გეგმავს მეგობართან ერთად.

წეროვნელებს ერთნაირი ოცნებები აქვთ. იმ პატარა ბიჭივით ოცნებობს კუნთმაგარი ქართლელი:

- ოსებს მიწაზე შრომა არ უყვარდათ. მარტო საქონელსა ზრდიდნენ. რუსები ფულს უხდიდნენ განა მარტო კოკოითსა, ხალხსაცა. იმიტო იყვნენ იმისკენ. ოსები ხედავდნენ, ჩვენი მთავრობა მარტო ადგილობრივ სანაკოევის მთავრობას აჭმევდა. იმიტომაც გაიწიეს რუსეთისკენ. აბა, ეხლა ხო გამოჩნდა, ვინ ვინ არის? ომი რო დაიწყო, პირველი ჩვენი მთავრობის ხალხი გამოიქცა.

ნომრიან ქუჩას ნომრიანი ქუჩა მოსდევს. ციცქნა ეზოში ბეჟან კასრაძე თოხით ებრძვის მიწას:

- 69 წელი რაც ვიშრომე, ვიშოვე - ნახევარ საათში დავტოვე ყველაფერი, - მეუბნება და თოხის ტარს ეყრდნობა, მერე სხვებივით ისიც ოცნებას მიჰყვება: - ნეტავი იქ დამსვა, ჩემს სოფელში... ტერეზას კაკლებს ვეძახდით, იმის ქვეშ გვიყვარდა შეკრება. ნეტავ იმ დროს! აქ რომ დაგვასახლეს, თავიდან ძნელი იყო, ახლა თვალი მიეჩვია. გული ვერ ეჩვევა ჯერ... დაბრუნების იმედი ჰა და ჰა, ძლივს და ძლივს გვაქვს. სანამ სიკეთე იქნება, ხომ არ უნდა გავეთელინოთ, ამიტომ თოხი, ბარი და მარჯვენა! დახმარება - დახმარებაა, სუ ხო არ დაგვეხმარებიან, თავსაც ხო უნდა ვუშველოთ...

- მიწის ყველა გოჯს იყენებთ, ალბათ კიდევ დარგავთ რამეს.

- მეტს ვერ დავრგავ. რაც დავრგე, ამას თავისი მიწა უნდა ირგვლივ, გაზრდასა და დასხმას ღონე უნდა. ამ პატარა კარტოფილის ნერგს რომ ხედავ, თავის ირგვლივ ნახევარ მეტრზე ითხოვს მიწას... ეგრეა ცხოვრება. ყველა მიწას ვითხოვთ, ყველას მიწა გვჭირდება... ზოგი არ ნატრულობს მიწასა?.. ეგრეთი ხალხი ბევრია, ქალაქშია, ხელფასი აქვს... მაგრამ ეგენი ცალ ფეხზე დგანან. ჩვენ ორ ფეხზე უნდა დავდგეთ... ხო ხედავთ, რუსი თავისას გაკივის. ჩვენ კიდე სიზმრებს ვხედავთ, სიზმრებში ვბრუნდებით. ცხადში დაბრუნებამდე უნდა გავუძლოთ!