სამველას ფოტო ლაღიძის კაბინეტში - კვირის პალიტრა

სამველას ფოტო ლაღიძის კაბინეტში

"ბავშვებს სწყენიათ: პაპიკ, ეს რა არის, რასა გავხარო... ეგრე რომ ვარ, იმიტომაც დამკიდეს აქაო"

იშვიათია კაცი, ასე შეეფერებოდეს თავის გვარს. ეტყობა, მისი შორეული წინაპარი ასეთივე ლაღი, კაცთმოყვარე, სიცოცხლის მოტრფიალე იყო და იმის ჩამომავალს, ყველას, ლაღიძე ამიტომაც ერგო გვარად...

რეზო ლაღიძეც მისი გაგრძელება იყო. მან სრულიად ახალი სახე შექმნა შემოქმედისა: უბრალო და ძალდაუტანებელი, მომლხენი და ლაღი... სილაღე კი ყოველთვის მოიცავს თავისუფლებას...

იცოდა, რომ საზოგადოებას შეიძლება სხვანაირად წარმოედგინა: უფრო ფერმკრთალი და გამხდარი, ხანგრძლივი მუშაობით თვალებჩამუქებული, დაღლილი და ფიქრში ჩაძირული. ეს წარმოდგენა ღიმილს ჰგვრიდა და უფრო ახალისებდა მართლაც უბრალო ადამიანს...

მისმა ქალიშვილმა - ლელა ლაღიძემ გაიხსენა ერთხელ: ,,თაყვანისმცემელთა უამრავი წერილი მოსდიოდა ყველა კუთხიდან, განსაკუთრებით რუსები სთხოვდნენ, თქვენი ფოტო გამოგვიგზავნეთო. მამას გარეგნობა არ შეეფერებოდა ფერმკრთალი შემოქმედის იერს და ხშირად, თაყვანისმცემლები რომ არ გაწბილებულიყვნენ, პეტრე გრუზინსკის ფოტოებს უგზავნიდა, - აი, ეს კაცი გახლავთ ,,თბილისოს"“ ავტორიო, თუმცა აქ, რა თქმა უნდა, ნახევრად სიმართლე იყო -  თითქმის ყველა კინოფილმისათვის სიმღერის ტექსტებს ბატონი პეტრე უწერდა. პეტრე გრუზინსკის თაყვანისმცემელი არ აკლდა და მეგობრის ამ "რეკლამირებაზე" გულიანად ეცინებოდა.

რუსეთში განსაკუთრებული პოპულარობით "სიმღერა თბილისზე" სარგებლობდა. ყველა ღიღინებდა:  "თბილისო, მზის და ვარდების მხარეო"...

ისევ ქალიშვილის მოგონებიდან: "ხშირად ბრაზდებოდა, - ნუთუ ,,სიმღერა თბილისზე"“უკეთესი არაფერი დამიწერიაო."

როცა ბერძენმა მომღერალმა იოვანამ "სიმღერა თბილისზე" შეასრულა, ქვეყანა კიდევ ერთხელ ალაპარაკდა ამ უკვდავ მუსიკალურ ნაწარმოებზე...

რეზო ლაღიძე ამასაც ლაღად უყურებდა. სხვებს რაც უნდოდათ, ის ეთქვათ, მისთვის მთავარი სულაც არ გახლდათ პოპულარობა, ერთი სათევზაოდ წასვლა ერჩივნა ტაშისა და გაუთავებელი ქება-დიდების მოსმენას.

...ფილარმონიაში კი ზარ-ზეიმით მიდიოდა იოვანას კონცერტი... დასრულების შემდეგ მომღერალს საგრიმიოროსთან ქართველი ფოტოკორესპონდენტი, ნიჭიერი ფოტოხელოვანი ბონდო დადვაძე დახვდა და კომპოზიტორ რეზო ლაღიძესთან სტუმრობა შესთავაზა. უკვე გვიან იყო... მაგრამ რეზო ლაღიძისთვის ადრე და გვიან არ არსებობდა. მოყვასს მისი სახლის კარი მუდამ ღია ხვდებოდა. სწორედ ისე, ხალხურ სიმღერაში რომ არის, - მასპინძელსა მხიარულსა მარნის კარი უჭრიალებსო... მარანი სულ არ სჭირდებოდა იმას, რომ ლაღიძეებში მხიარულად "ეჭრიალა" კარს, ვაზის ნაჟური ჩამოსხმულიყო, სახელდახელო სუფრა გაშლილიყო.

KvirisPalitra.Geიოვანა, მისი მეუღლე და ბონდო დადვაძე გულღიად მიიღო მასპინძელმა... რომ სთხოვეს, როიალთანაც დაჯდა და დაუკრა კიდეც... ქართველმა ფოტოკორესპონდენტმა სამუდამოდ აღბეჭდა ის საღამო ფოტოკადრზე...

იოვანა ძალიან პოპულარული მომღერალი იყო, ცხადია, საპატიო სტუმარიც გახლდათ. მაგრამ რეზო ლაღიძისათვის არ არსებობდა ცნობილი და უცნობი, საპატიო და არასაპატიო. მისთვის ადამიანი ადამიანი იყო და ყველას შეხაროდა, ყველას ეფერებოდა...

ეს ფოტო, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობაც აქვს, სულაც არ ჰქონდა გამოფენილი შინ ან სამსახურში. სამაგიეროდ, სამველას ფოტო მაშინდელ პუშკინის ინსტიტუტში, თავის კაბინეტში, ყველაზე გამოსაჩენ ადგილას ედო.

სამველა უბრალო თბილისელი ბიჭი იყო, პროფილაქტიკაში მუშაობდა. კეთილი გული და თბილისური იუმორი ჰქონდა... ეს ფოტოც ბონდო დადვაძის გადაღებული გახლავთ. ვინ იცის, რამდენ გამოფენაზე მოხვდა სამველას მხიარული პორტრეტი, საბჭოთა კავშირსაც კი გასცდა... რეზო ლაღიძე ამბობდა თურმე: სტუდენტები რომ გამაბრაზებენ, შევალ კაბინეტში, შევხედავ სამველას და გუნებაზე მოვდივარ, მეცინებაო...

თვითონ სამველასაც ეცინებოდა. პირველ გამოფენაზე შვილებთან ერთად წასულა. ბავშვებს სწყენიათ: - პაპიკ, ეს რა არის, რასა ჰგავხარო... ეგრე რომ ვარ, იმიტომაც დამკიდეს აქაო, - იცინოდა თურმე სამველა.

ახლა ბევრი რამ შეიცვალა თბილისში, სიყვარული გულგრილობამ ჩაანაცვლა, იუმორი - წყენამ... აღარც რეზო ლაღიძეა ცოცხალი, აღარც სამველა... მაგრამ როცა ლაღიძის მუსიკას ვუსმენთ, როცა მის სიმღერებს მღერიან, თავისთავად ცოცხლდება პოლიტიკური თუ პიროვნული ჭუჭყისაგან თავისუფალი თბილისი, ცოცხლდება და მოდის იმგვარივე სილაღით, როგორც თავად რეზო ლაღიძე მოდიოდა თბილისის ქუჩებში... როგორც სადღაც შორს, მისი გვარის დასაწყისში მდგარი ვაჟკაცი - მომლხენი და მომღერალი, მონადირე და მოსიყვარულე აუყვებოდა ხოლმე იმერეთის აღმართებს...

უკვდავებაც ხომ სწორედ ეს არის...