დაიბადა გიორგი ბაგრატიონ-ბაგრატიონი
ამ პატარის მოვლინებით სამუდამოდ შეიკრა ბაგრატიონთა ორი შტო - გრუზინსკები და მუხრანელები

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე და სოხუმის დაცემის დღეს, მადრიდში ერთი პატარა ქართველი დაიბადა. ქართული სამეფო გვარის წარმომადგენლების, ანა ბაგრატიონ-გრუზინსკისა და დავით ბაგრატიონ-მუხრანელის პირველი შვილის - გიორგის ამქვეყნად მოვლინებას მყისვე მოჰყვა რეზონანსი ქართველ საზოგადოებაში. ზოგმა პატარას ჯანმრთელობა უსურვა, ზოგსაც დალოცვა დაავიწყდა და  თქვა, რაღა დროს უფლისწულობია და ტახტის აღდგენაზე ფიქრია, ეგ ამბავი 210 წლის წინ დამთავრდა, როდესაც რუსეთის იმპერიამ
საქართველოს სამეფო ტახტი მიიტაცაო. ბაგრატიონებმა ეს ამბავი სიხარულით მიიღეს ორი მიზეზის გამო: ამ პატარის მოვლინებით სამუდამოდ შეიკრა ბაგრატიონთა ორი შტო - გრუზინსკები და მუხრანელები. ამიტომაც ატარებს პატარა გიორგი გვარს ბაგრატიონ-ბაგრატიონი და არა გრუზინსკი ან  მუხრანელი.

ანამ და დავითმა 2009 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების
დღეს, წმინდა სამების საკათედრო ტაძარში დაიწერეს ჯვარი. ითქვა, რომ ჯვრისწერას საქართველოს პატრიარქი ჩაატარებდა, მაგრამ უწმინდესი მოულოდნელად ავად გახდა. ამას მოჰყვა ჭორები, რომ ვიღაცას სურდა ამ ზეიმს პატრიარქი  ჩამოშორებოდა, რათა მისი მონაწილეობა ჯვრისწერაში ხალხს მეფის კურთხევადაც არ აღექვა. მაშინ ითქვა, რომ მოვლენების გართულების თავიდან ასაცილებლად, პატრიარქმა ბაგრატიონების ჯვრისწერაზე დასწრებისგან თავი შეიკავა. ის იმ დროისთვის გერმანიაში ბრძანდებოდა სამკურნალოდ. თუმცა, სამღვდელო პირები ამბობდნენ, რომ ეს ქორწინება პატრიარქის ოცი წლის ოცნება იყო.

გიორგის მშობლები უკვე ერთი წელია ესპანეთში ცხოვრობენ. როგორც ამბობენ, წყვილი სამშობლოს უსაფრთხოების მიზნით გაერიდა. თუ ბაგრატიონებს უსაფრთხოების გარანტია არ ექნებათ, შეიძლება პატარა გიორგი კარგა ხანს ვერ ეწვიოს საქართველოს და უცხოეთშივე გაიმართოს მისი ნათლობაც. თუნდაც საქართველოში რომ მონათლონ, ისეთივე ხმაურიანი არ იქნება, როგორიც თავის დროზე დავითისა და ანას ქორწილი იყო. დადის ხმა, რომ პატარა გიორგის ერთ-ერთი ნათლია უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია  II იქნება. ანას პირველი ქორწინებიდან ორი ქალიშვილი ჰყავს, რომლებიც საქართველოში ცხოვრობენ ბაბუის, ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის ოჯახში. როგორც ამბობენ, დედა ქალიშვილების უცხოეთში წაყვანას ვერ ახერხებს, რადგან ბავშვების მამა არ იძლევა თანხმობას.

"მოხარული ვართ გვარის გამრავლებით. ბაგრატიონთა მოდგმამ ბოლო ორასი წლის შემდეგ იმდენი ტრაგედია გადაიტანა, რომ ყოველი ბავშვის დაბადება სასიხარულოა. გასახსენებლად 1924 წელიც კმარა, ორ ათეულზე მეტი ბაგრატიონი, განურჩევლად ასაკისა და სქესისა, ერთ ღამეს დახოცეს ბოლშევიკებმა. არც ის უნდა აღიზიანებდეს ჩვენს საზოგადოებას, თუ პატარა გიორგის საგანგებოდ აღზრდაზე იქნება ლაპარაკი. ამით განახლდება ტრადიცია, რომლის მიხედვით საუკუნეების მანძილზე წვრთნიდნენ შვილებს არა მხოლოდ ბაგრატიონები, არამედ, საზოგადოდ, ქართველები. რატომ არ უნდა აღდგეს ქართული ტრადიციები? ნაადრევია ლაპარაკი იმაზეც, უნდა აღდგეს თუ არა სამეფო ტახტი. ჩვენი საზოგადოება ჯერ არ არის მომწიფებული სახელმწიფოს მონარქისტულ მოდელზე გადასვლისთვის, ალბათ, კარგა ხანსაც არ მომწიფდება. სამეფო კარის აღდგენამდე ჯერ ძალიან შორსაა", - აცხადებს სამეფო გვარის ოჯახის ახლობელი, კანცლერი სიმონ კოპაძე.  
ბაგრატიონებს მემკვიდრის შეძენა უკვე მიულოცეს მსოფლიოს სხვადასხვა სამეფო ოჯახის წარმომადგენლებმა. მათ შორის პირველი ესპანეთის მეფე ხუან-კარლოსი ყოფილა, რომელიც დედის მხრიდან ნათესავად ერგება დავით ბაგრატიონ-მუხრანელს.

პატარა ბაგრატიონს სახელი მამის მხრიდან ბაბუის პატივსაცემად დაარქვეს. როგორც ითქვა, სწორედ უფროსი გიორგი ბატონიშვილი ყოფილა მოწადინებული, რომ დავითსა და ანას ჯვარი დაეწერათ. ის ვერ მოესწრო ოცნების აღსრულებას - ჯვრისწერამდე ერთი წლით ადრე გარდაიცვალა. გიორგი ბაგრატიონ-მუხრანელი მცხეთაში, სვეტიცხოველშია დაკრძალული დიდი წინაპრების გვერდით. 

რატომ აღიქვამს საზოგადოების ერთი ნაწილი დავითისა და ანას ქორწინებას სამეფო ტახტის აღდგენის მცდელობად? - ამ კითხვაზე პასუხი თავის დროზე ვახტანგ რჩეულიშვილმა საინტერესოდ ჩამოაყალიბა. მისი თქმით "ერს სჭირდება არაპოლიტიკური, მაგრამ გამამთლიანებელი ფიგურა, ამის საუკეთესო მაგალითია უწმინდესი. ზოგჯერ პატრიარქი იქნება ერის გამამთლიანებელი, ზოგჯერაც მეფე". თუმცა, ჯერ არ გვყავს მეფე და ამიტომაც ნაადრევია უფლისწულის დაბადებაზე საუბარიც, რადგან უფლისწული მხოლოდ მირონცხებული მეფის ოჯახში იბადება. აღდგება თუ არა სამეფო კარი და გვეყოლება თუ არა მეფე, მომავალი გვიჩვენებს.

P.S. "კვირის პალიტრა" უერთდება ოჯახის სიხარულს და პატარა გიორგის უსურვებს ღირსეულ ქართველად აღზრდილიყოს. ხომ ცნობილია, ვერც ერთი მეფე ვერ გაამთლიანებს ერს, თუ ღირსეული შვილები არ ეყოლება.  
მკითხველის კომენტარი (33)
Geo
05 ოქტომბერი 2011 13:45
ella davit

:D:D:D მაგარი ღადაობა იყო...:D:D:D ყოჩაღ..:D
nino
04 ოქტომბერი 2011 19:25
ყველაფერში ჩვენი ქართველობა როგორ უნდა გამოვამჟღავნოთ.ადამიანი დაიბადა _მიულოცეთ. ვიდრე გაიზრდება, ვიმსჯელოთ და გავარკვიოთ, გვჭირდება თუ არა მეფე.
tamada
04 ოქტომბერი 2011 18:37
უფალმა დალოცოს პატარა გიორგი ბაგრატიონი!სასახელო ქართველო გაიზარდოს და ქართული საქმე აკეთოს.რაც შეეხება იმათ გულის ხეთქვას,მონარქებს როგორ ვემსახუროვო,მირჩევნია,ქართველს ვემსახურო,ვიდრე გაურკვეველი ჯიშჯილაგის ნეანდერტალებს,რომლებიც ქართული სისხლით და საქართველოს მოსპობით არიან დაკავებული.თქვენმა მზემ,ნაცების ძღომა ნაკლები გიჯდებათ.
ilona
04 ოქტომბერი 2011 18:04
თქვე კარგო ხალხო, ჯერ პატარას უსურვეთ დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა და მერე გადადით პოლიტიკაზე. მაინამაინც სააკაშვილები უნდა დაიბადნენ, რომ ქვეყანა ფეიერვერკებით გავანათოთ? ჯერ ეს მონარქი მოიშორეთ და მერე ილაპარაკეთ ბაგრატიონებზე.
temida
04 ოქტომბერი 2011 17:58
qeti, გაიხარე, ძლივს საღად მოაზროვნე ადამიანი გამოჩნდა! რად გინდათ ხალხო, მონარქია? ვერ გამოვედით ამ რომანტიზმის ნისლიდან, ვერა... ბრიტანეთს რომ ედრებით, იმათ ფული მაინც აქვთ. თქვენ რითი აპირებთ ამ პარაზიტების რჩენას?
qeti
04 ოქტომბერი 2011 17:11
როგორ უნდა გაგვაერთიანოს მონარქიამ,როცა საქართველო სწორედ მონარქიის დროს გაიყო ოთხად. უფრო მეტიც, საქართველოს უკანასკნელმა მეფემ გარდაცვალების წინ საქართველო რუსეთს უანდერძა.
რაც შეეხება ოსებს და აფხაზებს,ოსები არასოდეს ისურვებენ მონარქიულ ქვეყანაში ცხოვრებას,იმიტომ რომ საბჭოური მენტალიტეტი მათში ძალიან ძლიერია,აფხაზებმა კი ბაგრატ მესამის ძვლებიც კი არ დაინდეს და რატომ გგონიათ რომ ვიღაც გაუგებრობის მეფედ ყოლის სურვილის გამო მკლავებში ჩაგვივარდებიან?
ისე,ვისაც მეფე გესაჭიროებათ,შეგიძლიათ იყოლიოთ , არჩინოთ იგი და თქვენი ქვეშევრდომული გრძნობებიც დაიკმაყოფილოთ,ჩემს მოკრძალებულ ფინანსებს როგორმე მე თვითონ მოვუძებნი გზას.
არ დაგავიწყდეთ,რომ განსხვავებით ინგლისის თუ სხვა მეფეებისაგან, რომლებსაც ყველაფერი აქვთ და ,მას დასჭირდება შესაფერისი საზაფხულო თუ საზამთრო რეზიდენციები თავისი ატრიბუტებით,პლუს უნდა გამოიყოს საკმაოდ მსხვილი თანხა,რათა კურორტზე წასვლა იქნება,კაზინოში თამაში თუ სხვა არანაკლებ სასიამოვნო დროსტარება ( თუ მის გენეტიკას გავითვალისწინებთ,გასაგებია რაზეც ვლაპარაკობ),არ მოიკლოს.
ეს ყველაფერი იმას მაგონებს,მარადისობის კანონში ბულიკა რომ ამბობს ვირთხაზე გაკვირვებით: -სკრიპკას უკრამს? არა! ტუფლებს აპაჩინკებს? არა! მაშ რა საჭიროაო? არ შემიძლია მისი პათოსი არ გავიზიარო მოცემულ შემთხვევაში.
ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს,რომ ერთ დავით აღმაშენებელზე ათობით უნიჭო,უუნარო და საქვეყნო საქმის გამფუჭებელი მონარქი მოდის,ყოველ შემთხვევაში საქართველოში ასეა. ასე რომ არ იყოს ეხლა საქართველო თუ რუსეთივით არ იქნებოდა გადაშლილი ევრაზიაზე,სულ მინიმუმ,სამჯერ მეტი მაინც იქნებოდა.

შეგვიძლია ისიც გავიხსენოთ,ერთმანეთისათვის ტახტის წასართმევად, როგორ უკავშირდებოდნენ ქვეყნის მტრებს ქართველი მონარქები, თუ სჭირდებოდათ,სარწმუნოების გამოცვლაზეც არ ამბობდნენ უარს.
მე პირადად არ ვიწვი იმის სურვილით,რომ ჩემი შვილები მეორეხარისხოვან ადამიანებად ითვლებოდნენ, რადგან ადამიანთა რაღაც ჯგუფს,მიუხედავად გარეგნობისა,განათლებისა თუ ზნეობისა ,პრივილეგირებული მდგომარეობა უნდა ეჭიროს. ამავე დროს, ზურგზე უნდა დამაწვეს უფუნქციო პარაზიტების რჩენა,მათთვის და მათი შვილებისათვის მალიბუზე და მონტეკარლოში დროსტარების დაფინანსება და მომსწრე გავხდები ვირთხების დოღისა,რასაც ჰქვია სამეფო კარზე პრივილეგირებული მდგომარეობის დაჭერისათვის ბრძოლა.არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ თავად-აზნაურობა ქონებრივ პრეტენზიებს წამოაყენებს( და ბევრი სწორედ ის პიროვნება, ვინც ეხლა ხბოსებრი აღტაცებით ეგებება მონარქიის აღდგენის იდეას, დაზარალდება ,მაგრამ გვიან იქნება თითზე კბენანი.

Aleqsandre Barbaqadze
04 ოქტომბერი 2011 00:39
ხალხი თუ არ წყვეტს თავისი ქვეყნის ბედს თვითონ, ბაგრატიონი კი არა თუ გინდა ბონაპარტის დინასტია დააყენე... რა ჭაობშიცაა ქვეყანი იმ ჭაობში იქნება ისევ....
და ხალხი თუა განათლებული და ძლიერი იმ ხალხს მეფე სულ არ ჭირდება...
მეფის, პრეზიდენტის და პრემიერის გარეშეც კი შეძლებს განათლებული და დისციპლინირებული ერი ქვეყნის მართვას...
ირაკლი
03 ოქტომბერი 2011 20:36
გაუმარჯოს საქართველოს სამეფოს..
dato
03 ოქტომბერი 2011 19:15
მონარქიის და რჩეულიშვილების ოჯახის მოწინააღმდეგემ შემიძლია ვთქვა, სწორედ თქვა ვახტნაგ რჩეულიშვილმა - ერს გამაერთიანებელი სჭირდება! სამწხურაოდ ჩვენ არ ვართ იმდონის ქვეყანა, რომ პრეზიდენტმა ძლიერი პრემიერი მოთოკოს და კრიზისის დროს თავის პატრიოტობაში დაარწმუნოს ხალხი. ხალხის მხარდაჭერის გარეშე კი ძნელია
temida
03 ოქტომბერი 2011 19:04
მიშას პატრონს მონარქია რომ მოუნდება... მოკლედ არაა ჩვენი საშველი! ახლა ბაგრატიონები გააძღეთ!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

div>
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები