რუსი ბავშვებისთვის ადაპტირებული სახელმძღვანელო ქართველებისთვის სავალდებულო ხდება - კვირის პალიტრა

რუსი ბავშვებისთვის ადაპტირებული სახელმძღვანელო ქართველებისთვის სავალდებულო ხდება

რა საერთო აქვთ ქართველი ბავშვების ინგლისური ენის სახელმძღვანელოსა და იური გაგარინს? სად მუშაობდა ვალენტინა ტერეშკოვა და ვინ არის რუსული საბალეტო დასით მოხიბლული ოლგა? მართალია, ბევრი დამაბნეველი კითხვა დავსვი, მაგრამ მერწმუნეთ, ყველა ამ კითხვაზე არსებობს პასუხი, თუმცა არცთუ სასიამოვნო.

"კვირის პალიტრის" წინა ნომერში დაწყებულ ჟურნალისტურ გამოძიებაში - "აი (კორუფც)ია" მოყვანილმა ფაქტებმა საზოგადოების დიდი დაინტერესება გამოიწვია. მკითხველები გვწერდნენ ჩვენს საიტზე www.kvirispalitra.ge, სოციალურ ქსელებში განიხილავდნენ ამ თემას, რამდენიმე ადამიანი ტელეფონითაც დამიკავშირდა და განათლების სამინისტროსა და სახელმძღვანელოების გამომცემლების ურთიერთობებიდან საინტერესო დეტალები მიამბო. თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით...

ახალი სასწავლო გეგმის თანახმად, I-VI კლასების სხვა სახელმძღვანელოებთან ერთად ინგლისური ენის სახელმძღვანელოს შექმნაზეც გამოცხადდა კონკურსი. გამომცემლობებს წიგნების წარდგენის ვადა 1-ელ მარტამდე განესაზღვრათ და მკაცრად გააფრთხილეს: სახელმძღვანელოს ფასი 10 ლარს არ უნდა აღემატებოდესო. მანამ, სანამ ქართველი ავტორები მოწვეულ უცხოელ სპეციალისტებთან ერთად ან დამოუკიდებლად ინგლისური ენის სახელმძღვანელოებზე მუშაობდნენ, განათლების მინისტრი შაშკინი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა და "მაკმილანის" გამომცემლობასთან ურთიერთშეთანხემბის მემორანდუმი გააფორმა.

"მემორანდუმის შინაარსი მკაცრად იყო გასაიდუმლოებული, ამიტომ ჩვენ თითქმის დასრულებული სამუშაო მივატოვეთ და ინგლისური ენის სახელმძღვანელოების წერა აღარ გაგვიგრძელებია. აშკარა იყო, რომ მემორანდუმის მიღმა რაღაც მზაკვრული გეგმა იმალებოდა", - გვითხრა ერთ-ერთი გამომცემლობის ხელმძღვანელმა. რაც მემორანდუმით გაცხადდა, მხოლოდ ის იყო, რომ საქართველოს მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებოდათ სხვა სახელმძღვანელოებთან ერთად, მსოფლიოში ცნობილი "მაკმილანის" სახელმძღვანელოთიც ესწავლათ, რომელიც 10 ლარზე მეტი არ ეღირებოდა. ამის შესახებ შაშკინი ლამის ყველა საგაზეთო თუ სატელევიზიო ინტერვიუში ამბობდა. "საქართველოს მოსწავლეებისთვის სახელმძღვანელოს ღირებულება იქნება აქამდე არსებული ღირებულებისაგან განსხვავებული, მოსწავლეებს შესაძლებლობა ექნებათ სახელმძღვანელო 26 ლარის ნაცვლად  10 ლარად შეიძინონ", - გვპირდებოდა მინისტრი სასწავლო წლის დაწყებამდე.

დღეს საქართველოს საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე I-VI კლასების ჩათვლით, ინგლისურ ენას მხოლოდ "მაკმილანის" სახელმძღვანელოთი სწავლობს. ეს იმიტომ, რომ განათლების სამინისტრომ გრიფი მხოლოდ ამ უკანასკნელს მიანიჭა! აღმოჩნდა, რომ სხვა ავტორების ნაშრომებმა, რომლებიც წლების განმავლობაში ქმნიდნენ სახელმძღვანელოებს საქართველოს სკოლებისთვის, წელს კომპეტენციის ზღვარი ვერ გადალახეს(?!).

ტატიანა ბუკია, ინგლისური ენის სახელმძღვანელოს ავტორი, გამომცემლობა "ოცდამეერთეს" დამფუძნებელი: "50 წელია, რაც ინგლისურ ენას ვასწავლი. ჩემი დაწერილი სახელმძღვანელოთი არაერთი თაობა აღიზარდა. სამწუხაროდ, ჩვენთვის "მაკმილანთან" გაფორმებული მემორანდუმის დეტალები ცნობილი არ იყო, ამიტომ წიგნებზე მუშაობას მემორანდუმის გაფორმების შემდეგაც ვაგრძელებდით. ღამეები არ გვეძინა, რომ დადგენილ ვადებში ჩაგვებარებინა წიგნები. შემდეგ გაირკვა, რომ ჩვენმა სახელმძღვანელოებმა გრიფის მისანიჭებლად საჭირო ბარიერი ვერ გადალახეს. კომისიაზე წარდგენილი ექვსი წიგნიდან მხოლოდ "მაკმილანს" მიანიჭეს გრიფი. არადა, განათლების სამინისტროს ყველა მოთხოვნა გავითვალისწინეთ. მაგალითად, ის, რომ სახელმძღვანელოს ფასი 10 ლარზე მაღალი არ უნდა ყოფილიყო. შესაბამისად, კონკურსზე სახელმძღვანელო უკვე განსაზღვრული საცალო ფასებით წარვადგინეთ. მაგალითად, თუ ჩვენს წიგნს დაამტკიცებდა სამინისტრო, მისი შეძენა შესაძლებელი იქნებოდა 7,30 ლარად, დამხმარე რვეული კი 3,30 ლარი ეღირებოდა. საკმაოდ ვიზარალეთ. გარდა იმისა, რომ დიდი შრომა ჩავდეთ ამ წიგნების შექმნაში, ფინანსურადაც დავზარალდით. მხოლოდ განათლების სამინისტროს მიერ მოწვეულ კომისიას წიგნების განსახილველად 3.000 ლარი გადავუხადეთ.

ყოველთვის ასე იყო, ვინც მოდიოდა ხელისუფლებაში, თავის პოლიტიკას ატარებდა. როგორც ჩანს, განათლების სამინისტროს ახლა ასეთი ხედვა აქვს. ვნახოთ, მომავალში რა იქნება".

ვიოლეტა კუპრაშვილი, ინგლისური ენის სახელმძღვანელოს ავტორი, გამომცემლობა "საქართველოს მაცნე": "მაკმილანი" უდავოდ ძალიან პრესტიჟული გამომცემლობაა და სახელმძღვანელოებიც კომუნიკაციის მეთოდზეა აგებული. ახლა მასწავლებლები გადიან ტრენინგებს, რომ მოერგონ ამ სახელმძღვანელოებს. რა თქმა უნდა, ამ ვითარებაში ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდი, რადგან მთელი ჩემი წიგნები ერთ დღეს მაკულატურად იქცა. როგორც ჩანს, განათლების სამინისტროს ურჩევნია, ერთი სახელმძღვანელო ჰქონდეს და ასე უფრო იოლი იქნება მონიტორინგის ჩატარება. უნდა ვაღიარო, რომ ვიცოდი "მაკმილანთან" გაფორმებული ხელშეკრულების შესახებ, მაგრამ იმედი მქონდა, რომ უცხოურ გამოცემასთან ერთად ქართველი ავტორის ერთ წიგნს მაინც დატოვებდნენ, და მერე თავად სკოლები გადაწყვეტდნენ, რომელი აერჩიათ. მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა".

"მაკმილანის" სახელმძღვანელო მართლაც 10 ლარი ღირს, მაგრამ მხოლოდ სახელმძღვანელოს შეძენას დამხმარე სამუშაო რვეულის გარეშე აზრი არა აქვს. ორივეს ფასი კი 18 ლარია. სრული კომპლექტისთვის კი აუცილებელია დამატებით გრამატიკის წიგნისა და ლექსიკონის შეძენა. შესაბამისად, დაწყებითი სასკოლო საფეხურის მოსწავლისთვის განკუთვნილი "მაკმილანის" ინგლისური ენის სახელმძღვანელოების სრული კომპლექტი 25 ლარი ღირს. ეს კი ორ-ნახევარჯერ  მეტია იმ ფასზე, რომელსაც მინისტრი შაშკინი გვპირდებოდა.

გადავწყვიტე, მცირე ექსპერიმენტი ჩამეტარებინა და გამერკვია, რეალურად რა დაჯდებოდა სწორედ ასეთი სახელმძღვანელოების დაბეჭდვა და "მაკმილანის" წიგნების ზუსტი მახასიათებლები თურქეთისა და ტაილანდის სტამბებში გავგზავნე. სხვათა შორის, "მაკმილანის" სახელმძღვანელოები ლიბანშია დაბეჭდილი, რაზეც ყდაზე დატანილი წარწერაც მოწმობს.

აღმოჩნდა, რომ თურქეთის სტამბაში ერთი ცალი სრული კომპლექტის (წიგნი, სამუშაო რვეული, გრამატიკა და ლექსიკონი) დაბეჭდვა და თბილისამდე ტრანსპორტირება - 4,70 ლარი, ხოლო ტაილანდში იმავე კომპლექტის დაბეჭდვა ტრანსპორტირების ჩათვლით 5,20 ლარი დაჯდებოდა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ "მაკმილანისგან" საავტორო უფლების მოპოვებაც იქნებოდა აუცილებელი, რაც გარკვეულ ხარჯებს უკავშირდება, სახელმძღვანელოების ერთ კომპლექტზე დამატებით კიდევ 2-3 ლარი უნდა ვიანგარიშოთ. ხოლო რა განსხვავებაა 25 ლარსა და 7-8 ლარს შორის, ამაზე მსჯელობა მკითხველისთვის მიმინდვია.

საქართველოს სკოლებში დაახლოებით 250.000-მდე I-VI კლასების მოსწავლეა. შესაბამისად, ექსკლუზიური უფლების ხუთი წლით მინიჭება ერთი კონკრეტული წიგნისთვის ნიშნავს, რომ დაახლოებით 1.250.000 ცალი მხოლოდ სახელმძღვანელო და ამდენივე რვეული, ლექსიკონი და გრამატიკაა საჭირო. თუ გავითვალისწინებთ, რომ ფასდათმობა წიგნების საცალო ქსელის მოვაჭრისთვის შეადგენს დაახლოებით 5 ლარს, ხოლო მთელი კომპლექტის თვითღირებულება მაქსიმუმ 8 ლარს, გამოვა, რომ წელიწადში "ვიღაც" 3 მილიონ ლარს გვიგებს მხოლოდ იმიტომ, რომ მონოპოლიური მდგომარეობა აქვს და რაც უნდა, იმას აკეთებს. ბუნებრივია, ამ ყველაფრის შემდეგ ჩნდება ეჭვიც და ინტერესიც, თუ რა გზებით ხდება ამ მილიონების "შოვნა", ე. წ. "ატკატებით" თუ შუამავალი რგოლის ან სხვა საშუალებით?

ის, რაც ზედაპირზე ჩანს და რაც ზემოთ მოგახსენეთ, ისედაც უამრავ კითხვასა და ეჭვს ბადებს, მაგრამ კიდევ უფრო შთამბეჭდავია ბნელით მოცული ის სქემა, რომელიც ერთ-ერთ გამომცემლობაში გამანდვეს.

"განათლების მინისტრს არც არასდროს დაუმალავს თავისი დამოკიდებულება სახელმძღვანელოების გამომცემლობების მიმართ. ვფიქრობთ, რომ მას ძალიან ძლიერი "ზურგი" აქვს და ჩვენი საჯარო განცხადებებით ვერაფერს დავაკლებთ, ჩვენს ბიზნესს კი დასაღუპად გავიმეტებთ.

მახსოვს, ერთ-ერთ პირველ შეხვედრაზე შაშკინმა თითი მოგვიღერა და სიტყვასიტყვით ასე გვითხრა, დედას გიტირებთო და ამ მუქარას ასრულებს კიდეც. ისეთ რამეზე არიან წამსვლელი, რომ ვერც კი წარმოიდგენთ.

საეჭვოდ არ მოგეჩვენათ, რომ რამდენიმე თვის წინ სამართალდამცველებმა შპს "კავკასიის აკადემიური ცენტრის" დამფუძნებლები სწორედ იმის გამო დააკავეს, რაც ახლა თავად დააკანონეს? ოფიციალურად ეს ფაქტი ასე მოინათლა, რომ დავით ცეცხლაძე და ნიკოლოზ ბაქარაშვილი დიდი ოდენობით ქრთამს (50.000 ამერიკულ დოლარს) სთავაზობდნენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მაღალჩინოსანს, რათა მათ მიერ უცხოეთიდან შემოტანილი ინგლისური ენის სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის გრიფი მიენიჭებინათ. გარდა ქრთამისა, ისინი განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანს მოგების 33%-საც ჰპირდებოდნენ. "კავკასიის აკადემიური ცენტრის" დამფუძნებლები ქრთამის გადაცემის ფაქტზე დააკავეს და, მგონი, დღესაც საპატიმროში სასჯელს იხდიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ისიც იყო ნათქვამი, რომ დაკავებულებმა ნახევარ მილიონ გირვანქად შეიძინეს წიგნები.

სხვათა შორის, სახელმძღვანელოები, რომლებსაც აღნიშნული პირები სთავაზობდნენ განათლების სამინისტროს მაღალჩინოსანს, კემბრიჯის უნივერსიტეტის მიერ გამოცემული ძალიან მაღალი დონის წიგნებია და არაფრით ჩამოუვარდება "მაკმილანს". როგორ წარმოგიდგენიათ, გამოცდილ საქმოსნებს გრიფის მინიჭების იმედი რომ არ ჰქონოდათ, ასეთ შესყიდვას გარანტიის გარეშე გააკეთებდნენ? მეტსაც გეტყვით, როგორც ჩემთვის არის ცნობილი, სწორედ განათლების სამინისტროს ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა შესთავაზა მათ, ჩამოეტანათ სახელმძღვანელოები, ის კი გარკვეული საზღაურის სანაცვლოდ, ექსკლუზიურად გრიფის მინიჭებას ჰპირდებოდა(?!).

მათი დაკავებით კი მავანმა ერთდროულად რამდენიმე კურდღელი დაიჭირა: რეპუტაცია გაიმყარა, რომ მექრთამეობას ებრძვის, სოლიდური შენატანიც გააკეთა ბიუჯეტში, რადგან დაკავებულებს ამ წიგნებს ჩამოართმევენ, თუ უკვე არ ჩამოართვეს, და თავისუფლების სანაცვლოდ, ალბათ, ფულსაც გადაახდევინებენ. გარდა ამისა, მოხდა ის, რაც მოხდა - "მაკმილანს" ბაზარზე ალტერნატივა არა აქვს", - გვითხრა ერთ-ერთი საგამომცემლო სახლის წარმომადგენელმა და დასძინა, წიგნები კარგად გადაათვალიერეთ და კიდევ ბევრ საინტერესოს აღმოაჩენთო.

საინტერესო კი მართლაც ბევრი აღმოჩნდა. ჯერ ერთი, რომ სხვა სახელმძღვანელოებისგან განსხვავებით, განათლების სამინისტროს გრიფი, რომელიც იუწყება, რომ კონკრეტული წიგნი ამ ოფიციალური უწყების მიერ არის დამტკიცებული, ყდაზე ბეჭდვისას კი არ არის დატანილი, არამედ სტიკერით არის მიკრული.

საკითხავ ტექსტებში ხშირად გვხვდება ცნობები რუსეთზე, მოსკოვსა და გამოჩენილ რუსებზე. წიგნის ბოლო გვერდზე კი შავით თეთრზე წერია, რომ გამომცემლობა "მაკმილანი" მადლობას უხდის რუსი და ეგვიპტელი ავტორების მთელ კოლექტივს. შესაბამისად, საფუძველს მოკლებული არ იქნება ვიფიქროთ, რომ ეს სახელმძღვანელო, რომლითაც ჩვენი შვილები ინგლისურ ენას სწავლობენ, რუსეთისა და ეგვიპტის მოსწავლეებისთვის არის ადაპტირებული. წიგნში ჩაკრული სტიკერი და ამავე ხერხით აღნიშნული ფასი კი მოწმობს, რომ "ვიღაც" ყოველგვარი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, უბრალოდ ადგა და სხვა ბაზრისთვის დაბეჭდილი სახელმძღვანელოების პარტია შემოიტანა.

ბაზარზე უპირატესი მდგომარეობა კი დიდი შემოსავლის სწრაფად მიღების გარანტიას იძლევა.

მომავალი წლიდან უალტერნატივო "მაკმილანი" VI-XII კლასებშიც შემოვა და მთელი 5 წლის განმავლობაში იქნება სავალდებულო! ვერაფერს იტყვი, მართლაც ღირს ჩიტი ბდღვნად!

"მიუხედავად ჩვენი სპეციალისტების დიდი პატივისცემისა, ვერავინ დამაჯერებს, რომ ჩვენ უკეთ დავწერთ ინგლისური ენის სახელმძღვანელოს, ვიდრე ოქსფორდის ან "მაკმილანის" გამომცემლობები. "მაკმილანის" გამომცემლობა საუკუნეების განმავლობაში მუშაობს სახელმძღვანელოებზე იმ მოსწავლეებისათვის, რომელთათვისაც ინგლისური მეორე ენაა და არა მშობლიური. თუმცა, პრობლემა იყო წიგნის მაღალი ფასი - 26 ლარი. "მაკმილანმა" აიღო ვალდებულება, რომ მათ მიერ მომზადებული წიგნი არ ეღირება 10 ლარზე მეტი", - ამბობდა დიმიტრი შაშკინი "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, რომელიც მიმდინარე წლის 28 თებერვლით არის დათარიღებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ კომენტარისთვის განათლების სამინისტროსაც დავუკავშირდით და თემიდან გამომდინარე კითხვებიც გავუგზავნეთ. იმედია, პასუხები მომავალ სტატიამდე მაინც მომისწრებს, რადგან გაგრძელება აუცილებლად იქნება.

სიუჟეტი ამ თემაზე იხილეთ PalitraTV.ge-ზე