იმპრესიონიზმის რეალისტი მამა - კვირის პალიტრა

იმპრესიონიზმის რეალისტი მამა

"დრო დააფასებს მას ღირსეულად და უკვდავყოფს ჩვენი საუკუნის იმ უდიდეს ადამიანებთან ერთად, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე სიმართლის გამარჯვებას შესწირეს".

ემილ ზოლა

ედუარ მანე დაიბადა 1832 წლის 23 იანვარს, პარიზში, იუსტიციის სამინისტროს ჩინოვნიკ ოგიუსტ მანეს რესპექტაბელურ ოჯახში. დედაც ცნობილი დიპლომატის ქალიშვილი იყო. მშობლებს სურდათ შვილი იურისტი გამოსულიყო, თუმცა ედუარს დედისგან დაჰყვა ხელოვნების დიდი სიყვარული, რასაც ყოველმხრივ ხელს უწყობდა დედის ძმა, პოლკოვნიკი ფურნიე - სწორედ მან გააცნო პატარა ედუარს ლუვრი და ხატვის გაკვეთილების ფულსაც თავად უხდიდა.

ოჯახში სახელმწიფო სამსახური ტრადიციულ კარიერად ითვლებოდა. მამა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ედუარის სურვილს, მხატვარი გამოსულიყო და დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, შვილს კარიერისთვის საზღვაო სამსახური შეურჩია. 1848 წელს ედუარი სამხედრო ფლოტში მსახურობდა, ერთი წლის შემდეგ კი უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში გამოცდაზე ჩაიჭრა და მხოლოდ მაშინ მიიღო მშობლებისგან თანხმობა, შეესწავლა ფერწერა.

ედუარმა ცნობილი მხატვრის, თომას კუტიურის ხელოვნების სკოლაში დაიწყო სიარული. პარალელურად ხშირად დადიოდა ლუვრში და მოგზაურობდა იტალიაში, გერმანიაში, ბელგიასა თუ ჰოლანდიაში.

KvirisPalitra.Ge1850 წლიდან მანეს ბობოქარი რომანი ჰქონდა პიანისტ სუზანა ლენჰოფთან, რომელთანაც ორი წლის შემდეგ ბიჭიც შეეძინა, თუმცა ოჯახის შიშით გვარი ვერ მისცა, სუზანაზე მხოლოდ მამის სიკვდილის შემდეგ იქორწინა, 1863 წელს.

მანეს ჩამოყალიბებაში დიდი როლი ითამაშა ბოდლერმა, რომელიც არა მარტო პოეტი, მხატვრობის კრიტიკოსიც გახლდათ. სწორედ მისი რჩევით დახატა თავისი პირველი დიდი ტილო- "აბსენთის მოყვარული", რომელიც 1859 წელს სალონის კომისიამ დაიწუნა. ბოდლერის იდეებით შთაგონებულმა დახატა 1862 წელს თავისი პირველი შედევრიც - "მუსიკა ტიულრიში".

მამის გარდაცვალების შემდეგ მხატვარმა მემკვიდრეობასთან ერთად მიიღო თავისუფლებაც  - ეცხოვრა და ეხატა ისე, როგორც სურდა. 1867 წელს მანემ თYავისი ნამუშევრების გამოფენა მოაწყო მსოფლიო გამოფენის გვერდით, რომელმაც უარი თქვა მისი სურათების გამოფენაზე, დიდმა ხელოვანმა თავისი კატალოგის წინასიტყვაობაში დაწერა: "ბატონი მანე ყოველთვის აღიარებს ნიჭს იქ, სადაც მას ხედავს და არასოდეს ჰქონია იმის პრეტენზია, გაენადგურებინა წინანდელი ფერწერა ან ახალი შეექმნა".

1863 წელს მანემ "განკიცხულთა სალონში" გამოფინა ცნობილი ნახატი "საუზმე მდელოზე" (იმპერატორ ნაპოლეონ III-ის განკარგულებით, "განკიცხულებს" ნება დართეს გამოეფინათ ოფიციალური კომისიის მიერ დაწუნებული ნამუშევრები). ამ ნახატის გამოფენას სკანდალი და კრიტიკის ქარიშხალი მოჰყვა. სურათს პორნოგრაფიული, გაუგებარი უწოდეს და როცა თავად იმპერატორმაც ნახა "საუზმე მდელოზე", აღშფოთებულმა ბრძანა, "მსგავსი სალონები მეტად აღარ მოეწყოთ".

მანემ 1865 წელს სალონში მეორე შედევრი, "ოლიმპია" წარადგინა. ამ უკანასკნელმა კი უფრო დიდი ხმაური გამოიწვია! მანე იძულებული გახდა სკანდალს მცირე ხნით ესპანეთში გარიდებოდა, თუმცა, მალევე დაბრუნდა პარიზში.

1866 წლიდან ედუარ მანე რეგულარულად დადიოდა, ე. წ. "ბატინიოლის კაფეში". აქ იკრიბებოდნენ მომავალი იმპრესიონისტები, რომელთაც "მანეს ბანდას" უწოდებდნენ. სწორედ ამ კაფეში ჩამოყალიბდა იმპრესიონიზმის ფუძემდებლური პრინციპები. თავად მანე თავს იმპრესიონისტად არ თვლიდა, მაგრამ სწორედ ის მიაჩნდათ "იმპრესიონიზმის მამად". მართალია, მათ გამოფენებშიI მანე არასოდეს მონაწილეობდა, მაგრამ ეს არ უშლიდა ხელს, ემუშავა იმპრესიონისტებთან ერთად. 1879 წელს მანეს ატაქსიის ნიშნები გამოაჩნდა, მოძრაობის კოორდინაცია დაერღვა, აღარ შეეძლო ხატვა და ბედის ირონიით, სწორედ ამ დროს, 1881 წელს მიიღო სალონის ოფიციალური აღიარება. 1876 წელს გამოფინა  სალონში კომუნარების ლიდერის პორტრეტი, რისთვისაც სალონის მეორე ხარისხის მედალი დაიმსახურა, მაგრამ ჟიურის არ შეეძლო კომუნარის პორტრეტის შემფასებელი ყოფილიყო და იმავე სალონში გამოფენილ მანეს მეორე სურათს, "ლომებზე მონადირის პორტრეტს" მიანიჭა ეს ჯილდო. სულ მალე მანემ საპატიო ლეგიონის ორდენიც მიიღო. 1883 წელს მას მარცხენა ფეხის ამპუტაცია დასჭირდა, ოპერაცია უშედეგო აღმოჩნდა და დიდი მხატვარი 30 აპრილს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოამზადა რამაზ გურგენიძემ