საინგილოში ქართული სახელმძღვანელოები იდევნება! - კვირის პალიტრა

საინგილოში ქართული სახელმძღვანელოები იდევნება!

"ბატონო პრეზიდენტო, რატომ დაივიწყეთ ინგილოები?!"

"ნუთუ, ჩვენი ბრალია, რომ ინგილოებად გავჩნდით და ქართველობისთვის ვიბრძვით?"

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე მასწავლებელ ქალს ქართული სახელმძღვანელოები ჩამოართვესო, - ელვის უსწრაფესად გავრცელდა ხმა. მანამდე, საინგილოდან ციცო ზურაბიშვილმა   დამირეკა, -  ჩვენს სოფლებში  შეიძლება მალე ქართულად სწავლა შეწყდესო. ბევრი აღარ მიფიქრია და საინგილოსკენ გავწიე. ციცო რამდენიმე წლის წინ გავიცანი - თბილისში სამკურნალოდ იყო ჩამოსული. 22 წლისა დაინვალიდდა. მას შემდეგ, ლოგინსაა მიჯაჭვული. ახლა 55 წლისაა, მაგრამ თავის სატკივარზე მეტად საინგილოს ბედ-იღბალი ადარდებს.

ითითალა

ზურაბიშვილების ოჯახს, სადაც სტუმრად ვარ, ოთხი შვილი ეზრდება: დუნი, თამთა, იმედა და ბექა. ნაბოლარას გარდა, სამივე მონათლულია. ბავშვები სიხარულით მაჩვენებენ ნათლობის მოწმობებს, მერე სოფელს მათვალიერებინებენ.

- დღეს ითითალაში დიდი სიხარულია. ჩვენი სოფლელები ქორწინდებიან, - ღიმილით მეუბნება დუნი. სარძლო სოფლის თავკაცის ქალიშვილია, გვარად ნაცვლიშვილი. აქ თითქმის ყველას ორი გვარი აქვს, - ქართული და აზერბაიჯანული. სასწავლო წელი რომ დაიწყო,  დირექტორმა (იგი აზერბაიჯანელია) გაგვაფრთხილა, - დაივიწყეთ, რომ ქართველები ხართ. როცა მოკვდებით, დასაფლავებაზე ყურანს წაიკითხავენ, თქვენ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ცხოვრობთ, ამიტომ პირჯვარი არ უნდა გადაიწეროთო. რომ შევეპასუხოთ, გადაგვეკიდება და ატესტატს არ მოგვცემს.

ითითალაში ორსართულიანი სკოლის შენობაა. გაკვეთილების შემდეგ რკინის ალაყაფს დირექტორი ბოქლომს ადებს. გარედან ვათვალიერებ, - შენობა მშვენიერი გქონიათ-მეთქი, - ვეუბნები  ბავშვებს. ისინი კი, ეს გარედან, თორემ, შიგნით ყველაფერი ჩამოქცეულია. ერთი მასწავლებელი სამ ან ოთხ საგანს გვასწავლის. ბევრ შეკითხვაზე ვერ გვპასუხობს. აბა, ინგლისურის მასწავლებელს რა გაეგება ქიმიის ან ფიზიკისა? სკოლის დირექტორები თურმე ატესტატში 300 მანათს ითხოვენ. საფუძვლიან ცოდნას მოკლებული მოზარდი კი იძულებულია, აზერბაიჯანულ სკოლაში შევიდეს, სადაც სახელმძღვანელოებიც ბევრია და არც ატესტატის გაცემაზეა პრობლემა. ასე

მიზანმიმართულად იდევნება ქართული...

ციცო ზურაბიშვილი: - საქართველოდან ჩამოსული სტუმარი მზის ამოსვლასავით გვიხარია. მართალია, ღარიბულად ვცხოვრობთ, მაგრამ სამყოფი საჭმელ-სასმელი გვაქვს. შარშან ბანკიდან სესხი გამოვიტანეთ ახალი სახლის ასაშენებლად. წელს უნდა გავჩერდეთ, ვერ ვამთავრებთ მშენებლობას. ვალს გავისტუმრებთ და მერე ისევ გამოვიტანთ სესხს.  გაზი ჯერ არ არის  შემოყვანილი, ვწვალობთ და ვჯახირობთ, მაგრამ მაინც არ გვეთმობა სოფელი. კახში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. სამი ქართული სკოლაა, ერთიც ქართულ-აზერბაიჯანული. რა დააშავეს ბელაქნისა და ზაქათალის სოფლების ბავშვებმა? ერთ ქართულ წარწერას ვერსად ნახავთ. კახში ინგილოები თავიანთ გვარ-სახელებს ინარჩუნებენ, აქ კი, ორ-ორი გვარით და სახელით ვცხოვრობთ. ჩვენ კურკუმოვები ვართ. ბედის ირონიაა, აბა, რა - სამი ძმა მყავს და სამივეს სხვადასხვა გვარი აქვს. რამაზი 80-იან წლებში შემოწირულობებით შეგროვილი თანხით  ქართულ სახელმძღვანელოებს ყიდულობდა  და ბავშვებს უფასოდ ურიგებდა. სოფლის მაშინდელმა თავკაცებმა  დაჭერა მოუნდომეს. თანასოფლელებმა ალაზანზე ძველი ბორნით გადააპარეს რამაზი, გურჯაანში დასახლდა და მერაბიშვილად დაეწერა. უფროსი ძმა ველიევია, ხოლო უმცროსი, შამილი, ვისთან ერთადაც მე ვცხოვრობ (ოთხივე ბავშვი მისია), კურკუნაევი გახლავთ. აქ ქართველობის გამო მრავალი პრობლემა გვაქვს, მაგრამ საქართველოში მცხოვრებ ინგილოებსაც არ აკლიათ საფიქრალი. ჩემი  და რუსთავში ცხოვრობს და დღემდე ვერ ეღირსა საქართველოს მოქალაქეობას. ნუთუ, ჩვენი ბრალია, რომ ინგილოებად გავჩნდით და ქართველობისთვის ვიბრძვით?

ითითალა დარდიანი სოფელია, ბევრი ტკივილი ახსოვს. ყოველი დილა ერთნაირად თენდება, მამლის ყივილითა და საქონლის ზმუილით. პირჯვრის წერით ღმერთს უკეთეს მომავალს შევთხოვთ, მაგრამ ეს უკეთესი დღე არა და არ დაგვიდგა. განა რამე დაშავდება, ერთი ეკლესია გვქონდეს?..

მიჭირს პასუხის გაცემა, ან რა უნდა ვუპასუხო ლოგინს მიჯაჭვულ ქალს, რომელიც საკუთარ სიცოცხლეს უფრო დათმობს, ვიდრე ქართველობას.

ალიაბადელი მასწავლებელი

ამასობაში "საზღვრის გმირი", ალიაბადელი მასწავლებელი, ემინათან საფაროვა-ნაცვლიშვილი გვესტუმრა.

ემა ნაცვლიშვილი: - ალიაბადის სკოლის ქართულ სექტორზე დაწყებით კლასებს ვასწავლი. დღემდე ძველი სახელმძღვანელოები გვაქვს, არადა, პროგრამები შეიცვალა. ამიტომ მშობლებმა სასწავლო წლის დაწყებამდე ფული შეაგროვეს და სახელმძღვანელოების საყიდლად თბილისში გამატანეს. 400 ლარი მქონდა, 55 სახელმძღვანელო ვიყიდე. მიხაროდა, რომ ქართული წიგნები გადმომქონდა. საზღვარზე მითხრეს, - ქართულ წიგნებს ვერ გაგატანთო. კინაღამ გული გამისკდა... როცა მიხეილ სააკაშვილი ჩადის ბაქოში, საზეიმოდ ამბობს, - ჩვენ ძმები ვართო, რაში მადგება მათი ძმობა? ალიევს საქართველოში აზერბაიჯანის სახელმწიფო დროშის ფრიალით ხვდებიან აზერბაიჯანელები და პატივისცემას არ აკლებენ. ჩვენ რა დავაშავეთ? ახლოს არ გვაკარებენ საქართველოდან ჩამოსულ დელეგაციას.  კახა ლომაიას დროს  მეტი ყურადღება გვექცეოდა - ალიაბადში კომპიუტერებიც ჩამოგვიტანა და სახელმძღვანელოებიც, ახლა კი... მიხეილ სააკაშვილს მინდა მივმართო, ბატონო პრეზიდენტო, რატომ დაივიწყეთ თქვენი სისხლი და ხორცი - ინგილოები? ერთხელ, ბაქოს ნაცვლად, ჩვენს სოფლებშიც ჩამობრძანდით და ნახეთ, როგორ ვცხოვრობთ. ოჯახში ბავშვი რომ იბადება, ინგილომ უამრავი ბარიერი უნდა გადალახოს დაბადების მოწმობაში ქართული სახელის ჩასაწერად. ჩემს საკლასო ოთახში ორჯერ გამოვაკარი ქართული დროშა და ორჯერვე ჩამომიხსნეს. ჩვენი ელჩი რომ იყო აზერბაიჯანში, შერვაშიძე, ერთადერთხელ გვესტუმრა ალიაბადში. კარგი პატივნაცემი გახლდათ, ნასვამი იყო. ქართული ენის დაცვა ვთხოვე, იცით, რა გვითხრა?  ენა მთავარი ხომ არ არისო?

ჩემმა მაზლმა კომუნისტების დროს აღიდგინა მამაპაპეული გვარი, იაშვილად დაეწერა, ქმარმა კი ვერ მოაბა თავი და დარჩა აღამამედოვად, რასაც ძალიან განიცდის.

ჩემში ქართული სისხლი რომაა, ვის ვუმტკიცო ეგ? პასპორტში აზერბაიჯანის მოქალაქე, გვარად კი საფაროვა მიწერია.

ნათქვამია: "ინგილო ვარ საწყალი, არც მიწა მაქვს, არც წყალი". ტყუილად ხალხში არაფერი ითქმება. თუ ამ დღეებში საზღვარზე "დაპატიმრებულ" სახელმძღვანელოებს არ გადმომცემენ, საკუთარ თავზე პასუხს არ ვაგებ. დაგვეხმარეთ, მოგვხედეთ, ქართველობა გვეამაყება და ნუ გაგვწირავთ!..

გულნატკენი ვტოვებ აქაურობას და კახისკენ მივემართები. კახის ცენტრში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ხილვა მოულოდნელი სურპრიზია. მაგრამ არც კახის ინგილოებს აკლიათ პრობლემები. ორი უმაღლესიც რომ ჰქონდეთ დამთავრებული, მიუხედავად აზერბაიჯანულის კარგად ცოდნისა, მაინც ვერ შოულობენ სამსახურს, სამაგიეროდ, საშუალო სკოლადამთავრებული აზერბაიჯანელი იოლად ახერხებს ამას...

P.S. საინგილოდან ინგილოთა იმედიანი თვალი მომაცილებდა. მათთვის მე ახლა დესპანი ვიყავი, რომელსაც საინგილოში ნანახ-განცდილი მთელი საქართველოსთვის უნდა მეამბნა...

როგორ აღმოჩნდა საქართველოს ისტორიული კუთხე მის საზღვრებს გარეთ

საინგილო კახეთის აღმოსავლეთით, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მდებარეობს და ბელაქნის, ზაქათლისა და კახის რაიონებისგან შედგება. მისი ფართობი 3985 კვადრატულ კილომეტრზეა გაშლილი. ტერმინი "ინგილო" XVIII საუკუნეში გაჩნდა და თურქულად მორჯულებულს, ახლად გამაჰმადიანებულს ნიშნავს. საინგილო ისტორიული ჰერეთის აღმოსავლეთი ნაწილია, ჰერეთი ყოველთვის ქართული რეალობის განუყოფელ ნაწილს შეადგენდა. XVI-XVII საუკუნეებიდან მთელი საქართველოსთვის მძიმე პერიოდი დაიწყო, განსაკუთრებით კი, კახეთს გაუჭირდა, როცა  "ლეკიანობა" დაატყდა თავს. ამას დაემატა 1616 წლს შაჰ-აბასის დიდი ლაშქრობა საქართველოში,  ამოწყდა და გავერანდა მრავალი სოფელი, ასი ათასზე მეტი ქართველი ირანში გადაასახლეს. ამით ისარგებლეს ლეკებმა და ქართველთა მიწებს დაეპატრონნენ. ლეკთა თვითნებობას ბოლო მოეღო 1830 წელს, როცა გენერალი პასკევიჩი თავისი არმიით დაიძრა ჭარ-ბელაქნისკენ. 1840 წელს ეს ტერიტორია ბელაქნის მაზრის სახელწოდებით საქართველო-იმერეთის გუბერნიას შეუერთდა, მაგრამ მალევე გადაარქვეს სახელი და სამხედრო ოლქი უწოდეს. ამ სახელით მან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნამდე იარსება. 1921 წლის 15 ნოემბერს ზაქათალის ოლქი (ყოფილი ჭარ-ბელაქნის სამხედრო ოლქი), ყარა-გარეჯის საძოვრები აზერბაიჯანის სსრ-ს გადაეცა. ასე აღმოჩნდა საქართველოს ეს ისტორიული კუთხე მის საზღვრებს გარეთ.